არ არსებობს არაფერი, რასაც არსით მისი საწინააღმდეგო და საპირისპირო მხარე არ ჰქონდეს. ერთი მხრივ, დაპირისპირებულთა ბრძოლა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმავე დაპირისპირებულთა ერთიანობაა სამყაროს არსებობის საფუძველთა საფუძველი, მისი მამოძრავებელი და განვითარების წინაპირობა.
სიკეთე – ბოროტება, სიყვარული – სიძულვილი, ნათელი – ბნელი, სრულყოფილი – ნაკლოვანი, რაციონალური – ირაციონალური და ა.შ. იქაც კი, სადაც ეს ნაკლებად მოსალოდნელია, საქმე გვაქვს საპირისპირო მოვლენასთან: მატერია – ანტიმატერია. თვით ღმერთიც კი, რომელიც ერთიანი, განუყოფელი და აბსოლუტია, არ არსებობს საპირისპიროს გარეშე. სატანაა მისი საპირისპირო. ღმერთის სამი იპოსტასი – ყოვლის მცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლად კეთილი წმინდა ლოგიკური თვალსაზრისით ეჭვქვეშ დგება იმ გაგებით, რომ შეუძლებელია, მან არ იცოდეს სატანის არსებობა (ყოვლის მცოდნეა); შეუძლებელია, მას არ შეეძლოს სატანის დამარცხება (ყოვლის შემძლეა); შეუძლებელია, მას არ უნდოდეს სატანის განადგურება (ყოვლად კეთილია). ესე იგი, ღმერთს ყველა პირობა და საშუალება აქვს სატანის დასამარცხებლად. მეტიც, ღმერთს არანაირი საფუძველი არ აქვს სატანასთან თანაარსებობის დასაშვებად და ამგვარ თანაარსებობასთან შესაგუებლად. მიუხედავად ამისა, ღმერთი და სატანა თანაარსებობენ. ამ ფაქტს ლოგიკური გამართლება არ აქვს, პირველ რიგში იგი შეუთავსებელია (წინააღმდეგობაში მოდის) ღმერთის იმ სამ მდგომარეობასთან, რომელიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. ან ის უნდა დავუშვათ, რომ ღმერთი არ არის ან ყოვლის მცოდნე, ან ყოვლის შემძლე, ან ყოვლად კეთილი (ასეთ შემთხვევაში ღმერთი უკვე აღარ არის ღმერთი), ან, როგორც ზემოთ ვთქვით, უნდა დავუშვათ ის, რომ იგი ეგუება რაღაცას ისეთს, რასაც არ უნდა ეგუებოდეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, კომპრომისს უშვებს. საერთოდ, ღმერთის მიმართ შეგუებისა და კომპრომისის ცნებების გამოყენება შეუფერებელი და აბსურდულია, რადგან შეგუება და კომპრომისი არამართებულის (არასწორის) დაშვებას ნიშნავს და ამ შემთხვევაშიც ღმერთი უკვე აღარ არის ღმერთი, ვინაიდან იგი სისწორისა და სამართლიანობის უზენაესი გარანტი და მოცემულობა უნდა იყოს.
მაშ, რაშია საქმე? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერც მეცნიერება იძლევა, ვერც თეოლოგია, ვერც ფილოსოფია, ვერც მწერლობა და ვერც მითოლოგია, თუმცა მცდელობას ყველგან ვაწყდებით. ბიბლიაში სატანის წარმოშობაც კი ისეა მოცემული, რომ ამაში ღმერთის ხელი (ნება) არ უნდა ერიოს. კი მაგრამ, როგორ?! ღმერთი ხომ ყოვლის საწყისია?! როგორ შეიძლება ყოვლის შემოქმედის გვერდის ავლით მოვლინებულიყო ქვეყნად ძალა, რომელსაც ეშმაკი ჰქვია და, რომელიც, მართალია, ბოროტია, მაგრამ უზარმაზარი ძალისა და გავლენის მქონეა. ზოგიერი გაგებით იგი მეორე ძალაა (ღმერთის შემდეგ), ზოგიერთი გაგებით კი ღმერთის ტოლი ძალაა ბოროტების მიმართულებით. განა შესაძლებელი იყო, რომ ამ მასშტაბის ძალა ყოვლის შემოქმედის გვერდის ავლით შექმნილიყო? როგორ არის ეს ახსნილი ბიბლიაში? ”ის, ვისაც ეშმაკი ეწოდა, თავდაპირველად სრულყოფილი სულიერი ქმნილება, ღვთის ერთ-ერთი ანგელოზი იყო. ეშმაკი იგი მას შემდეგ გახდა, რაც პატივმოყვარეობამ შეიპყრო და ადამიანებისგან თაყვანისცემა მოინდომა. ამიტომ მან ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის უფლება, რაშიც იმასაც გულისხმობდა, რომ ღმერთი არ იმსახურებს მორჩილებას” (იობი1:6,7; 1:8,11).
ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით, აქ აშკარა ხარვეზი გვაქვს, რადგან, თუკი ყველაფერი, რაც არსებობს, ღმერთისგან წარმოიშვა და თუკი სატანა არსებობს, ე.ი., სატანა ღმერთის მიერ ყოფილა წარმოშობილი, ამიტომ ის ირიბი გზა, რომ ღმერთმა, სატანა კი არა, ანგელოზი წარმოშვა, რომელიც დაცემის შემდეგ იქცა სატანად (ლუციფერად), ზემოთ ჩამოყალიბებულ ლოგიკურ მსჯელობას ვერ ანგრევს. ამ შემთხვევაში (პირდაპირ უნდა ითქვას) ბიბლიაში ღმერთის გამართლების გულუბრყვილო მცდელობასთან გვაქვს საქმე.
თეოლოგიაში გაცილებით ღრმა მსჯელობაც გამიგია, ვიდრე ბიბლიის მიერ შემოთავაზებული დაცემული ანგელოზის ეპიზოდია. ვთქვათ, ასეთი: ღმერთი ის მოსამართლეა, რომელმაც წინასწარ იცის ყველაფერი, მაგრამ მან ყველა მხარეს უნდა მოუსმინოს, ყველას უნდა მისცეს მტკიცების წარმოდგენის უფლება და საშუალება. ამ მსჯელობაში სატანის წარმომავლობაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ის აზრი კი უდავოდ იკითხება, რომ ადამიანებს ცდუნებაც (სატანა) სჭირდებათ და მისი გამსამართლებელიც (ღმერთი). ამ გზის გავლის გარეშე ვერ შედგება ის ადამიანი, რომელიც ღმერთის ნებას შეესაბამება. ღმერთმა ადამიანებს არც სიკეთე მოახვია თავს და არც ბოროტება, პირიქით, საპირისპიროთა შორის არჩევანის თავისუფლება მისცა, რითაც გამოცდა მოუწყო. ადამიანს სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის თავისუფლება თუ არ ექნა, თუკი იგი იმთავითვე სიკეთედ და სიყვარულად შეიქმნა, მისი სიკეთე და სიყვარული არ იქნება სრულყოფილი, ანუ არ იქნება გამოცდით ნაწრთობი და ცდუნებებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღე არ იქნება დღე, თუკი იგი ღამესთან (სიბნელესა და წყვდიადთან) ბრძოლაში არ გათენდა და, მუდმივად მზის სხივებით გაკაშკაშებული, საპირისპიროსგან მოწყვეტილი დარჩა. არა, როგორ არა, ასეთ შემთხვევაშიც დღე დღე იქნება, მაგრამ სად უკუნ ღამესთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შედეგად მზის სხივებით ნაშობი დღე და სად მარადიული დღე, რომელსაც ვერანაირი სიბნელე ვერ ეკარება?! ღმერთმა ადამიანებს ბრძოლისა და გამარჯვების საშუალება უბოძა (აჩუქა), როგორც მტერზე (სატანაზე), ასევე საკუთარ ცდუნებებზე (ესეც სატანაა!) გამარჯვების შანსი და სიხარული, თუმცა აქაც ალტერნატივა დაუტოვა – მარცხისა და დაღუპვის შიშისა და შესაძლებლობის სახით. ის მსჯელობა, ზემოთ რომ მოვიტანე ღვთიური სასამართლოს შესახებ, ასე ვითარდება: ღმერთს კარგად ესმის, რომ სანამ სასამართლო პროცესი გრძელდება, ადამიანების ტანჯვა არ დასრულდება. მას სურს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი. ბიბლია ღმერთს „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“ უწოდებს (კორინთელები 1:3). „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ ეშმაკს იმაზე დიდხანს არსებობის უფლებას არ მისცემს, ვიდრე საქმეს სჭირდება. არც იმას დაუშვებს, რომ სატანის გაფუჭებული საქმე გამოუსწორებელი დარჩეს, მაგრამ ღმერთი დროზე ადრე არ მოსპობს ეშმაკს და უზენაესი სასამართლო პროცესის დასრულებას დაელოდება”.
