Home ახალი ამბები საქართველო ქართული ციტრუსის 86%  და   მოცვის 90%  რუსეთში გაიყიდა

ქართული ციტრუსის 86%  და   მოცვის 90%  რუსეთში გაიყიდა

პურის გაძვირების საფრთხის წინაშე ვდგავართ და ქართველი მცხობელები ისევ რუსული ბაზრის იმედად არიან. მათ ხელისუფლებას სთხოვეს, ეგებ მოახერხოს, რომ ერთი ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი 52 ლარს არ გასცდეს და მაშინ ისინიც პურს არ გააძვირებენ.

დალოცვილი ქვეყანა გვაქვს.  საქართველოში  არ არის სეზონი, როცა მოსავლის აღება არ შეიძლება. არაფერს ვამბობთ გაზაფხულსა და ზაფხულზე, შემოდგომაზე მით უმეტეს… აგერ, ზამთარი მოგვადგა კარს და ციტრუსის მოსავლის აღება დაიწყო. მთელი ზამთრის განმავლობაში  გაიყიდება ქართული ციტრუსი,  ახალი წლის სუფრა  მანდარინის გარეშე ხომ  წარმოუდგენელია. ჰოდა, ქართული მანდარინი  უკვე არა მხოლოდ ჩვენთან იყიდება, არამედ ექსპორტზეც დიდი რაოდენობით გადის.

 მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 5,4 მილიონი დოლარის მანდარინი გავიდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1,1 მილიონი დოლარის  გაიყიდა). ამ თანხიდან 4,85 მილიონი დოლარი რუსეთზე მოდის, ანუ ქართული მანდარინის 86 % რუსულმა ბაზარმა აითვისა. საინტერესოა ისიც, რომ იმავე პერიოდში საქართველომ 2,93 მილიონი დოლარის მანდარინი იყიდა და მისი 96% თურქულია. ისევ და ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რომ ჩვენ არ გვაქვს სამაცივრე მეურნეობა და მანდარინი, რომელიც ახლა 57 ცენტი ღირს, სეზონის დასრულების შემდეგ სამმაგ ფასში იყიდება და ვითვისებთ. ანალოგიურის თქმა შეიძლება  ყურძენსა და სხვა პროდუქტებზეც. ჰო, რაც მთავარია, ბოლო 4-5 წელია, გვესმის, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს სამაცივრე მეურნეობა, მაგრამ ვერ ვითარდება, რადგან მაცივრის აშენება ძალიან ძვირი ჯდება, ხოლო ბანკმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით შეღავათიანი კრტედიტი რომ მოგცეს, ხუთმაგი ქონება უდნა ჩაუდო. შესადარებლად გეტყვით, რომ 100-ტონიანი მაცივრის აშენება დაახლოებით 200 ათასი ევრო ჯდება, ანუ ბანკი ითხოვს, სულ ცოტა, მილიონის ქონების ჩადებას და, ამდენი თუ გაქვთ, არც შეღავათიანი კრედიტი გჭირდება და არც სხვა რამ, თვითონაც მარტივად გახვალთ ფონს.

ისევ ციტრუსს დავუბრუნდეთ. ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ყველა ბრუნვაში თქვეს, რომ შარშან ამ დროს 1,1 მილიონი დოლარის მანდარინი გაყიდეს, წელს კი ფასი ლამის გახუთმაგებულიაო, მაგრამ არავის წამოსცდენია, რომ ექსპორტზე გასული პროდუქციის 86 % რუსულ ბაზარზე მოდის. ამას ყველა ისედაც ხვდება, ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა საუბარს  ყველა ერიდება. რატომ არის ღალატი იმის თქმა, რომ ჭარბ პროდუქციას სწორედ რუსეთში ვყიდით და ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარს არ ვჭირდებით? აბა, გაბედეთ და ევროპაში შეიტანეთ ქართული ციტრუსი, რას იზამენ ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი… ქართულ ციტრუსს დახლებზეც არ გამოაჩენენ, დაალპობენ, არ მიიღებენ, ისეთ რეგულაციებს დააწესებენ, მწარმოებლებს ცხრა მთას იქით ცხრათავიანი გველეშაპის მოკვლა მოუწევთ და საკმარისი ესეც არ იქნება. ზუსტად ისე, როგორც ქართული თაფლის შემთხვევაში მოიქცნენ.

