Home ახალი ამბები საქართველო ტრამპი და მსოფლიო

ტრამპი და მსოფლიო

ახლა ყველა ტრამპზე ლაპარაკობს, ახლა ყველგან ტრამპი ელანდებათ, ახლა ყველაფერს ტრამპს უკავშირებენ. მსოფლიო პოლიტიკა ტრამპის ირგვლივ ტრიალებს, საინფორმაციო საშუალებები უპირატესობას ერთადერთ თემას ანიჭებენ – ტრამპის მეორედ მოსვლას.

დღეს გადავწყვიტე, სტატიის ნაცვლად მსოფლიო პრესიდან ცალკეული ამონარიდები შემოგთავაზოთ, რომლებიც საინტერესო მეჩვენა.

აშშ

Bloomberg:

”ამერიკა იმსახურებს დონალდ ტრამპს, მსოფლიო – არა. აშშ-ის მოკავშირეებს ვერ გაუგიათ, რა ელოდებათ, მაგრამ გული უარესს უგრძნობთ”.

Associated Press:

”საპრეზიდენტო არჩევნები ის მომენტია, როდესაც ერს საკუთარ სახესთან სარკე მიაქვს, რათა შიგ ჩაიხედოს. სამშაბათს ამერიკამ ამ სარკეში ჩაიხედა და ამომრჩეველთა უმრავლესობამ  იქ ტრამპი დაინახა”.

The New York Times: 

”ტრამპის ტრიუმფალური დაბრუნება იმის ნიშანია, რომ ქვეყანა შეიცვალა. აზრი იმის შესახებ, რომ იგი ანომალია იყო, რომელიც ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა, უარყოფილ იქნა”. 

The Washington Post:

”იმედები სამშაბათ საღამოს დაიმსხვრა, როდესაც კამალა ჰარისმა გამანადგურებელი კრახი განიცადა. ეს ამერიკელი ხალხის უმკაცრესი ვერდიქტი იყო”.

The Wall Street Journal: 

”ამერიკელებმა მსოფლიოს ამცნეს, რომ დემოკრატიული პარტია იდეოლოგიურ ჭაობში ჩაეფლო, ამომრჩეველთა უმრავლესობამ კი არ მოისურვა,  მათთან ერთად აღმოჩენილიყო”.

    ჩინეთი

CGTN:

”მიუხედვად იმისა,  ვინ იქნება ოვალურ კაბინეტში, ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. იგი ზეგავლენას ახდენს არამხოლოდ ამ ორი ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც, ამიტომ თანამშრომლობა, ვარიანტი კი არა, იმპერატივია”.

China Daily: 

”ახლა, როდესაც აშშ-ში არჩევნები დასრულდა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის (ჩინეთი და აშშ – ვ.კ.) თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც არამხოლოდ ორი ხალხის ინტერესებშია, არამედ გარკვეულობისა და სტაბილურობის მომტანია უპრეცედენტო ქაოსში ჩაძირული მსოფლიოსთვის”.

           ევროკავშირი

Politico: 

”ტრამპის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპა ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ალბათ, მაქსიმალურად გაზრდიან ხარჯებს თავდაცვის სფეროში. ტრამპის გამარჯვება ასევე მოასწავებს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების დასასრულს”.

Euractiv:

”ევროპელი ლიდერები დაფნის გვირგვინით ამკობენ ტრამპს. რეაქცია ვარირებს მაამებლურიდან კეთილგანწყობილამდე”.

                დიდი ბრიტანეთი

Financial Times: 

”უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს ისეთი სახის მიღება, თითქოს ყველაფერი რიგზე იყოს, მაგრამ ამ გამომეტყველების მიღმა ჩანს ნერვიულობა იმაზე, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის დახმარება კიევისთვის მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას”.

The Daily Telegraph: 

”რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა პრემიერმინისტრს (იგულისხმება დიდი ბრიტანეთის – ვ. კ.), ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც მასზე კბილებს ილესავს. არადა, ზუსტად ეს მოხდა”.

             საფრანგეთი

Le Monde: 

”ტრამპის გამარჯვებამ უკრაინა გაურკვევლობაში გადაჩეხა. ჰარისის გამარჯვება თუ კიევისთვის დახმარების პოლიტიკის მემკვიდრეობითობის გარანტიას იძლეოდა, ტრამპის გამარჯვება განხეთქილების მაუწყებელია”.

Les Echos:

”აშშ-ში არჩევნების შემდეგ უკრაინაში გაურკვევლობამ და განგაშმა დაისადგურა. ეს გასაგებიცაა, დონალდ ტრამპი არც მალავს პუტინით აღტაცებას და მკვეთრად უპირისპირდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას”.