რა იქნება შემდეგ? ვის შეიძლება ჰქონდეს ამ შეკითხვის პასუხი თუ არა ბიბლიას? მართლაც შესანიშნავად არის აღწერილი ის ბედნიერი ჟამი, როცა სასამართლო ჩაივლის, როცა გამოსაცდელები გამოცდას ჩააბარებენ და ყველაფერი თავის ადგილს მონახავს, ანუ ყველაფერი იქნება ისე, როგორც უზენაესს თავდაპირველად ანუ იქამდე ჰქონდა ჩაფიქრებული, სანამ ადამიანი მომაკვდინებელ ცოდვას ჩაიდენდა: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით… მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:11, 29).
როგორი სახე ექნება ამას, ნუთუ ასე სამოთხისებურ ლირიკასა და რომანტიკაში გადავა ყოველი, ან თუ გადავა, რის ხარჯზე და რის ფასად მოხდება ეს? ინებეთ: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3,4). მართლაც რა ღვთაებრივი ჰარმონია, რა ზნეობრივი სისუფთავე და ნეტარებაა აღწერილი, ეს შემზარავი ოთხი სიტყვა რომ არ იყოს ბოლოს ისე, თითქოს სხვათა შორის ნათქვამი: ”რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო”.
მე ბიბლიის რევიზიის მკრეხელური სურვილისგანაც ისევე შორს ვდგავარ, როგორც ცხოვრებაში ბიბლიის მექანიკური გადმოტანის პრიმიტივიზმისგან, მაგრამ კიდევ უფრო შორს ვდგავარ ბიბლიასა და ცხოვრებას შორის ყოველგვარი კავშირის ბარბაროსული უარყოფისგანაც. ბიბლია ფილოსოფიაა, სიბრძნეა, სიღრმეა, უკიდეგანო აზრია (მადლობა ღმერთს, ამაზე არავინ კამათობს, თითქმის არავინ) და, რაკი ასეა, როგორ შეიძლება სიბრძნის ეს ოკეანე სადმე, რაღაც ფორმით (ირიბად, მეტაფორულად, დიალექტიკურად, მეტაფიზიკურად) მაინც არ იკვეთებოდეს ცხოვრებასთან?! და, თუ რაღაც ფორმით მაინც იკვეთება, ის ოთხი სიტყვა, წეღან რომ ასე შეგვძრა, ხომ უმთავრესია ამ გასაოცარ ნააზრევში, რომელსაც ბიბლია ჰქვია?! ამ ოთხ სიტყვას, როგორც ვხედავთ, არამხოლოდ დასკვნის, არამედ აუცილებლობისა და გარდაუვალობის პრიორიტეტი ენიჭება. ჰოდა, როგორ შეიძლება იმ ოთხი სიტყვის საშინელება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მოგვყვება, გულს ხანძარივით არ ედებოდეს და თავში შამფურივით არ ტრიალებდეს, როგორც ბედისწერა, როგორც დიდი რელიგიური, ისტორიული და ადამიანური გაფრთხილება: ”რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო!”
