გადასახადები ანგრევს ფერმერს და მუშაობის სურვილს უკარგავს

    3500 ჰექტარი მიწა ისევ უპატრონოდ არის მიგდებული და კიდევ კარგა ხანს ასე იქნება, რადგან სახელმწიფო ცდილობს, იჯარით გასცეს და არ გაასხვისოს

    29

    საზეიმო ვითარებაში გვამცნეს, რომ ყველაფერი რიგზეა,   სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები კონტროლს ექვემდებარება და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც სხვაგან, ანუ პროდუქტები სეზონურად ძვირდება ან იაფდება. ციფრებიც მოგვაშველა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: აგვისტოში ყველაზე მეტად კიტრი, კივი, ნიორი, ჭარხალი, მანდარინი და ბადრიჯანი გაძვირდა, ხოლო საზამთრო, მწვანილი და კომბოსტო გაიაფდაო. ზოგჯერ გვგონია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დილეტანტები მუშაობენ და,  ვინც ამ ციფრებით მანიპულირებ, უბრალოდ, აზრზე არ არიან, „საზამთრო მრგვალია თუ ოთხკუთხედი“. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

    რომ გვეუბნებიან, სეზონური პროდუქტი გაიაფდაო, საზამთრო, მწვანილი და კომბოსტო როდიდან გახდა აგვისტოსთვის სეზონური? საადრეო საზამთრო ივნისიდან შემოდის, პიკს ივლისის ბოლოს აღწევს, აგვისტოს ბოლოს კი, პრაქტიკულად, ნარჩენები იყიდება, ანუ ის ნაყოფი, რომელიც გვიან განვითარდა და აგვისტოს ბოლოს საზამთროს არც ისეთი სიტკბო აქვს, როგორც სეზონზე, და არც ისე გემრიელია. სწორედ ამიტომ ღირს იაფი და არა იმის გამო, რომ თურმე საზამთრო აგვისტოს გამო სეზონურია. რაც შეეხება კომბოსტოს, ახლა თუ არ გაიყიდა, სექტემბრის ბოლოს მხოლოდ საქონლის საკვებად თუ ივარგებს და, რადგან სპეცმაცივრები, უბრალოდ, არ გვაქვს, კომბოსტოს შუა ზამთარშიც კი 10-20 თეთრად იხვეწებიან მწარმოებლები. მწვანილი კი… ვისაც მიწასთან შეხება ჰქონია, იცის, რომ აგვისტო არ არის მწვანილის მოსავლისთვის პიკი და მისი გაიაფება პიკით ნამდვილად არ არის გამოწვეული.

    ცალკე თემაა აგვისტო მანდარინის სეზონურობისთვის. მანდარინი  თურმე იმიტომ გაძვირდა, შემოსვლა დაიწყო,  ახალი ხილი კი ძვირი ღირსო. შემოსვლა კი არა, მანდარინის შემოტანა დაიწყეს  თურქეთიდან და ფასიც ამიტომ ადევს, თორემ, ქართული მანდარინი რომ დაიძვრება შემოდგომის მიწურულს, სიიაფე მერე იქნება. ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აქ ვერ ან დიდი რაოდენობით ვერ მოგვყავს,  ძალიან ძვირია, მარტივ მაგალითზე აგიხსნით. ავოკადო (ძალიან სასარგებლო პროდუქტი)  მსოფლიოში კილოგრამი 1 ევრო ღირს. კოლო ავოკადო  2 ევროდ თურმე მონაკოში იყიდება –  ქალაქ-სახელმწიფოში (გნებავთ სამთავროში), სადაც დედამიწაზე ყველაზე ძვირია მიწის კვადრატული მეტრი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ იქ ერთი კილო ავოკადო 2 ევრო ღირდეს. საქართველოში კი  კილოგრამი ავოკადო 23 ლარიდან იწყება და 30 ლარამდე ადის. ჰოდა, ვისაც სჭირდება, ცალობით ყიდულობს და გსმენიათ სადმე საქართველოში, ერთი კილო ავოკადო ამიწონეთო? არა, იმიტომ, რომ კატასტროფული ფასი აქვს. ეს იციან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ ხმას არავინ იღებს.

