პრაქტიკულად, ქიმიკატებზე გაზრდილი საქონლის ხორცით ვიკვებებით!

    კარაქის 30-მდე სახეობიდან, რომლებიც საქართველოში იწარმოება, 95%-ზე მეტი სპრედია და არაფერი აქვს საერთო კარაქთან; გამოდის, რომ ხაჭო ხაჭო არ არის და ნადუღია; რომ არაჟნის შემცველობაში 90%-ზე მეტი რძის ფხვნილია გამოყენებული...

    ქართული ხასიათის ბრალია, ალბათ – ადრეც და ახლაც ყველა მშობელი რომ ცდილობს,  მისმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი  დაამთავროს და  დიპლომი აიღოს. გასულ საუკუნეში ამას  ისეთი კომიკური ხასიათი ჰქონდა, რომ ფილმიც კი გადაიღეს –  „უდიპლომო სასიძო“, რათა  სრული სიცხადით  ეჩვენებინათ, როგორ ცდილობდნენ იურისტის შექმნას იმ კაცისგან, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სწორედ იურისტობა აინტერესებდა…

    რამდენიმე ათეული წლის წინათ დიდი არჩევანი იყო პროფესიული ტექნიკური სასწავლებლების, რომლებშიც ახალგაზრდები სხვადასხვა ხელობას ეუფლებოდნენ,  უმაღლესი სასწავლებლები კი ცოტა იყო და იქ  მოხვედრა ურთულესი საქმე გახლდათ.  ალბათ, ამიტომაც არის დღეს კარგი სპეციალისტების უდიდესი ნაწილი ხანდაზმული, იმხანად მართლა სწავლობდნენ, უდიდესი კონკურენცია იყო. დღეს კი  მწარე რეალობა გვაქვს – პროფტექნიკური სასწავლებლები, პრაქტიკულად, გამქრალია, უმაღლესი კი იმდენი გვაქვს, რამდენიც საქართველოს მსგავს 10  ქვეყანას  ეყოფა. შესაბამისად, იქ მოწყობა-ჩაბარებაც იოლია. მერე რა, რომ მშობლები წელზე ფეხს იდგამენ, შვილებს სწავლის ქირა რომ გადაუხადონ, მერე რა, რომ უმაღლესდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი პროფესიით მუშაობას ვერ ახერხებს და მოლარედ ან კონსულტანტად მიდის მაღაზიაში, თან  ისმის გაუთავებელი წუწუნი, რომ ტყუილად ისწავლა. არადა, ახალგაზრდების უდიდესმა ნაწილმა ზუსტად იცის, რომ პროფესიის მიხედვით დასაქმება გაუჭირდება…  ამ დროს ყველა მხრიდან ისმის, რომ დეფიციტია ისეთი სპეციალისტებისა, როგორებიც არიან ელექტრიკოსები, მშენებლები, აგრონომები, ვეტექიმები. არავის უნდა „ჭუჭყიანი“ პროფესიები, ხელის გასვრა. არადა, ე.წ. მეორე რანგის პროფესიონალების ისეთი დეფიციტია, რომ ისინი ხშირად იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე სამსახურეობრივი რანგით მათზე მაღლა მდგომები. ყველაფერს  თავი  რომ დავანებოთ,  დღეში 80-100 ლარად მომუშავე  „შავი მუშა“ სანთლით საძებარია. ახლა თუ ვინმე იტყვის, სად ეძებენო, მიადექით ნებისმიერ მშენებლობას და ნახევარ საათში დაგასაქმებენ.

    არცთუ დიდი ხნის წინათ თიანეთში მცხოვრებნი  კამათობდნენ იმაზე, რომ თიანეთის ტყეებში  ღორების კოლტი ცოტა მოშორებით დაეყენებინათ თუ არა. დალოცვილი საბადურის ტყე მდიდარია წიფლის ხეებით. მისი ნაყოფი მიწაზე  ცვიოდა და იქ ქართული ჯიშის უგემრიელესი ხორცის მქონე ღორები ისე იზრდებოდნენ, მფლობელს არაფერი ეხარჯებოდა, მაგრამ ეს იყო ადრე, მერე და მერე გაძნელდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ტყეში ღორებს დაუწყებდა დევნას,  ახლა  კი წიფლის ნაყოფი, უბრალოდ, ლპება და ნეშომპალად იქცევა. ორ ან სამ ადამიანს თუ ჰყავს საბადურის ტყეში ღორები, რადგან მათი მდევნელი ადამიანები  მოხუცდნენ, აღარ შეუძლიათ, ახალგაზრდებს კი ამის გაკეთება არ სურთ. არადა, შემოსავალი თვეში სუფთა 2 ათასი ლარი ცოტა თითქოს არ არის. ვიღაც იტყვის, მერე ამ ხორცის გასაღების პრობლემააო, რაც ტყუილია და იცით, რატომ?

    ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოში 33 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორი შემოვიდა. სხვა საკითხია  გაყინული და უხარისხო ღორის ხორცის შემოტანა-გაყიდვა. ამ 33 მილიონი დოლარიდან  32 მილიონის  ცოცხალი ღორები რუსეთის ფედერაციაზე მოდის. იმ ხალხს ვეკითხებით, ვინც ამბობს,  ღორის შენახვა ძვირი ჯდებაო: რუსეთში იაფი ჯდება და საქართველოში ძვირი? არა, ბატონებო, ყველაფერს ჭკუით უნდა მიდგომა და მერე ყველაფერი მარტივდება. ღორების ფერმები რუსეთში საქონლის ფერმებზე აქვთ მიბმული. როცა ძროხის რძისგან ყველი კეთდება, ტონობით შრატს სწორედ ღორების გამოსაკვებად იყენებენ და ეს სითხე ღორს ხომ ბუნებრივად ასუქებს, ხორციც ძალიან გემრიელი გამოდის. სწორედ ამიტომაა, რუსეთიდან  შემოყვანილ ღორებს გამყიდველები ქართულად რომ ასაღებენ. საქართველოში კი რამდენიმე ადამიანმა  ღორების ფერმა საქონლის ფერმის ნაცვლად (4-5 წლის წინანდელი ამბავია) ქათმების ფერმას მიაბა და ღორებს ქათმის სკორეთი კვებავდნენ. როცა დაკვლის დრო მოვიდოდა, ხორცს ისეთი სუნი ჰქონდა, მისი ჭამა კი არა,  ახლოს გაჩერებაც კი შეუძლებელი იყო. როგორ გგონიათ, აქ არ იციან, რომ საქონლის ფერმაზე შეიძლება ღორების ფერმის მიბმა? იციან, მაგრამ აქ შრატისგან ნადუღს აკეთებენ და ხაჭოდ ასაღებენ. ჰო, იმ ხაჭოდ, რომელსაც ყველა ვყიდულობთ, და სინამდვილეში ნადუღია. ნამდვილი ხაჭო რძისგან კეთდება და ნატურალურ რძეს მისთვის ვერავინ იმეტებს.  ნატურალური რძის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. დღეს  ბაზარზე ერთი ლიტრი რძე 3 ლარამდე ღირს, დიდი კომპანიები  ახლა 1,70-1, 75 ლარს იხდიან, ზაფხულში – გაცილებით ნაკლებს და რომელიმე კომპანია წუწუნებს, რძე არ გვაქვსო? – არა, რადგან, თუ დააკლდებათ, რძის ფხვნილი და მის ჯანი. სამწუხაროდ, არც ის კანონი კანონობს, რომლის მიხედვითაც, პროდუქტს შეფითვაზე დიდი ასოებით  უნდა ეწეროს, რძის ფხვნილისგან არის გაკეთებული თუ ნატურალური რძისგან. არადა, ისეთი  პატარა ასოებით აწერია, კარგად მხედველსაც კი გამადიდებელი დასჭირდება.  ხომ მარტივია, დააწერე დიდად და გამოკვეთილად, რისგან არის ნაწარმოები და მერე მოსახლეობა გადაწყვეტს, რა იყიდოს. თუმცა, ეს რომ მოხდეს, გამოვა, რომ, მაგალითად, კარაქის 30-მდე სახეობიდან, რომლებიც საქართველოში იწარმოება, 95%-ზე მეტი  სპრედია და არაფერი აქვს საერთო კარაქთან; გამოდის, რომ ხაჭო ხაჭო არ არის და ნადუღია;  რომ არაჟნის შემცველობაში 90%-ზე მეტი რძის ფხვნილია გამოყენებული…

