Home ახალი ამბები საქართველო ხელისუფლებამ  ე.წ. ოპოზიციის  წარმომადგენლებსა და  დასავლელ პოლიტიკოსებს თითოეული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო  პასუხი...

ხელისუფლებამ  ე.წ. ოპოზიციის  წარმომადგენლებსა და  დასავლელ პოლიტიკოსებს თითოეული შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო  პასუხი მკაცრად უნდა  მოსთხოვოს

მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, შინ ზის და პროტესტს, რომელმაც მარაზმის სახე მიიღო, არ უერთდება

მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა… მართალია, ხმაურისა  და დაპირისპირების ფონზე, მაგრამ მაინც შეიკრიბა. ისე, როდის ყოფილა, ახალი პარლამენტი მშვიდად შეკრებილიყო… მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრებოდნენ ევროპელი ელჩები, რადგან შალვა პაპუაშვილმა (წინა და მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარემ) გასაგებად თქვა, არც ერთი ევროპელი ელჩი არ მოგვიწვევიაო. ეს ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენა: მიიწვიეს, მაგრამ ელჩებმა უარი განაცხადესო.  ამ ამბავში ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? არც ერთ ელჩს არ უთქვამს, მოწვევა არ მიგვიღიაო. ანუ, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ, გაურკვევლობაში ტოვებენ მოსახლეობას.  დაგვეთანხმეთ, რომ ერთია, როცა მიგიწვიეს და არ მიდიხარ, და მეორე, როცა არ მიგიწვიეს და ამიტომ არ მიდიხარ. სამაგიეროდ, პაპუაშვილი არ ჩუმდება: ერთი მოსაწვევი მაინც მაჩვენეთ, რომელიც რომელიმე ელჩს გავუგზავნეთო. ევროპული საელჩოები ამ შემთხვევაშიც დუმილს ინარჩუნებენ.  ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ: თუ სათქმელია რამე – არ ამბობენ, თუ საიდუმლოა შესანახი –  ოპოზიციურ არხებს პირდაპირ ეთერში უყვებიან.

  ყოველგვარი პირფერობისა და ეტიკეტის გარეშე ვაღიაროთ, რომ დასავლეთმა  ყველაფერი გააკეთა და იკადრა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება  არჩევნების გზით შეეცვალა, მაგრამ, როცა ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა, უზარმაზარი თანხები „ჩაასხა“ „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოსაწყობად. მეტიც, გერმანიის საელჩომ პირდაპირ დააანონსა, მშვიდობიანი რევოლუციებიც ხდებაო, მერე კი თავი იმართლა, ბერლინის კედლის დანგრევა ვიგულისხმეთ, ოცდამეთხუთმეტე წლისთავი იყოო.  ახლა კიდევ ჩეხეთის საელჩომ ბანერი გამოგვიფინა, ჩვენთან თავის დროზე მშვიდობიანი რევოლუცია მოხდაო… 

ბოლო ორ კვირაში აქციების მუხტიც და ხალხის რაოდენობაც ძალიან შემცირდა. როგორც გვეუბნებიან, ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლეთმა თანხებს „მოუჭირა“ და ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა მიხვდა, რომ ფული არასწორი მიმართულებით მიდიოდა. მაგალითად, უკვე მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცეული „ახალის“ შეფმა ნიკა გვარამიამ ლამის ხელი გაიშვირა, კარვების შესაძენი ფული გვჭირდებაო. ამ დროს სწორედ კარვებისთვის დიდი თანხა იყო გადმორიცხული, თანაც 200 კარვის (საუბარია დიდ კარვებზე, თითოს ღირებულება 1500 ლარია). მერე ორი ფანჩატური დადგეს და ეგ იყო (500-ლარიანები). ჰო, 50-ლარიანი კარვებიც ჩაამწკრივეს, აქაოდა ვიყიდეთო, მაგრამ პირველად დასავლეთმა ფული სწორედ კარვების გამო მოიკითხა. მერე იყო საკვები, რომელიც ასევე ულევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქციის მონაწილეები ხმელა პურზე გადაატარეს და აღარსად ჩანდა ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანები. დასავლელმა პარტნიორებმა ყოველ დახარჯულ თეთრზე ანგარიში მოითხოვეს და ახლა…  მთავარი ხიბლი ხომ ის არის, რომ აქციებზე დიდძალი ფული უნდა გაკეთდეს და არა ის, რომ ვიღაც თავგზაარეულმა ცხელი შოკოლადი დალიოს და ზედ რამე მიაყოლოს, ამიტომ უფულოდ და უსაკვებოდ დარჩენილმა აქტივმა სიცივეში ყოფნას  სახლში დარჩენა ამჯობინა; ამიტომ თქვა სინანულით „პოეტმა“ კოტე ყუბანეიშვილმა, – რომელი გზის გადაკეტვაზეა საუბარი, „უნივერსიტეტის ბაღში ვარ და ეს ვერ შეგვივსია და ეს ბაღი ვერ გადაგვიკეტავს“-ო.  ისე,  სიხარულით რომ გვეუბნებიან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის გადადგომას სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც ითხოვენო, ხომ არ იცით, მათ ვინ ჰკითხავს? სხვა სასწავლებლების სტუდენტებო, როცა არ  „გეკითხებიან“, რატომ ხტებით შარვლებიდან?!