L’Opinion:

”ტრამპის დაბრუნება გამოიწვევს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გადახედვას. თეთრი სახლის ყოფილი უფროსი დაუბრუნდება ირანზე მაქსიმალური ზეწოლისა და აზიის მიმართულებით კონცენტრირების სტრატეგიას. სავარაუდოდ, იგი შეცვლის უკრაინასთან დამოკიდებულებას და დაიწყებს ნატოში აშშ-ის წევრობის საკითხის გადახედვასაც”. 

BFMTV:

”თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნებასთან ერთად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება”. 

France Info: 

”უკრაინაში ეშინიათ რუსეთისთვის დიდი დათმობების. დონალდ ტრამპის გამარჯვებას, შესაძლებელია, უკრაინისთვის დრამატული შედეგები მოჰყვეს”.

იაპონია

Nikkei:

”ტრამპის მეორე ვადით არჩევას აზიაში ეკონომიკური რყევები მოჰყვება, რადგან საქმიანი საზოგადოება ამერიკული ტარიფების საგრძნობ აწევას გეგმავს”.

Yomiuri:

”არსებობს უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხში G7-ის ერთიანობის დარღვევის საშიშროება”.

      ინდოეთი

Hindu: 

”ნიუ-დელიზე ზეწოლა რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნით, ალბათ, შესუსტდება პუტინთან ურთიერთობაში  ტრამპის დაინტერესების გათვალისწინებით”.

India Today: 

”ტრამპის დაბრუნება იქნებ  რუსეთის წინააღმდეგ უფრო რბილ სანქციებზე გადასვლას ნიშნავდეს. მეტიც, შესაძლებელია, უკრაინის საკითხზე    რუსეთთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე გადასვლაც კი. რუსეთისთვის ეს უდიდესი გამარჯვებაა”.

      ბრაზილია

Universo Online: 

”აშშ-მა ჯოჯოხეთი აირჩია და შეეცდება, მსოფლიო აიძულოს,  ეშმაკთან თანაცხოვრებას დათანხმდეს. უკანასკნელი პრივილეგია, რომელიც  დემოკრატიამ საკუთარ მოქალაქეებს შეიძლება შესთავაზოს, ეს ჯოჯოხეთისკენ  საკუთარი გზით სიარულია”.

Folha de S.Paulo:

”პოზიცია, რომელსაც ტრამპი დღემდე იკავებს, ყველაზე მეტად ვლადიმერ პუტინის ინტერესებს შეესაბამება. ახლო აღმოსავლეთში ისრაელი მიიღებს გაცილებით გამოკვეთილ მოკავშირეს, ვიდრე ბაიდენი იყო. ირანთან პირდაპირი კონფრონტაციის რისკი იზრდება”.

     ირანი

Tehran Times: 

”დემოკრატების პროისრაელური პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავარდა. მათ დამამცირებელი მარცხი განიცადეს ღაზის სექტორში ისრაელის უსასტიკესი ომისთვის მხარდაჭერის გამო”.

Tasnim: 

”ამერიკელმა ხალხმა ტრამპს  პროტესტის გამო მისცა ხმა. მან, ფაქტობრივად, სახალხო რისხვაში გაიმარჯვა. ტრამპი და მისი მხარდამჭერები სისტემით უკმაყოფილების სიმბოლოს წარმოადგენენ”.

       შვეიცარია

Blick: 

”აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინისთვის იმიტომ ექნება მნიშვნელობა, რომ  ტრამპს სურს დახმარების შეკვეცა. ევროპელები ვერ შეძლებენ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების დაკარგვის კომპენსირებას.

        უნგრეთი

Magyar Nemzet:

”ჩვენ ველოდებით, რომ ტრამპი ორივე დედაქალაქში (მოსკოვი და კიევი – ვ.კ.)შეეცდება სამხედრო კონფლიქტის შეჩერებას. ჩვენ ველოდებით, რომ იგი შეასრულებს დაპირებას. ჩვენ, აგრეთვე, ველოდებით უნგრულ-ამერიკული მეგობრული ურთიერთობების აღორძინებას”.

       სერბეთი

N1: 

”ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებში განაცხადა, რომ იგი მიაღწევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს პუტინსა და ზელენსკის შორის, მაგრამ საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებათ ამ შეთავაზებაზე თვითონ მათ”.

RTS: 

 ”აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შანსი გაჩნდა. კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ტრამპთან ეს გაცილებით ადვილი იქნება, რაც მთავარია, ევროპელი პარტნიორების გარეშე. ანალოგიური ვითარება იქმნება ახლო აღმოსავლეთშიც. ტრამპის გამარჯვებამ გააჩინა მსოფლიო მშვიდობის ერთგვარი იმედები და მოლოდინი”.

