ომი, რომელშიც  ჯერჯერობით ტყვია არ გაუსვრიათ

    თუ ტყვია გავარდება, ყველას მისწვდება და ვერავინ დაიმალება ვერც ტელევიზიის ოფისებში და ვერც კამერის უკან

    საქართველო კვლავ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ქვეყანა ისევ გაყოფილია ამისიანებად და იმისიანებად, მაგრამ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ახლა სურათი შეცვლილია. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას კვლავ გარე ძალები ცდილობენ და, რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ ამ საქმეში ხელი იღლიამდე დასავლეთს აქვს ჩაყოფილი;  უფრო კონკრეტულად კი დასავლეთის ლიბერალურ ფრთას და ისინი არ იშურებენ ფინანსებს, რათა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყოს, მერე კი ყველაფერი  მარტივი იქნება.

    7 დეკემბერს, ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, ტვ „პირველის“ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორ გიორგი შეწირულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა თქმა უნდა, მომხდარი ძალიან ცუდია. მძიმე საყურებელი  იყო განსაკუთრებით ის, როგორ ურტყამენ ხელს ქალს.  რასაც ახლა დავწერთ, შეიძლება ბევრი ან ძალიან ბევრი გააღიზიანოს, მაგრამ ეს არის სიმართლე და მოდი, სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ.

    დავიწყოთ იმით, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ნაცემი ჟურნალისტები წარმოადგენენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ბაირახტარია. არ შეიძლება, საინფორმაციოს წამყვანმა გადაცემა დაიწყოს შემდეგი სიტყვებით: „თვითმარქვია ხელისუფლების თვითმარქვია პრემიერმა…“ როცა არჩევნების შედეგები ეუთო-ოდირმა აღიარა და არ აღიარა გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ, ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა,რომ ხელისუფლებას უზურპატორი უწოდო, რომ დიქტატორულ სახელმწიფოდ გამოაცხადო. ჟურნალისტის მთავარი მისია არის, იყოს მიუკერძოებელი და, როცა მიკროფონი უჭირავს ხელში ან სტუდიაში ზის, არ უნდა აფრქვიოს თავისი აზრები და მაყურებელს არ უნნდა მოახვიოს თავს ის, რასაც თვითონ ან მისი ტელევიზიის ხელმძღვანელები ფიქრობენ. სწორედ ამიტომ არის აგრესია ადამიანებში, ისინი ხვდებიან და ხედავენ, რომ კონკრეტული ტელევიზიის კონკრეტული ჟურნალისტები საკუთარ აზრს ახვევენ თავს მოსახლეობას და, რაც მთავარია, ხშირად  ტყუილის ისეთ ტირაჟირებას ახდენენ, მისი მასშტაბები გებელსსაც კი შეშურდებოდა. აი, შემდეგ  არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაბრაზებული ადამიანები ცდილობენ, რაიმე ფორმით შური იძიონ ტყუილისთვის, პროპაგანდისთვის, თუმცა, ისევ გავიმეორებ,  იმას, რაც ჩიხლაძისა და შეწირულის შემთხვევაში ვნახეთ, არანაირი გამართლება არ აქვს.

