გემახსოვრებათ, ალბათ, როცა გურამ კაშია ნიდერლანდურ კლუბ „ვიტესში“ თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო, ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე ლგბტ დროშის ფერების სამკლავურით გავიდა. ეს ერთგვარი აქცია იყო, ნიდერლანდების ერედივიზიონის კლუბებმა ამით განაცხადეს, რომ ლგბტ თემს მხარს უჭერენ და ამის დასამტკიცებლად კაპიტნები ასეთი სამკლავურებით გავიდნენ. მაშინ ორმა კაპიტანმა უარი თქვა სამკლავურის გაკეთებაზე და ლამის ჯვარს აცვეს, მიწასთან გაასწორეს ლიბერალებმა, თუმცა ისინი საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულნი დარჩნენ. ანალოგიური აქციები არც ისე იშვიათად იმართება ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ლიგაში და, საბედნიეროდ, გამონაკლისი იქაც არსებობს.
გასულ კვირას ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში 20-ვე კლუბის კაპიტანს უთხრეს, რომ ლგბტ დროშის ფერებში უნდა გაეკეთებინათ სამკლავური. უარი მხოლოდ „იფსვიჩის“ კაპიტანმა სემ მორსიმ განაცხადა და ეს ყველაფერი მარტივად ახსნა: „მორწმუნე მუსლიმი ვარ, ჩემი რელიგია კი ასეთ რამეს კრძალავს!“ სამაგიეროდ, ლიბერალებმა „იფსვიჩის“ ადმინისტრაცია აიძულეს, რომ კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე, გამოექვეყნებინათ განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ კლუბი და მთელი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ლგბტ თემს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულებულა. „კრისტალ პალასის“ კაპიტანმა მარკ გეჰიმ სამკლავური კი გაიკეთა, მაგრამ ზედ სამი სიტყვა დააწერა: „მე მიყვარს იესო!“ აი, ამ დროს ატყდა ამბავი, თუ ატყდა. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ დროშაზე ანალოგიური წარწერა შეურაცხმყოფელია და ფეხბურთელმა ბოდიში უნდა მოიხადოსო. მეტიც, საქმე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს გადაეცა და მათაც ფეხბურთელის დაჯარიმება გადაწყვიტეს, მაგრამ ხანგრძლივი თათბირის შემდეგ მხოლოდ გაფრთხილება აკმარეს და აუხსნეს, რომ ანალოგიური რამის განმეორების შემთხვევაში სოლიდური ფულადი ჯარიმა არ ასცდება.
ერთი შეხედვით, ლგბტ თემთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ იმავე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 100 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და 7 მატჩით მოკვეთა როდრიგო ბენტანკური. რის გამო დაისაჯა იგი? შემთხვევა გასულ ზაფხულს მოხდა, როცა როდრიგო ინტერვიუს აძლევდა ურუგვაის ტელევიზიას და წამყვანმა თანაგუნდელის, სამხრეთ კორეელი ჰუნგ მინ სონის მაისური სთხოვა, რაზეც ბენტანკურმა ღიმილით მიუგო: მისი ბიძაშვილის მაისურს მოგცემ, მაინც ვერ გაარჩევ, ისინი ხომ ყველა ერთმანეთს ჰგვანანო. გარდა იმისა, რომ როდრიგო და სონი თანაგუნდელები არიან, მეგობრობენ კიდეც და ამიტომ სამხრეთ კორეელს არაფერი სწყენია, მაგრამ ფეხბურთელს რომელიღაც არასამთავრობომ უჩივლა და საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმაც მოკვლევა დაიწყო. ბენტანკურს ბრალად შეუსაბამო ქცევა და შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკის გამოყენება ეროვნულ ან რასობრივ საფუძველზე წაუყენეს და დააჯარიმეს.
