Home ახალი ამბები საქართველო ლევან ადეიშვილი: დესტრუქციულმა ძალებმა, უბრალოდ, ვერ ნახეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და დარწმუნდნენ,...

ლევან ადეიშვილი: დესტრუქციულმა ძალებმა, უბრალოდ, ვერ ნახეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და დარწმუნდნენ, რომ სხვა გზა არ დარჩენიათ დემაგოგიისა და უტიფრობის გარდა

,,ვიზალიბერალიზაცია რომც გაგვიუქმონ, არაუშავს, უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდება, რომელსაც მოჰყვება დასავლეთის გავლენის შესუსტება, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის როლი, გაგვიჩნდება შანსი, ყველას დავანახვოთ, რომ არ ღირს დაღმართში მიმავალი ოპოზიციის გამო საქართველოს დაკარგვა”

საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები და დასავლელი .. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არჩევნების დასრულებისთანავე ცდილობენ, არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს; ასევე გვემუქრებიან ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით და .. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები 4 ნოემბრიდან აქციების გამართვას აპირებენ, მაგრამ აქციების დაწყება ძალიან დაუგვიანდათ. ამის გამო ზოგი ამბობს, რომ მათ ფული არ აქვთო, ზოგი _ ხალხი ვერ გამოჰყავთო, ზოგის აზრით კი _ ხელისუფლებასთან ვაჭრობენო

აქამდე რატომ არ დაიწყო საპროტესტო აქციები, რას ელოდებიან, რისი, ან ვისი იმედი აქვთ? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება:

_ ევროპელებმაც, ამერიკელებმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც ძალთა განლაგება კარგად იციან; იციან, რამდენია ომისა და მაიდნის წინააღმდეგი…

დესტრუქციულმა ძალებმა, უბრალოდ, ვერ ნახეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და დარწმუნდნენ, რომ სხვა გზა არ დარჩათ დემაგოგიისა  და უტიფრობის გარდა. უნდათ ,,მაიდნის” აგორება, ,,მიაწვებიან” გვარამიას  ნარატივს, რომელმაც თქვა: ,,რად გვინდა მტკიცებულებები, როცა ხალხია მტკიცებულება”-ო… დრო, ჩემი აზრით, მომხრეების მობილიზაციისთვის სჭირდებოდათ. მათ იმდენი ხალხის გამოყვანა სჭირდებათ, რომ შექმნან სახალხო აჯანყების ილუზია…

_ ევროკავშირის ელჩი და ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვემუქრება, თუ ევროპულ გზას ასცდებით, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ და, საერთოდ, მოგწყვეტთ ცივილიზებულ სამყაროსო. რეალურია მათი მუქარა?

_ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე, ეფექტიანად და კანონის ფარგლებში შეძლებს ხელისუფლება მაიდნის აღკვეთას. და კიდევ _ ჩვენდა სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ისიც, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში 5 ნოემბერს.

თუმცა, ვიზალიბერალიზაცია რომც გაგვიუქმონ, არა უშავს, უკრაინაში ომი  დასასრულს უახლოვდება, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდება, რომელსაც მოჰყვება დასავლეთის გავლენის შესუსტება, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის როლი, გაგვიჩნდება შანსიყველას დავანახვოთ, რომ არ ღირს   თავდაღმართში მიმავალი ოპოზიციის გამო საქართველოს დაკარგვა.

არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოდან რამდენიმე ქვეყნის ელჩი გავაძევოთ.

ანაკლიის პორტი აშენდება. ჩინეთის ტვირთების გაზრდა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ შანსი გვეძლევა, რომ ევროპას ტრანზიტი გავუძვიროთ.

ცნობილია, რომ ევროპას აქედან დაახლოებით 12 მილიარდი ევროს მოგება მიაქვს ყოველწლიურად. ჩვენ უნდა გავაგებინოთ მათ, რომ ამ ფულს დავაკარგვინებთ.

ამერიკაში დემოკრატები თუ დამარცხდებიან, ევროპას მიეცემა საშუალება, თავი დაიხსნას ამერიკის დიქტატისგან და აღიდგინოს შელახული რეპუტაცია, რადგან ევროპის ქვეყნებში მზარდია პროტესტი ნეოლიბერალური წესრიგისადმი.

მოკლედ, გეოპოლიტიკური ცვლილებები უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ.

_ თქვენი აზრით, რით დასრულდება აქციები, რას მიაღწევენ?

_ ყველაფერი  იმაზეა  დამოკიდებული, რამდენად სწორად ხვდება ხელისუფლება, ვინ მოიგებს უკრაინაში ომს… ასევე, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ მოიგებს არჩევნებს ამერიკაში. ტრამპის გამარჯვება ბევრ რამეს მოაგვარებს. ჩვენ ასევე ხელს გვაძლევს არეულობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ჩვენი შანსია… მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მხოლოდ სიმტკიცე და ლავირება.

ხელისუფლებამ რომ მოუწოდოს ხალხს, გამოდით და დაგვეხმარეთო, ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდება.

ევროპის ინტერესი არ არის სამხრეთ კავკასიაში კავშირების დაკარგვა, ეს აშშ-ის ზეწოლის ბრალია, მათ გამო გვაქვს ევროპასთან დაძაბული ურთიერთობა. ნატოს მარცხი კი ევროპას მიცემს შანსს, ნაწილობრივ მაინც დააღწიოს თავი აშშ-ის მავნე გავლენას, ამას ხელს  შეუწყობს რეცესია გერმანიაში, რომელიც მალე საფრანგეთსაც ეწვევა.

ევროპის გამოფხიზლებაში დიდ როლს მიგრანტებიც ითამაშებენ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here