თამარ კიკნაძე: ,,3+3” ფორმატი არის რეგიონული განვითარების გეგმა და მასში საქართველოს ჩართულობა აუცილებელია

    “ჯერ მეზობლებთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა და მერე გავიხედოთ სხვა მიმართულებით... საქართველო და მისი მმართველები ახლა ეროვნულ ინტერესებს გამოხატავენ, ამიტომაც გვებრძვიან, მაგრამ ამ ყველაფრის ალტერნატივა არის ერთი _ ყველაფერი შეასრულო, რასაც დასავლეთიდან გთავაზობენ, და თავი დაიღუპო”…

    როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის ინიციატივით წინადადება შევიდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის _ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ. მანამდე ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაუწესა სანქციები. აშშ-ის უკვე ყოფილი ადმინისტრაცია დაუფარავად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში და თავისი ინტერესების ბევრი გამტარებელიც ჰყავდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიცირება გასაკვირი აღმოჩნდა…

    საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი გზა დასავლეთისკენ მიდის, დასავლეთი კი ჩვენთვის სანქციებს არ იშურებს. ემუქრება თუ არა საქართველოს იზოლაცია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

    _ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში პრემიერმინისტრი უნდა შეიცვალოს. ამას ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი, ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ილონ მასკიც.

    დიდი ბრიტანეთი დასავლური თანამეგობრობის წევრად განიხილება, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამერიკის წინა ადმინისტრაციის გავლენის ქვეშაა, ამიტომ გასაკვირი არ არის ბრიტანელებისგან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მცდელობა, მაგრამ ეს შეიცვლება…

    _ ემუქრება თუ არა საქართველოს იზოლაცია?

    _ იზოლაცია ისე აღარ აღიქმება, როგორც აქამდე, რადგან სამყარო იცვლება, სანქციები ვერ გამოიწვევს იზოლაციას. ჩვენ აღმოსავლეთში გვყავს მეგობარი ქვეყნები.

    _ აღმოსავლეთის ქვეყნები უარს არ ამბობენ ჩვენთან მეგობრობაზე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპული გზისკენ სწრაფვა წერია და არა აღმოსავლეთისკენ…

    _ კი, ასე გვიწერია, რაც არასწორია, უაზრობაა. არც ერთი დასავლური სახელმძღვანელო არ გვასწავლის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერო მსგავსი რამ. ესეც უნდა შეიცვალოს. პროცესები ძალიან დინამიკურად ვითარდება. ინგლისელებს აქვთ დევიზი _ ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მეგობრები, მას აქვს მუდმივი ინტერესები, რომელთა შესაბამისად ვექტორებიც იცვლება. საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ფრაზა, რომლის მიხედვით მხოლოდ დასავლეთისკენ უნდა ვიაროთ, არ შეესაბამება რეალობას.

    ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი იყო, როდესაც ლაპარაკობდა, როგორი წნეხის ქვეშ ჩაიწერა კონსტიტუციაში ფრაზა დასავლური ვექტორის შესახებ, Mმაგრამ მან თქვა, რომ ახლა დროსთან ერთად და ბევრი რამ შეიცვლება აქაც. ახლა საქართველო და მისი მმართველები ეროვნულ ინტერესებს გამოხატავენ, ამიტომაც გვებრძვიან, მაგრამ ამ ყველაფრის ალტერნატივა არის ერთი _Pყველაფერი შეასრულო, რასაც დასავლეთიდან გთავაზობენ, და თავი დაიღუპო. სამწუხაროდ, პოლიტიკა არის ცუდსა და უარესს შორის არჩევანი…

    _„საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში სტუმრობისას. როგორ ფიქრობთ, “3+3” ფორმატში ჩართვისკენ ხომ არ მივდივართ?

    _ მართალს ამბობს ირაკლი კობახიძე. ჯერ სამეზობლოში უნდა მოაგვარო ურთიერთობები და შემდეგ გაიხედო სხვისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა მეზობლებთან, არ ვახორციელებდით ერთობლივ პროექტებს, მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკით შემოვიფარგლებოდით. არაფერს ვამბობ უდიდეს მეზობელ რუსეთზე, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს. ეს უნდა შეიცვალოს, ჯერ მეზობლებთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა და მერე გავიხედოთ სხვა მიმართულებით.

    “3+3” ფორმატი რეგიონული განვითარების გეგმაა და აუცილებელია მასში საქართველოს ჩართულობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

    _ საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციას ესწრებიან. ისინი აშშ-ში შეხვედრებს მართავენ, ტრამპის შვილს შეხვდნენ და ამით ტრაბახობენ კიდეც. შეუძლიათ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებს, რამე დაუშავონ საქართველოს? შეძლებენ ტრამპის მიმხრობას?

    _ ტრამპი არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ამერიკის ინტერესებში არ ჯდება. დღევანდელი მსოფლიოს ინტერესებში არ შედის ქართული ე.წ. ოპოზიციის შეთავაზება. რას მოითხოვენ _ ახალ არჩევნებს?.. ევროპაში არის ვიქტორ ორბანი, რომელიც ტრამპის უახლოესი მეგობარი და პარტნიორია, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს საქართველოსთანაც. ტრამპი კონცენტრირდება დასავლეთ ნახევარსფეროზე, მას გაცხადებული აქვს თავისი ინტერესები. ევროპელი ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რადგან მათი ურთიერთობები ამერიკასთან იცვლება, ძველებურ ურთიერთობებს აღარ უნდა ველოდოთ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკაში ვინ ჩავა და რას ილაპარაკებს, ამერიკას თავისი ინტერესები გააჩნია.

    ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა, შესაძლოა, ინტერესების სფეროები გაიყონ. Aარა მგონია, ტრამპს ამ რეგიონში ისეთი ინტერესები ჰქონდეს, როგორიც მის წინამორბედს. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here