„ეს ყველაფერი სასაცილო და გულისამრევია. მე სონთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც სამხრეთ კორეელებთან და ამის გამო პრეტენზია არავის გამოუთქვამს, მაგრამ მაინც დამაჯარიმეს. არის თუ არა გადაწყვეტილეება უსამართლო? ალბათ, უფრო სასაცილოა და მართლა მეცინება, მაგრამ ეს სიცილი 100 ათასი დამიჯდა“,-განაცხადა ფეხბურთელმა.
მოდი, ბენტანკურს ცოტა ხანს შევეშვათ და ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილ სამკლავურებზე ვისაუბროთ. „იფსვიჩის“ კაპიტანმა, ეგვიპტელმა სემ მორსიმ რომ თქვა, რელიგია მიკრძალავს ლგბტ თემის მხარდაჭერასო, გასაგებია და ხომ ვერ გვეტყვის და აგვიხსნის ვინმე, ქრისტიანული სარწმუნოება ამ ყველაფერს მიესალმება? ბიბლიაში, სახარებაში, სადმე წერია, რომ მამათმავლობა კარგია? თუ პირიქით – სოდომ-გომორას მაგალითზე საპირისპიროს გვასწავლიან? და რას ნიშნავს ის, რომ კაცმა რელიგიური გრძნობები გამოხატა, მოწოდება კი არ გააკეთა, ქრისტიანულად მოინათლეთ, ან რჯული შეიცვალეთო, უბრალოდ, დაწერა: „მე მიყვარს იესო“ და ეს სამი სიტყვა გახდა აღშფოთების საფუძველი. ანუ, რა გამოდის? თუ ღმერთის გწამს და თუ წერ, რომ უფალი გიყვარს, დამნაშავე ხარ და, თუ ლგბტ სამკლავურის გაკეთებაზე ამბობ უარს, ახსნა-განმარტება უნდა გააკეთო და ბულინგის ობიექტი ხდები. თუ კაცთან ძმაკაცობ და ეხუმრები, ბოდიში უნდა მოიხადო და გაჯარიმებენ, ანუ ლიბერალები უკვე იმასაც კი გვიწესებენ, ვის როგორ უნდა ვეხუმროთ, რა უნდა ვუთხრათ მეგობრებს, როგორ უნდა გვწამდეს ღმერთის და რა სურვილები გავამხილოთ და რა გულში ჩავიკლათ. ახლა, როგორ გგონიათ, მარკ გეჰი, რომელიც უმკაცრესად გააფრთხილეს, რელიგიური გრძნობები აღარ გამოამზეუროო, შემდეგ ჯერზე რას იზამს? არაფერსაც არ იტყვის, რადგან ეს, შესაძლოა, არა მხოლოდ ჯარიმად, არამედ დისკვალიფიკაციად და კარიერის დანგრევად დაუჯდეს. ყველა მორწმუნე წამებული ვერ იქნება და ყველა ვერ გაბედავს ბოლომდე „გაჭედოს“, მით უმეტეს იმის ფონზე, რომლის შემდეგ ბულინგი და ფსიქოლოგიური ძალადობა იწყება. შემდეგ ლგბტ თემის წევრები ასეთ ადამიანებს სოციალურ ქსელში ემუქრებიან, რომ მოკლავენ, რომ ოჯახის წევრებს დაუხოცავენ, სტადიონზე ტრიბუნებიდან უსტვენენ. გემახსოვრებათ, გურამ კაშიას რამდენი დამცველი გამოუჩნდა საქართველოში, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებში და… ვიგინდარები პატრიარქს რომ გვიგინებენ, ეკლესიასა და ტრადიციებს რომ გვიგინებენ, ისინი ჩუმად არიან, იგივე არასამთავრობოები ამას არ იმჩნევენ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ, თითქოს ასე უნდა იყოს, პირიქით – ამ ადამიანებს აფინანსებენ, ახალისებენ, ტაშს უკრავენ.
