საქართველოში მიმდინარე აქციების მთავარი ლაიტმოტივი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს თურმე არავინ აღიარებს, არავინ ულოცავს მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას და საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ოპოზიციას ამის დასტურად ევროპელი ლიდერებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები მოჰყავს და, სიმართლე უნდა ითქვას, მათი პოზიცია უკეთესის სურვილს ტოვებს…
გასულ კვირას საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალან ბერსე, ეწვია. ის შეხვდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გადახედოს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, რომელშიც ვენეციის კომისიაც იქნება ჩართული. ბერსეს განცხადება დასრულებული არ ჰქონდა, ოპოზიციის ლიდერებმა ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, შეურაცხყვეს და ბიძინა ივანიშვილისგან ქრთამის აღებაშიც კი დასდეს ბრალი. საოცარია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ევროპის არც ერთმა ლიდერმა არ დაიცვა და ოპოზიციას არ დაუცაცხანა, – ამის თქმას როგორ ბედავთო. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერებს დასავლეთისგან მწვანე შუქი აქვთ ანთებული აბსოლუტურად ყველაფერზე – ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც ხელსიუფლებას დაასუსტებს და ცვლილების პროცესს დააჩქარებს. ბერსემ კი არა, დონალდ ტრამპმა რომ თქვას 20 იანვარს, საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურიაო, მასაც რუსეთის აგენტობას დააბრალებენ (ადრეც დაუბრალებიათ) და შეეცდებიან, მისი სიტყვები ისე წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპიც გარიგებულია პუტინთან და ივანიშვილთან. ჰო, ისინი ნებისმიერ თეორიას მოაწერენ ხელს, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია.
მეტიც, ეუთო-ოდირის კომისიის გამოქვეყნებულ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და მართალია, არჩევნები დარღვევებით ჩატარდა (ყველგან არის დარღვევები), მათ გავლენა არ ჰქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. ეს განცხადება ოპოზიციამ სათავისოდ თარგმნა და აქცენტი მხოლოდ დარღვევებზე გააკეთა. ამ პათოსს აჰყვა არაერთი ევროპარლამენტარი და მერე რა, რომ იმავე ევროპარლამენტში ბევრი წევრი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლას ცდილობს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონის ყურები ჩანს საქართველოში და უმჯობესი იქნება, თუ ეს კაცი თავის ქვეყანას მიხედავსო. ჰო, არ მოერიდა ალიევს მაკრონის გაკრიტიკების, რადგან კარგად ხვდება, რომ, თუ საქართველოს გადაყლაპავს დასავლეთი, მერე აზერბაიჯანის ჯერიც დადგება…
ცხელი ამბავი – ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრენტონის, განცხადებით, „გერმანიაში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე და მაგდებურგში საზარელი თავდასხმის დროს ილონ მასკი, მსოფლიოს წამყვანი ინფლუესერი პლატფორმა X-ზე და შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციის პოტენციური წევრი, დაუფარავად უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ნუთუ ეს არ არის უცხოური ჩარევის განმარტება?!“ აი, ამას ამბობს კაცი და იცავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც არათუ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ცდილობს, დღის წესრიგი დაგვიწესოს – როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ და რატომ. ბატონ ბრენტონს ერთხელაც არ უთქვამს, შოლცი და მაკრონი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიანო და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არ არის გერმანიასავით დიდი და მძლავრი ქვეყანა, ის დასახურდავებლად გამზადებული კუპიურაა, რომლის დახურდავებასაც სწორედ გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები აპირებენ.
სამწუხაროდ, მხოლოდ ევროპა და მათი ლიდერები არ არიან საქართველოში არეულობის მოსურნე. შეფარვით თუ პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აანონსებს რევოლუციას და მზად არის, ქვეყანა გაწიროს ევროპის სახელით. მინავლებული მუხტის გასაძლიერებლად და უკვე სექტანტებად ქცეული რამდენიმე ასეული დემონსტრანტის „გასამრავლებლად“ ზურაბიშვილი მიდის ყველაფერზე და დღის წესრიგს უკვე ოპოზიციასაც უწესებს – იბარებს ორბელიანების სასახლეში და ევროპელი ლიდერებისგან მიღებულ დირექტივებს აცნობს. ყველაზე კარგად საქართველოში მყოფი ოპოზიციონერები და, უპირველესად, პრეზიდენტი ხვდება იმას, რომ მუხტი ჩაქრა, რომ აღარ არის სასაცილო პროფესიული თუ კუთხეების მიხედვით დაგეგმილი მარში; სრულად ჩავარდა სვანების მარში, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ინტერვიუს საკუთარი ძმისგან იღებდა. რაც მთავარია, არჩევნებზე სვანეთში ყველაზე მწარე მარცხი იწვნია ოპოზიციამ – სვანებმა ალიყური უთავაზეს და რამდენიმე სოფლიდან ერთი ხმაც ვერ წამოიღეს. ჰოდა, ახლა ეს ხალხი გამოდის თურმე და მათ გვერდით დგას, რაც, უბრალოდ, აბსურდია, მაგრამ ამ აბსურდის ლამაზად დახატვა უნდათ, თუმცა აღარ თუ ვეღარ გამოდის და ამიტომაც არის საჭირო რაღაც ახალი და ეს ახალი რევოლუციისკენ მოწოდებაა.
