ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ საქართველოში ოჯახის კულტი უნდა გაქრეს და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, ბავშვების გარყვნა კი საბავშვო ბაღებიდანვე დაიწყოს

    დასავლელები „გამჭვირვალობის კანონით“ თურმე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტს იცავენ, ჩვენ კი რისთვის გვჭირდება სუვერენიტეტი ან მისი დაცვა, როცა აქეთ როთი გვყავს, იქით კიდევ - ამერიკის ელჩი?!

    119
    ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ საქართველოში ოჯახის კულტი უნდა გაქრეს და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს, ბავშვების გარყვნა კი საბავშვო ბაღებიდანვე დაიწყოს

    პარლამენტმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს არის კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და კონსტიტუციის ძალით გამორიცხავს როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ასევე ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც სქესის შეცვლისკენ იქნება მიმართული. ამას ემატება ისიც, რომ არასრულწლოვანთა გარემოში (სკოლა, ბაღი) იკრძალება ლგბტ პროპაგანდა.

    საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის გადმოსახედიდან ეს საკონსტიტუციო კანონი ძალიან კარგია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი გაიგიჟეს: სანამ მიიღებთ, ვენეციის კომისიაში გაგზავნეთ და მათი აზრიც მოისმინეთო. ხელისუფლებამაც გაგზავნა ვენეციის კომისიაში და დასკვნაც მოვიდა. როგორ გგონიათ, ვენეციის კომისიამ, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, როგორი დასკვნა გამოგვიგზავნა? დაგვტუქსეს, ბატონებო, ყური აგვიწიეს: როგორ ბედავთ და ამ თემას ეხებით, კანონის მიღება სასწრაფოდ შეაჩერეთო.

    „ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ძალიან მგრძნობიარე საკითხებს ეხება, დაწყებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებითა და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს“, – წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

    ანუ გვეუბნებიან: ეს გრძელვადიანი პროტესტი რომ გაქვთ (და არ იციან, რომ აღარ გვაქვს და არანაირი აქციები არ იმართება, ანუ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ), ახლა არაფერი შეცვალოთ, არჩევნებს დაელოდეთო. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვენეციის კომისიის წევრებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი არჩევნებზე სასწაულის მოხდენას აპირებს? – ნიშნავს!

    „ჩვენი კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით – სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები. მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა იყოს და ისეთ დროს ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის. კომისია ასევე მიიჩნევს, რომ დაინიცირებული საკანონმდებლო შესწორების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული გარემოს რისკს აჩენს. შესაბამისად, კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ განაგრძონ მისი მიღება“, – ესეც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია.

    ამ დასკვნაში, რამდენიმეჯერ არის ნახსენები სიტყვა სტიგმა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხელზე ისე დაიხვიეს, თითქოს მაშველი რგოლი იყოს. არადა, სტიგმა ძველ საბერძნეთში დაღს ან ნიშანს აღნიშნავდა და ამ ნიშნის მქონე ადამიანი იყო მორალური დეფექტის მქონე – დამნაშავე, მონა და მოღალატე. მერე და მერე მიეცა ამ სიტყვას ფართო შინაარსი და სტიგმატიზებული ადამიანი ნებისმიერი ნიშნით დისკრედიტებულია, მისი სოციალური იდენტობა კი – საზოგადოების მიერ გაუფასურებული. ჰოდა, ამ სიტყვით ცდილობს ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტზე ზეწოლას და უმტკიცებს: ადამიანებს ნუ დაყოფთ, თავზე ხელი გადაუსვითო. რაც მთავარია, ვენეციის კომისია არ ამბობს, რომ არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას მივესალმებით, კარგია, რომ ეს მუხლი შეტანილია კანონში და კონსტიტუციის დონეზე დამტკიცდებაო. ჰო, ვენეციის კომისიას ამის აკრძალვაც არ მოსწონს, ანუ სურს, არასრულწლოვნები გაირყვნან (ჰო, გარყვნა ჰქვია ამას), თანაც ეს ყველაფერი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ხელით მოხდეს, რომელმაც ინიცირებული კანონი უნდა შეაჩეროს და უკან გაიწვიოს.