    ერთი კვირაც არ გასულა, რაც   სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა:  მთავარია, ერთ სულ მოსახლეზე გავზარდოთ შემოსავალი, მერე სოფლის მეურნეობის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში ძალიან მცირე იქნება, რადგან ადამიანების მსყიდველუნარიანობა გაიზრდება, შემოტანილი პროდუქტების შეძენას მოახერხებენ და ბიუჯეტს ეს უფრო წაადგებაო. იმავე ადამიანმა მაგალითად გერმანია მოიყვანა. იქ თურმე ბიუჯეტში სოფლის მეურნეობიდან შესული ხვედრითი წილი1%-ია. ამაზე დიდი სისულელე, კარგა ხანია, არ მოგვისმენია და ახლავე აგიხსნით, რატომ: დავიწყოთ იმით, რომ გერმანიაში (ისევე, როგორც თითქმის  მთელ მსოფლიოში) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის გადასახადები პრაქტიკულად განულებულია. მეორეც – გერმანიის გასული წლის ბიუჯეტი 802 მილიარდი ევრო იყო. ამ თანხის 1% კი  8 მილიარდი ევრო გამოდის, ლარში რომ გადავიანგარიშოთ, 24 მილიარდ ლარამდე და საქართველოს წლიური ბიუჯეტი 25 მილიარდი ლარია. რა გამოდის? გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ბიუჯეტში საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის თანხას იხდიან და შედარებისთვის გერმანიის მოყვანა არ გამოდგება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

    იცით, რომ მუნიციპალიტეტებში მელიორაციის ადგილობრივ წარმომადგენლობებს გეგმა აქვთ, რომ სეზონზე კონკრეტული ოდენობის ჰექტარი უნდა მოირწყას. ჰოდა, გასულ კვირას ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების ხელმძღვანელი წუწუნებდა: 100 ჰექტარზე მეტი დამრჩა გეგმით მოსარწყავი და სად ვნახო, ვინ ვნახო, არ ვიცი, საყვედური და ეგებ სამსახურიდან გაშვებაც არ ამცდებაო. ამ გეგმებს რომ არიგებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმაზე თუ ფიქრობს, რომ მოსახლეობა სახელმწიფო მიწებს არ ამუშავებს იმის გამო, რომ გადასახადების გადახდის შემდეგ არაფერი რჩება? მიწის სისტემური რეგისტრაცია რომ დაიწყეს და მილიონზე მეტი ნაკვეთი ავზომეთ და დავარეგისტრირეთო, რომ „გვებლატავებიან“, იმას რატომ არ ამბობენ, რომ ამ ნაკვეთებში 80%-ზე მეტი, მამა-პაპისეული, საკარმიდამო მიწებია და არა დიდი სავარგულები, რომლებსაც სახელმწიფო ისევ საკუთრებაში იტოვებს და არ ყიდის. სწორედ სახელმწიფო იყო, კონკრეტულ პიროვნებას მიგდებული 3500 ჰექტრიდან 100 ჰექტარი პირდაპირი შესყიდვის წესით რომ არ მისცა, აქაოდა, იჯარით აიღეო და იჯარა, იცით, რას ნიშნავს? ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ ჰექტარი წლიურად 1000 ლარი გამოდის, 100 ჰექტარი კი – 100 ათასი, ანუ იწყებ რაღაცას და უკვე 100 ათასი ლარის ვალი გაქვს და თანაც ყოველწლიურად. ასე ჩავარდა სოფლის მეურნეობაში 8 მლნ დოლარის ინვესტიცია და ის 3500 ჰექტარი მიწა ისევ უპატრონოდ არის მიგდებული და კიდევ კარგა ხანს იქნება, რადგან სახელმწიფო ცდილობს, იჯარით გასცეს და არ გაასხვისოს. რატომ ჰგონია სახელმწიფოს წარმომადგენელს თავი რომელიმე ბიზნესმენზე ან რიგით ფერმერზე ჭკვიანი, ვერ გეტყვით.

