თუ ავგიას თავლას დროზე არ გაწმენდთ, არაფერი გამოვა!

    16 წელია, კირთაძე და მისი ცოლი ცესკოში არიან და ბედნიერად იღებენ ყოველწლიურად ათიათასობით ლარს. უფრო კონკრეტულად კი, კირთაძის წლიური შემოსავალი 114 ათას ლარს აჭარბებს, მისი მეუღლის - 73 ათასს და, წელიწადში 200 ათასს რომ უხდით, საღებავს შეგასხამენ კი არა, სახეში რომ არ გაფურთხებენ ყოველდღიურად, არ გიკვირთ?

    საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამ ოქმის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 89 დეპუტატი ეყოლება, მეორე ადგილზე გასულ „ახალს“ – 19, მესამეადგილოსან „ნაციონალურ მოძრაობას“ 16 მანდატი ერგო, 14  წარმომადგენელი ეყოლება „ლელოს“, ხოლო გახარიას გუნდს – 12! შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება ხმაურის ფონზე წარიმართა და ცესკოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეში, სავარაუდოდ, წყალში გახსნილი  საღებავი შეასხა. კალანდარიშვილმა სხდომა თვალაახვეულმა განაგრძო, პარალელურად, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო და საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით აღძრა. სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი მორალურ ზიანსა და ღირსების შელახვაზე.

    ახლა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთა გასაგონად ვიტყვით: იცით, რატომ გაბედა ეს კირთაძემ? იმიტომ, რომ კოჰაბიტაციას გადააყოლეთ ბევრი რამ და „მამალი ნაციონალის“, დავით კირთაძის მეუღლე სოფიო სიჭინავა დღემდე იმ თანამდებობაზეა, რომელზეც ნაცებმა დანიშნეს – ის ცესკოს კადრების დეპარტამენტის უფროსია. ჰო, კადრებს ცესკოში კირთაძის მეუღლე გირჩევთ და მერე ნუ გიკვირთ, რომ კირთაძე ამდენს ბედავს და უნიათოდ გთვლით;  დარწმუნებულია, ვერ შეეხებით და მეტიც, თავის გარემოცვაში ამბობს: ფეხებსაც ვერ მომჭამენო.

     16 წელია, კირთაძე და მისი ცოლი ცესკოში არიან და ბედნიერად იღებენ ყოველწლიურად ათიათასობით ლარს. უფრო კონკრეტულად კი, კირთაძის წლიური შემოსავალი 114 ათას ლარს აჭარბებს, მისი მეუღლის – 73 ათასს და, წელიწადში 200 ათასს რომ უხდით, საღებავს შეგასხამენ კი არა, სახეში რომ არ გაფურთხებენ ყოველდღიურად, არ გიკვირთ? ამასაც მალე იზამენ და, თუ დროზე არ გაწმენდთ ავგიას თავლას, არაფერი გამოვა.

    სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არ აღძრა გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ. ვაშაძემ ხალხს მოუწოდა:  ყველას გქონდეთ   მელანი და, იმ ადამიაანებს როცა შეხვდებით, რომლებმაც, თქვენი აზრით, არჩევნები გააყალბეს, სახეში შეასხითო. ანუ, თუ კირთაძის ქმედება დანაშაულია, ამ დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება არ უნდა დაისაჯოს? წაქეზება სსკ-ში წერია და როდემდე უნდა იყოს ისე, რომ კანონი ყველასთვის კანონი კია, მაგრამ ოპოზიციის წევრებს და განსაკუთრებით მათ ლიდერებს, ყველაფერი ეპატიებათ?

    ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. ოპოზიციამ გადაწყვიტა, აქცია კალანდარიშვილის სახლთან  გაეგრძელებინა და მოწოდებაც გაკეთდა სოციალურ ქსელში, თან 10-10 კვერცხი წამოიღეთ და ესროლეთ, კედლები დაისვრება და აყროლდებაო. ერთი ეგ ვერ მოიფიქრეს ოპოზიციის ლიდერებმა, რომ შატბერაშვილის ქუჩაზე სხვებიც ცხოვრობენ და თან, როგორც პრაქტიკულად სრულიად  საქართველოში, შატბერაშვილზე მცხოვრებნიც არ არიან კმაყოფილი ოპოზიციის ქმედებებით, ამიტომაც იყო, დაუპატიჟებელ სტუმრებს რომ გამოუვარდნენ და ცხვირ-პირი დაუნაყეს. მანამდე 10 კაცი რომ კეტავდა სანაპიროს, მაშინ გაილახნენ, უფრო მანამდე – ისევ 10 კაცს წერეთელზე სცემეს და ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ მოსახლეობა თავად დაუწყებს დევნასა და ცემას იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ,  მოქალაქეები გამოიყვანონ მწყობრიდან, დისკომფორტი შეუქმნან. ამას წინათ წერეთლის გამზირზე რესტორანში შევარდნენ აქციის მონაწილეები, იქ მყოფებს სუფრის არევა დაუპირეს, აქაოდა, რა გექეიფებათო. ჰოდა, კარი შიგნიდან ჩაკეტეს რესტორანში მყოფებმა და ის თავხედები გვარიანად დაჟეჟეს. ეს არის ლოგიკური, ეს არის ის, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მმართველ გუნდს მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და, ვიღაც რომ გამოდის და ბოლო ხმაზე ყვირის, ჩემი ხმა და ჩემი უფლებაო, იმ მილიონზე მეტს არც ხმა აქვს და არც უფლება?!

    ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერს დასავლეთი ტაშს უკრავს და აგულიანებს. ხომ წარმოგიდგენიათ, კალანდარიშვილს, რომელიც ძალიან შეაწუხეს, ნერვები რომ ვერ მოეთოკა და საღებავი კი არა, უბრალოდ, წყალი შეესხა კირთაძესთვის, რა მოხდებოდა? ოპოზიცია და არასამთავრობოები მის დაკავებას მოითხოვდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ თურმე კირთაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და თურმე 5 ივლისს ჟურნალისტები რომ გალახეს, ის ხალხი ამნისტიით გარეთ გამოუშვესო. ჯერ ერთი, ცნება ჟურნალისტი ძალიან სადავო და სათუო გახდა, როცა საქმე ოპოზიციური არხის თანამშრომლებს (და არა ჟურნალისტებს) ეხება, რადგან ისინი ჩვეულებრივ პარტიულ აქტივისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ ჟურნალისტებს ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა, ვიღაცის გამლახავი კი არა, სანდრო გირგვლიანის  მწამებლები, მკვლელები შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა. თანაც ისინი სასჯელს რომ იხდიდნენ, კარი ღია ჰქონდათ, გამოდიოდნენ, ოჯახში მიდიოდნენ, ჰქონდათ ნებისმიერი სასმელი და საჭმელი, მათ შორის ალკოჰოლიც და, როცა მოიწყენდნენ, არც მეძავთა ესკორტის შეყვანა იყო პრობლემა; იმ მეძავების, რომლებსაც გივი თარგამაძე „კრიშავდა“…

    ვერ გეტყვით, როდისთვის აპირებს ხელისუფლება კანონის ამოქმედებას ოპოზიციის წევრებისთვის. წინასაარჩევნო დაპირება, „ნაციონალურ მოძრაობას“ გავაუქმებთო, უკვე აღარ თუ ვეღარ გამოვა, რადგან ამისათვის პარლამენტის წევრთა 2/3-ია საჭირო, ანუ 100 დეპუტატი. ამის ფუფუნება „ოცნებას“ არ აქვს და ღმერთმა არ ქნას, ამომრჩეველს დააბრალონ: თქვენ არ მოგვეცით საკონსტიტუციო უმრავლესობაო. გაათავისუფლეთ სამსახურებიდან ნაციონალების მიერ ჩანერგილი ხალხი, დასაჯეთ კანონის მიხედვით აბსოლუტურად ყველა, ვინც კანონს დაარღვევს,  და თავისით გაუქმდებიან. ზურაბ ადეიშვილის გვერდით  8 წლის განმავლობაში მომუშავე ვლადიმერ ხუჭუა რომ გყავთ მოსამართლედ, რატომ გაგიკვირდათ, ამ კაცმა ის გადაწყვეტილება რომ მიიღო, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე ასხამდა წყალს?

    ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს  კრიმინალის ჩადენისკენ მოუწოდებენ. ისინი გარანტიასაც აძლევენ მათ, რომ ამის გამო არავინ დასჯით და, თუ დასჯით, ჯერჯერობით ადგილზეა პრეზიდენტი, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ აქტივისტები, რომ პრეზიდენტი მათ შეწყალებას ფიზიკურად ვეღარ მოასწრებს – წინასწარი ორთვიანი პატიმრობისას  შეწყალება ვერ მოხერხდება და პოსტზე ყოფნა  2 თვეზე მეტხანს  არ დარჩენია სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ოპოზიციის არც ერთი ქმედება არ დაუგმია და კომენტარის გაკეთებაც კი არ ჩაუთვლია საჭიროდ კირთაძის უმსგავსო საქციელის გამო. ისე, შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდა და საინტერესოა, კირთაძე ცესკოში, ანუ სამსახურში რომ მივა, როგორ  უნდა შეხედოს კალანდარიშვილს და, რაც მთავარია, ცესკოს თავმჯდომარემ ნერვები რომ ვერ მოთოკოს და, მაგალითად, წყალი შეასხას, კალამი ესროლოს კირთაძეს, რა მოხდება? ხომ ატეხავენ „დასავლელი მეგობრები“ ხმაურს და ხომ იტყვიან: სამართალდამცველებმა კალანდარიშვილი სასწრაფოდ დასაჯონო? ახლა?! ახლა სად არიან ისინი და რატომ არ ამბობენ, რომ ასეთი რამ  არ შეიძლება, რომ კირთაძე, სხვები რომ არ წახალისდნენ, აუცილებლად უნდა დაისაჯოს? ისე, საინტერესოა, რას ითვალისწინებს 118-ე მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო. აქვე ვიტყვით, რომ შსს-ს  დაკონკრეტებული არ აქვს, მუხლის  რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება. არადა, ეს ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაშ ასე, სსკ-ის 188-ე მუხლის განმარტება:

    1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

    2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

    3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც  გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

    რეალურად, კირთაძეს ამ ქმედების გამო ბევრი არაფერი ემუქრება, მაგრამ, თუ სასამართლო გაიმართება და თუნდაც გამასწორებელ სამუშაოს მიუსჯიან, მას სსკ-ით გასამართლებული დაერქმევა, პირად საქმეში ნასამართლეობა ჩაეწერება, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ სამსახურიდან კინწისკვრით გააგდონ. ეს მაინც გააკეთეთ, ეს!

    P.S. დღეს ოპოზიციაში ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველო-უკრაინის მატჩში უკრაინელებს გულშემატკივრობდნენ; ის ხალხია, ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის წარმატება რომ არ გაუხარდა, რადგან მან უკრაინელებს აჯობა. მოღალატეები არიან, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოღალატეები!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here