მოსახლეობას რომ ულხინდეს, კომერციულ ბანკებში გირაოს სახით 111 მილიარდის ქონება არ იქნებოდა ჩადებული

    კატასტროფაა, თვეში საშუალოდ 4 ათასი ადამიანი რომ ემატება ღატაკთა სიას

    35

    ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბია. 2024 წლის შედეგებით, საარსებო შემწეობას 672 909 ადამიანი იღებს, მოსახლეობის რაოდენობა კი 3 694 608 ადამიანია, ანუ საარსებო შემწეობას მოსახლეობის 18, 2% იღებს, მათგან  450  032 ადამიანი მხოლოდ შემწეობის მიმღებია, დანარჩენი 222 877 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და მათ 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანების მაქსიმალური ანაზღაურება 300 ლარია და ისინი ამ თანხას შემწეობასთან ერთად იღებენ. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ წელს 25 400 ადამიანით მოიმატა, რომელიც ასევე არ არის საამაყო შედეგი.

    ორიოდე კვირის წინათ საზეიმო ვითარებაში არ გვამცნეს, მოსახლეობის საშუალო ხელფასი ლამის 2 ათასი ლარია და ქვეყანა წინ მიიწევსო?  თუ წინ მივიწევთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რატომ იზრდება კატასტროფულად? ჰო, კატასტროფაა, თვეში საშუალოდ 4 ათასი ადამიანი რომ ემატება ღატაკთა სიას. თანაც ეს საშუალო ხელფასის დათვლის პრაქტიკა არასწორია და ახლავე აგიხსნით, რატომ:  მაგალითად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ბატონ დავით ნარმანიას, წლიური ხელფასი 216 ათასი ლარია, ბაღის თანამშრომლის წლიური ხელფასი – დაახლოებით 8 ათას ლარამდე. ჰოდა, ავიღოთ ბაღის 3 თანამშრომელი, დავამატოთ ნარმანია და გამოდის, რომ მათი წლიური საშუალო ხელფასი 60 ათასი ლარია, ანუ თითოეული თვეში 5 ათას ლარს იღებს, სინამდვილეში კი ბაღში ბავშვების აღმზრდელთა ხელფასი 700 ლარს არ აღემატება. ხომ ხედავთ, ამ მეთოდით საშუალო ხელფასის გამოთვლა რომ სისულელეა? აი, საშუალო ხელფასის გამოთვლისას სიაში არ შეიყვანოთ მაღალჩინოსნები – ადამიანები, რომელთა ჯამაგირიც ხუთნიშნა რიცხვია და ნახავთ, რომ საშუალო ხელფასი იმის მესამედი იქნება, რასაც ახლა ანგარიშობთ და ეს არის მწარე, მაგრამ მაინც სიმართლე.

    თუ ეკონომიკა წინ მიიწევს, თუ ვვითარდებით და საშუალო ხელფასი წლიდან წლამდე იმატებს, რატომ არის, რომ, შემწეობას თუ არ მიიღებენ სახელმწიფოსგან, შიმშილით ლამის მოსახლეობის მეხუთედი გაწყდება? ეს მაჩვენებელი  ცუდი კი არა, უბრალოდ, კატასტროფულია და ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ამ 672 909 ადამიანის გარდა, სულ ცოტა, ერთი ამდენი  დილიდან საღამომდე თავს იკლავს მუშაობით იმისთვის, რომ საღამოს შინ იმ დღის საჭმელი ფული მიიტანოს და არანაირი დოვლათის შექმნაზე, ან თანხის დაზოგვაზე საუბარი არ არის. მოსახლეობას რომ ულხინდეს, კომერციულ ბანკებში გირაოს სახით 111 მილიარდის ქონება არ იქნებოდა ჩადებული. ჰო, ვიღაცას ოქრო აქვს დაგირავებული, ვიღაცას – მიწის ნაკვეთი, ვიღაცას – სახლი და საერთო ჯამში, თანხა 111 მილიარდს აჭარბებს. ეს რიცხვი, საქართველოს ბიუჯეტს სამჯერ  აჭარბებს  და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამაზეც იფიქრებს…

    არჩევნების მოახლოებასთან ერთად აუცილებლად გააქტიურდება მოსახლეობის დასაქმების თემაც. სამუშაო ადგილების შექმნა ხომ ის დაპირებაა, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია უშურველად გასცემს, მაგრამ არასდროს არავინ ასრულებს. არადა, მართლა შეიძლება გამოსავლის პოვნა და, ასეულობით კი არა, ათასობით ადგილის შექმნა. აქაც მარტივ მაგალითს მოვიყვანთ. კომუნისტების პერიოდში საქართველოში არაერთი მასშტაბური საკავშირო მნიშვნელობის ქარხანა მუშაობდა. მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რამდენიმე ცვლაში ათასობით ადამიანი მუშაობდა. ეს ქარხანა ახლაც ფუნქციობს, მაგრამ კერძოა და ძველ მასშტაბზე  ვერ გადის. რუსთავთან ახლოს, გარდაბანში, არსებობდა მუყაო-რუბეროიდის ქარხანა, რომელშიც ათასობით ადამიანი მუშაობდა და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლოება ვერ ჰყოფნიდა და ყოველდღიურად იქ სამუშაოდ ავტობუსებს ასობით ადამიანი თბილისიდან და რუსთავიდან მიჰყავდა.  რა მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ? ქარხანა, რომელშიც  საამქრომდე მისასვლელად მუშებს ავტობუსი ემსახურებოდა (სიშორის გამო, ქარხნის ტერიტორიაზე ავტობუსი მოძრაობდა), ორ წელიწადში ისე დაშალეს და გაყიდეს, რომ მის ადგილზე უზარმაზარი მინდორიღა დარჩა. საძირკველიდანაც კი ამოიღეს ბეტონის ფილები და იმხანად ზოგიერთი ხელს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის – ზურაბ ჟვანიასკენ იშვერდა, ვიღაც კი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის უკან მიხეილ მაჭავარიანი იდგა. ასეა თუ ისე, ხელისუფლების უმაღლესი პირების გარეშე ამხელა ქარხანა ჯართად და სამშენებლო მასალად რომ არ გაიყიდებოდა, ცხადია. ჰოდა, თუ კომუნისტების პერიოდში  შეიძლებოდა ასეთი მძლავრი ქარხნების  შექმნა, ახლა რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება, სახელმწიფომ გაიღოს თანხა და შექმნას სახელმწიფო საწარმო, მოგება კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შევიდეს?

