გამჟღავნებული ნეგატივი

    50

    ამერიკელი მწერალი მერი მაკარტი წერდა: ”ევროპა ბოლომდე გაუმჟღავნებელი ნეგატივია ამერიკისა”. კარგი ნათქვამია თან ნეგატივი, თან ბოლომდე გაუმჟღავნებელი ანუ რაღაც საცოდავად და გულისამრევად მიმბაძველი. ბაძვის ბაძვაო, პლატონი რომ ამბობდა. მატერიალური სამყარო იდეათა სამყაროს მიბაძვაა, მსახიობობა კი მიბაძვის მიბაძვაა, რადგან იგი ცხოვრებას (მატერიალურ სამყაროს) ბაძავს, რომელიც თვითონ არის იდეათა სამყაროს მიბაძვაო. ჰეგელი ამბობდა: ”ფრანგული განმანათლებლობა მაიმუნივით ბაძავდა გერმანულ სერიოზულობას”. ევროპა ისე მაიმუნივით ბაძავს ამერიკას, რომ ამ უკანასკნელს ღმერთთან ათანაბრებს.

    შუა საუკუნეების ფილოსოფიაში ერთ–ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა ღმერთისა და მორალის ურთიერთდამოკიდებულებისა  და ურთიერთგანპირობებულობის საკითხი. ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას გვთავაზობდა ფილოსოფიური მიმართულებები – ინტელექტუალიზმი და ვოლუნტარიზმი. ინტელექტუალიზმისა და ვოლუნტარიზმის დიქოტომიის განხილვა შესაძლებელია ე.წ. ევთიფროს დილემის კონტექსტში. დილემის არსი შემდეგშია: ღმერთი გვეუბნება იმას, რაც სწორია თუ, რადგან ღმერთი გვეუბნება, ამიტომაა სწორი? ფილოსოფიაში ეს თემა დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს, პოლიტიკაში კი ევროპელებმა იგი უმარტივესად გადაჭრეს. მათი მიდგომა ასეთია: სწორია, რადგან ამერიკა გვიბრძანებს. ამით ისინი არამხოლოდ ფილოსოფიას (სიბრძნეს და აზროვნებას), არამედ ღმერთსაც განუდგნენ, რადგან ღმერთის ადგილზე ამერიკა წამოასკუპეს. ღმერთის ადგილზე რაკი ამერიკა დასვეს, სატანის ადგილს ცარიელს ხომ არ დატოვებდნენ? ეს ადგილი რუსეთს გადაულოცეს და ”ევთიფროს დილემაც” საბოლოოდ ”გადაჭრეს”: ამერიკა სიკეთეა, რუსეთი ბოროტებაა! ჰოდა, ცხოვრობენ, აზროვნებენ და მოქმედებენ ამ ”ჭეშმარიტებით”.

    ამ ლოგიკამ ევროპა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ, რაკი ამერიკამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა და სახელმწიფო გადატრიალების განაჩენიც გამოუტანა, ქართველები ჩვენც უნდა ჩავწიხლოთო. ჩაგვწიხლეს კიდეც. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ქართველი ხალხის ეროვნული სულის დათრგუნვის საშუალებაა, მისი თავისუფალი ნების გამოვლენის ამკრძალავი მექანიზმია. ისევ ამერიკელი მწერლის ნათქვამს თუ მივუბრუნდებით, გაუმჟავნებელი ნეგატივი გამჟღავნდა. ვიცი, გადაჭარბებაში ჩამითვლით, მაგრამ ევროპის ბოროტი სახე ჰიტლერსაც კი არ გაუმჟღავნებია ისე სრულად და ამომწურავად, როგორც იმ დოკუმენტმა გაამჟღავნა, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელსაც ასე ჰქვია: ”რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ”. დოკუმენტს, რომელიც 25 პუნქტისგან შედგება, 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. სულაც არ არის აუცილებელი 495 ევროდეპუტატის მიერ ხელმოწერილი ამ რეზოლუციიის ოცდახუთივე პუნქტის გაცნობა, რათა მიხვდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფა, მისთვის სულში ჩაფურთხებისა და სილის გაწვნის ტოლფასი ქმედება.