    იგივე ჟურნალისტები აქციების მიმდინარეობისას სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს „ომონს“ უწოდებენ, რაც აგრეთვე შეურაცხმყოფელია. პარალელურად ცდილობენ, არ გააშუქონ  დემონსტრანტების ძალადობა, მაქსიმალურად ზღუდავენ იმ კადრებს, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ ისვრიან   სპეცრაზმის მიმართულებით პიროტექნიკას, ქვებს, ბოთლებს, მოლოტოვის კოქტეილებს… და ამას ყველაფერს ხედავენ როგორც სპეც-რაზმელები, ისე რიგითი ადამიანები და აგრესია იმატებს. რომელიმე ოპოზიციურ ტელევიზიას უჩვენებია კადრები, რომლებზეც  მომიტინგეები ფორმიანებს  დედ-მამის საფლავებს უტრიალებენ? სწორედ აღნიშნული ტელეკომპანიის კამერამ გადაიღო კადრი, როცა ერთ–ერთი დემონსტრანტი სპეცრაზმელს დედას აგინებდა და მან უთხრა: ნუ მაგინებ, 3 დღის წინ დავასაფლავეო;  ამან კი –  „იმ საფლავზე მოვისაქმე“-ო. ეს სხვა ძალოვანების მონაყოლიდან ვიცით და რა ხასიათზე დადგებოდა ის ადამიანი, წარმოდგენაც კი რთულია. ამიტომ ვამბობთ, რომ, როცა ჟურნალისტი გქვია, უნდა შეეცადო, ობიექტური იყო და ყველა მხარე ერთნაირად გააშუქო, შემდეგ კი მაყურებელი გადაწყვეტს, რისი დაჯერება ღირს და რისი – არა. ყველა ქვეყანაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრების სახე და ვინაობა არავინ უნდა იცოდეს. ეს როგორც სახელმწიფოს, ასევე მათი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, არადა, იგივე ჟურნალისტები, ცდილობენ, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ნიღაბი მოხსნან და მათი სახეები გამოაჩინონ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დანაშაულზე უფრო მეტია ის, რაც გაკეთდა – საიდანღაც მოპოვებული სპეცრაზმელების სიის პირდაპირ ეთერში ჩვენება, უბრალოდ, კატასტროფაა, საბოტაჟია, სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშე ჩადენილი დანაშაულია. რიგითმა ადამიანებმა თუ არა, ამ ჟურნალისტებმა ხომ მაინც იციან, რომ ანალოგიური რამისთვის ევროკავშირის ქვეყნებსა თუ ამერიკაში უმძიმესი მუხლებია და ულაპარაკოდ უშვებენ ციხეში?! ის ხომ მაინც იციან ჟურნალისტებმა, რომ ამერიკაში, სამართალდამცველზე შეხების შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელს უფლება აქვს, ცეცხლი გახსნას გაუფრთხილებლად?! ჰო, იმავე აშშ-ში  ან საფრანგეთში მოსახლოებამ რომ გააპროტესტა რამდენიმეჯერ მკვლელობა, პოლიციელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მაშინ ისროლა, როცა ამის საჭიროება არ იყოო, სინამდვილეში ის პოლიციელები იქაური კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ და არც ერთი მათგანი არ გაუსამართლებიათ. მიზეზი მარტივია – მას შეეხო დემონსტრანტი (ან რიგითი მოქალაქე) და  ცეცხლი ამიტომ გახსნა, რისი სრული უფლებაც ჰქონდა. აქ კი, შეხება კი არა, ლამის ტანისამოსი შემოახიონ, ქუდებს ხდიან, ნიღბებს აძრობენ და თან იმას გვიმტკიცებენ, –  მშვიდობიანად ვიქცევით და პოლიციის მხრიდან აგრესია მოდისო.

    რატომ ხდება, რომ მაიდნის სცენარით მიდის აქაც მოვლენები? რატომ ხდება, რომ იქაც და აქაც აგრესიამ ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ მოიმატა? რატომ არის, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ ითქვა, აქციას მსხვერპლი სჭირდება და მსხვერპლი აუცილებლად გოგონა უნდა იყოსო? მივდივართ ამისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ? დიახ, მივდივართ და ამას ხვდება ოპოზიციაც,  ხვდებიან სწორედ ის ჟურნალისტები, რომლებიც არ იქცევიან შესაბამისად  და შინაგანად ყველას სჯერა, რომ მსხვერპლი თვითონ არ იქნება და  სხვას შესწირავენ ზვარაკად. არც მაკა ჩიხლაძეს ეგონებოდა, რომ შესაძლებელი იყო, მას დასხმოდნენ თავს.  იმის ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი უწყებები შეძლებენ თავდამსხმელთა იდენტიფიკაციას და გავიგებთ, საიდან და ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი. აქვე დაძენთ, რომ საგამოძიებო ორგანომ კონკრეტული პირი რომ იპოვოს, მან აღიაროს და თქვას, რომ ეს ოპოზიციის დაკვეთა იყოო,  ჩიხლაძეს ათქმევინებენ, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია და არა ოპოზიციის მიერ  დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაცია.

