გვითხრან ამერიკელებმა, 2016 წლიდან ამ წვრთნების ჩატარებით, რუსეთის გაღიზიანების გარდა, რა მიიღო საქართველომ

    26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც „ღირსეულ პარტნიორში“ იმიტომ მონაწილეობდა, რომ მართლაც ღირსეული ყოფილიყო და არა ხელის ბიჭი, როგორც დასავლეთს ჰქონდა წარმოდგენილი

    21
    გვითხრან ამერიკელებმა, 2016 წლიდან ამ წვრთნების ჩატარებით, რუსეთის გაღიზიანების გარდა, რა მიიღო საქართველომ

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და უშუალოდ პენტაგონის გადაწყვეტილებით, საქართველოში წვრთნები სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი – 2024“ აღარ ჩატარდება და მათი ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. წვრთნები აღნიშნული სახელწოდებით საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მასში საქართველოს გარდა აშშ-ის, ბულგარეთის, მოლდოვის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უნგრეთის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, გერმანიის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, ესტონეთის, პოლონეთის, იაპონიისა და ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა მონაწილეობდა.

    ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოპოზიციამ ქართული საგარეო პოლიტიკის კრახად შერაცხა. მეტიც, ოპოზიციის ლიდერებმა ერთ ხმაში თქვეს, რომ ეს ნაბიჯი მინიშნება იქნება რუსეთისთვის, რომ აშშ-მა საქართველო მიატოვა და ჩრდილოელი მეზობელი დაგვიპყრობს. ოპოზიციის აზრით, ამერიკა ისეა გაბრაზებული ჩვენზე, რომ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ჯარით არ დაგვეხმარება და რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩებით. ამაზე ქვემოთ ვთქვათ, ახლა კი გეტყვით, როგორი რეაქცია ჰქონდა მომხდარზე ამერიკის ელჩ რობინ დანიგანს.

    „ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის. ამ საკითხზე ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა. შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან იყო საჯარო განცხადებები გარკვეული პირებისგან, მათ შორის _ მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. ეს სამწუხაროა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთოები დაბალანსდება“, – განაცხადა დანიგანმა. ამერიკის გადაწყვეტილებაზე წუხილი გამოთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, განცხადება სტანდარტულია და მასში საინტერესო ბევრი არაფერია. ახლა კი ოპოზიციის „შიშებს“ დავუბრუნდეთ.

    ოდესმე უთქვამს ამერიკას, – საქართველოს თუ დასჭირდება, ჩემს ჯარს დავახმარო? ასეთი რამ არასდროს გვსმენია და მტკიცებითი ფორმით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამერიკა, ჯარს კი არა, ერთ ჯარისკაცსაც არ დაგვახმარს. შტატებს ამის გაკეთება რომ სურდეს, მარტივად დაეხმარებოდა უკრაინას, მაგრამ ამის ნაცვლად გაიძახის: უკრაინაში არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძოლებსო. გადახედეთ ამერიკის ისტორიას და გაიხსენეთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა შტატებმა თავისი ჯარი სხვა ქვეყნის დასახმარებლად გაიმეტა. ვერ გაიხსენებთ, რადგან არ არსებობს ასეთი შემთხვევა და ამერიკას თავისი ჯარი მხოლოდ საკუთარი ინტერესებს დასაცავად გამოჰყავს. ასე იყო ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში, ერაყში, იუგოსლავიაში… ოფიციალურად იუგოსლავიაში ნატოს ჯარი იბრძოდა, მაგრამ ავანგარდში სწორედ ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ და სწორედ ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბელგრადში საბავშვო ბაღები, სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები და ამის გამო ბოდიში დღემდე არავის მოუხდია. სამაგიეროდ, ამერიკელებს ის უკვირთ, სერბები ყველა შეჯიბრებასა თუ ღონისძიებაზე ამერიკელების ჰიმნს რომ უსტვენენ, ნეტავ, რა დავაშავეთო, და არ იხსენებენ, რომ მხოლოდ ერთი ბომბით კონკრეტულ საბავშვო ბაღში 125 აღსაზრდელი მოკლეს, ამიტომ შიში იმის თაობაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკელები ჯარს არ დაგვახმარენ, უბრალოდ, სისულელეა. მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ ჰგონია ოპოზიციას, რომ, თუ რუსეთს ჩვენი დაპყრობა სურს, ამისთვის ამერიკის თანხმობა სჭირდება… აშშ წვრთნებს ერთადერთი მიზნით ატარებდა – რუსეთი გაეღიზიანებინა და საქართველოს ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი უცხოელი ჯარისკაცისთვის მოეყარა თავი, რასაც 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებდა. ახლა კი… ახლა ამერიკას რუსეთის გაღიზიანებაზე მეტად ქართველი ხალხის გაღიზიანება სჭირდება. არჩევნები მოდის და მოსახლეობამ უნდა დაიჯეროს, რომ ხელისუფლებამ კურსიდან გადაუხვია. ამერიკა არ იტყვის, რომ ამ წვრთნებით ჩვენ მხოლოდ ფინანსურად ვზარალდებოდით და სარგებელი არ მოგვიღია. ჰო, არ მიგვიღია, რადგან ასეთი სარგებელი არ არსებობს. გვითხრან ამერიკელებმა, 2016 წლიდან ამ წვრთნების ჩატარებით, რუსეთის გაღიზიანების გარდა, რა მიიღო საქართველომ. ჯარი გაიწვრთნა? კი, ბატონო, გაიწვრთნა და ვნახეთ, ნაციონალების ზეობის ხანაში ეს გაწვრთნილი ჯარი ხან ავღანელ ტერორისტებს ეწირებოდა, ხან ცენტრალურ აფრიკაში გაურკვეველი წარმომავლობის ტომების თავდასხმას იგერიებდა და ამერიკელთა გარდა, არავინ იცოდა, ვისთვის და რისთვის იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები.

