Home ახალი ამბები საქართველო ახლა არეულობა და სისხლის გუბეები დასავლეთს აძლევს ხელს და მთავარია,  წავლენ  თუ...

ახლა არეულობა და სისხლის გუბეები დასავლეთს აძლევს ხელს და მთავარია,  წავლენ  თუ არა  ამაზე ოპოზიციონერები და ის ადამიანები, რომლებიც კარვებში დაბინავდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის დაწყება სურს, ისინიც მზად არიან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. და ატყდა ერთი ამბავი: რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო

საქართველოში რეფერენდუმად წოდებული 26 ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. დასრულდა ზუსტად ისე, როგორც ეს ქართველ ერს სურდა და არა ისე, როგორც უნდოდა დასავლეთს. ვაღიაროთ – არავინ ელოდა, რომ მმართველი გუნდი ასეთ შედეგს მიაღწევდა, თუმცა რაღა მმართველი გუნდი, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იყო, რომელმაც ყველას დაანახვა, რომ აღარ აპირებს მონობას, რომ აღარ სურს სხვის ჭკუაზე სიარული და  მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

„ქართულ ოცნებასა“ და ქართველ ხალხს გამარჯვება უკვე მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერმა, თურქეთის პრეზიდენტმა, უნგრეთის პრემიერმა, ჩინეთის ლიდერმა, სლოვაკეთის პრემიერმა და… ოპოზიცა ამბობს, არც ერთ ნორმალურ ქვეყანას არ მოულოცავს გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არჩევნებს არ აღიარებენო. გარდა იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებს არანორმალურს ეძახის ოპოზიცია, ისინი არ აღიარებენ ევროკავშირის თავმჯდომარე უნგრეთს და მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანა ჩინეთს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. ასე გვგონია, რომ ამერიკა მხოლოდ ფურცელზე უსწრებს, რეალურად კი… მხოლოდ ამერიკაა ქვეყანა და მხოლოდ მის მოლოცვაზე უნდა ვიაროთ; ის ამერიკა, რომლის დემოკრატია და არჩევნების გამჭვირვალობა უკვე დააყენეს ეჭვქვეშ, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარი ყველას უჭირს და სწორედ ახლა, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, თავად როგორ ჩააბარებს დემოკრატიის გამოცდას შტატები. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ სახელმწიფო მანქანა იმისთვის იბრძვის, რომ ლიბერალურმა ფრთამ და შესაბამისად კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს, ხოლო დამარცხდეს დონალდ ტრამპი, რომლის არჩევაც ამერიკელებს სურთ. აკი თქვა კიდეც ტრამპმა: ჰარისს ნამდვილი ამერიკელები სძულს და გახსოვდეთ, რომ ის ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდესო.

ისე, ამერიკის არჩევნებს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც მოუთმენლად ელის. ტრამპის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ლიბერალებს ფრთები ძალიან შეეკვეცებათ, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში კი აქაური ოპოზიცია და არასამთავრობოები თავს ყველაფრის უფლებას მისცემენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, 4 ნოემბრიდან კარვების გაშლა, ამერიკის არჩევნების შედეგები რუსთაველზე რომ იზეიმონ, ან… ან მაინც იზეიმონ და მერე ტრამპის ადმინისტრაციას ისევე გაუგორონ კოჭი, როგორც ეს მაშინ გააკეთეს, როცა ტრამპმა ჰილარი კლინტონი დაამარცხა და, როცა ქართული ოპოზიციური ბომონდი ჰილარის ეტრფოდა, მერე ტრამპზე გადაერთო და ლამის ყველაზე ერთგული მხარდამჭერები ესენი გამოდგნენ.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის დაწყება სურს,  ისინიც მზად არიან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. და ატყდა ამბავი: რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო.  ევროპამ, ამერიკამ და ოპოზიციამ ლავროვის ეს განცხადება  ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვალეს და…

„ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება; მათი  ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა. ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას დაწყებული მათგან, ვინც კანონი დაარღვია, არ ჩაატარა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად. ვფიქრობ, ჩვენ ევროპარლამენტში ვიქნებით ძალიან მტკიცე, ძლიერი და მკაფიო. საქართველოს სჭირდება მტკიცე ლიდერშიპი ევროპული მხრიდან. მე ყოველთვის ველოდებოდი, რომ პრეზიდენტი ამ როლს თავის თავზე აიღებდა. ბიძინა ივანიშვილი ერთხელაც არ ჩამოსულა ბრიუსელში ან ნებისმიერ სხვა დედაქალაქში, რათა ქვეყნის პროევროპული მომავლისთვის ეზრუნა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

 ლავროვის განცხადება, მზად ვართ დიალოგისთვისო, თურმე ჩარევა ყოფილა, ხოლო  რასა იუკნევიჩიენე, პირდაპირ რომ ამბობს, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, არასწორად მოიქცაო,  ევროპის გზის  მანათობელი  შუქურაა. საერთოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ, საქართველო ვინმეს ან რამეს ისე შეტენონ, რომ ქვეყნის კონტროლი ადვილი იყოს. ისინი ეჭვობენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთთან საბრძოლველად დასავლეთმა შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნები დარაზმოს, წააქეზოს და აიძულოს კიდეც, გაისროლონ. ამ დროს  აგერ არის საქართველო, რომელსაც ყველა სიხარულით შესწირავს ზვარაკად… გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხომ იცით, ძალიან რომ იქაჩებოდა და  გვეუბნებოდა: ჩემს ქვეყანაში რომ მოვიგებ არჩევნებს, ჩამოვალ და ქართველებს ევროპული მომავლის „გაპრავებაში“ დაგეხმარებითო და… ლანდსბერგისის პარტიამ არჩევნები წააგო.  ახლა გაბრიელიუსი საქართველოში ტურისტად თუ ჩამოვა, თორემ რაიმე თანამდებობა და სტატუსი აღარ აქვს. ჰოდა, ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ისე ხომ არ გამოუვიდა ჯერ მას, მანამდე კუბილიუსსა და კიდევ სხვებს…

რაც ზუსტად იცის ოპოზიციამ, ხელფასის ის ოდენობაა, რომელსაც პარლამენტარები 1 იანვრიდან აიღებენ. თვეში 8 ათასი ლარი  ძალიან მაცდური თანხაა და გვერწმუნეთ, არა ერთი ისეთი კაცი თუ ქალი ჰყავთ პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს სიებში, ამ თანხად ზუსტად ისე მოიქცევიან, როგორც კიკუ მოიქცა. ეს პარტიის ლიდერებმაც მშვენივრად იციან, ამიტომ გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადეს: სიას ვანულებთ, პარლამენტში არ შევდივართო. ახლა მათ არც სიის განულების უფლება აქვთ კანონით და არც პარლამენტში შესვლის, რადგან პარლამენტარები ჯერ არ არიან და ამ სტატუსს ოფიციალურად მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ მიიღებენ. არც ის არის სიმართლე, თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ შეიკრიბება; არც ის არის სიმართლე, რომ შეკრებისა და ლეგიტიმაციისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო. არა, ბატონებო, ამისთვის 76 პარლამენტარია საჭირო,  მმართველ გუნდს კი  89 წევრი ჰყავს. ასე რომ, ოპოზიციამ იცის,  „ქართულ ოცნებას“ მარტივად რომ შეუძლია პარლამენტი შეკრიბოს და სხდომებიც გამართოს, მით უმტეს, ცალკე ფრაქციად გავა „ხალხის ძალა“ და, სანამ ოპოზიცია ქუჩაში გაიყინება, ახალ კანონპროექტებსაც წარადგენენ და ჩვეულებრივად იმუშავებენ. ჰოდა, ახლა ოპოზიციას მიზეზი უნდა იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს და იქ ყოფნა როგორმე გაამართლოს.

მანამდე კი კარვების შეგროვება-ყიდვის აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ მილიონები დახარჯეს, ახლა ამომრჩეველს სთხოვენ,  კარვები გვიყიდეთ და მოგვიტანეთ, ღამეებს თქვენ გამო ვათენებთო. არადა, სწორედ რეგიონებიდან ჩამოყვანილ ამომრჩეველს დატოვებენ კარვებში გასაყინად, მათ, ვისაც წასასვლელი არსად ექნება,  თვითონ კი იქნებიან შინ მშვიდად  ან მოიმიზეზებენ, ტელევიზიაში ვართ მიწვეულნიო, და სტუდიებში დასხდებიან.  წაგებულია არჩევნები, წაგებულია არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ქართველ ხალხთან და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციაშიც, ევროპაშიც, ამერიკაშიც და ამერიკის აქაურ საელჩოშიც, მაგრამ ასე მარტივად დანებება არ გამოდის. მერე ხომ იმის ახსნა მოუწევთ, რატომ ბაქიბუქობდნენ არჩევნების წინ, რატომ ამბობდნენ, რომ, მათ მიერ ნაქები კომპანიების კვლევების მიხედვით, მმართველი ძალა შავ დღეში იყო. ამის ახსნა კი   ძალიან ძნელია; ისიც ძნელია, დააჯერო უცხოელებს, რომ მათ მიერ გაღებული მილიონები მართლა საქმეში დაიხარჯა და ვიღაცამ და ვიღაცებმა ხელი არ მოითბეს. ახლაც უცხოეთიდან მილიონობით დოლარი თუ ევრო დაიძვრება იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებს არ მოშივდეთ, არ შესცივდეთ და ეს იმიტომ, რომ ოპოზიცია თავის დასავლელ პატრონებს არწმუნებს: არჩევნები გააყალბეს, თორემ ჩვენ მოვიგეთო. დასავლეთმა კი იცის სიმართლე, მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიარონ, რომ ქართველ ერთან დამარცხდნენ და ასეთ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს მაგალითი სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ დასავლეთთან წინააღმდეგობასა და  ურჩობას აზრი აქვს, თუნდაც  იმავე მოლდოვისთვის, სადაც რეფერენდუმი კბილებით გაიტანეს, წაგებული მოგებულად გამოაცხადეს და ახლა ხალხისთვის ხელების გადაგრეხვით მაია სანდუს   გააპრეზიდენტებენ. ამ დროს საქართველომ  ბრძოლა მოიგო, დასავლეთი კი მზად არის, გამარჯვება, ძმრად კი არა, სისხლად გვადინოს. ახლა არეულობა და სისხლის გუბეები სწორედ დასავლეთს აძლევს ხელს; მთავარია,  წავლენ  თუ არა  ამაზე ოპოზიციონერები  და ის ადამიანები, რომლებიც კარვებში დაბინავდებიან. კიდევ ვიმეორებ:  საჩვენებლად კარვებში პირველ, მეორე ან მესამე დღეს ლიდერებიც დარჩებიან, მერე კი… მერე დაიწყება ჩვეულებრივი მორიგეობა, ღამის თევა, ცოტა ლოთობა, ცოტა მარიხუანა და მუსიკოსთა ჯგუფების მიერ შესრულებული ნომრები; იმ მუსიკოსების ნომრები, რომლებსაც არავინ იცნობს, და  უნდათ, ხალხმა ასე გაიცნოს. ჰო, მანამდე ნინო ქათამაძეც იმღერებს აუცილებლად, მერე რა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ რუსეთში მღეროდა და იქაურებს სიყვარულს ეფიცებოდა, ახლა იმავე რუსეთს აგინებს იმიტომ, რომ მისი სიმღერები თუ სცენაზე როკვა-ძუნძული ვერ და არ აიტაცა იქაურმა მაყურებელმა.

და ასე მშვიდად დადგება ზამთარი… ჰო, მშვიდად, რადგან ქართველები არეულობას არ დაუშვებენ!

ლევან გაბაშვილი                                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here