არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში პროდუქტს არარეალური ფასი ადევს. საკვებ პროდუქტზე გვაქვს საუბარი, თორემ სხვა რამის გარეშე შეიძლება გაძლოს ადამიანმა 1-2 კვირა, ან 1-2 თვე, ან თუნდაც წელიწადი. აი, უსაკვებოდ გაძლება კი შეუძლებელია და ახლა საქართველოს მთავრობისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საყურადღებოდ ფაქტებით დავწერთ იმას, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ეს საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია. მით უმეტეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი ამ სფეროში კარგად არის ჩახედული და მარტივად შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა. ზოგადად, სონღულაშვილის დანიშვნას ბევრი შეხვდა იმედით და ვნახოთ.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მანდარინის ფასი ნოემბერთან შედარებით დეკემბერში უფრო მეტი იქნება. არადა, მანდარინის კრეფა სწორედ ახლა შედის აქტიურ ფაზაში და, წესით, პროდუქტი უფრო უნდა გაიაფდეს, მაგრამ რუსები ამის მიზეზებს დეტალურად ხსნიან. როგორც ისინი ამბობენ, მანდარინი, რომელსაც საქართველოდან, თურქეთიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და მაროკოდან ყიდულობენ, ლოჯისტიკის პრობლემების გამო გაძვირდება. ლოჯისტიკის პრობლემებში ამინდის გაუარესება იგულისხმება თუ სხვა რამ, ვერ გეტყვით, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესოა ფასი. თურმე რუსეთში ნოემბერში 1 კილოგრამი მანდარინი 0,90 დოლარი ღირდა, ანუ დაახლოებით 2,50 ლარი და დეკემბრიდან მისი ფასი 4 ლარამდე გაიზრდებაო. გესმით? ამის გამო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ეს მაშინ, როცა საქმე ერთ პროდუქტს ეხებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა საუბარი, მაგალითად, პურზე ან სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე იქნება.
ახლა ავიღოთ ქართული რეალობა: ოდესმე გახსოვთ, რომ პურის გარდა (ისიც იმ შემთხვევაში, თუ მატება თვალშისაცემია) ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ეთქვას, ესა თუ ის საკვები პროდუქტი ან ხილი ამა და ამ მიზეზის გამო ძვირდებაო? ასეთი რამ არ ყოფილა და, როცა ერთ დღეს ბაზარში ერთ ფასს ნახავთ, მეორე დღეს კი – განსხვავებულს, პროტესტის თავიც აღარ გაქვთ, რადგან ამას მიეჩვიეთ, ეს ყოველდღე ხდება. ქართული მწარე რეალობაა ისიც, რომ გაძვირება ყოველთვის სწრაფად ხდება, გაიაფებას კი თვეები სჭირდება. ეს ყველაზე კარგად საწვავზე ჩანს ხოლმე – როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება, ჩვენი ბიზნესმენები ამბობენ, გაძვირდა და რა ვქნათო, ხოლო, როცა მსოფლიოში იაფდება, არ აიაფებენ, ძვირად გვაქვს ნაყიდიო. აი, ადრე რომ ჰქონდათ იაფად ნაყიდი და გაძვირებიდან ორ საათში გააძვირეს, აღარ ახსოვთ.
ისევ მანდარინს დავუბრუნდეთ. გართულებული ლოჯისტიკის პირობებში, იმ პირობებში, როცა მანდარინი რუსეთში შეაქვთ, მისი ფასი თურმე 4 ლარამდე იზრდება და მოსახლეობას ბოდიშს უხდიან, გიძვირებთო. ამ დროს საქართველოში ადგილობრივი მანდარინი, სუპერს რომ ეძახიან, 4 ლარი და მეტიც ღირს. საექსპორტოდ სწორედ ასეთი მანდარინი მიაქვთ და იცით, რა არის საინტერესო? რუსეთში ტრანსპორტირება, გადასახადების გადახდა, ფასნამატის დადება და მაინც 4 ლარი რანაირად გამოდის, როცა დასავლეთ საქართველოდან თბილისამდე ჩამოტანილს ადევს იგივე ფასი და არც გადასახადებია გადასახდელი?! თანაც რუსები მოსახლეობას გაძვირების გამო უბოდიშებენ, ჩვენთან კი უკვე ძვირია, კატასტროფულად ძვირი…
26 ნოემბერს ჩამოვიდა მეგობარი მოსკოვიდან და აღშფოთება არ დაუმალავს პროდუქტების ფასების გამო. გაოცებული გვიყვებოდა, მოსკოვის ძვირ სუპერმარკეტებშიც კი ბურღულეული სამჯერ და ოთხჯერ იაფია, ვიდრე თქვენთან, ეს რა ვნახე, საკვებში ფული როგორ გყოფნითო?! ჰოდა, ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები აუცილებლად უნდა ჩაერთონ ფასების კონტროლში, უნდა შეიქმნას რაღაც მექანიზმი, რომ პროდუქტებზე (პირველადი მოხმარების პროდუქტზე მაინც) ადამიანური ფასები შენარჩუნდეს და მოსკოვიდან ჩამოსულს ვინ ჩივის, შუაგული ევროპიდან ჩამოსული ტურისტები არ იყვნენ აქაური პროდუქტების ფასებით გაოცებული?! ხომ არ შეიძლება, შვეიცარიაში უფრო იაფი ღირდეს, მაგალითად, წყალი, ვიდრე საქართველოში?! ირანში ლიტრ-ნახევარი წყალი პლასტმასის ბოთლში დაახლოებით 45 თეთრი ღირს, ჩვენთან კი – ოთხჯერ მეტი. ირანში, რომელსაც წყლის იმდენი რესურსი რომ ჰქონდეს, რამდენიც საქართველოშია, შეიძლება წყალი უფასო ყოფილიყო, ზუსტად ისე, როგორც ბენზინს ადევს სიმბოლური ფასი. როგორ გგონიათ, საქართველოს რომ ჰქონდეს ნავთობის იმდენი მარაგი, რამდენიც ირანს, აქაც 2 და 3 ცენტი ეღირება ერთი ლიტრი ბენზინი? არა, ბატონებო, არა… აქ სხვა მიდგომაა გამეფებული. ასე იყო ადრე, ასე იყო უფრო ადრე და ასე არის ახლაც – კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ და, რაც მთავარია, ახერხებენ იმას, რომ რიგითი მოსახლეობა „მოწველონ“ და მათ ხარჯზე დიდძალი თანხა იშოვონ.