სულ ტყუილად გვიმტკიცებს ხელისუფლება, რომ რევოლუციის რამდენიმე მცდელობა აღკვეთა. რევოლუციის მთავარი მცდელობა ჯერ არ ყოფილა და ეს ყველაფერი წინ გველოდება. დასავლეთი დანებებას არ აპირებს და აუცილებლად ექნება გადატრიალების ძალისმიერი მცდელობა, უბრალოდ, ამის დრო ჯერ არ დამდგარა და გვერწმუნეთ, რაც უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობის დამხობის აღსაკვეთად, დასავლეთი ოპოზიციის ყველა ქმედებას გაამართლებს. მეტიც, ისინი შეეცდებიან, რომ ქუჩაში გამოსული 2 თუ 3 (თუნდაც 10) ათასი ადამიანი სრულიად საქართველოდ წარმოაჩინონ, ზუსტად ისე, როგორც ახლა ცდილობენ, რომ რომელიმე კუთხის ორი თუ სამი ათეული წარმომადგენელი მთელი კუთხის პროტესტად მოგვაჩვენონ. თანაც, დასავლეთი ძალიან ჩქარობს, რადგან მუხტის კლებასა და ხალხის შემოცლასთან ერთად არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ – მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ხმა „ოცნებას“ მისცეს, ჯერჯერობით ითმენს, მაგრამ არავინ იცის, როდის აივსება მათი მოთმინების ფიალა, როდის იხუვლებენ და მერე არც ხელისუფლებას ჰკითხავენ, არც სხვას, ისე გამოვლენ და აღგვიან პირისაგან მიწისა იმ უმსგავსობას, რომელიც დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხდება.
ისე, თუ დააკვირდით, ოპოზიციური არხები აჩვენებენ მხოლოდ იმ ქალაქებს (სამს ან ოთხს), რომლებშიც აქციები მეტ-ნაკლები სიხშირით ტარდება, და არაფერს ამბობენ იმ ქალაქებზე, რომლებშიც ერთი აქციაც კი არ ჩატარებულა. თითქოს ეს მუნიციპალიტეტები არ არსებობს, თითქოს იქ ხალხი არ ცხოვრობს, მაგრამ პრინციპი ხომ ასეთია – ვინც ჩვენ მხარეს არ არის, ის ჩვენი მტერია და ასე მტრად ჰყავთ გამოცხადებული ყველა, ვინც მათ მოსაზრებას არ ეთანხმება და, საბედნიეროდ, ეს „ყველა“ გაცილებით მეტია ქუჩაში გამოსულ ადამიანებზე.
ჯერჯერობით აქციებზე აღარ არის სამართალდამცველთა დაშავების საფრთხე, რადგან ხელისუფლებამ აკრძალა პიროტექნიკის გამოყენება და, რაც მთავარია, უმკაცრესად აკონტროლებს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას. ამასთანავე, რამდენიმე დაკავებული პირის მაგალითზე დანარჩენები მიხვდნენ, რომ კრიმინალის გამო დაისჯებიან, რომ „გმირად“ მონათლული ლაზარე ოპოზიციამ უბრალოდ თაროზე შემოდო და გააქრო, ანუ ბევრი მიხვდა, რომ ოპოზიციას სჭირდება შემსრულებლები, მერე კი ამ შემსრულებლებს სანაგვეზე მოისვრის.
ახალი წელი მოდის… ყველაზე საერო დღესასწაული, რომელიც სიკეთესთან ასოცირდება. ეს დღესასწაული პატარებს ყველაზე მეტად უხარიათ. ამის მიუხედავად, ათასობით პატარას არ ეძლევა შესაძლებლობა, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მივიდეს, თოვლის პაპას (და არა სანტა-კლაუსს) თავისი სურვილები გაანდოს, საჩუქარს დაელოდოს და ეს ყველაფერი ხდება იმ ერთი მუჭა ოპოზიციონერების გამო, რომლებიც საკუთარ ამბიციას ვერ ელევიან, რომლებიც მონობისთვის იმეტებენ ქვეყანას, თორემ, საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გამეტებული რომ ჰყავთ, ცხადია.
რატომღაც გვგონია, რომ ოპოზიცია და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრამდე რაღაც ისეთს მოიმოქმედებს, რაც ქვეყანას არევს. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთისგან ეს მითითება მიღებული აქვთ, რადგან მათ გასაგებად თქვეს, რომ 29-მდე ბევრი დროა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია არ უნდა დაუშვან. თანამდებობის დაკარგვის შიში კი ზურაბიშვილი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი წავა ყველაფერზე, ოღონდაც პრეზიდენტი ერქვას და „პაეზდკებში“ სიარული არ შეწყვიტოს, ამიტომ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა კიდევ ერთხელ მოუწევს.
ბესო ბარბაქაძე