Home ახალი ამბები საქართველო დასავლური ხანძარი აღმოსავლეთში

დასავლური ხანძარი აღმოსავლეთში

ანუ ტანდემი, რომელიც უნდა დაიშალოს!

1 ოქტომბერს ირანმა ისრაელი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ასობით ირანულმა რაკეტამ ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი გაანადგურა. ახლო აღმოსავლეთში ისედაც მოგიზგიზე ომის ხანძარი, თითქოს ქარიშხალს დაებეროს, ერთბაშად გაძლიერდა. რეგიონში დაძაბულობა უფრო მაღალ კატეგორიაში გადავიდა…

დღევანდელ მძიმე ვითარებაზე სანამ რამეს ვიტყოდე, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის ისტორიიდან რამდენიმე მომენტს შეგახსენებთ:

ისრაელის სახელმწიფოს შექმნას, როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს,   ორმა ზესახელმწიფომ (საბჭოთა კავშირი და აშშ) დაუჭირა მხარი. აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი  თავის მთავრობაშივე შეეჯახა უზარმაზარ წინააღმდეგობას, კერძოდ, სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშალისა და თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის სახით. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ აშშ-ის მხრიდან პალესტინის ტერიტორიის გაყოფისა და ებრაული სახელმწიფოს წარმოქმნისთვის ღია მხარდაჭერის შემთხვევაში სტალინი არაბულ სახელმწიფოებს დაუჭერდა მხარს, რაც მას ახლო აღმოსავლეთზე უდიდესი გავლენის მოპოვების საშუალებას მისცემდა. ტრუმენს კი ნავთობით უმდიდრეს რეგიონში მუდმივად მხარდამჭერი თუნდაც პატარა სახელმწიფო სჭირდებოდა, რომელიც აშშ-ისთვის რეგიონში მყარად ფეხის მოსაკიდებელი იქნებოდა. სტალინი, როგორც ირკვევა, სულ სხვა მიზნებს ისახავდა,  კერძოდ, მისთვის უმთავრესი იყო რეგიონში დიდი ბრიტანეთის გავლენის შესუსტება.  ამ ამბების ერთ-ერთი თვითმხილველი მიხეილ ვეტროვი (იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრ მოლოტოვის თანაშემწე) სტალინის მიერ ხატოვნად  ნათქვამ ერთ წინადადებას იხსენებს: ”მხარი დავუჭიროთ ისრაელის სახელმწიფოს წარმოქმნას. ეს სადგისივით იქნება არაბულ სახელმწიფოთა უკანალში და მათ აიძულებს, ზურგი აქციონ ბრიტანელებს. საბოლოო ჯამში ბრიტანელთა გავლენას საფუძველი გამოეცლება ეგვიპტეში, სირიაში, თურქეთში, ერაყში”.

ამ რთულ საკითხზე  ასე ერთ წერტილში მოიყარა თავი საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სრულიად განსხვავებულმა ინტერესებმა და, მიუხედავად დიდი შინაგანი წინააღმდეგობისა, 1948 წლის 14 მაისს შესაძლებელი შეიქნა  ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება. უძველესი და მრავალტანჯული ერი ისრაელისა, რა თქმა უნდა, უფლებამოსილია,  ჰქონდეს საკუთარი მიწა-წყალი და სახელმწიფო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღიდან მისი გამოცხადებისა ამ სახელმწიფოს სხვათა მიერ სხვადასხვა შინაარსის პოლიტიკური ფუნქცია აქვს დაკისრებული, რასაც იგი ვერც გაურბის და არც გაურბის. სტალინის მიერ დაკისრებული პოლიტიკური ფუნქცია სადგისისა დღეს არ არსებობს, ვინაიდან აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, რომელსაც სტალინი წარმოადგენდა. ტრუმენის მიერ დაკისრებულ პოლიტიკურ ფუნქციას კი, რომ ისრაელი იყოს აშშ-ისთვის ფეხისმოსაკიდებელი სახელმწიფო ოკეანესავით უზარმაზარ არაბულ სამყაროში, მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს. ასე რომ, ეს ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც პატარა სახელმწიფო არაბულ სამყაროში იმ კუნძულად ჩამოყალიბდა, რომელმაც უზარმაზარი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ასე იქცა ისრაელი ამერიკული დაფინანსებისა და შეიარაღების ერთ-ერთ უპირველეს რეციპიენტად. მის ამგვარ მდგომარეობას ახლავს მრავალი დადებითი მომენტი. ამგვარ ვითარებაში მყოფ სახელმწიფოს შეუძლია,  რისკების გარეშე შექმნას სახელმწიფოს განვითარების, თავდაცვისა და პერსპექტივის თუნდაც ყველაზე ამბიციური პროგრამა და, რაც მთავარია, შეძლოს  მისი რეალიზება.  ამგვარ მდგომარეობას უარყოფითი მომენტებიც ახლავს, კერძოდ, იგი შეიძლება იმ დონეზე იქცეს ვითარების  მძევლად, რომ სხვისი ინტერესები სრულიად ბუნებრივად აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან თითქმის ყველაფერი, რაც ამ სახელმწიფოს კეთილდღეობისა და ძლიერების საფუძველია, გარედან მოსული და დოტაციურია, დოტაციის შეწყვეტა კი ცხოვრების დონის ერთბაშად დაცემას გამოიწვევს. ეს ურთულესი ვითარებაა. ისრაელი ჯერჯერობით ინარჩუნებს სახელმწიფოს სახეს, მაგრამ კარგავს შინაარსს. იგი აშშ-ის საელჩოდ თუ სპეცსამსახურების ფილიალად ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში. ამასთანავე, იგი არ კარგავს სადგისის ფუნქციას არაბულ სახელმწიფოთა უკანალში, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, უკვე აღარ არის საბჭოთა სადგისი, ეს ამერიკული სადგისია.