სამწუხაროდ, ყოველ სეზონზე, იმის მიხედვით, რა ხილი და პროდუქტი შემოდის, გვიწევს იმის წერა, რომ საქართველოში ალოგიკური და არარეალური ფასები გვაქვს. ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი მანდარინი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი და, რაც მთავარია, უკვე აღარ არის ისე, თითს რომ ვიშვერდით, იქაურ ხილს უფრო მეტი შხამ-ქიმიკატები აქვსო. არა, ბატონებო, არა – ლაბორატორიულად ამტკიცებენ შემომტანები, რომ თავიანთ პროდუქტში გაცილებით ნაკლებია ქიმიკატები, ვიდრე ქართულში, რადგან წვეთოვანზე გადაიყვანეს აბსოლუტურად ყველაფერი და დოზირებულად აძლევენ წამალსაც, საკვებსაც და ამიტომაცაა, ევროპულ ბაზარზე შესვლის პრობლემა რომ არ აქვთ. ანუ, ევროპელები პროდუქტის ხარისხს ვერ იწუნებენ, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ, ბაზარზე დახლი არ დაუთმონ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, თურქები გაცილებით მეტნი არიან ევროპაში და ცდილობენ, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა წამოსწიონ, მოითხოვენ თურქულ პროდუქციას და შემომტანებიც იძულებულნი არიან, დაძებნონ. ასე მარტივად დაიმკვიდრა ამ ზაფხულს თურქეთმა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში მარწყვის მიმწოდებლის ნომერ პირველი ქვეყნის სახელი და გაისად იმავეს ბროწეულზე გააკეთებს. იცით, ეს რას ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკისთვის? და ეს ეკონომიკური აფეთქება პრეზიდენტმა ერდოღანმა უმარტივესად მოახერხა – პრაქტიკულად, გაანულა გადასახადი თურქეთში წარმოებული პროდუქტების გატანაზე და ექვსჯერ გააძვირა გადასახადი შემოტანილ პროდუქტზე. ექსპერტები რასაც ვარაუდობდნენ, იმაზე ოცჯერ მეტი ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს და, როცა ასეთი მაგალითი გაქვს თვალწინ, რატომ არ აკეთებ იმავეს, რატომ არ გინდა, რომ კარგში მიბაძო, გაუგებარია. ის მაინც თუ იცით, რომ ერთ თურქ ფერმერს 1500 კვ.მ ფართობზე უფრო მეტი მარწყვი მოჰყავს, ვიდრე ქართველს 1 ჰექტარზე და, რაც მთავარია, უფრო ნაკლებ შხამს იყენებს, ვიდრე ქართველი. ჰაერიდან არ მოსულა ეს, სულ რაღაც, ოციოდე წლის წინათ თურქები ქართველებთან ცოდნით ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ, მაგრამ არ დაინანეს რესურსები, მაგალითად, საქართველოდან პრაქტიკულად ყველა გამოცდილი აგრონომი წაიყვანეს, სოლიდური ჯამაგირი დაუნიშნეს, ისწავლეს და ახლა თავად ჩაგვიტარებენ მასტერკლასს. თანამედროვე ტექნოლოგიებს აუწყვეს ფეხი და ამიტომაც არის, ძალიან რომ გაგვასწრეს. 20 წლით თუ იყვნენ ჩვენზე უკან, ახლა ამდენით გვისწრებენ და ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. რაც მთავარია, რეგიონში, ჩვენ გარდა, ყველა ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლეებს ფასებს პროდუქტებზე, ჩვენთან კი არა, და ამიტომ ცხოვრება ყველაზე ძვირი ჩვენთან არის.
დღეს ისეთი მდგომარეობა გვაქვს, პროდუქტების ფასებისთვის, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სცალიათ, მაგრამ დაწყნარდება ვითარება, გადაივლის ეს ქარიშხალიც და მერე ამისთვის აუცილებლად უნდა მოვიცალოთ, აუცილებლად, თორემ ყველაზე საშიში მშიერი ადამიანია და ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ ერი დაიმშევა და საჭმლის საძებნელად გამოვა გარეთ და არა საგარეო კურსისთვის. კუჭით კბენა კი ყველაზე საშიშია და არაერთი მაგალითია იმისა, რომ სოციალურმა აფეთქებამ სავალალო შედეგები გამოიწვია, ამიტომ ვამბობთ, რომ ადამიანებმა პროდუქტები ადამიანურ ფასად უნდა შეიძინონ; და ეყოთ იმ ხალხს, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ხარჯზე იშოვეს.
ბესო ბარბაქაძე