Home რუბრიკები საზოგადოება ასე ვიცავდით სტალინგრადს

ასე ვიცავდით სტალინგრადს

509

1942 წლის შემოდგომაზე ფრონტიდან ზურგში დანაკარგების შესავსებად გადასული 62-ე არმია კუნძულ სახალინიდან, ნახოდკიდან და ვლადივოსტოკიდან გადმოსროლილი სამხედრო ნაწილებით დაკომპლექტდა. ჩვენი, მესაზღვრეთა ნაწილი, 62-ე არმიის 61-ე პოლკის შჩორსის სახელობის 45-ე დივიზიაში ჩარიცხეს. სწორედ შჩორსის მეუღლემ და მისმა ქალიშვილმა გამოგვაცილეს კუიბიშევიდან ფრონტზე გამგზავრებისას და გამარჯვება გვისურვეს…

1942 წლის ნოემბერში სტალინგრადის მისადგომებთან დავბანაკდით. მდინარე ვოლგა გაყინული იყო, სტალინგრადი _ ცეცხლის ალში გახვეული. მოგვცეს სურსათი, საბრძოლო იარაღი, ჩაგვსვეს კატერებში და მიმართულება სტალინგრადისკენ ავიღეთ. იმხანად რუსულად ძლივს ვლაპარაკობდი… დაბინდდა, ფაშისტების თვითმფრინავები ჩვენს თავზე დაფრინავდნენ და ბომბებს ყრიდნენ, საარტილერიო ზალპებისგან ცას თითქოს ცეცხლი ეკიდა. მდინარეზე გადასვლისას ჯარისკაცებით დატვირთული კატერი რამდენიმეჯერ ამოყირავდა და ჯარისკაცები წყალში ჩავცვივდით. ოთხი-ხუთი საათის შემდეგ, როგორც იქნა, ვოლგის მარცხენა ნაპირს მივაღწიეთ. ყველაფერი იწვოდა, ტერიტორია ცეცხლის ალში იყო გახვეული. გაყინულ-გათოშილებმა ვინ სად შევაფარეთ თავი და ვინ _ სად. არ ვიცოდით, ჩვენი ნაწილები რომელ პოზიციაზე იყვნენ განლაგებულნი… როცა გათენდა, რაც დავინახე, იმის აღწერა შეუძლებელია _ ჩემ ირგვლივ ტერიტორია ისე იყო მოფენილი სამხედროებისა და მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების, გვამებით, რომ ფეხის დადგმა შეუძლებელი იყო.

მოვხვდი მესამე ბატალიონში, რომელსაც მეთაურობდა უფროსი ლეიტენანტი შარიკოვი. მე, სერჟანტს, მომცეს სნაიპერის შაშხანა და ორი თვის განმავლობაში ხელჩართული ბრძოლით ვიცავდი სტალინგრადს გერმანელი დამპყრობელებისგან. ღამღამობით შევიპარებოდი ფრონტისპირა ზონაში და ვანადგურებდი მტარვალებს. იმხანად პრესაში ჩემზე ორი წერილი გამოაქვეყნეს, როგორც კარგ სნაიპერზე _ რამდენიმე ათეული მტრის სიშორიდან ფაშისტი სნაიპერები მწყობიდან გამოვიყვანე. გაზეთი წინა ხაზზე მომიტანეს, მაგრამ იქ რა ეწერა, არ წამიკითხავს… გავიდა თითქმის ორი თვე და ვოლგის ნაპირიდან ორი კილომეტრითაც კი ვერ წავიწიეთ წინ. მე და ჩემი ნაწილი სტალინგრადის სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიაზე ვიბრძოდითდადგა 1943 წლის იანვარი. მტერი ისე ახლოს იყო, რომ მათი ლაპარაკიც კი მესმოდა. 14 იანვარს, ალიონზე, ჩემს სათვალთვალო ადგილას ხოხვით მივძვრებოდი, როდესაც გერმანელი ფაშისტი შევნიშნე, მანაც დამინახაშაშხანიდან ვესროლე, გერმანელმა კი ხელყუმბარა მტყორცნაფაშისტი ადგილზევე გათავდა, მე კი ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მედპუნქტამდე გაჭირვებით მივაღწიე. აღმომიჩინეს დახმარება, მაგრამ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. დაჭრილი საღამომდე ველოდი, როდის წამიყვადნენ ჰოსპიტალში. როცა დაბინდდა, დამაკრეს ციგაზე, ერთმა მოხალისე გოგონამ, ტანიას ეძახდნენ, ციგის თოკს ხელი მოჰკიდა და ვოლგის ნაპირისკენ წამიყვანა. ამ გოგონამ საშინელ ყინვაში, სროლებში, თვითმფრინავების გრუხუნში, დანგრეულ და ცეცხლმოკიდებულ ადგილებში მთელი ღამე თითქმის 7-8 კილომეტრი მატარა და მიმიყვანა იქ, სადაც კატერს უნდა გადავეყვანე მეორე ნაპირზე. იქ უამრავი დაჭრილი იყო, მძიმედ დაჭრილები ვეღარ უძლებდნენ ტკივილს და იხოცებოდნენ… კატერმა გადაგვიყვანა მეორე მხარეს, სადაც დაგვხვდა სატვირთო მანქანა და როგორც იქნა, მიმიყვანეს საველე ჰოსპიტალში. გამიკეთეს ოპერაცია და რკინის ნამსხვრევები გამაყუჩებლის გარეშე ამოიღეს… ამის შემდეგ კიდევ ბევრი ბრძოლა და გაჭირვება გადავიტანე. ორჯერ დავიჭერი.

გავათავისუფლეთ ბელარუსი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, ბესარაბია და 1945 წლის 9 მაისს ომი დავასრულე ბერლინში მტრის სრული განადგურებით. 1947 წელს კი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი საქართველოში დავბრუნდი.

ტარასი იჩქიტიძე,

ნაძალადევის რაიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here