ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრს, ნაციონალ დავით კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა:
– რეგლამენტით დაწესებული დრო ამოიწურა.
– რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა, – უპასუხა კირთაძემ და შეურაცხყოფაზე გადავიდა, – შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა, შენი რეალური სახე ეს არის…
ამ სიტყვებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარეს სახეში შავი საღებავი შეასხა.
ქართველი საზოგადოება ამგვარ საქციელზე ხშირად იჩენს ყოვლად გაუმართლებელ მიმტევებლობას: აღელდა, ნერვებმა უმტყუნა, ვერ მოითმინა, წონასწორობა დაკარგა და ა.შ. ამა თუ იმ შეცდომისა თუ დანაშაულის გამამართლებელ თუ შემარბილებელ ამგვარ ”არგუმენტებს” ჯერ კიდევ მოისმენთ ხალხში. შეცდომასაც (თუ დანაშაულსაც) გააჩნია, რა თქმა უნდა. ყოვლის მიტევებას ზედმეტად ტოლერანტული ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერებაც კი არ მოითხოვს. ის, რაც ცესკოს სხდომაზე მოხდა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულია, დებოშია, უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობის ჩაშლაა, ადამიანისთვის შეურაცხყოფისა და ფიზიკური ზიანის მიყენებაა. ამ საქციელის ვერც გამართლება მოხერხდება და ვერც ის მამაპაპური მიტევება : ”ნერვებმა უმტყუნა”.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ არა მიტევების, არამედ გამართლების ისეთი უნამუსო მცდელობები, ნამდვილი მკრეხელობა რომ არის და, არა მხოლოდ მთქმელს, მსმენელსაც კი სირცხვილის ალმურად ედება სახეზე. აი, ასეთი იყო გიორგი ვაშაძის კომენტარი: „მინდა, მადლობა ვუთხრა დავით კირთაძეს. მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა სათქმელი, რომ ეს არჩევნები დაწერილი შედეგების არჩევნებია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ყველამ, აქ ვინც არის, ამ საქციელს ტაში დაუკრა. კალანდარიშვილის და მის გვერდზე მჯდომებმა იცოდნენ, რომ არიან ამ ქვეყნის სირცხვილი და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს!“
გიორგი ვაშაძეს არც თინათინ ბოკუჩავა ჩამორჩა: ”საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის, პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს, ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის”.
ამ ინციდენტზე ამავე სტილში გააკეთეს განცხადებები დასავლეთის ”მეხუთე კოლონის” სხვა წარმომადგენლებმაც.
თეონა აქუბარდია: “ეს ინციდენტი არის პროტესტის კიდევ ერთი გამოხატულება, მიუხედავად იმისა, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა. შავი მელანი თუ ყავა, არ ვიცი, რა სითხე იყო, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გაუკეთა ივანიშვილის რეჟიმმა კალანდარიშვილიანად, რადგან ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევანი”.
ანა დოლიძე: ”ეს ქმედება გამოუხატავი, დაგროვილი რისხვის შედეგი იყო. გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჩადენილი ქმედება არის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში, როგორ ჩატარდა პროცესები საოლქოებში. არ გვქონდა არავითარი საშუალება, რაიმე პროცესში მონაწილეობა მიგვეღო ან უბანზე, ან საოლქოში. ეს სიტუაცია იყო ყველა ოლქში. შესაბამისად, როდესაც არ მისცემ ადამიანს საშუალებას, გამოხატოს თავისი გულისწყრომა ქვედა ეტაპზე, ბუნებრივია, რომ ის რისხვა გროვდება”.
ეს ის ვითარებაა, რომელიც ქართულ ანდაზაშია გამოთქმული: ”ბოდიში – შეცოდებაზე უარესი!” ერთია დანაშულის ჩადენა, მეორე კი – საკუთარ დანაშაულთან დამოკიდებულება, დანაშაულის ჩადენით მოგვრილი კმაყოფილება თუ მისი ჩადენის გამო სინანული და ბოდიშის მოხდის შინაგანი მოთხოვნა. დანაშაულის ჩადენის შემდგომი შინაგანი მდგომარეობა უფრო შიფრავს და ამჟღავნებს სუბიექტს, ვიდრე თვით დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე. მონანიება დანაშაულს ვერ აბათილებს, მაგრამ დამნაშავე სუბიექტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში იმ ერთგვარ შემარბილებელ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ”აღელდა”, ”ნერვებმა უმტყუნა”, ”თავი ვერ მოთოკა” განმარტებების დონეზე ჩნდება და, ალბათ, არც მთლად უსაფუძვლოდ. მონანიებულ და მოუნანიებელ დანაშაულთა შორის კოლოსალური განსხვავებაა, როგორც რუსთაველი იტყოდა, „ შუა უზის დიდი მზღვარი”.