შესაძლოა, ისე მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ ახლა მთელი სამყარო ელოდება 20 იანვარს და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას. მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი იყო, ძალიან მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი, მერე დააკონკრეტა: არ მესმის, რატომ უნდა შევხედო მამაკაცის უკანალს, როცა ირგვლივ ამდენი ქალიაო. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მას წინასაარჩევნოდ სასტიკად დაუპირისპირდნენ, სამჯერ მისი მოკვლა სცადეს და… ლიბერალებმა არჩევნები წააგეს. ჰო, წააგეს, მაგრამ არავინ გამოსულა ქუჩაში და არ უთქვამს, წაგებას არ ვცნობთო. აშშ-ში ლიბერალებს თავიანთი ქვეყანა არ ემეტებათ დასანგრევად, არ სურთ, სამოქალაქო დაპირისპირება, ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ, სხვაგან აფინანსებენ არეულობასა და აქციებს, თვითონ კი მშვიდი შტატებიდან უყურებენ. ტრამპმა უნდა თქვას ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც ელოდება და ვითარება დააწყნაროს…
ლიბერალური ფრთა ცდილობს, პოზიციები არა მხოლოდ საქართველოში გაიმყაროს, არამედ ტრამპის ადმინისტრაციასაც უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვოს. ეს არის მიზეზი იმისა, რაც ხდება უკრაინაში და ეს არის მიზეზი იმისა, რაც ხდება საქართველოში. რელიგიაზე დუმილს აიძულებენ მსოფლიოს და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ, თუ რწმენა არ გაქვს, თუ ღმერთი არ გწამს, არ გწამს არაფერი, ადვილად იჯერებ ყველაფერს, ადვილად იცვლი ზნეს და, რაც მთავარია, შვილებს, ანუ მომავალ თაობასაც ამ პრინციპებით ზრდი. თავდაპირველად, როცა ლგბტ სამკლავურები პირველად გამოჩნდა საფეხბურთო ლიგებში, ყველას უწყინარი ჟესტი ეგონა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერმა აგრესიული ხასიათი მიიღო. თუ სამკლავურს არ იკეთებ, პირდაპირ მტრად გაცხადებენ და არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ამის მიზეზი. გაიძულებენ ტაში დაუკრა ლგბტ თემს და მერე შვილებსაც ვეღარაფერს დაუშლი, ხომ გეტყვის: შენ სამკლავურით დარბიხარ და მე რას მერჩიო?!
როგორც გვეუბნებიან, მალე ანალოგიური მოთხოვნა ყველა საფეხბურთო ლიგას დაეგზავნება (გარდა მუსლიმანური ქვეყნებისა) და აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ეს არ უნდა დავუშვათ. ერთმა კაპიტანმაც კი არ უნდა გაიკეთოს ლგბტ სამკლავური.
ლევან გაბაშვილი
P.S. ყველა ოპოზიცურმა არხმა გაავრცელა სურათი, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხელს ართმევს პარიზში ღვთისმშობლის აღდგენილი ტაძრის გახსნაზე ჩასულ დონალდ ტრამპს. სურათი (და არა ვიდეო) იმიტომ გაავრცელეს, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს: ტრამპის მოშორებით მჯდარი სალომე ზურაბიშვილი დგება, მიდის მისტერ დონალდთან, ართმევს ხელს და უხსნის, ვინ არის. აი, ეს ახსნა-განმარტებები ხელს არ აძლევთ აქაურ აგენტებს, მათ ხომ იმ ფონის შექმნა სურთ, თითქოს სალომეს მსოფლიო ცნობს; არადა, არ ცნობს, აღარც პრეზიდენტად ცნობენ 2 კვირის შემდეგ და მანამდე უნდა გამოიყენონ ეს დრო, მანამდე უნდა მოახდინონ ის, რაც ჩაფიქრებული აქვთ და ცხადად ჩანს, რომ ამ აქციების პიკში შევდივართ, „ორი გვამის“ დრო დადგა ოპოზიციისთვის და აუცილებლად შეეცდებიან, რომ მოვლენები სწორედ ამ სცენარით განავითარონ. მაიდნის სცენარიც ლამის ერთი ერთში მეორდება და ეჭვი გვაქვს, რომ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც 8 დეკემბერს დაიდგა, ცეცხლს წაუკიდებენ და დაწვავენ.
ლ. გ.