”იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო გიჟდება.” – ეს სიტყვები საფრანგეთში სტუმრად ჩასულმა დონალდ ტრამპმა წარმოთქვა ოცდამეერთე საუკუნეში. ”მხოლოდ ბავშვები და შეშლილები არ უფრთხიან სიკვდილს”, – ეს სიტყვები კი ფილოსოფოს სენეკას უთქვამს ძველ რომში.
რა კავშირია ამ ორ ნათქვამს შორის? ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ორივეგან ფიგურირებს სიგიჟე. ეს უკვე რაღაც ხელჩასაჭიდს გვაძლევს…
უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპმა თავის ამ ნათქვამში მოშლილი მსოფლიო წესრიგი, უკიდურესად გამწვავებული კრიზისები, მომრავლებული ომის კერები და ბირთვული კატასტროფის საფრთხე იგულისხმა; შესაძლებელია – კიდევ მრავალი რამ, მაგრამ ძირითადი, ალბათ, ეს არის. სენეკას ნათქვამში კი წინა პლანზე ფსიქოლოგიური ასპექტია წამოწეული. სიკვდილთან დამოკიდებულებაში ბავშვები და შეშლილები ერთმანეთთან არიან შედარებული და გაიგივებული.
თბილისში ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე პროცესების მთავარი მახასიათებელი ქუჩის საპროტესტო აქციებში ბავშვების ჩართვაა. რატომ აკეთებდნენ ამას? სენეკას თუ დავუჯერებთ, ბავშვი (შეშლილივით) არ უფრთხის სიკვდილს. ხალხმრავლობაში, ქვების სროლაში, პიროტექნიკის ბათქა-ბუთქში, სამართალდამცველებისა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირებაში ბავშვები სრულიად დაუცველნი არიან, რადგან, ერთი მხრივ, უმწეონი არიან, მეორე მხრივ კი, სიკვდილის შიში ისევე არ აქვთ, როგორც შეშლილებს. საერთო არეულობის პირობებში ბავშვების დაღუპვის რისკი გაცილებით მაღალია. საქართველოს პრეზიდენტი, ბავშვებს როდესაც უხმობდა აქციაზე, ამას სწორედ იმიტომ აკეთებდა, რომ ოპოზიციისთვის ასე საჭირო მსხვერპლამდე მისვლა ამ გზით გაცილებით ადვილია. დარწმუნებული ვარ, რომ მას აქეთ დასავლეთის ის ინსტრუქტორები უბიძგებდნენ, რომლებიც საქართველოში თავზე საყრელად არიან. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ”ორი გვამის” (ვანო მერაბიშვილი) თემა დღესაც აქტუალურია. მსხვერპლის შემდეგ ნებისმიერი აქცია ერთი ათად თუ არა, ერთი ორად მაინც იზრდება და ძლიერდება, რადგან იზრდება ის მუხტი, რომელიც ხალხში წინააღმდეგობას აჩენს, შესაბამისად იზრდება რაოდენობაც, რომელიც ასე მნიშვნელოვანია (გადამწყვეტია) გამარჯვების მიღწევის ანუ დაგეგმილი ამერიკული სახელმწიფო გადატრიალების გამარჯვების საქმეში, რომელსაც სახელი უკვე დაარქვეს – ფეიერვერკების რევოლუცია. ქაოსის ვითარებაში სიმართლე არავის ახსოვს (არავის არ სჭირდება), სიმრავლეა მთავარი. სიმართლე სახელმწიფო მანქანას ვერ მოერევა, მაგრამ თუნდაც არამართალ ადამიანთა სიმრავლე წალეკავს მას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმართლე სიმრავლეშია. თუკი შენს მხარეს არც სიმართლეა და არც უმრავლესობა არ დგას, ასეთ შემთხვევაში რაღაც უნდა მოიმოქმედო, რათა სიმრავლის ეფექტი მაინც შექმნა. ვერანაირ პროპაგანდას, ვერანაირ სიტყვასა და მოწოდებას ვერ ექნება ისეთი ეფექტი, როგორიც მსხვერპლს შეუძლია იქონიოს. ეს ის ვითარებაა, როდესაც მსხვერპლს ოქროს ფასი ედება. მსხვერპლი თუ იქნება და, თუკი ეს მსხვერპლი სწორად (აქ საშინელი სიტყვა უნდა გამოვიყენო) გაპიარდება, იგი ბევრს აღაშფოთებს და მოიზიდავს ანუ ”წმინდა მსხვერპლად” იქცევა. აი, რა მიზნით უხმობდა აქციაზე ბავშვებს ჯერ კიდევ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან დაწერა: ”უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, რათა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა პროტესტის მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით”. ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი წერს: “როდესაც მიდის მოწოდებები, რომ საჭიროა ე.წ. საკრალური მსხვერპლი, ცდილობენ, ეს საკრალური მსხვერპლი იყოს ბავშვი. 10-12 წლის ბავშვების ჩართვა ხდება პროცესში. სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს, სკოლებს მოუწოდებს, რომ მივიდნენ და დადგნენ პარლამენტის წინ მანიფესტაციაზე. ეს ადამიანი ბავშვებს წირავს სასიკვდილოდ”.
სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლო საფრანგეთს ეწვია და რამდენიმე წლის წინათ დამწვარი და ახლა უკვე რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღვთისმშობლის ტაძარზე მეტად მას პარიზში სტუმრად მყოფ ტრამპთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრა ან სულაც ხელის ჩამორთმევა აინტერესებდა, რაც მოახერხა კიდეც: “სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”, – განაცხადა მან.
ზურაბიშვილის განცხადება, რომ ”ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს”, იმას ნიშნავს, რომ ტრამპმა ირწმუნა მისი მონაყოლი ”საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და მთავრობის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შესახებ”. არა მგონია, ტრამპი ისეთი მიამიტი იყოს, რომ ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის მონაჩმახი ბაჯაღლო ჭეშმარიტებად მიიღოს, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე ისაა, რომ ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობას დაასწრო და აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მანამდე შეხვდა, სანამ მისი ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. საქართველოში კი ვითარება მწვავდება. ვიღაც ნიღბიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ”წესრიგის დაცვას” აპირებენ. ასე იწყებოდა და მომავალშიც ასე დაიწყება ქაოსი.
ასეთი დეტალებით, წვეთ-წვეთობით იქმნება სახელმწიფო გადატრიალების რეალური საშიშროება. მთავრობა ჯერჯერობით თავდაჯერებულობას არ კარგავს და აცხადებს, რომ საქართველოში მაიდნის მოწყობის გეგმა ჩაფლავდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ეშმაკს არ ძინავს. მტერი ვერაგია და ძლიერი. მას გრძელვადიანი გეგმები აქვს და, რაც მთავარია, არ იღლება, რამდენი მარცხიც უნდა განიცადოს, მაინც დასახული მიზნისკენ მიიწევს. ასე მოხდა სირიაში, სადაც შეიარაღებულმა ტერორისტებმა ბაშარ ალ ასადის კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. ეს ის ტერორისტები არიან, რომელთა შექმნა-ორგანიზებაში დონალდ ტრამპმა ბრალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს დასდო. სირიის გაქცეულ პრეზიდენტს ჰუმანიტარული თავშესაფარი რუსეთმა მისცა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა ეჭვქვეშ დგება. ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება აქვთ, 2066 წლამდე დარჩნენ სირიის ქალაქებში (ტარტუსი და ჰმეიმიმი), მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სირიის პრემიერმინისტრ მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ახალი ხელისუფლება მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალება სირიაში რუსეთისთვის დარტყმაა, რადგან ამ ქვეყანაში სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გარკვეული კონტროლისა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელის გარანტს წარმოადგენს.
ტრამპის მომავალი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესახებ პროგნოზის კეთება რთულია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მას სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად შეუძლია. მეტიც, ეს მისი კოზირია. პარიზში ზელენსკისთან შეხვედრა ბევრს არაფერს ნიშნავს, მით უფრო ტრამპის ორი განცხადების ფონზე: 1. აქტიურად ვმუშაობ, რომ ომი დასრულდეს; 2. ძალაუფლებაში ოფიციალურად შესვლის შემდეგ უკრაინა, ალბათ, ვერ მიიღებს დახმარებას იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აქამდე იღებდა.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში ვითარება ურთულესია. ტრამპის ნათქვამი, რომლითაც ეს სტატია დავიწყე, ამ სირთულეს ზედმიწევნით კარგად ასახავს: ”იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო გიჟდება”.
ვალერი კვარაცხელია