უმძიმესი სიტყვებია. მით უფრო, როდესაც დასკვნის სახითაა ნათქვამი. ნუთუ ეს ისეთივე განაჩენია კაცობრიობისთვის, როგორიცაა სცენარი ფილმისთვის ან პიესა თეატრალური წარმოდგენისთვის. რამდენიც უნდა მიაწყდნენ ღობე-ყორეს რეჟისორები და მსახიობები, უნდა გათამაშდეს (აღსრულდეს) ავტორის ჩანაფიქრი. ფილმის ყურებას როდესაც ვიწყებთ, ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება იგი, მაგრამ თვითონ ფილმმა იცის დასასრული, რომელიც სხვაგვარი ვერ იქნება. შემოქმედმა იცის ფინალი, რომელიც უკვე გათამაშდა, ფირზეც აღიბეჭდა და, რომლის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ (სანამ ფილმი დასრულებულა) ხან ასე წარმოგვიდგენია მისი დასასრული და ხან ისე, თუმცა იგი მხოლოდ და მხოლოდ ისეთი იქნება, როგორიც უკვე არის (წინასწარ არის) და არავითარ შემთხვევაში სხვანაირი. ვაითუ, ჩვენ საკუთარი (უკვე გათამაშებული, გადაღებული და დამონტაჟებული) ფილმის პერსონაჟები და მაყურებლები ვართ ერთდროულად, რომლის სცენარი ყოველთვის იმ ადგილამდე ვიცით, სადაც ვიმყოფებით. კვანძის გახსნა, განვითარება, კულმინაცია, ფინალი არ გვახსოვს და, რაკიღა არ გვახსოვს, წინ გვგონია; ეს იმ დროს, როდესაც ყველაფერი უკან არის, უკვე გავლილი და დასრულებულია. ამაოდ ვწრიალებთ, ვშფოთავთ, ვბორგავთ, რათა ფინალი ისეთი იყოს, როგორიც გვსურს, როგორსაც ვინატრებთ, მაგრამ იგი მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორც იმ საშინელ ოთხ სიტყვაშია ჩამოყალიბებული: ”რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო!”
შევისვენოთ ცოტა. რთულ თემას შევეჭიდე, თანაც არაჟურნალისტურსა და არაპუბლიცისტურს, რადგან ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ ამოწურავს ცხოვრებას, რომელიც მარიანის ღრმულივით საიდუმლოებით მოცული და შორეული კოსმოსივით თვალშეუდგამ-მიუწვდომელია.
მხოლოდ შესვენება კი არა, თემის შეცვლაც უნდა შემოგთავაზოთ. დღევანდელ მსოფლიოს რომ უყურებთ, შიშისა და უმწეობის განცდა არ გიჩნდებათ? იმიტომ კი არა, რომ სისასტიკეა გამეფებული, ამიტომაც, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ გაუგონარ უზნეობაში ჩაიძირა ყოველი. არაფერს ვამბობ სისულელეზე, იმ კონკრეტულ სისულელეზე, რომ ორი ხალხი, რომელსაც მხოლოდ ერთი ეთნიკური წარმომავლობა და წარსული კი არ აქვს, სულით, ხორცითა და სისხლით განუყოფელია, უკვე მერამდენე წელიწადია, ერთმანეთს ხოცავს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ძალიან მოხერხებული და ვერაგული ხაფანგი დაუგო. ეს იმ დროს, როდესაც არსებობს უზარმაზარი გამოცდილება აშშ-ის პრეზიდენტ ტრუმენის სატანური ნათქვამის სახით: ”თუ შევატყობთ, რომ გამარჯვების სასწორი საბჭოთა კავშირის მხარეს იხრება, ჩვენ გერმანელებს დავეხმარებით, მაგრამ, თუ შევატყობთ, რომ იგი გერმანიის მხარეს იხრება, ასეთ შემთხვევაში, რუსებს გავუწვდით დახმარების ხელს. დაე, მათ შეუბრალებლად ხოცონ ერთმანეთი, რაც შეიძლება დიდხანს”. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს ბირთვული შეიარაღების ენით ელაპარაკება, თუმცა ორივემ შესანიშნავად იცის, რომ აქ გამარჯვებული ვერ იარსებებს და, მაშასადამე, სისულელეა ამ გზით სიარული, მიუხედავად იმისა, რომელია მათ შორის მართალი და რომელი – მტყუანი. მეტიც, მსოფლიოს ის ნაწილიც არანაკლებ დაზარალდება ამ უბედურებით, რომელიც განზე დგას და სეირის ცქერას სჯერდება. მსოფლიო განგაშის ზარებს არ არისხებს, მსოფლიო ყალყზე არ დგას, მსოფლიო არ გრგვინავს, არ ზანზარებს და არ გაჰყვირის: შეჩერდით! პირიქით, ყველა იმას ფიქრობს, აქედან რა ხეირი ნახოს და რა სარგებელი მიიღოს. ყველა საკუთარი სამრეკლოდან რეკავს, ყველას საკუთარი ინტერესი გასჩენია და იმას ვერ ხვდება, რომ ის ინტერესი მასთან ერთად დაიღუპება, თუკი იმ წერტილამდე მივა საქმე, რომლიდანაც უკან დასახევი აღარ არსებობს. ასე საოცრად რამ მოადუნა ის ხალხი, რომელსაც ამ უბედურების შესაჩერებლად რაღაც ბერკეტი გააჩნია, მაგრამ გამაოგნებელ გულგრილობასა და დანაშაულებრივ პასიურობას იჩენს?! საკვირველია, ხომ? მაგრამ უფრო საკვირველი ისაა, ათასწლულების წინათ რომელი გონება სწვდებოდა იმას, რა მასშტაბს მიაღწევდა ამ ცოდვილ პლანეტაზე მობოგინე არსებათა დაცემის კოეფიციენტი დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, რომ ის საზარელი ოთხი სიტყვა არა უბრალოდ მიმსგავსებული, არამედ მათზე ზედგამოჭრილი ჩანს.
გლობალური ომის საშინელება ორჯერ უკვე გამოიარა მსოფლიომ. ამერიკული ატომური ბომბებისგან ფერფლად ქცეული ორი იაპონური ქალაქიც ახსოვს ისტორიას, მაგრამ არც ერთ ეტაპზე კაცობრიობა იმ განუზომელ საშიშროებასთან ასე ახლოს, ასე პირისპირ არ ყოფილა, რასაც ეს ოთხი სიტყვა ნიშნავს: ”რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო!”
ზემოთ თეოლოგების ვარაუდი ვნახეთ იმის შესახებ, რომ სატანას უფალი გაასამართლებს, მაგრამ, ვაითუ, ჩვენთვის დაგვიანებული იყოს უკვე ყველაფერი, რადგან არმაგედონი გასავლელია. ბრძოლა, რომელიც ”ერთ კონკრეტულ ადგილას არ გაიმართება; ბრძოლის ველი მთელი დედამიწა იქნება” (იერემია 25:32-34; ეზიკიელი 39:17-20). ფილმი, რომელშიც ჩვენ, არმაგედონის საშინელებაში დასაფერფლად განწირულნი კი არა, უკვე დაფერფლილები ვართ, ტრიალებს ფართო ეკრანზე, რომელსაც შიშისგან, გაურკვევლობისა და გაოგნებისგან გაფართოებული თვალებით მივჩერებივართ და ვერ გაგვიხსენებია, ის საშინელი ოთხი სიტყვა წარსული იყო, რომელიც ახლა ჩვენს მეხსიერებაში ტივტივებს, თუ მომავალია, რომელიც მთელი მისი სისასტიკითა და შემზარავობით გვიახლოვდება: ”რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო!”
ვალერი კვარაცხელია
თუ დააკვირდებით 15 ავტოკეფალური ეკლესიის არცერთი წარმომადგენელი არ ამახვილებს ყურადღებას ახლო აღმოსავლეთზე-(ომზე)…და რუსეთ-უკრაინის ომზე….ეს ომები არის ადრე პროგნოზირებული და ყველა უცხოური მას-მედია დუმს…აქ სჩანს, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ემონება…”მამონას””…მეფისტოფელს….სამწუხაროდ…