    ეს აღარ არის პოლიტიკური პროცესები, ეს არის ომი, რომელშიც  ჯერჯერობით ტყვია არ გაუსვრიათ, მაგრამ ვაი, რომ არც ამისგან ვართ შორს. უკვე ვნახეთ მომარჯვებული იარაღი, მაგრამ სროლა ჯერ ვერ გაბედეს, თუმცა  აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც გაისვრის. ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე გამოჩნდა თუ გამოაჩინეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პირველმა ისროლა მოლოტოვის კოქტეილი, მერე გმირად გამოაცხადეს, მერე შეიწყალეს და ახლა  ჰყავთ გადამალული, მაგრამ მის მიერ გაკვალულ გზაზე ასეულობით დემონსტრანტი დადის, აღარავინ ერიდება მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ანუ იმის კეთებას, რასაც მანამდე ვერ ბედავდა. ასე იქნება იარაღის შემთხვევაშიც, მთავარია, ერთმა გაბედოს, ერთმა გაისროლოს…  მოწოდება  „ომი დავიწყოთ“ დემონსტრანტების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის. ყურს აჩვევენ ამას  და, ერთ დღეს თუ გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ სროლა დაიწყო, არ უნდა შევიცხადოთ.

    ბოლო პერიოდში ჟურნალისტებმა არაერთხელ შესცოდეს. სახლებში მივარდნები, კერძო საკუთრებაში ძალით შეჭრა, ღობეზე გადაძრომა, შეურაცხმყოფელი კითხვები და ეპითეტები, სამართალდამცველებისთვის (არა მხოლოდ) მონების ძახილი ყველაზე მოქმედებს და სიყვარულისა თუ პატივისცემის ნაცვლად ზიზღს იწვევს. ვარსკვლავები იყვნენ დავით სოკოლოვი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ქეთევან მითაიშვილი, ბავშვებისთვის საყვარელი ჟანეტა არჩვაძე… მათი დანახვა ხალხს უხაროდა.  ახლანდელი წამყვანები ხომ უნდა დაფიქრდნენ, რატომ უჩნდებათ აგრესია ადამიანებს მათი დანახვისას? საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ, ვისაც ეხება, ხომ უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ რაღაც ისე არ არის? ევროპასა და ამერიკას რომ ვეტოლებით, მილიონერები არიან იქაური წამყვანებიო, ეგებ იმიტომ, რომ მათი ნდობის მანდატია ძალიან მაღალი და იქნებ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, ბოლომდე ობიექტურები დარჩნენ?! კი, გვესმის, იქ ტელევიზიებს დამოუკიდებელი, უზარმაზარი შემოსავალი აქვთ და არ არიან ჩამოკიდებული ერთი ან ორი კაცის ჯიბეზე, მაგრამ როგორ არ გამოჩნდა იმ 1-2 კაციდან ისეთი, რომელსაც ობიექტურობაზე ექნებოდა პრეტენზია და, თეთრზე შავიაო, მტკიცებას არ დაიწყებდა?!

    ასეა თუ ისე, ახლა მედიაზე ბევრია დამოკიდებული და ყველა ჟურნალისტმა უნდა გაითავისოს ის, რომ, თუ საქართველოში ტყვია გავარდება,  ყველას მიწვდება და ვერავინ დაიმალება ვერც ტელევიზიის ოფისებში და ვერც კამერის უკან.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here