შტოშსა და მოცვზე ვთქვათ. იმავე პერიოდში, ანუ იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოდან 27,8 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, გასულ წელს კი ანალოგიურ პერიოდში მიღებული შემოსავალი 20,5 მილიონი დოლარი იყო, ანუ აქაც მატება გვაქვს. მოცვის პლანტაციები გაისადაც გაფართოვდება, რადგან ევროპა ხომ დაგვპირდა, ოღონდ თქვენ მოცვი მოიყვანეთ, შეძენა ჩვენზე იყოსო.  მართლაც, ეს პროდუქტი საუცხოოდ იყიდება, ოღონდ… რუსულ ბაზარზე. ჰო, ამ შემთხვევაშიც გადაგვაგდო ევროპამ და მოცვის მოსავლის 90%-ზე მეტი რუსეთში იყიდება. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული მხარე უფრო მეტს იხდის, ვიდრე ევროპული ბაზარი და ახლა ევროპელებს აღარ მოსწონთ, რუსეთში რატომ მიგაქვთო. თვითონ არ უნდათ და არც რუსეთში გაყიდვას გვანებებენ. ვაღიაროთ, არავინ ელოდა, რომ რუსული ბაზარი მოცვით დაინტერესდებოდა, მაგრამ, რაც გვაქვს და ვყიდით, ათი ამდენი რომ იყოს, მაინც აითვისებს, მაინც ჩაყლაპავს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ისევ არავინ ისაუბრებს, ის ფერმერებიც კი არ ამოიღებენ ხმას, რომლებიც სავარგულებს სწორედ რუსული ბაზრის იმედად გააფართოებენ, რადგან ნახეს, რომ მოთხოვნა არის, პროდუქცია – არა და მომავალი წლისთვის მეტს დახარჯავენ, მეტს მიიღებენ და…  არ იტყვიან, რომ ეს რუსული ბაზრის დამსახურებაა.

ის თუ იცით, რომ პურის გაძვირების საფრთხის წინაშე ვართ და ქართველი მცხობელები ისევ რუსული ბაზრის იმედად არიან?  მათ ხელისუფლებას სთხოვეს,  ეგებ მოახერხოს, რომ ერთი ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი 52 ლარს არ გასცდეს და მაშინ ისინიც პურს არ გააძვირებენ. ხელისუფლებამ კი ეს როგორ უნდა მოახერხოს? რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, მაგრამ ვერ ბედავს და ისე გამოდის, რომ თანახმაც კი არიან პურის გაძვირებაზე (რომელიც მოსახლეობის მთავარი საკვები პროდუქტია), ოღონდ კი დასავლეთმა თითი არ დაგვიქნიოს, რუსეთთან რატომ საუბრობთო. ამ დროს ევროპა (აფრიკასა და აზიასთან ერთად) რუსული ხორბლის ყველაზე დიდი მომხმარებელია, მაგრამ ისინი ჩუმად არიან, თითქოს ასეა საჭირო, მაგრამ  საკმარისია, ჩვენ ხმა ამოვიღოთ, მაშინვე დაგვანამუსებენ. არადა, ფქვილის გაძვირება არა მხოლოდ პურის, არამედ სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტის გაძვირებასაც ნიშნავს.

