ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, რომელიც რეფერენდუმად შერაცხეს. გარკვეული თვალსაზრისით ეს სწორია. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი არა პარტიებს შორის, არა მსოფლმხედველობებს შორის, არა მიმართულებებს შორის, არამედ ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის, რაც ნიშნავს არჩევანის გაკეთებას მშვიდობასა და ომს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. ადვილია არჩევანის გაკეთება, როდესაც ასე ხელისგულზე ძევს კარგიც და ცუდიც. რატომ გააკეთებს ხალხი არჩევანს ცუდის სასარგებლოდ, მივა და კარგ არჩევანს მისცემს ხმას, მაგრამ, სამწუხაროდ, საკითხი ასე მარტივად არ დგას…
სირთულე არის ის, რომ ანტიქრისტე საკუთარი სახითა და შინაარსით არ მოდის, იგი ქრისტეს სახით ევლინება და ცდუნებით ეუფლება როგორც კონკრეტული ადამიანების სულსა და გულს, ასევე საზოგადოების ყოფიერებასა და ცნობიერებას. იგი არ არის ის პრიმიტიული მოძალადე, რომელიც ფიზიკური იერიშით მიდის მსხვერპლზე, იგი რთული მოძალადეა, რომელიც მიპარვით, ფარულად, სიცრუითა და მოხიბლვით იპყრობს ფსიქიკას. იგი სიძულვილს, უკეთურებასა და სიცრუეს მოხერხებულად ფუთავს სიკეთით, სიყვარულითა და სიმართლით, შედეგად ხალხს ხელში იმგვარ სატყუარას აჩეჩებს, რომელიც მას ნამდვილისგან ვერ გამოურჩევია. გარდასახვაა მისი უმთავრესი იარაღი. მისი ბოროტება სიკეთეს ჰგავს, მისი სიძულვილი – სიყვარულს, მისი ღალატი – ერთგულებას, მისი სიცრუე – სიმართლეს, რითაც, საბოლოო ჯამში, ანტიქრისტე გარეგნულად ქრისტეს ემსგავსება, მაგრამ შინაარსით მის ანტიპოდად რჩება, თანაც უაღრესად საშიშ ანტიპოდად, რადგან ქრისტესთან მსგავსებით ნდობას იწვევს ადამიანებში, რომლითაც ბოროტად სარგებლობს და ბოროტ ჩანაფიქრს გაცილებით უფრო ადვილად აღწევს, ვიდრე ნამდვილი სახით მოსული ბოროტება მიაღწევდა.
ანტიქრისტე კონკრეტული პიროვნება არ არის, იგი ბოროტი იდეის ზოგადობაა, რომელიც ხან აქ ვლინდება, ხან – იქ. ანტიქრისტე ქრისტეს (ჭეშმარიტების, სიკეთისა და სიყვარულის) ანარეკლია, მისი ნეგატივია, რომელიც ჰგავს მაცხოვარს, ოღონდ უარყოფითი ნიშნით, ამოყირავებული შინაარსითა და შეცვლილი პოლუსებით, რაც ფიზიკურადაც შეუმჩნეველია და გონებითაც ძნელად მისახვედრია. ქრისტე მრავალი ვერ იქნება, იგი ერთადერთია, რადგან ნამდვილია. ანტიქრისტე კი მრავალია, რადგან ფსევდოა, ყალბია და თაღლითური ბაძვაა იმ ერთადერთისა, რომელიც ვერსად და ვერავისში განმეორდება, ვინაიდან თავად ჭეშმარიტებაა, სიყვარულია და სიკეთეა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დანიელი კრიტიკოსისა და ნატურალიზმის თეორეტიკოსის გეორგ ბრანდესისთვის მიწერილ წერილში ფრიდრიხ ნიცშე წერდა: ”სამ თვეში გამოქვეყნდება ჩემი ხელნაწერი სათაურით „ანტიქრისტე – ყველა ღირებულების გადაფასება“. მე მჭირდება თარგმანები ყველა ძირითად ევროპულ ენაზე. პირველი გამოცემისთვის საჭირო იქნება მილიონი ეგზემპლარი თითოეულ ენაზე”.
შეუძლებელია ქრისტესა და ქრისტიანობის მიმართ უფრო თავხედური, უფრო შეურაცხმყოფელი ტექსტის მოძიება, ვიდრე ნიცშეს ამ ნაწარმოებში ვხვდებით. შესაძლებელია, ეს მხოლოდ ხერხი იყო სკანდალის გზით პოპულარობის მოსახვეჭად, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო მოტივი, მკრეხელობის ის მასშტაბი, რომელიც ამ ნაწარმოებიდან იღვრება, ყველაზე თავდაჯერებული ათეისტისთვისაც კი შემზარავია. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დამოკიდებულების საფუძველი ნიცშეს ათეისტური მსოფლმხედველობაა, მაგრამ ის, რასაც იგი ამ ნაწარმოებში ავლენდა, არ იყო ღმერთის არსებობა-არარსებობის შესახებ მსჯელობა, ანუ ნიცშეს პოზიცია იმ ურწმუნო ათეისტის პოზიცია კი არ იყო, რომლის სათქმელი ორ სიტყვაში ეტევა – „ღმერთი არ არსებობს!“, არა, ეს იყო არა ღმერთის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ქრისტეს) არსებობის უარყოფა, ეს იყო ქრისტიანული მოძღვრებისა და ქრისტიანული მორალის (როგორც მსოფლმხედველობისა და ფილოსოფიის) წრეგადასული, დაუოკებელი და უკიდეგანო სიძულვილი. ეს იყო ერთდროული ამბოხი ადამიანისა და ღმერთის წინააღმდეგ, ეს იყო ადამიანიდან სინდისის ამოშანთვისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი – იმ სინდისისა, რომლის არსებობა სიცოცხლის ბოლომდე ისევე აკვირვებდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მწვერვალს – იმანუელ კანტს, როგორც მოწმენდილ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებისა, ამიტომ ნიცშეს ფილოსოფიის ამ ნაწილს საერთო არაფერი აქვს ათეისტურ მსოფლმხედველობასთან. იგი წმინდა წყლის სატანისტური მსოფლმხედველობა და თავიდან ბოლომდე ანტიქრისტეს მოძღვრებაა. ნიცშეს უკიდეგანო სიძულვილს ქრისტიანული მორალის მიმართ ყველაზე კარგად მისი ამ ნაწარმოების ქვესათაური ამჟღავნებს – ”ქრისტიანობის წყევლა“, რომელიც მართლაც თავზარდამცემ ეფექტს ახდენს მკითხველზე. აი რამდენიმე ამონარიდი ამ ნაწარმოებიდან, რომელმაც, შეუძლებელია, არ შეგძრათ:
* ”დავრდომილთა და ბოგანოთა ღმერთი ანუ ღმერთის ქრისტიანული გაგება ერთ-ერთი ყველაზე შერყვნილი ცნებაა, რაც კი ოდესმე არსებულა დედამიწაზე. შესაძლოა, ეს იმისი საზომიც კი იყოს, თუ სანამდე შეიძლება დაეშვას ღმერთი მის დაღმავალ განვითარებაში – ფენომენამდე, რომელიც სიცოცხლის წინააღმდეგობად გადაგვარდა, ნაცვლად იმისა, რომ მისი შუქფენა და მარადიული დამკვიდრება ყოფილიყო!“
*„ქრისტიანობა – ესაა აზროვნების, სიამაყისა და თავისუფლების სიძულვილი; ესაა გონების გარყვნა; ქრისტიანობა, ზოგადად, ადამიანური სიხარულის სიძულვილია!“
* „ახალი აღთქმა“ მხოლოდ უვარგისი ინსტინქტებით, სრული სიმხდალით, ცხოვრებაზე თვალის დახუჭვითა და თავის მოტყუებითაა აღსავსე. ნებისმიერი წიგნი გაცილებით სუფთა მოგეჩვენებათ, თუკი მას „სახარების“ შემდეგ წაიკითხავთ“.
ცდებიან ისინიც, ვინც ნიცშეს შემოქმედების ამ ნაწილს მისი ათეიზმით ხსნის, და ისინიც, ვინც ამ მიდგომას მის ფსიქიკურ პრობლემებთან და შეშლილობასთან აკავშირებს. სხვა რა ახსნა აქვს ქრისტიანობის ასე უკიდეგანო სიძულვილს უდავოდ საინტერესო და გამორჩეული გერმანელი ფილოსოფოსისა? – მკითხავთ, ალბათ. ჩემი აზრით, აქ მთავარი არა ქრისტიანობის, არამედ დასავლური ცხოვრების წესის სიძულვილი და მის წინააღმდეგ ამბოხია; ცხოვრების იმ წესისა, რომელიც ქრისტიანობით ინიღბებოდა. ნიცშე, როდესაც ქრისტეს უპირისპირდებოდა, სინამდვილეში ქრისტიანობის იმ როლსა და მოდელს ებრძოდა, რომელიც გასაოცარ მეტამორფოზას განიცდიდა და რელიგიური სწავლებიდან ბურჟუაზიის იდეოლოგიად ყალიბდებოდა. იგი ებრძოდა ქრისტიანობის ფორმისა და შინაარსის ერთმანეთისგან აცდენას, ფასადისგან შიგთავსის ანუ რაობის გაუცხოებას, ფერუმარილით შელამაზებული სახის მიღმა მახინჯი სხეულის მიჩქმალვის მცდელობას. მისი შეცდომა იყო ის, რომ მან ანტიქრისტე ქრისტეშივე მოიაზრა და მისი დეგრადაციის შედეგად წარმოიდგინა. სინამდვილეში ანტიქრისტე ქრისტეს გაგრძელება და მისი დეგრადაციის შედეგი კი არ არის, ქრისტეს ნამდვილი ანტიპოდია, რომელიც ქრისტეს სახითა და როლით პოზიციონირებს. მეტსაც ვიტყვი: ნიცშე ებრძოდა რა ქრისტეს, სინამდვილეში ანტიქრისტეს ებრძოდა, მაგრამ მან ეს ვერ გამოკვეთა, შეიძლება ითქვას, რომ მან ეს ვერც გააცნობიერა. ამ თამამი დასკვნის გაკეთებისკენ ისტორიის წინაშე ნიცშეს გათეთრების სურვილი კი არ მიბიძგებს, არამედ ის, რომ ქრისტესთან ბრძოლაში ნიცშემ ბურჟუაზიული სამყაროს მრავალი ნაკლი და ცოდვა გამოამზეურა, დასავლური ცხოვრების წესის მრავალ სიყალბეს აჰხადა ფარდა, თვით დასავლური აზროვნების დაუნდობელი კრიტიკა მოგვცა, მაგრამ შემდეგ სულ სხვა მიმართულებით წავიდა და, ნაცვლად იმისა, რომ ისტორიის მატერიალისტური გაგების გზით ევლო, რაც მარქსმა და ენგელსმა გააკეთეს, ზეკაცის აბსურდული იდეა განავითარა, ამიტომაც დარჩა გაუგებარი მისი ბრძოლა ანტიქრისტესთან და ამიტომაც შემორჩა იგი ფილოსოფიის ისტორიას ქრისტესთან (სინდისსა და ზნეობასთან) მებრძოლ მოაზროვნედ.
პუბლიცისტური სტატიისთვის უჩვეულოდ ვრცელ ამ ფილოსოფიურ შესავალს იმიტომ ვერ ავუარე გვერდი, რომ ამით ანტიქრისტეს ნამდვილი შინაარსის გაგების სიძნელისთვის ხაზის გასმა და, რაც მთავარია, მისი არსის გადმოცემა ვცადე. უმთავრესი სირთულე აქ იმაში მდგომარეობს, რომ ანტიქრისტე ქრისტეს სრული ანტიპოდია, მაგრამ ასე არ გამოიყურება, პირიქით – ცდილობს, რომ ქრისტედ მოგვევლინოს და ყველა იმ დადებით თვისებას მიიწერს, რომლებსაც სინამდვილეში ებრძვის, აყალბებს და ძირს უთხრის. ამას ისე მოხერხებულად და ვერაგულად აკეთებს, რომ იმ მასშტაბის მოაზროვნეც კი დააბნია, როგორიც ნიცშე იყო. უფრო მეტი კონკრეტიკისკენ რომ წავიდეთ, საჭიროა ფრჩხილების გახსნა. ანტიქრისტემ ორგანიზებული და, მაშასადამე, სრულყოფილი სახე დასავლურ პოლიტიკაში მიიღო. დასავლურმა ცხოვრების წესმა, რომელიც ბურჟუაზიული ურთიერთობების ანუ მოგებაზე ორიენტირებული სისტემის ლოგიკური შედეგია, მიიწერა და გააყალბა ყველა ის ღირებულება, რომლებიც ქრისტიანულ მორალს ეფუძნებოდა. აი, სად არის საძებნი სათავე იმ უბედურებისა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ტანჯავს.
მეოთხე ათეული წელიწადი იწურება, რაც დასავლეთი მისი მოოქრული იდეოლოგიითა და ხმაურიანი პროპაგანდით შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ სამ ნაწილად დაშლილი, მოსახლეობის თვალსაზრისით განახევრებული და მტკივნეული სოციალური პრობლემებით დამძიმებული ქვეყნის გარდა რა მივიღეთ?! თუმცა, როგორ არა, ამის გარდა დასავლეთიდან ინსპირირებული სამი სახელმწიფო გადატრიალება და მათივე აგენტოკრატია მივიღეთ, რაც მეტისმეტად ძვირი დაგვიჯდა. ახლა მოახლოებული არჩევნების ბაზაზე ახალ სახელმწიფო გადატრიალებას გვიმზადებენ, ჩვენ კი დარჩენილ დღეებს ვითვლით და, ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, ”უღონოდა ვბზუით”. სხვა რა გზა გვაქვს, ფული, საინფორმაციო საშუალებები, ”მეხუთე კოლონა” და ყველაფერი ის, რაც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება-განხორციელებას სჭირდება, მათ ხელშია. ჩვენ კი რა შეგვიძლია? არც არაფერი, გარდა გონიერების გამოჩენისა, მაგრამ, ჩვენი გონებაცა და სულიც რომ მათ უპყრიათ, ჩვენს ცნობიერებაზეც ისინი რომ მანიპულირებენ, ამას რა ვუყოთ და როგორ შევეწინააღმდეგოთ? ანტიქრისტეთი მონუსხულ ნაწილს საზოგადოებისა, რომ ეტყვი, ანტიქრისტე მოდის და ნუ ენდობიო, უმალ გიპასუხებს: ანტიქრისტეს მოციქული შენ თვითონ ხარ, ჩვენ უკან კი ნამდვილი ქრისტე დგას აბსოლუტური სიკეთითა და სიყვარულითო. შენ კი საწინააღმდეგოში ვერ არწმუნებ, რადგან მათ გაცილებით მეტი მექანიზმი და საშუალება აქვთ, თანაც ჭრელ ფალას-ფულასში შეხვეული და გაუთავებლად რეკლამირებული. მათ მხოლოდ იმის მტკიცება კი არ შეუძლიათ, რომ ანტიქრისტე ქრისტეა, არამედ იმისიც, რომ ანტიქრისტე ქრისტეზე უკეთესია, რომ ყალბი ნამდვილს სჯობს, რომ ნამდვილი ქრისტეს თაყვანისცემა ჩამორჩენილობაა, რომ… რომ… რომ… ამას საზღვარი არ აქვს, ასე ყველაფრის მტკიცება შეიძლება, თუნდაც იმისა, რომ მშვიდობას ომი სჯობს, რაციონალურ განსჯას ექსტრემიზმი, პატიოსან არჩევნებს კი სახელმწიფო გადატრიალება. ამბობენ კიდეც, არანაირ სიცრუეს არ ერიდებიან და არანაირ თახსირობას არ თაკილობენ.
ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში დასავლეთმა საქართველოში ისეთი ვითარება შექმნა, რომ ნებისმიერ სისულელესა და სიბინძურეს მეტი გასაქანი აქვს, ვიდრე გონიერებასა და პატიოსნებას, ნებისმიერი სიშლეგე კი გაცილებით დიდ პატრიოტიზმად საღდება, ვიდრე სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული და მისთვის თავდადება. ეს ანტიქრისტეს ნამუშევარი და ნამოქმედარია. მთელ იმ დროში, რაც ისინი აქ არიან და ქართველ ხალხს გონებას ურევენ, არც ერთი მართალი სიტყვა მათი პირიდან არ ამოსულა. ბულგაკოვის ლიტერატურულ შედევრ ”ოსტატი და მარგარიტაში” არის ერთი ეპიზოდი, სადაც ვოლანდი (ეშმაკი. გნებავთ, ანტიქრისტე) ბეჰემოთის ნათქვამის პასუხად ამბობს: ”ამ ტყუილში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მასში თავიდან ბოლომდე ერთი სიტყვაც არ არის მართალი”. ამერიკელები (საელჩო, სპეცსამსახურები, ”მეხუთე კოლონა”) ერთმანეთში არეულ ტყუილ-მართალს კი არ გვაწვდიდნენ, რომელშიც დამაბნეველი სიმართლე სიცრუესაც მოჩვენებით დამაჯერებლობას შესძენდა. არა, ამდენი არ უფიქრიათ და არ უწვალიათ, იმთავითვე დაურიდებლად მომართეს ჩვენკენ გაუზავებელი სიცრუის მთელი ნიაღვარი – ნატოს კარი ღიაა, ევროკავშირის წევრად მიგიღებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხართ, ჩვენი ქოლგა გიცავთ და ა.შ., მაგრამ, ვოლანდის ნათქვამისა არ იყოს, ათწლეულების განმავლობაში დასავლური სიცრუის კასკადი მხოლოდ იმით იყო საინტერესო, რომ მასში საერთოდ (მოსატყუებლადაც კი) არ ერია სიმართლე. მაინც გვჯეროდა, მაინც გვწამდა, მაინც მოხიბლული ვიყავით, რადგან შემოსული ანტიქრისტე დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ე.წ. დასავლური ღირებულებების ფასადით ძალიან ჰგავდა ქრისტეს.
ანტიქრისტე ანტიქრისტედ რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, – აცხადებს იგი, მაგრამ რა არის არჩევნების ობიექტურობის საზომი? დემოკრატიულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლიან არჩევნებს, თუკი მმართველი პარტია დამარცხდება და დასავლეთის ”მეხუთე კოლონა” გაიმარჯვებს, ანუ ქართველი ხალხის ნებას ბულდოზერივით გადაუვლიან. ყველა სხვა შემთხვევაში აამოქმედებენ სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმს და ძალადობის გზით მოიყვანენ თავიანთ აგენტურას, რომელიც საქართველოდან აუცილებლად გახსნის მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან სხვანაირად უკრაინაში დასავლეთის მარცხი გარდაუვალია. ცხადია, რომ დასავლეთი რუსეთის დამმარცხებელი ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება, მაგრამ ცდა რატომ უნდა დააკლონ?! უკრაინაში აგიზგიზებულ ომის ხანძარს, დაე, ქართული ფიჩხიც მიემატოს, მათი რა მიდის?!
სახელმწიფო გადატრიალება ის მექანიზმია, რომელიც მათ მრავალგზის აქვთ ნაცადი და განხორციელებული საქართველოშიც, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ქრისტეში თუკი აბსოლუტური სიკეთეა კონცენტრირებული, ანტიქრისტეში აბსოლუტური ბოროტება იყრის თავს. რაც უნდა ვიგულისხმოთ ანტიქრისტეში – კოლექტიური დასავლეთი, კაპიტალისტური იმპერია, ტრანსნაციონალური კორპორაციები თუ გლობალური ომის პარტია, ფაქტია, რომ იგი უძლიერესი მტერია ქრისტესი და ქრისტიანობისა ანუ ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და სიყვარულისა. რაკი მათი საცეცები და გავლენები ყველგან არის, საქართველოში მოახლოებული არჩევნები იმას კი არ წყვეტს, თუ რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას მომავალი ოთხი წლით, არამედ იმას, საით მივდივართ და სად დავრჩებით ჩვენ – ქრისტეს თუ ანტიქრისტეს მხარეს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი თავისა და სულის ხსნას შევეცდებით თუ თვითგანადგურებისა და თვითწარწყმედის გზაზე შევდგებით, რომელიც შესაძლებელია ხანგრძლივი არა, მაგრამ მტანჯველი პროცესი იქნება.
კარს მოდგა ის დღე, რომელსაც, არავინ იცის, რა მოაქვს – არჩევნები, რეფერენდუმი თუ ომი!
ვალერი კვარაცხელია