    სხვათა შორის, როგორც კი ამერიკას აღარ დასჭირდა ავღანეთი, იქიდან ჯარი გამოიყვანა, მილიარდობით დოლარის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა (უკრაინელებს პროცენტიანი ვალით აძლევს სამხედრო ტექნიკას), ახლა კი მზად არის, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს. და დახოცილი ქართველი ბიჭები არაფერი? ეს ხომ უბრალო სტატისტიკაა და დარწმუნებული იყავით, რომ აღარც კი ახსოვთ, რამდენი ქართველი შეეწირა უაზრო ომს ან რატომ შეეწირა… ზუსტად ისე არ ემახსოვრებათ წლების შემდეგ უკრაინაში დაღუპული ქართველები, ახლა რომ უკიჟინებენ: მანდ რომ იბრძვით, საქართველოს იცავთო, სინამდვილეში კი … ეგებ, კარგიც არის, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ რომ გამოაჩინეს თავიანთი სახე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საკუთარი ინტერესების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელნი. ახლა იმუქრებიან, ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველოს ხელცარიელს დავტოვებთო. წარმოიდგინეთ, როგორ შეგვაშინეს?.. მაპ-ზე უკეთესს არ მოგვცემენ, ალბათ, და, თუ ჩვენ ხელცარიელს დაგვტოვებენ, უკრაინასა და მოლდოვას ისე გაუხსნიან ნატოს კარს, მასხარა ზელენსკიმ ცხვირის შეყოფაც რომ ვერ მოახერხოს. ნატოს მოახლოებული სამიტი იქნება მორიგი ფარსი, ნატოს ახალი გენერალური მდივნის უაზრო განცხადებები, ნატო მსოფლიო წესრიგს იცავსო, რეალურად კი არავინ არაფერს იცავს. დასავლეთს ხელს აძლევს ომი უკრაინაში და არის ომი, ხელს აძლევს ომი საქართველოში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი გაჩაღდეს, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს მოსახლეობის გაღიზიანების გარეშე არ გამოდის. ვაი ამერიკას, რომ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ყველა გამოკითხვაში პირველ ადგილზე კვლავ „ქართული ოცნებაა“ და ვაი ევროპას, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთის მიერ უპირველეს მტრად გამოცხადებული მართლმადიდებელი ეკლესია, კვლავაც პირველია ნდობის მხრივ.

    მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ამერიკის მიერ ორგანიზებული წვრთნები საქართველოს არაფერში სჭირდება, არც მანამდე სჭირდებოდა და არც მომავალში დასჭირდება. რატომღაც გვგონია, რომ ამერიკელები, უბრალოდ, სტრატეგიულ ობიექტებს მონიშნავენ ხოლმე ამ წვრთნების დროს და, რაც მთავარია, ამას აკეთებენ ოფიციალურად, ისე, რომ ხელს არავინ უშლით. ისიც გვგონია, რომ ამერიკელებმა ჩვენზე კარგად იციან, სად რა სტრატეგიული ობიექტია და რა სამხედრო საიდუმლო გვაქვს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება აღებულ კურსს არ გადაუხვევს და ერთხელ და სამუდამოდ მოახერხებს იმდენს, რომ დამოუკიდებლობა მართლა მოიპოვოს. რაღაც არ გვსმენია, ჩვენს სამხედროებს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მოწყობილ წვრთნებში მიეღოთ მონაწილეობა (არადა, ასეთ წვრთნებს ატარებენ), ახლოს არ გვიშვებენ თავის ქვეყანასთან, არ გვახედებენ თავიანთ საშინაო საქმეებში და, ამასთანავე, სურთ, დეტალურად იცოდნენ, ჩვენთან რა ხდება, რა გეგმები და როგორი კურსი გვაქვს. რომ იმუქრებიან, დასავლურ კურსს არ გადაუხვიოთ, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასო, ვინ ეკითხებათ, როგორი კურსი ექნება დამოუკიდებელ სახელმწიფოს?! ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული – ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არასდროს გვთვლიდნენ და ახლა, როცა გააცნობიერეს, რომ შეიძლება მართლა დამოუკიდებლები გავხდეთ, ყველაფერს აკეთებენ, კლანჭებიდან რომ არ დავუსხლტეთ. დასავლეთი ახლავე ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს. მისთვის მისაღები კი მხოლოდ ერთი შედეგია – ამჟამინდელი ხელისუფლების დამარცხება. გვერწმუნეთ, არჩევნებამდე შტატები კიდევ არაერთ ისეთ ღონისძიებას ჩაატარებს, რომელიც მოსახლეობაზე იქნება გათვლილი, ამიტომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო სახელმწიფოა, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც „ღირსეულ პარტნიორში“ იმიტომ მონაწილეობდა, რომ მართლაც ღირსეული ყოფილიყო და არა ხელის ბიჭი, როგორც ეს დასავლეთს ჰქონდა წარმოდგენილი.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here