თქვენი აზრით, როდის უნდა მივხვდეთ იმას, რომ რუსული ბაზრის სრულად ათვისება და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა საჭირო?   დიდი ხანია, ამას მივხვდით, მაგრამ როდის უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად სხვა გზა არ გვაქვს?  35 წლის განმავლობაში მხოლოდ იმის თქმა, რომ თურმე რუსული ბაზარი არასტაბილურია, სასაცილოც კი აღარ არის. ამ „არასტაბილურ ბაზარზე“ გაგვაქვს პროდუქცია, 35 წელია, და მანამდეც იქ ვყიდდით. ქართველ „ცეხავიკებს“ სწორედ რუსეთში დაჰქონდათ ჭარბი პროდუქტი, იქ ითბობდნენ ხელს და ახლაც ასეა. აღიარებას კი იმიტომ გაურბის ოფიციოზი, რომ დასავლეთისა და ოპოზიციის ეშინია, აქაოდა, მოღალატეობას დაგვწამებენო. არადა, ღალატი ის უფრო გვგონია, მეტი შესაძლებლობები რომ გვაქვს და არ თუ ვერ ვიყენებთ. თითზე ჩამოსათვლელი ფერმერები რუსეთში რომ ხეირობენ, გლეხებს შეღავათი რომ აქვთ, ეგ ყოფილა ქვეყნის ღალატი და ევროპა ახლოს რომ არ გვიკარებს, ეგ ყოფილა ნამდვილი მეგობრობა. როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი და ვიყოთ სირაქლემის პოზაში, თითქოს ვერაფერს ვამჩნევთ? თავის დროზე, როცა დღევანდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ხელისუფლებაში იყო, რატომ არ დაუწესეს სანქციები რუსეთს და რატომ იყვნენ მაშინაც ჩამოკიდებული  რუსულ ბაზარზე? „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა რატომ ვერ „გაჭრა“ ევროპული თუ ამერიკული ხაზი? იმიტომ რომ, როცა საქმე დიდ ფულს ეხება, მაშინ პატარა ქვეყნების ადგილი არსად  არის. პატარა ქვეყნის მიმართ ინტერესი მაშინ იღვიძებს, როცა საუბარი ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობაზეა, თორემ  ასე ხმალამოღებული რატომ არ ებრძვის დასავლეთი  აზერბაიჯანს? თუ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა ყვირის და 1993 წლიდან 2003 წლამდე ჰეიდარ ალიევის,  2003-დან  დღემდე კი ილჰამ ალიევის მმართველობა დემოკრატიის გამოვლინება? ეს ხომ კარგად იციან, მაგრამ აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას და ესეც არ იყოს, აზერბაიჯანს არც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს და არც ისეთი ხელსაყრელი საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩვენ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს ცხვირში ტენიან ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივას და რატომ არ ეუბნებიან იმავეს აზერბაიჯანს? რატომ არ სთხოვენ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ნატოს პროგრამებსა და წვრთნებში ჩართოს? იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, საქართველო კი…

რადგან მეზობლებზე ვსაუბრობთ, სომხეთზეც ვთქვათ. რა მოუტანა დასავლეთის მიერ ხელდასმულმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანას? ომი და, რაც მთავარია, წაგებული ომი, ზუსტად ისე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ დასავლეთმა ხელები დაიბანა, ჩვენ რა შუაში ვართო,  ფაშინიანი კი ისევ მათ ემონება, რადგან სხვა გზა არ აქვს; ზუსტად ისე, როგორც მიშა სააკაშვილს  არ ჰქონდა სხვა გზა და სანაცვლოდ ყველაფრის უფლება მისცა თავს. უბრალოდ, სააკაშვილივით თავს გასვლას ვერ ბედავს ფაშინიანი და ქუჩაში უდანაშაულო ხალხს არ ხვრეტს მისი პოლიცია.

ისევ მოვა გაზაფხული, ისევ გვექნება ჭარბი ხილი და გაისად დღევანდელზე მეტი ციტრუსი და მოცვი იქნება. ქართველი გლეხი ისევ რუსულ ბაზარს მიაკითხავს, ხელსაც დაიცლის და კმაყოფილიც იქნება, მაგრამ,  ამაზე ხმამაღლა თუ არ ვისაუბრებთ, ნამდვილად არ წაგვადგება. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ხომ ამისთვის ცდილობს ევროპა ჩვენს დასჯას და, სადაც ვიწროა, იქ უკვე გაწყვეტილია, გაბზარულს კი  გატეხილი სჯობს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here