    პირველ პუნქტში ვკითხულობთ: ”ევროპული პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელიც ექსპონენტურად მიმდინარეობდა ამ წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მკაცრად გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და “ოჯახის ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების” მიღებას”.

    რატომ, თქვე კარგო ხალხო, რატომ? რატომ გვაყრით თვალში ნაცარს? ვის რას უშავებს გამჭვირვალობის კანონი ან გულზე ეკლად რატომ გესობათ ოჯახის ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი? უკონტროლოდ შემოგატანინოთ ფული, რომელიც საქართველოს საზიანოდ მუშაობს, და ასევე უკონტროლოდ შემოვუშვათ გეიპროპაგანდა, რომელიც ჩვენს ახალ თაობას გარყვის და გადააგვარებს?! ეს ხომ უსამართლო მოთხოვნა?!

    ”მიმდინარე მოვლენები თანხვედრაში არ არის ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ მოქმედი, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; მკაცრად უსვამს ხაზს, რომ, თუ ზემოხსენებული კანონმდებლობა არ გაუქმდება, ვერ იქნება პროგრესი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში; წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველო – ერთ დროს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი – დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის”.

    ეს არის ბრალდება, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია. რას გვედავებიან და რას გვემართლებიან?! ევროპულ ღირებულებებთან ზიარება საკუთარი ღირებულებების სრულ იგნორირებას ნიშნავს? საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობისა და წარმოდგენების ხელაღებით უარყოფას ნიშნავს? ქართულ მითოლოგიაში, ფოლკლორში, ფილოსოფიასა და მწერლობაში გავლებული მაგისტრალური ხაზიდან გადახვევას ნიშნავს? ეს როგორ უნდა მოგვთხოვონ ან რატომ უნდა მოგვთხოვონ? არადა მოითხოვენ! მოითხოვენ და, თუკი არ შევასრულებთ, სასჯელებით გვემუქრებიან: ”ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიასა და წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს მთავრობის მიმართ გაიყინოს მანამ, სანამ ზემოხსენებული ანტიდემოკრატიული კანონები არ იქნება გაწვეული და უნდა დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობის სამომავლო დაფინანსების გაცემისთვის” (მეორე პუნქტი).

    ევროპარლამენტის მოთხოვნები თანდათან მძიმდება და ტონიც მკაცრდება: ”ევროპარლამენტი გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც იმუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და ოპოზიციას “კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას” უწოდებენ; ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესს და გამოხატვის თავისუფლებას, ხელს უწყობს შიშის გარემოს შექმნას’’ (მესამე პუნქტი).

    ევროპელი დეპუტატების უმრავლესობა, როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ნათელ წერტილსაც პოულობენ. ეს ნათელი წერტილი იმპიჩმენტგამოვლილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია: ”ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, საქართველო განვითარების დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე დააბრუნოს, და მკაცრად გმობს ქართული ოცნების ძალისხმევას, იგი უსაფუძვლო იმპიჩმენტის პროცედურით გააჩუმოს’’ (მეექვსე პუნქტი).

    ნეგატივი ევროპა სალომე ზურაბიშვილში თუ ნათელ წერტილს ხედავს, მან ბნელი წერტილიც ხომ უნდა აღმოაჩინოს?! ამისთვის ფიქრში დიდი დრო არ დაუკარგავთ:

    ”ევროპარლამენტი გმობს საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და მორიგ მცდელობაში, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას რუსეთისკენ მიქცევის სასარგებლოდ”.

    აჰა, ბნელი წერტილიც და მთავარი დამნაშავეც ნაპოვნი ჰყავთ და, რაკი მას მიაგნეს, მის მიმართ მკაცრმა სასჯელმაც არ დააყოვნა: ”დაწესდეს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლო სხვა ქმედებების გამო” (მეშვიდე პუნქტი).

    ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მარტო არ არის. მას გუნდი ჰყავს. ეს მომენტი ევროპელ დეპუტატებს მხედველობიდან არ გაუშვიათ: ”ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, პასუხი აგებინონ და პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. ევროპარლამენტი მიესალმება აშშ-ის მიერ ”ქართული ოცნების” ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს” (მერვე პუნქტი).

    ევროპელ დეპუტატებს, როგორც ჩანს, გულთან მიუტანიათ ”ქართული ოცნების” ბანერებში უკრაინის კადრების გამოყენება იმის სათქმელად, რომ ომს უბედურება მოაქვს: ”ევროპარლამენტი გმობს ”ქართული ოცნების” მიერ უკრაინის ომში სისასტიკის ამსახველი სურათების გამოყენებას, როგორც 2024 წლის ოქტომბრის წინასაარჩევნო კამპანიაში აზრის მანიპულაციისა და პრორუსული და ანტიუკრაინული დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას” (მეცხრამეტე პუნქტი).

    ყოველივე აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტი პირდაპირ ავალებს ”ქართულ ოცნებას”:

    ”ევროპარლამენტი მოელის, რომ ”ქართული ოცნება” მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს პატივს სცემს და უზრუნველყოფს ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან პროცესს” (მეოცე პუნქტი).

    არავითარი ორაზროვნება და ბუნდოვანება, არავითარი ”ბოლომდე გაუმჟღავნებელი ნეგატივი”, ყველაფერი დღესავით ნათელია. არც მეტი, არც ნაკლები, ”ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესი” უნდა უზრუნველყოთო.

    ახლა ვნახოთ, თუ რა აწუხებს ევროპას: ”ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო, მათ შორის – რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის, სავაჭრო კავშირების გაძლიერებისა და საქართველოს სურვილის გამო, გააგრძელოს რუსეთის მიმართ შერიგების პოლიტიკა”.

    ა, ბატონო, რუსეთს არ უნდა შეურიგდეთო, ეს გულშიც არ უნდა გაივლოთო, თქვენ რუსეთის მუდმივ მტრად უნდა დარჩეთო. ასეთია დავალება, რომელიც ევროპარლამენტმა მის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერა. თან დაგვიკონკრეტა, თუ რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში: ”ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ უკრაინაში, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაატაროს ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილოს (რუსეთის მიერ – ვ.კ.) ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლა; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულ თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთისადმი ევროკავშირის სტრატეგიასთან”.

    მერე რა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას ანგრევს; მერე რა, რომ ეს რუსეთისთვის პრაქტიკულად ომის გამოცხადებას ნიშნავს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, ეს ჯდება დასავლეთის იმ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით აქვს შემუშავებული. მორჩა და გათავდა, მათ საკუთარი ინტერესების გარდა, სხვა არაფერი ადარდებთ. გამჟღავნდა, გამჟღავნდა ევროპული ნეგატივი.

    არც ეს არის ყველაფერი. მათ შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ივანიშვილის მოშორების შემდეგ ხომ სჭირდებათ თავიანთი კაცი, რომელიც მათ ყველა ბინძურ დავალებას სიტყვის შებრუნების გარეშე შეასრულებს: ”ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰუმანიტარულ საფუძველზე დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა მან მიიღოს სამედიცინო დახმარება უცხოეთში; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და ხელისუფლება სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის” (ოცდამესამე პუნქტი).

    ამ რეზოლუციაში მრავალი სხვა სისულელე და სიბინძურე წერია, მაგრამ, რაც ამ სტატიაში წარმოვადგინე, სავსებით საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ევროპა და ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არც ყოფილან, არც არიან და ვერც იქნებიან, ვინაიდან ჩვენ თავისუფლება გვწყურია, მათ მხოლოდ ძალადობა შეუძლიათ; ჩვენ იმთავითვე ღმერთის გზა აგვირჩევია, ისინი იმთავითვე სატანას ეთაყვანებიან; ჩვენი ისტორია მკვეთრგამოსახულებიანი სურათებისგან შედგება, ისინი ერთმანეთის ”ბოლომდე გაუმჟღავნებელი ნეგატივები” არიან.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here