    სასაცილო მდგომარეობაში არიან ე.წ. ოპოზიციონერები. მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ამ კანონის გაპროტესტება მათი პოლიტიკური კარიერის დასასრულია. არადა, დასავლელ პარტნიორებს უმტკიცებენ, საქართველოში ხალხი ლგბტ თემის მიმართ ლოიალურია და ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგაც არ წავლენო. ახლა კი პარლამენტში ვეღარ შედიან, რადგან, სხდომებს რომ დაესწრონ, კანონპროექტის განხილვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და დასავლეთის მხარდაჭერა კანონის გაპროტესტებით გამოხატონ, რაც ხელს არ აძლევთ. ამიტომ სხდომებს აცდენენ, ვითომ არაფერი ხდება, და დასავლეთს ეუბნებიან, – სხდომების გაცდენით ვაპროტესტებთ საკონსტიტუციო ცვლილებასო. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია არა მხოლოდ ამ კანონის შეჩერებას ითხოვს, არამედ კონსტიტუციიდან 2017 წლის ჩანაწერის ამოღებასაც გვირჩევს. საუბარია 30-ე მუხლზე: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 30. ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები. 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

    ჰოდა, თურმე ოჯახი არ უნდა იყოს მხოლოდ „ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“ და ეს ჩანაწერიც, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უბრალოდ, უნდა გაქრეს.

    „ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა აწუხებდათ ამდენი ხნის განმავლობაში. მათ გვითხრეს, რომ 2017 წლის ჩანაწერიც კი უნდა ამოიშალოს საქართველოს კონსტიტუციიდან. ეს არის ღირებულებებთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრინციპული საკითხი და ყველას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, რომელ მხარეს დგას ღირებულებათა შეფასების ამ სისტემაში ქართული ოპოზიცია. ის, რომ ოპოზიცია საერთოდ არ ესწრება სხდომას, ნიშნავს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ“, – განაცხადა საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას მამუკა მდინარაძემ და… ოპოზიციას ხმა არ ამოუღია, რადგან, თუ გააპროტესტებდა, შემდეგ სხდომაზე უნდა მისულიყო და უნდა ეთქვა, რომ სწორ მხარეს დგას. ეს კი მის დასავლელ პატრონებს (და არა პარტნიორებს) არ მოეწონებოდათ.

    როგორც ჩანს, პარლამენტში მიმდინარე პროცესები პირად შეურაცხყოფად მიიღო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე როთმა. მოგეხსენებათ, ის ოფიციალურ ქორწინებაშია მამაკაცთან და, შესაბამისად, ლგბტ თემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ლობისტია.

    „საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა, თუ გააგრძელონ ევროპული გზა. „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია“, – ეს განცხადება როთმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

    იცით, რა გვაინტერესებს: რას ჰქვია დეზინფორმაციული კამპანია – ის, რომ ქალს ქალი უნდა ერქვას და კაცს – კაცი? ის, რომ სკოლებსა და ბაღებში ლგბტ თემის წარმომადგენლები არ უნდა შედიოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და კარგია? ის რომ ვერ გაგვიგია, როთი მამაკაცზე გათხოვდა თუ ცოლად მოიყვანა, ნორმალური და მარტივად გასაგებია? ვინ პატარძალი იყო და ვინ სიძე მის ქორწილში, დღემდე რომ არ ვიცით, დეზინფორმაციაა?

    აღნიშნულ კანონთან ერთად ვენეციის კომისიამ „გამჭვირვალობის შესახებ კანონიც“ დაგმო და დაწერა, რომ ისიც უნდა გავაუქმოთ. პარალელურად, ევროპის 36-მა სახელმწიფომ მოგვიწოდა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ აუცილებლად გააუქმეთო და იცით, რა არის საინტერესო? ამ 36 სახელმწიფოდან ერთმა მაინც ანალოგიური რამ რატომ არ მისწერა ან საფრანგეთს, ან კანადას. მით უმეტეს, მუხლობრივად თუ განვიხილავთ, კანადური და ფრანგული კანონ, ქართულზე გაცილებით მკაცრია და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს, მაგრამ არა, მხოლოდ ჩვენ უნდა გავაუქმოთ და მათთვის შეიძლება, რადგან „გამჭვირვალობის კანონით“ დასავლელები თურმე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტს იცავენ, ჩვენ კი რისთვის გვჭირდება სუვერენიტეტი ან მისი დაცვა, როცა აქეთ როთი გვყავს, და იქით კიდევ – ამერიკის ელჩი?!

    ეს უკვე აღარ არის ფარული თამაში და კულუარებში საქმის გადაწყვეტა. უკვე ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები კი არა, ვენეციის კომისია გვეუბნება პირდაპირ და მოურიდებლად, რომ საქართველოში ოჯახის კულტი უნდა გაქრეს და ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება დაკანონდეს, რომ ლგბტ თემი სკოლებსა და ბაღებში უნდა შევიდეს, რომ ბავშვების გარყვნა (ჰო, ჰო, გარყვნა) თავიდანვე დაიწყოს და შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა როთმა და მისნაირებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც თევზმა წყალში. ეს ომია, მეგობრებო, ომი გადარჩენისთვის!

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here