             ჩეხეთი

Novinky: 

 ”ევროპას გაურკვევლობის წლები ელოდება. ტრამპს ჩამოუყალიბდა არც თუ მცდარი თვალსაზრისი, რომ ევროპელების აზრით მძიმე პერიოდებში დასახმარებლად ძია სემი მოდის.

              პოლონეთი

Gazeta Wyborcza:

 ”ევროპა კვლავ დრეიფის მდგომარეობაშია, იგი კვლავ არაპროგნოზირებადი ამერიკის ჩრდილქვეშ იმყოფება. ევროპული ქვეყნების ლიდერები ტრამპს მისალოცებს უგზავნიან კარგი თანამშრომლობის იმედით. ეს ერთობ მყიფე იმედია. აშშ-ის საგარეო ვექტორი აუცილებლად შეიცვლება”.

                საბერძნეთი

ERT News:

”ტრამპის პროტექციონისტული პროგრამა, რომელიც იმპორტზე უფრო მაღალი გადასახადის დაწესებას ეფუძნება, ევროპის ისედაც უმძიმეს დღეში მყოფ ეკონომიკას მილიარდობით ევროს ზარალს მიაყენებს”.

                ბულგარეთი

BTV:

”2025 წლის 20 იანვარს, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას, მას 78 წელი და 220 დღე შეუსრულდება, როდესაც ბაიდენი 2021 წლის 20 იანვარს ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მას 78 წელი და 61 დღე შეუსრულდა”.

Dir.bg: 

 ”დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა. ეს შესანიშნავი სიახლეა მთელი პლანეტისთვის. კაცობრიობა შვებით ამოისუნთქავს, როდესაც უკან გადმოდგამს ნაბიჯს უფსკრულის პირიდან, სადაც იგი ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიყვანა”.

                   სამხრეთ კორეის რესპუბლიკა

Korea JoongAng Daily:

  ”ტრამპი ჩრდილოეთთან ბირთვულ შეთანხმებას ხელს თუ მოაწერს, სამხრეთისთვის ეს კატასტროფა იქნება”. 

                 კანადა

The Globe and Mail: 

 ”ტრამპის არჩევა უდიდესი კრიზისია არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს კრიზისი სწორად უნდა შეფასდეს. აშშ-ის მომავალი აღმოჩნდა განგსტერის ხელში, რომლის ერთადერთ მიზანს მტრებზე შურისძიება წარმოადგენს. დღეიდან ჩვენ ნერონის ეპოქაში ვცხოვრობთ”.

                  ავსტრალია

ABC:

”მსოფლიო შეშლილი დროებისთვის უნდა მოემზადოს. საერთაშორისო საზოგადოებას დიდი რყევები მოელის. დიდი ცვლილებები იქნება უკრაინაში”.

The Australian: 

 ”დონალდ ტრამპმა უფლება მოიპოვა, გადააკეთოს ამერიკა და შოკი მოჰგვაროს მსოფლიოს, ეს არის მისი უდიდესი გამარჯვება, არაჩვეულებრივი პირადი ტრიუმფი. დემოკრატები ვერავის დაადანაშაულებენ, გარდა საკუთარი თავისა”.

                  ისრაელი

Kan:

”ისრაელში იმედი აქვთ, რომ ტრამპი პოლიტიკას შეცვლის მთელ რიგ საკითხებზე, კერძოდ, ირანის პრობლემის მიმართ, მაგრამ მისი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ იგი თეირანთან ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს”.

The Jerusalem Post: 

 ”დონალდ ტრამპის გამარჯვება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-იდან ხანგრძლივ მხარდაჭერას ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიაში”.

              ეგვიპტე

Al-Youm as-Sabia: 

”აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არის დემონსტრირება ეკონომიკური ასპექტის გამარჯვებისა პოლიტიკურზე და მორალურ ღირებულებათა გამარჯვებისა სულიერი გახრწნის იდეოლოგიაზე”.

ეს მხოლოდ წვეთია იმ საინფორმაციო ოკეანიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო წარმოიქმნა და ისე ბორგავს, რომ ნაპირიდან გადმოსვლას ცდილობს. ეს ამონარიდები იმ საერთო ტენდენციის სადემონსტრაციოდ მოვიხმე, რომელიც, ჩემი აზრით, მათში იკვეთება: პლანეტაზე შექმნილი ვითარება უნდა  შეიცვალოს, რადგან გზა, რომელსაც ერთპოლუსიანი მსოფლიო გვთავაზობდა, ჩიხში შევიდა. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს არქიტექტორი პრეზიდენტი ტრამპი ვერ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თანამდებობაზე მისი მოსვლით უდიდესი დარტყმა მიადგათ ამერიკული ჰეგემონიის შესანარჩუნებლად მებრძოლ ბოროტ ძალებს და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს.

დანარჩენს, როგორც ყოველთვის, დრო გვიჩვენებს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here