მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ჯერ არ გამართულა, უკვე ცნობილია, ვინ ეყოლება დონალდ ტრამპს ადმინისტრაციაში. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადაში მსოფლიო ამოისუნთქავს, მსოფლიოსთან ერთად _ პოსტსაბჭოთა სივრცე და პატარა საქართველოც.
რას უნდა ველოდოთ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტისგან, რა სიკეთეს მოუტანს ტრამპის მმართველობა საქართველოს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ აშს-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს ამ ეტაპზე მხოლოდ 3 თანამდებობის პირის დანიშვნის უფლება აქვს: პირადი მდივნის, ადმინისტრაციის უფროსისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის. დანარჩენები კანდიდატებად განიხილებიან. მათი უმრავლესობა ან წინააღმდეგია უკრაინისთვის დახმარების გაწევისა, ან ნაწილობრივ იზიარებს ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას.
მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უკრაინის დაფინანსების კრიტიკოსი იყო, რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატია და ისიც არ არის უკრაინის აქტიური მხარდამჭერი, ტარამპმა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა. მასკი უკრაინის აქტიური მხარდამჭერი არ ყოფილა და ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა. მოკლედ, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გაცილებით პრაგმატულად უდგება უკრაინის საკითხს, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი რუსეთის ინტერესებს გაატარებს. 20 იანვრიდან ტრამპი, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას დაიწყებს. პირველი ბრძანება, რომელსაც ხელს მოაწერს, იქნება კანადიდან და მექსიკიდან იმპირტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაზრდა.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, გააჩნია, რაზე მოილაპარაკებს ის რუსეთის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, რუსეთი შეძლებს, “გამოივაჭროს” საქართველო და დაგვიხსნას დასავლეთის 32-წლიანი მარწუხებიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ საინტერესო აღარ ვიქნებით დასავლეთისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 1-2 წელიწადში ევროპას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის აღარც ძალა ექნება და აღარც სურვილი.
აშშ-ის ინტერესებში აღარ არის კავკასია, მას აღმოსავლეთ აზიის ბაზრები აინტერესებს და ამ დიდ თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ევრაზიულ სივრცეს, რომელშიც გველოდებიან, და ვისურვებ, იქ ჩვენი ფეხით მივიდეთ, სანამ გვაიძულებენ…
_ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, _ “თვითონ ევროპელები დაგვეხმარებიან რუსეთთან მოლაპარაკებაში”- ო. იმედოვნებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რამე დადებითად შეიცვლება?
_ როგორც აღვნიშნე, დასავლეთი ბოლო ძალიხმევას მიმართავს დესტაბილიზაციისკენ საქართველოში. არ გამოვიდა მაიდანი _ ჩართავს გეგმა ,,ბ”-ს. ეს იქნება ფინანსური ზეწოლა, სანქციები და ა.შ. ესეც თუ ვერ გაჭრის, მაშინ ,,ლამაზად” უნდა წავიდნენ და სწორედ აქ იქნება საჭირო რუსეთის ფაქტორი.
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი შარზეა და უკვე შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აქვს მმართველი პარტიის მიმართ. თითქოს აიძულებს “ქართულ ოცნებას”, რომ ზურგი აქციოს დასავლეთს, მაგრამ ესენი ისევ ჯიუტად გაიძახიან ნატო-კატოს. როდესაც ,,პარტნიორი” დიქტატორს, უზურპატორს გიწოდებს, თავი უნდა დაანებო და სხვა გზა მონახო, რადგან ეს ყველაფერი, უბრალოდ, დამამცირებელია.
ვიმედოვნებ, რომ ახალი პარლამენტი შეძლებს რეალობის შეფასებას. მსოფლიო დგას ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე და ქმედუუნარო ბაიდენი რას მოიმოქმედებს უკრაინაში, არავინ იცის. “ოცნებას” საშუალება აქვს, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ამით ჩვენი ხელისუფლება გაუგზავნის რუსეთსა და სხვა მეზობლებს შეტყობინებას, რომ, მიუხედავად ნატო-ევროკავშირისკენ ლტოლვის შესახებ კონსტიტუციაში ჩაწერილი ყოვლად სამარცხვინო 78-ე მუხლისა, მაინც ვცდილობთ სამეზობლო პოლიტიკის გატარებას.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გასატარებელია რადიკალური საკადრო წმენდა. არჩევნებში ,,ოცნებამ” ყველა საელჩო წააგო, რამდენიმეს გამოკლებით და, როდესაც საელჩოს თანამშრომლები მმართველ პარტიას არ აძლევენ ხმას, ეს განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. ვნახოთ, უახლოესი 2 თვე გვიჩვენებს, როგორი ცვლილებები განხორციელდება.