     შემოდგომაა და, წესით, ხორბლის საადრეო მოსავალი რომ მივიღოთ გაზაფხულზე, ახლა უნდა დავთესოთ, მაგრამ არავინ აპირებს რამის დათესვასა და მოყვანას, რადგან აზრი დაკარგა მიწაზე შრომამ, თუ საკუთარი მიწის ნაკვეთი არ გაქვს, გადასახადები ანგრევს ფერმერს და მუშაობის სურვილს უკარგავს. ახლა  მთელი მსოფლიო იმას გაჰკივის, ხორბლის და სიმინდის ცუდი მოსავალი იყო, ეს ორი პროდუქტი აუცილებლად გაძვირდებაო.  ჩვენ კი ყურებს მაინც არ ვიბერტყავთ. სამაგიეროდ, რუსეთში იყო ძალიან კარგი მოსავალი და პირველად მოხდა, რომ საქართველოში სიმინდსა და ქატოს ერთი და იგივე ფასი აქვს. ჰო, 1 კილო სიმინდიცა და 1 კილო ქატოც  65 თეთრი ღირს და ეს სწორედ რუსეთიდან შემოტანილი სიმინდის „ბრალია“. ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ დიდ ტერიტორიაზე სიმინდს ვეღარ თესავენ, ამიტომ გაისად მისი მოყვანის აზრს ვეღარ ხედავენ და სავარაუდოდ, უკვე მომავალი წლიდან მთლიანად რუსეთიდან შემოტანილ სიმინდზე ვიქნებით დამოკიდებულნი. და რა მოხდება, თუ რუსეთი უბრალოდ გააძვირებს სიმინდს? კულუარებში გვეუბნებიან, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას არ იზამს; თუ იზამს, საქართველოს არ შეეხება და… ჰო, ის ქვეყანა, რომელიც მტრად გვყავს გამოცხადებული, თურმე შეეცდება, რომ ჩვენ პროდუქტი არ გაგვიძვიროს და ნეტავ რატომ? მტრები ასე იქცევიან? არადა, მარტივად შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა: იმავე ფერმერებს, რომლებიც ახლა 100 და 200 ჰექტარს ამუშავებენ და სიმინდი მოჰყავთ, სახელმწიფომ უქმად მიგდებული მიწები  მიჰყიდოს.  მერე სტიმული მიეცემა მათ საქმიანობას, როცა მასშტაბი დიდია, ინტერესიც იზრდება, მაგრამ  ამაზე ხელისუფლება არ ფიქრობს.

    აგერ არჩევნები მოგვადგა კარს და ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში დახარჯული მილიარდებით ამაყობს, მაგრამ სად არის შედეგი, რომელიც ამ მილიარდებს უნდა მოეტანა? რატომ არავინ ამბობს, რომ თუნდაც  რუსეთი და მეორე მეზობელი თურქეთი საუცხოო მაგალითია იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში გონივრულად ჩადებული თანხა ამართლებს? რომ გადასახადების ლამის განულებამ ძალიან კარგად იმუშავა, რომ შემოტანილ პროდუქტზე გაზრდილმა გადასახადმა და ადგილზე მოყვანილ პროდუქტზე განულებულმა გადასახადმა საოცარი ეფექტი აჩვენა? ეს ხომ არ არის მითი და შორეული პერსპექტივა? გვაქვს ორი ქვეყნის მაგალითი და შეგვიძლია მათი გამოცდილება, უბრალოდ, გადმოვიღოთ, გადმოვიწეროთ, მაგრამ გადაწერასაც  ნიჭი სჭირდება.

    ავად თუ კარგად, ყურძნის მოსავალი დავაბინავეთ. კარგად იმიტომ, რომ ყველა მევენახემ გაყიდა ყურძენი; ავად კი  იმიტომ, რომ არ ვიცით, ეს ყურძენი საბოლოო ჯამში ვინ იყიდა, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქარხნები მათ მიღებაზე უარს ამბობდნენ: ადგილები აღარ გვაქვს, რეზერვები  შევსებულია, ვერსად წავიღებთო. მერე კი სახელმწიფოს დახმარებით ვიღაცებმა ეს ყურძენი სრულად შეისყიდეს. საინტერესოა, დიდი ქარხნები თუ არ იღებდნენ, ის ვიღაცები ვინღა არიან. ესეც ერთი დიდი აფერა  და მევენახეების ხარჯზე გაკეთებული უზარმაზარი თანხები გვგონია, თორემ როგორ შეიძლება, 1 ლიტრი ნამდვილი საფერავი 30-35 ლარი ღირდეს და ერთ კილოგრამ საფერავს 1,50 ლარად იბარებდნენ?! ამაზე პასუხს, ალბათ,  არავინ გაგვცემს, მაგრამ ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია?!

    ბატონებო, ციფრები არასდროს ტყუიან.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here