ისევ ევროპასა და ამერიკას დავურბუნდეთ. განსაკუთრებით ოკეანის გაღმელები აქტიურობენ, იმის მიუხედავად, რომ მართლა ორი პარასკევი დარჩა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, თუმცა ისე ჩანს, აღებული ფულის გამომუშავება უნდათ და ის, რომ მათ ქართული ოპოზიცია ამ განცხადებებისთვის ფულს უხდის, არაერთხელ დადასტურებულა. პირდაპირ ვთქვათ: მოქმედ ხელისუფლებას შეურაცხყოფენ  როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსები, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ეს მაშინ, როცა შესანიშნავად  იციან, რომ ქართველმა ხალხმა ის არჩევანი არ გააკეთა, რომელიც სურდა. ჰო, ეს იყო რეფერენდუმი (სხვათა შორის, ამ სიტყვას აღარც ოპოზიცია ახსენებს და აღარც დასავლეთი) და ამ რეფერენდუმზე ხალხმა თავისი პოზიცია გამოხატა, ოპოზიცია არც იმის გამო გაწითლებულა, რომ ოფიციალურად ( წერილობით) მოითხოვა დასავლეთისგან: საქართველო დასაჯეთ,  სანქციები დაუწესეთო..

თავის მხრივ, მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, თავი დაიცვას, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღებას ჯერჯერობით არავინ აქცევს. დასავლეთს აუცილებლად მოუწევს  ამ არჩევნებისა და ამ პარლამენტის აღიარება, მერე ჩამოვლენ ან ჩვენები ჩავლენ ევროპა-ამერიკაში, შეხვდებიან იმ ევროპარლამენტარებს თუ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებიც ახლა  შეურაცხგვყოფენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ხელსაც ჩამოართმევენ, სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელებენ, გეგმებსაც დააწყობენ და არავინ გაიხსენებს იმას, რაც დღეს ხდება; არ შეახსენებენ, რომ ისინი ამ ადამიანებს მატყუარებს ეძახდნენ, სამშობლოს მოღალატეებს უწოდებდნენ, ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებდნენ. სწორედ ეს არის ყველაზე ცუდი და ამიტომ, ჩვენი აზრით, ყველა ევროპარლამენტარის, ყველა ელჩის განცხადება უნდა მოინიშნოს ხელისუფლებამ და მერე ცხვირში ძმრად ამოადინოს. მერე, როცა აქ ჩამოვლენ, პირდაპირ ეთერში ბოდიშის მოხდა მოსთხოვონ და მოსთხოვონ არა მხოლოდ თავიანთი თავის, არამედ საქართველოს გამოც. სწორედ პირდაპირ ეთერში უნდა აიძულონ ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის ქვეყანაა, რომ დამონების მცდელობა არ გამოვიდა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“. სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა, აღარ გამოვა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ყველამ, რომ  თითოეულ სიტყვაზე პასუხი მოეთხოვება და შემდეგი არჩევნებისთვის უფრო კორექტული იყვნენ, პატივი სცენ მოსახლეობის არჩევანს და ყველაფერი ისე არ წარმოაჩინონ, როგორც თვითონ სურთ.

ეჭვი გვაქვს, ამ თემაზე ხელისუფლებიდან არავინ მუშაობს და ისინი ისევე გადაყლაპავენ ყველა შეურაცხყოფას, როგორც აქამდე გადაუყლაპავთ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მივეჩვიეთ, ვისწავლეთ, მაგრამ უადგილო განცხადებებზე პასუხის კატეგორიული მოთხოვნა – ვერა.  ვერ გაბედა ხელისუფლებამ და ვერ დაიბარა ვერც ერთი იმ ევროპული ქვეყნის ელჩი, რომლის წარმომადგენელიც ბრიუსელიდან თითს გვიქნევდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ თურმე მოქმედი ხელისუფლება ხმების ქურდებით არის დაკომპლექტებული, რომ თურმე ქართველი ერი 20 ლარზე გაიყიდა, რომ ეს არ იყო ის არჩევანი, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავდა. დასავლეთი თავისი განცხადებების სიცრუეში უკვე დარწმუნდა, კარგად დაინახა, რომ არსად  ჩანს იმ ადამიანთა არმია, რომელსაც ოპოზიცია ჰპირდებოდა. დასავლელები  ხედავენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, სახლში ზის და პროტესტს, რომელმაც მარაზმის სახე მიიღო, არ უერთდება. მათ დაინახეს, რომ, დიდი აქცია კი არა, გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი ვერ გროვდება და, ფონი რომ შეიქმნას, გზებზე ნაგვის ურნებსა და სილით გავსებულ ტომრებს ყრიან. ისე, როცა მელიქიშვილზე სილით სავსე ტომრები მიიტანეს, ვიღაცებმა იყვირეს: „უკრაინული მაიდანიც“ ასე იწყებოდაო, ტაშიც შემოჰკრეს  და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, საით სურთ, წაგვიყვანონ. სწორედ ამ აქციებზე გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ პირსისხლიანი ლიდერები არსად გამქრალან – როცა ერთ-ერთ აქციაზე კუდ-ის ყოფილი შეფი რუსლან შამახია მივიდა, და ის აქციის მონაწილემ იცნო, გააპროტესტა, ნაცების მხარდამჭერები დაესივნენ და ცემეს. ჰო, ზონდერი ძალოვნის აქციიდან წასვლის მოთხოვნა არ აპატიეს და ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი  ხელისუფლების სათავეში რომ  დაბრუნებულიყვნენ, რა მოხდებოდა?!

დღევანდელი რეალობა ასეთია – პარლამენტში შესვლა უკვე ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს, მაგრამ  ჯერჯერობით მიზეზს ვერ პოულობენ,  ქუჩაში გამოყვანილი რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე თავი იმართლონ, აუხსნან, რომ სხვაგვარად არ გამოვიდა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უთხრეს, „შეეთრიეთო“, მაგრამ ეს მიზეზიც გამოჩნდება, შევლენ კიდეც და…  მთავარია, ხელისუფლებამ არც მათ და არც დასავლელ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფა არ გაუტარონ და თითოეულ სიტყვაზე უმკაცრესი პასუხი მოსთხოვონ.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here