არამხოლოდ უმძიმესი, არამედ უცნაური ხვედრის ხალხია ებრაელები. ალბათ, არც ერთი ხალხი არ ყოფილა იმ მასშტაბის დევნა-შევიწროების ობიექტი, როგორც ისინი აღმოჩნდნენ ისტორიულად. ამ თვალსაზრისით ებრაელები ყველაზე მეტად იმსახურებენ საყოველთაო თანადგომას, მოფერებას, გულისხმიერებას, მაგრამ მძიმე ისტორია მათ საერთო, საყოველთაო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მათი მხრიდან ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა ამერიკული იმპერიალიზმის სამსახურში დგომაა. მეტიც, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან ეს გარყვნილი და გაბოროტებული იმპერია მსოფლიოს, ერთი მხრივ, მონობისკენ, მეორე მხრივ კი, ბირთვული კატასტროფისკენ მიათრევს. მსოფლიო მასშტაბის ამ პოლიტიკურ, საფინანსო და სამხედრო ავანტურაში ასე თავდადებული მონაწილეობა, რომელსაც ისრაელი აკეთებს, უდიდესი შეცდომა და უმძიმესი დანაშაულია. მე არც მტყუან-მართლის გარკვევას ვაპირებ, არც ირანელებისთვის პირის მობანას და არც ებრაელების გაშავებას, მაგრამ მოცემულ  ვითარებაში  ყველა, ვინც ამერიკულ პოლიტიკას უპირისპირდება, სიმპათიურად და მართალ მხარედ გამოიყურება;  ყველა ის კი, ვინც ამერიკული პოლიტიკის მხარეს დგება, უსამართლობის, უზნეობის, ტერორიზმისა და ძალმომრეობის მხარეს აღმოჩნდება თუნდაც ამას სიტყვიერად უარყოფდეს და ეწინააღმდეგებოდეს. პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ ისრაელის დაბომბვის შემდეგ განაცხადა: „ჩვენ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი განადგურებისკენ მიისწრაფვის. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ვიდგებით ერთად და უფლის დახმარებით  ერთად გავიმარჯვებთ. გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთით, დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადიულობას“.  ცხადია, რომ ამ განცხადებაში გაბრაზებული ლიდერი ჩანს, მაგრამ დაფიქრებული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე არ იკვეთება. ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას თქვა: ”ისრაელი და აშშ რდესაც ერთად არიან, გამარჯვება გარდაუვალია”. უდავოა, რომ ბატონ ნეტანიაჰუს საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე  ჩემზე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ მაინც გავბედავ და შევუსწორებ: ამერიკული პოლიტიკის გამარჯვება, რომელიც უსამართლობაზე, უზნეობასა და ძალმომრეობაზე დგას, გამორიცხულია, მათი პარტნიორების ფართხალი კი ამაოა!

ისრაელის დაბომბვაზე  პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა (დემოკრატიული პარტია) განაცხადა: „მე  ვგმობ ამ თავდასხმას. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. ირანი საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის არ წარმოადგენს, ირანი ასევე არის საფრთხე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგიონში. აშშ არასოდეს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ“. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა დონალდ ტრამპმა (რესპუბლიკური პარტია) საკითხს სხვა რაკურსით შეხედა: „ისრაელი ახლა თავდასხმის ქვეშ არის, რადგან აშშ დიდ სისუსტეს ავლენს. ჩვენი ადმინისტრაცია რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ეს არ მოხდებოდა. ეს ყველამ იცის. ამერიკა ლოცულობს ისრაელისთვის“.

კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული რაკურსის შემცველია, ისრაელისთვის მხარდაჭერის ნაწილში საოცრად დაემთხვა ერთმანეთს. ეს საგულისხმოც არის და საგანგაშოც. ფაქტია, რომ ტრამპი და ჰარისი მხოლოდ კონკურენტები არ არიან, აკაკი წერეთლის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შორის ”მოციქული არის ტყვია”, მაგრამ ამერიკული ჰეგემონიის საკვანძო საკითხებში ისინი მაინც ერთად აღმოჩნდნენ. ამას ნიშნავს ისრაელის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობა,  ვინაიდან აშშ-ის ჰეგემონიის თუნდაც მოჩვენებითი სიცოცხლისუნარიანობა იქამდე გასტანს, სანამ დასაღუპად განწირული ეს ჯოჯოხეთის იმპერია ისრაელთან თუნდაც მოჩვენებითი პარტნიორობის შენარჩუნებას მოახერხებს. ომის დასავლური ხანძარიც იქამდე იგიზგიზებს ახლო აღმოსავლეთში, სანამ ეს ბოროტი ტანდემი არ დაიშლება.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here