    გასულ წელს ბიძაშვილს გავყევი ჰორშტეინის ჯიშის ხბოს საყიდლად. უთხრეს, ერთ წელიწადში ქართულ ჯიშზე გაცილებით მეტს მოიმატებსო. ჰოდა,  იყიდა,  იქვე სხვამაც იყიდა იმ ჯიშის ხბო, ერთი დღე იყო ასაკში სხვაობა და ორივემ 900-900 ლარი გადაიხადა 3-4 დღის ხბოში. გავიდა ერთი წელი და ბიძაშვილის ხბო 200-კილოგრამიანი მოზვერი გახდა, მეორემ რომ იყიდა- 500-კილოგრამიანი ბუღა. სხვაობა 300  კგ  იყო და ამიტომ ვკითხეთ, რაში იყო საიდუმლო. მან  გრაფიკი გვაჩვენა, როგორ უნდა გვეკვება ხბო და როდის რა უნდა მიგვეცა. საბოლოო ჯამში, მას ჰყავდა პრემიქსით (ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელიც ამდიდრებს საკვებს – ბ.ბ.) და ათასნაირი ქიმიკატით გაზრდილი ბუღა, ჩემს ბიძაშვილს კი – თივასა და ქატოზე გაზრდილი  ორჯერ პატარა მოზვერი. განსხვავება კიდევ, იცით, რა იყო? ბუღის პატრონი ამბობდა, აუცილებლად უნდა დავკლა, რადგან პრემიქსი ფაშვს უთხელებს და, რომ არ დავკლა, ფაშვი გაუსკდება და მოკვდებაო; ჩემს ბიძაშვილს კი შეეძლო ისევ გაეზარდა, მაგრამ დროსა და წონაში საგრძნობი ჩამორჩენა ხომ ჰქონდა?.. აი, სწორედ  პრემიქსით ნაპატივები საქონლის ხორცი ხვდება ბაზარზე და ყველა ვყიდულობთ – თქვენ, მე… ვერავინ ხვდება, რით არის გაზრდილი (თუ ეს საქმე ძალიან კარგად არ იცი), და ვიკვებებით, პრაქტიკულად, ქიმიური ხორცით.  ვინმე აკონტროლებს ამ ყველაფერს? არა!  მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ასეთ კვებაზეა გადასული.  ასე რომ არ იყოს, სასურსათო ბაზარზე ხორც-პროდუქტების  დეფიციტი შეიქმნებოდა.  ცუდი ამბავი კი ის არის, რომ პრემიქსის გამოყენება რეგიონებშიც აქტიურად დაიწყეს. გლეხს ურჩევნია,  მალე გაზარდოს, მალე დაკლას და მალე გაყიდოს პირუტყვი. ყველა მიხვდა, რომ ეს მომგებიანია და ჯანმრთელობაზე უკვე ნაკლებად ფიქრობენ, რადგან შიმშილით სიკვდილს ასე სჯობს, გაჭირვებას დღეს ნაშოვნი ფული სჯობს, მერე კი… ხვალ და ზეგ რა მოხდება, მაგაზე ფიქრს, დიდი ხანია, გადავეჩვიეთ. მთავარია, ერთი კონკრეტული დღე გადავაგოროთ, მერე კი…

    ერთ-ერთმა ვეტექიმმა რამდენიმე დღის წინათ თქვა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი და წამოვედი, რადგან 2 ათას ლარად არ მიღირს სულ იქ ყოფნა,  მირჩევნია, კონკრეტულ ფერმებთან მქონდეს ხელშეკრულება, მათ საქონელს ვუმკურნალო და თანხაც ორჯერ მეტი გამოვიმუშავოო. საჯარო სამსახურში 2 ათასი ლარი ცოტა არ არის და ისიც სათქმელია, რომ უფრო მეტის გადახდა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჰოდა, იმ გოგო-ბიჭების გასაგონად ვიტყვი, მაინცდამაინც საერთაშორისო ურთიერთობებს, იურისტობას, ბიზნეს-ადმინისტრატორობას რომ ირჩევენ: კაცმა 2 000-ლარიან ხელფასზე უარი იმიტომ თქვა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო მეტის გამომუშავება  შეუძლია, და ეს მოთხოვნა ქართულ ბაზარზე  უფრო მოიმატებს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here