    ერთ საინტერესო დეტალსაც გეტყვით: ბელარუსის მსგავსად  რუსეთშიც რამდენიმე კოლმეურნეობა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა და იქ ათასობით სული მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი ჰყავთ, ისევ აწარმოებენ რძეს, ყველს, ხორცს… თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოთხოვების გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით იწარმოება იოგურტიც და… საქართველო ყველაზე მეტ იოგურტს სწორედ რუსეთიდან ყიდულობს და არ შეიძლება, ჩვენთანაც შექმნას სახელმწიფომ საჩვენებელი ფერმა, რომელშიც დიდი რაოდენობის რძის წარმოება იქნება შესაძლებელი? ამისათვის მონდომება და ისეთი ადამიანების პოვნაა საჭირო, რომლებიც არ მოიპარავენ საქონლის საკვებს, არ მოიპარავენ რძეს, ყველს… ჰო, სწორედ ასეთი ადამიანების პოვნაა ძნელი, რომლებსაც საქმეც ეყვარებათ და სოფლის მეურნეობაც. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ (ან მიგვაჩვიეს) იმას, რომ შრომა აუცილებელი არ არის, რომ უფრო მარტივია, თურქული, ირანული თუ ჩინური პროდუქცია ერთ კუთხეში ვიყიდოთ და მეორე კუთხეში გავყიდოთ; ხომ მიგვაჩვიეს იმას, რომ სეზონზეც კი საზამთროს ისეთი ფასი ჰქონდეს, ყველა ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც რომ ვერ ახერხებდეს ყიდვას. და რატომ უნდა გვიმტკიცებდნენ თურქი ფერმერები, რომ მათ მიერ მოყვანილ და საქართველოში შემოტანილ საზამთროში უფრო ნაკლები ნიტრატები და შხამ-ქიმიკატია, ვიდრე ადგილზე მოწეულში? არადა, ვაი, რომ მართლები არიან და ამას საქართველოს ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ…

    სად არის გამოსავალი? ქვეყანა პროდუქტების წარმოებას თუ არ დაიწყებს, არაფერი გვეშველება და ეს წარმოება უნდა დაიწყოს ყველა მიმართულებით. რაც მთავარია, დასაქმებულებს ღირსეული ხელფასი უნდა შევთავაზოთ, თორემ, ვიზალიბერალიზაციის პირობებში მიდიან, მაგალითად, პოლონეთში (ყველაზე მარტივად), დღეში იღებენ 50-60 ევროს, ნახევარ წელიწადში აგროვებენ იმდენს, რომ მერე საქართველოში დაბრუნდნენ და ავტომობილი იყიდონ, თეთრად გადაღებონ და… იტაქსაონ. ჰო, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, იმდენი ტაქსი, რამდენიც ჩვენთან არის ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ ყველას ჰყავს კლიენტი და ეს… ტოტალური უფულობის პირობებში. ისე ჩანს, ხელისუფლება ამას უყურებს და ხვდება, რომ რეალურად მოსახლოებას არც ისე უჭირს, როგორც ამას ციფრები გვიჩვენებენ და ამიტომ თავს არავინ იწუხებს.

    სამწუხაროდ, ევროკავშირისა და ამერიკის მონდომებით  ვერაფრით მოვიშორეთ „განვითარებადი“ ქვეყნის სტატუსი და ასევე, სამწუხაროდ, ვერაფრით დავიწყეთ რაიმე ისეთის წარმოება, რითაც ევროპულ ბაზარზე კონკრეტულ ნიშას დავიკავებდით. ამის უფლება არც დასავლეთმა მოგვცა და ცოდვა გამხელილი სჯობს, არც ჩვენ გვიბრძოლია მაინც და მაინც, რომ სადმე რამე მოწინავე პოზიცია მოგვეპოვებინა. არადა, ამის გარეშე  არაფერი გამოვა, ვერასდროს გამოვალთ იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა  ვიმყოფებით, და უფსკრული ძალიან მდიდარ და ძალიან ღატაკ ადამიანებს შორის სულ უფრო გაღრმავდება და ბოლოს ისეთი იქნება, მის შესავსებად ათწლეულები არ გვეყოფა.

    ზემოთაც  ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ:  წინასაარჩევნოდ აუცილებლად მოვისმენთ სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს. თანაც ისე უნდა შესრულდეს, რომ ღირსეული სამუშაო ადგილები შეიქმნას ღირსეული ანაზღაურებით, თორემ, სოციალურად დაუცველებს 4-წლიანი ჯავშანი რომ შესთავაზეს და სახელმწიფო პროგრამით დაასაქმეს თვეში 300 ლარად, სასაცილოც არ არის. თვეში 300 ლარი, ანუ დღეში 10 ლარი, საქართველოში არაფერს რომ არ ნიშნავს, ყველაზე კარგად სწორედ პოლიტიკოსებმა იციან, მაგრამ ასე იქცევიან და ჩვენც თითქოს ყველაფერზე თავს ვაქნევთ.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here