_ აღიარებს თუ არა ევროპა საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტს იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს იტყვიან დეპუტატის მანდატზე?
_ დასავლეთი უკვე შეეგუა ახალ პარლამენტს. არ გამოუხატავს მტკიცე პროტესტი “არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების” გამო. აშშ–ის ელჩმა არ დაგმო არჩევნების შედეგები. ახლა მოიფიქრეს ტექნიკური ჯგუფის გამოგზავნა, რომელიც დაწერს დასკვნას, მერე ეს დასკვნა იკოტრიალებს ევროსტრუქტურების სხვადასხვა უწყების დერეფნებში და 6-7 თვეც გავა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა ჩარეცხა თავისი მომხრეები. მათ არც ფული მისცეს და არც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდათ. საბედნიეროდ, საქართველო კარგავს ფუნქცია ანტირუსეთს და ამით ლიბერალური ოპოზიციის ნარჩენებიც კარგავენ ფუნქციას. თუ მათ ვერც რევოლუციის მოწყობა შეძლეს და ვერც რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, რისთვის სჭირდება ისინი დასავლეთს?! კიდევ ცოტა ხანს განაგრძობენ კატა-თაგვობანას თამაშს და ,,ფინიტა ლა კომედია” _ დასრულდება 33-წლიანი პროდასავლური მარაზმი.
კიდევ ერთი საკითხი: რას ვეუბნებით მეზობლებს? ისევ პოზაში ვდგავათ თუ… მერწმუნეთ, ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება, როგორც კი აშშ და რუსეთი მოილაპარაკებენ და გაიყოფენ გავლენის სფერეობს, აღარავინ შეგვეკითხება, რა გვინდა და სად გვინდა…
_ რას ელით უახლოვეს მომავალში, როგორ წარიმართება პროცესები ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში?
_ ე.წ. ჭკვიანი საარჩენო ყუთები თუ არჩევნებამდე 2 დღით ადრე დემოკრატიის ზეიმი იყო, 27 ოქტომბერს რატომ გახდა გაყალბების მიზეზი? კითხვები ბევრია და ამ კითხვებს, პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა გასცეს პასუხი. 800 000-მა ამომრჩეველმა მოგვცა ხმაო და საპროტესტოდ ვერ გამოიყვანეს 1 პროცენტი _ 8 000 კაცი. პირველი ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგო, მაგრამ ჯერ მოდუნება ნაადრევია.
ოპოზიციამ განიცადა სრული ფიასკო და ამით დასავლეთს იმედი გაუცრუა. რატომ ვერ გამოიყვანეს ხალხი არჩევნების შემდეგ და რატომ დარბოდა ათიათასობით ახალგაზრდა თბილისის ქუჩებში ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ? იმიტომ, რომ ის კანონი შეეხო მათ პირად კეთილდღეობასა და ჯიბეს. მუქთა ფულის მოყვარულნი შემოსავლის დაკარგვის მიზეზით გაცვივდნენ ქუჩებში.
უახლოეს პერიოდში ვნახავთ ოპოზიციის ნიანგის ცრემლებს და მოთქმა-გოდებას; ერთმანეთისთვის გადაბრალებასა და დამნაშავის ძებნას. მმართველი პარტია შეეცდება, დაარწმუნოს დასვლეთი, რომ ევრო-ნატო ისევ, ასე ვთქვათ, ტრენდშია საქართველოში და ამით ეცდება, მოიგოს დრო, სანამ ტრამპი ჩამოყალიბდება, რა უყოს პოსტსაბჭოთა კოლონია საქართველოს. დასავლეთი ვერბალურ ზეწოლას განაგრძობს და ყველაზე ცუდი იქნება, თუ ლარზე დაიწყეს დაწოლა. საფინანსო–ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება არის ოპოზიციის ბოლო შანსი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.
იმედი მაქვს, ხელისუფლებამ უკვე მოძებნა სათადარიგო აეროდრომი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები გველის.
დასასრულ, მინდა, ტრადიციულად მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩავიდნენ მოსკოვში და დაიწყონ დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი