უკრაინამ ტალახბურთსა და მაისურების შემოხევაში გვაჯობა და კიდევ იმაში, რომ, ალბათ, არ არსებობს უკრაინელი, რომელიც აღფრთოვანებით ისაუბრებდა თავისი გუნდის მარცხზე

    საქართველოში ოპოზიცია ქვეყნის მარცხით ხარობს, მისი მხარდამჭერები კი ამას ხბოს აღტყინებით უკრავენ ტაშს

    164

    11 ოქტომბერი, პოლონეთის ქალაქი პოზნანი, არენა „ენეა“, ერთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე ტური, უკრაინა საქართველოს წინააღმდეგ. ნომინალური მასპინძლები უკრაინელები არიან და პირველი გაოცება – ქართველი ფეხბურთელები მინდვრის საფარმა გააოცათ.  აქა-იქ ისმის, გუშინ ასე არ იყო… მოედანი ზედმეტად არის მორწყული, აშკარად მძიმეა. ასეთ მოედანზე თამაში უკრაინელებს არ გაუჭირდებათ, ჩვენ კი… ვერ ვითამაშეთ, ვერ „ვიმატავეთ“ და დავმარცხდით. „ის ბურთი აუღებელი არ იყო, უბრალოდ, ნახტომის დროს ტალახში საყრდენი ფეხი აცურდა და ვერ მივწვდი“, – მატჩის შემდეგ იტყვის გიორგი მამარდაშვილი. და ეს იქნება ეროვნული ნაკრების პირველი მარცხი ერთა ლიგაზე. ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზეც და ისეც კიდევ წააგებს, უფრო ბევრს მოიგებს, გვჯერა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მოხვედრა ჩვეულებრივ ამბად იქცევა, მაგრამ…

    „უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას. მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს,  უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის რომ მოვემზადოთ“, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში შეხვედრის დამთავრებისთანავე გამოაქვეყნა ნინო ლომჯარიამ, ქალმა, რომელსაც თავის დროზე  საქართველოს სახალხო დამცველი ერქვა.

    უკრაინამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ის, საქართველოს კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარია. მატჩის წინ გამოფენილი ბანერი „ძალა ერთობაშია“ სწორედ ამის აღმნიშვნელი იყო

    რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ შეხვედრაში სწორედ უკრაინას გულშემატკივრობდა. უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ის, საქართველოს კი არა, კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარია და მატჩის წინ გამოფენილი ბანერი „ძალა ერთობაშია“ სწორედ ამის აღმნიშვნელი იყო. უკრაინელებისთვის მიხეილ სააკაშვილი მათი ქვეყნის მთავარი მოქალაქეა, რომელიც თურმე საქართველოს ციხეში ვლადიმერ პუტინის დავალებით იტანჯება და რომ არა ეს, საქართველო უკრაინას აუცილებლად მხარში ამოუდგებოდა  და რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნიდა.

    „ არ ვიცი, იქ ვინ ომობს, მაგრამ სტადიონზე 5 ათასზე მეტი ჯანმრთელი უკრაინელი მამაკაცი ბოლო ხმაზე ბღაოდა, მერე ჩხუბიც იყო, ჩვენზე გამოიწიეს, მერე კი პოზნანის ბარ-რესტორნებს მოედვნენ და გაილეშნენ“, – ეს უკვე ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც ამ შეხვედრის სანახავად პოლონეთში სპეციალურად ჩაფრინდა.

    ჰო, ის უკრაინელები, რომლებიც ჩვენ გვანამუსებენ, მეორე ფრონტს რატომ არ ხსნითო, თავად არ მიდიან ომში,  სამშობლოდან გაიქცნენ და პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, საქართველოდანაც კი გვიკიჟინებენ: წადით, ჩვენ მაგივარდ იომეთ და ჩვენ ნაცვლად მოკვდითო.

    ხშირად ასე ეთამაშებოდნენ გიორგი ჩაკვეტაძეს უკრაინელები

    ამ შეხვედრაში მარცხი ოპოზიციას, როგორც ჰაერი, ისე სჭირდებოდა. ერთა ლიგაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება, ჯგუფში პირველი ადგილის განაღდების გარანტია თუ არა, უდიდესი ნაბიჯი მაინც იქნებოდა, მერე კი ყველა მიხვდებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ნებისმიერ სფეროში წარმატება კი ხელისუფლებასთან იქნებოდა ასოცირებული და ამიტომ მათ არ სურდათ საქართველოს ნაკრების  მოგება, მათ მარცხი უნდოდათ და მიიღეს კიდეც – უკრაინამ ტალახბურთში გვაჯობა, მაისურების შემოხევაში გვაჯობა და კიდევ იმაში გვაჯობა, რომ, სავარაუდოდ, არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც თავისი ნაკრების მოგება არ სურდა და რომელიც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში  სოციალურ ქსელში აღფრთოვანებით ისაუბრებდა საკუთარი გუნდის  მარცხზე.

    „უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას. მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ. დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის რომ მოვემზადოთ“

    არის თუ არა ეს გამოცხადებული ღალატი? არის თუ არა ღალატი ის, რომ სფერო, რომელმაც გასულ ზაფხულს ერი და ბერი გააერთიანა, გინდა, წარუმატებელი იყოს? არის თუ არა ღალატი ის, რომ ფეხბურთში ნაციონალებმა თავის დროზე უზარმაზრი თანხა ჩადეს (მერე გააქრეს) და შედეგს ვერ მიაღწიეს? ისიც გემახსოვრებათ, გიორგი ნემსაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოგებული არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე უარი ნახევარ საათში რომ ათქმევინეს და პრეზიდენტად ისევ ნოდარ ახალკაცი- უმცროსი დასვეს, შედეგი კი… შედეგი არ იყო. ჰოდა, ახლა, როცა შედეგი არის, ნაცებს სურთ,  ფეხბურთი გაცამტვერდეს, ზუსტად ისე გაცამტვერდეს, როგორც სურთ, რომ ყველა სფეროში ჩავარდნა იყოს, რადგან  ასეთ შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება და თურმე მათ წარმატების მეტი შანსი ექნებათ. რაც მთავარია, ამას არავინ მალავს; არ არის ისე, რომ ჩუმად ამბობდნენ, კულუარებში ოცნებობდნენ… არა, ბატონებო, არა! უამრავი ვიდეო გავრცელდა, რომლებზეც ასახულია, როგორ ზეიმობენ ოპოზიციის აქტივისტები უკრაინის გამარჯვებას  და ნიშნის მოგებით ამბობენ: ნუ ინერვიულებთ ხელისუფლების მხარდამჭერები, საქართველოს ნაკრებმა „იმედსა“ და „პოსტივი“-ზე მოიგოო. ანუ, წარუმატებლობა პოლიტიკაში გადაიყვნეს და მერე რა, თუ ამ მარცხის გამო საქართველო ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა, სამაგიეროდ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებულია, თუ გასულ ზაფხულს ევროპა გავაოცეთ გულშემატკივრობითა და ერთმანეთის გვერდით დგომით, ახლა იმავე ევროპას ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, ქვეყნის წარმატება კი არა, კონკრეტული, პიროვნული ამბიციებია.

    და როგორ გგონიათ, ასეთ პირობებში საფეხბურთო მოედანზე ჩვენი მარცხით აღტყინებული ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას „ძმურ ხელს“ არ გაუწვდის და მეორე ფრონტს არ გახსნის? ფსონების გაკეთებაც კი შეიძლება იმაზე, ხელისუფლების სათავეში  მოსვლის შემთხვევაში, რამდენ ხანში დაიწყებს ოპოზიცია ომს. ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ ეს ახალ წლამდე, დეკემბრის ბოლოს მოხდება; პესიმისტები კი ამბობენ, რომ პირველი საპარლამენტო სხდომის დასრულებისთანავე, როცა საომარ მოქმედებებზე გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებენ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია ომს აუცილებლად დაიწყებს და კითხვა მხოლოდ ერთია – რამდენ ხანში?

    საფეხბურთო მოედანზე საქართველოს მარცხით დასავლეთიც არანაკლებ ბედნიერია. კონკრეტულად უკრაინასთან მარცხით არიან ბედნიერი, თორემ მანამდე, თუნდაც ალბანეთთან სტუმრად რომ წაგვეგო, მათთვის ამას ისეთი ფასი და გემო არ ექნებოდა. გვერწმუნეთ, ახლა ოპოზიცია და დასავლეთი ჩასაფრებული ელიან ალბანეთთან მატჩს, რადგან,  თუ წავაგებთ, იტყვიან, რომ ზაფხულის გამარჯვება ბიჭების ენთუზიაზმის ხარჯზე მოხდა და არა ფედერაციის ან ხელისუფლების, რომელმაც ფეხბურთის განვითარებაში ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა. ისე, აუცილებლად სათქმელია, რომ ასეთი თანხების მიუხედავად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე უკეთესის სურვილს ტოვებს და ის, ჩვენს პირველობაზე აშკარად რომ გვიჭირს, იქიდანაც ჩანს, რომ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია გამოძახებული, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის – მთავარია, რომ ოპოზიცია ქვეყნის მარცხით  ხარობს, მისი მხარდამჭერები კი ამ სიხარულს  ხბოს აღტყინებით უკრავენ ტაშს…

    უკრაინელებმა ქართველებზე გაიწიეს და გვარიანი ჩხუბიც ატყდა. სტიუარდებმა მოჩხუბრები ძლივს დააშორეს ერთმანეთს და სხვადასხვა გასასვლელიდან გაიყვანეს

    უკვე დადასტურდა ისიც, რომ 2016 წელს გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილმა დავალება გია ლორთქიფანიძისგან  მიიღო, თავად ლორთქიფანიძემ – მიხეილ სააკაშვილისგან  და… ესეც ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, არავინ შეიცხადა, არავის გაუკვირდა. ანუ, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს იმეტებენ სასიკვდილოდ, ეს არ უკვირთ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა საქმე მოწინააღმდეგეს ეხება?! შიდა ომი დიდი ხნის დაწყებულია, ჯერჯერობით თოფი არავის გაუსვრია, მაგრამ არც ეს არის შორს. როგორ არ გავიხსენოთ უკრაინაში მებრძოლი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა განცხადება, – ბიძინა ივანიშვილი ცოცხალი რომ არის, ჩვენი ბრალიაო; და მათივე მოწოდება, რომ არჩევნების შედეგები მათთვის მისაღები თუ არ იქნება, ისინი საქართველოში „სრული ამუნიციით“ შემოვლენ და „წესრიგს დაამყარებენ“.

    ერთმა საფეხბურთო შეხვედრამ ოპოზიციას ნიღაბი ჩამოხსნა  და მათი მოღალატეობრივი სახეც სრულად გამოაჩინა.  ამ ხალხს ქართული, ეროვნული არაფერი შერჩენია და საფეხბურთო მოედანსა თუ მის გარეთ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ არიან; იმ ქვეყნის, რომლის გადარჩენასა და ევროკავშირში შეყვანას გვპირდებიან, მაგრამ ისე ჩანს, თუ ხელისუფლებას ოპოზიცია ჩაიგდებს ხელში, შესაყვანიც არაფერი იქნება, რადგან ქვეყანას დავკარგავთ. რაც მთავარია, სახელმწიფოს, სამშობლოს გამოცხადებული ღალატი, ხმამაღლა დაფიქსირებული პოზიცია უკვე აღარ „ტეხავს“, უკვე მისაღებია და ოპოზიციაც აღარ კეკლუცობს – მზად არის ამ ქვეყნის დასაღუპავად; მზად არის, მომავალი უბრალოდ მოსპონ, გაანადგურონ, ოღონდ კი თავად იყვნენ ხელისუფლებაში.

    რატომღაც ნაკლები ყურადღება მიექცა იმას, რომ მატჩის შემდეგ უკრაინელებმა ქართველებზე გაიწიეს. ჰო, უკრაინელებმა გაიწიეს და გვარიანი ჩხუბიც ატყდა. ადგილობრივმა სტიუარდებმა მოჩხუბრები ძლივს დააშორეს ერთმანეთს და სხვადასხვა გასასვლელიდან გაიყვანეს. როგორც სტადიონზე მყოფები ყვებიან, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც საფინალო სასტვენი გაისმა და უკრაინელებმა ქართველი ქომაგების სექტორისკენ გინების ნიაღვარი გამოუშვეს. ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, დიდი რამე, თუ ოპოზიციამ აქ და უკრაინელებმა იქ ნამდვილი სახე გამოაჩინეს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here