შეფასებები, რომლებიც დასავლეთის ”მეხუთე კოლონის” ერთი წარმომადგენლის ქმედებას მოჰყვა დანარჩენი წარმომადგენლების მხრიდან, საგანგაშოა. სრული კატეგორიულობით შეიძლება ითქვას, რომ ჩადენილ დანაშაულზე მძიმე ეს შეფასებებია. ეს არის მათი დახასიათება, მათი რენტგენი, მათი არსის წაკითხვა. მათ სინანულის განცდა ისე ატროფირებული აქვთ, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური მონანიებაც კი არ შეუძლიათ – მოჩვენებითი, ფარისევლური მონანიება. ეს შეუვალობა და უკან დაუხევლობა პრინციპულობის გამოვლენა კი არ არის, რეგვნული ჯიუტობისა და საკუთარი ბოროტებით ტკბობის ჭეშმარიტად სატანური ნიშანია. დააკვირდით, გიორგი ვაშაძის შეფასებას კი არა, მოწოდებას: ”საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს!“ ჯერ ამ ნათქვამს დააკვირდით, შემდეგ კი მის სახეს, როდესაც იგი ამ სიტყვებს წარმოთქვამს. ეს ის სახეა, ის გამომეტყველებაა, როგორი სახითაც და გამომეტყველებითაც გერმანელი ფაშისტები წარმოთქვამდნენ მათთვის საკრალურ სიტყვებს: ”ყველა ებრაელი უნდა განადგურდეს!” აქ არ გამოდგება ქართული ტოლერანტობა – ”აღელდა”, ”ნერვებმა უმტყუნა”. ფაშისტები არ აღელვებულან, მათმა ბაგეებმა აუღელვებლად, მშვიდად და შინაგან განწყობილებებთან სრული შესაბამისობით გადმოანთხიეს ყველა დროის ყველაზე დიდი ბოროტება:
”ყველა ებრაელი უნდა განადგურდეს!”
”ყველა ბოშა უნდა განადგურდეს!”
”ყველა სლავი უნდა განადგურდეს!”
სინამდვილეში, ამ მასშტაბისაა ბოროტება, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩატარებულ ქართულ არჩევნებს, საბოლოო ჯამში კი ქართველ ხალხს ნიშნად სიძულვილისა და შეურაცხყოფისა სახეში საღებავი შეასხა. ამას არ შეესაბამება 118-ე მუხლი (”ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანება”), რომლითაც საქმე აღიძრა. თავად განსაჯეთ. აი, რა განცხადება გააკეთა ნაციონალმა კირთაძემ მას შემდეგ, რაც მან ცესკოს თავმჯდომარეს სახეში საღებავი შეასხა: ”კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა. დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა”. აი, როგორია ფორმა სატანური მონანიებისა და ბოდიშისა. აქ საქმე გაცილებით უფრო რთულ ვითარებასთან გვაქვს, ვიდრე ”ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებაა”. სამწუხაროდ, ისეთი განცდა და წინათგრძნობა მეუფლება, რომ ეს სატანური ძალა, არათუ იმ მუხლით, რომელსაც იმსახურებს, იმ 118-ე მუხლითაც (”ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანება”) არ დაისჯება, რადგან მის უკან ის დასავლური სატანა დგას, რომელიც ჯერ კიდევ არ დამარცხებულა, ჯერ კიდევ ბორგავს, ჯერ კიდევ ანთხევს ბოროტებას და ჯერ კიდევ არ კარგავს გავლენას მსოფლიოზე. ის, რაც ნაციონალმა კირთაძემ ჩაიდინა, ”ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანება” კი არა, დაუსჯელი ბოროტების სინდრომია, რომელიც წამლავს საზოგადოებრივ ცნობიერებას, ანგრევს საზოგადოებრივ ყოფიერებას და ქვეყანას საერთო უმძიმესი შედეგისკენ მიაქანებს. ასე გაგრძელდება, სანამ ჯერ კიდევ დაუსჯელი ეს ბოროტება ცხელი შანთით არ ამოიწვება და არ ამოიძირკვება.
ვალერი კვარაცხელია
P. S. დასავლურმა ბოროტებამ მძლავრად მოიქნია კუდი: აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინელ სამხედროებს მოუხსნა აკრძალვა შორი მანძილის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიების დაბომბვაზე. ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას უმალ შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია!
რუსეთის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს ნათქვამი აქვს: ”დასავლეთში რატომღც ჰგონიათ, რომ რუსეთი არასოდეს არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ჩვენ გვაქვს ბირთვული დოქტრინა, სადაც წერია, რომ ვიღაცის ქმედება თუ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. აქ მსუბუქი და ზედაპირული მიდგომა დაუშვებელია, მხოლოდ პროფესიული მიდგომაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს სწორედ ასე მიუდგებიან”. პუტინმა კი გამოთქვა იმედი, მაგრამ დასავლეთის ამორალურ და უპასუხისმგებლო ლიდერებს ესმით? ისინი კვლავაც მაზოხისტური სიამოვნებით მიაქანებენ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფისკენ, რადგან პლანეტაზე გავლენის ვადა ეწურებათ და აგონიაში არიან. ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესახებ უკრაინის გამარჯვების გეგმის შემადგენელი ნაწილი უწოდა. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარება და აქ სიტუაციის დაძაბვა ამ ბინძური გეგმის შემადგენელი ნაწილია. თბილისში უკვე გაიშალა პირველი კარვები. უნივერსიტეტის ეზოში მიაშარდეს მოღვაწეთა ძეგლებსა და სახელებს. ქართულ სხეულზე დასავლური მატლი ფუთფუთებს…
ვ. კ.