Home ახალი ამბები საქართველო “ევრაზიული ინტეგრაცია ქართველების ეროვნულ იდენტობას კი არ შეზღუდავს, პირიქით, გააძლიერებს” – გ....

“ევრაზიული ინტეგრაცია ქართველების ეროვნულ იდენტობას კი არ შეზღუდავს, პირიქით, გააძლიერებს” – გ. რცხილაძის გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე “10 წელი ყირიმის და 25 წელი იუგოსლავიის მოვლენებიდან”

25 წელი გავიდა აწ უკვე ყოფილი, იმ მომენტში ორი რესპუბლიკისგან – სერბეთისა და ჩერნოგორიისგან შემდგარი იუგოსლავიის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიიდან. გამოგონილი საბაბით, გაეროს უშიშროების საბჭოს აუცილებელი მანდატის გარეშე, ნატო-დ წოდებული დასავლეთის სამხედრო ალიანსი თავს დაესხა იუგოსლავიას, დაბომბა ამ ქვეყნის მშვიდობიანი ქალაქები. იუგოსლავიის მშვიდობიანი ინფრასტრუქტურა ალიანსის ძირითადი მიზანი გახდა, ალიანსისა, რომელიც შორს მიმავალ მიზნებს ახორციელებდა და არა სერბეთის ძირძველი მხარის, ავტონომიის სტატუსის მქონე (ფედერაციიდან გასვლის უფლების გარეშე) – კოსოვოს ალბანური მოსახლეობის დაცვას.

საჰაერო სივრცეში ნატოს უდიდესი უპირატესობის გამო, ბელგრადი იძულებული გახდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა აგრესიიდან სამი თვის შემდეგ, რათა თავიდან აეცილებინა ჰუმანიტარული კატასტროფა. მიუხედავად იუგოსლავიის არმიის გმირული წინააღმდეგობისა, რომელმაც შეძლო ე. წ. „სტელზის“ ტექნოლოგიის ამერიკული ბომბდამშენის F-117-ის ჩამოგდება (საბჭთა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის С-125 “Нева”-ს საშუალებით) და ამერიკელი სამხედროების დატყვევება მაკედონიის საზღვართან, ასევე მიუხედავად სერბი ხალხის მხრიდან გამოვლენილი შეკრულობისა გარე აგრესიის ფონზე, ბელგრადს მოუწია უარი ეთქვა კოსოვოს მხარის დე ფაქტო კონტროლზე.

ნატოს ე. წ. მშვიდობისმყოფელები, რომლებმაც ძირძველი სერბული მიწების ოკუპირება მოახდინეს, ხელს თუ არ უწყობდნენ, არც უშლიდნენ ბარბაროსობის სხვადასხვა აღმაშფოთებელ ქმედებებს, ალბანელი სეპარატისტების მხრიდან. მთელი მართლმადიდებელი სამყარო შეჰყურებდა სერბული, ამავე დროს კი, ჩვენი საერთო სიწმინდეების შეურაცხყოფასა და ნგრევას კოსოვოს ტერიტორიაზე. ასევე გვახსოვს, რომ იმ წინასააღგდომო დღეებში ამერიკელები სერბულ ქალაქებს აყრიდნენ ბომბებს წარწერით – „მხიარული აღდგომა!“

ასე დაიწყო ატლანტისტების ახალი ლაშქრობა მართლმადიდებელ აღმოსავლეთზე. კოსოვოდან სერბების გაძევების შემდეგ მალევე, მოხდა ე. წ. „ფერადი რევოლუციების“ მთელი კასკადი – ჯერ თავად სერბიაში (2000), შემდეგ საქართველოსა (2003) და უკრაინაში (2004). დასავლეთმა დაიწყო ცენტრალური აზიის „ათისებაც“, მოაწყო რა მორიგი „რევოლუცია“ ყირგიზეთში, გადატრიალების მცდელობა უზბეკეთში… [ვისაც არ უნახავს, ნახეთ ფრანგული დოკუმენტური ფილმი „აღმოსავლეთის დაპყრობა“, არის რუსულ ენაზეც ინტერნეტში, რომელიც, შეიცავს ბევრ საინტერესო კადრს განსაკუთრებით ქართველებისთვის].

1999 წლის მარტში, როდესაც ნატომ იუგოსლავიაზე შეტევა მიიტანა და არ დაელოდა რუსეთის პრემიერმინისტრ პრიმაკოვს, მოხდა აშშ-ს სანაპიროსკენ მფრენი ევგენი მაქსიმოვიჩის თვითმფრინავის სახელგანთქმული „რაზვაროტი“ – უკან შემობრუნება. ეს ჯერ არ იყო რუსეთის საბოლოო შემობრუნება დასავლეთიდან, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო.უკვე მაშინ გაჩნდა მოსკოვი-პეკინი-დელის სტრატეგიული თანამშრომლობის იდეა, უკვე საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ დასავლელი ტრიუმფალისტები, საბჭოთა კავშირის „რბილი“ დაშლით თავბრუდახვეულნი, ესწრაფიან აღოსავლეთის დამორჩილებას და საჭიროა ამისათვის წინ აღდგომა.

ამ ამოცანას თავი უკვე პრეზიდენტმა პუტინმა გაართვა, რომელმაც, ამასთან, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ატლანტისტებსა და გლობალისტებს ნებაყოფლობით ეღიარებინათ პარიტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რათა არ გამოეწვიათ ახალი „ცივი ომი“ და ბლოკთაშორისი კონფრონტაცია. ამ კეთილშობილი პოლიტიკის კვინტესენციად მისი სახელგანთქმული 2007 წლის მიუნხენის გამოსვლა მოგვევლინა, როდესაც პუტინმა დასავლეთს გონს მოსვლისკენ მოუწოდა…

ამის პასუხად მოხდა კოსოვოს აღიარება „დამოუკიდებლად“, დასავლეთის სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, 2008 წლის თებერვალში. სამწუხაროდ, ამ აღიარებას არაერთი მუსლიმური ქვეყანაც შეუერთდა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ საჭიროა კოსოველი ალბანელების მხარდაჭერა, ისლამისადმი მათი ნომინალური კუთვნილების გამო. ამას მაშინვე მოჰყვა ნატოს ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოს დაპირდნენ ორგანიზაციაში წევრობას. საქართველოს მმართველმა იმჟამინდელმა რეჟიმმა მოახდინა რუსეთთან ომი, ცნობილი შედეგებით. შემდეგ იყო დასავლეთის აგრესია ლიბიასა და სირიაში, რომელსაც მოჰყვა უკრაინის სისხლიანი „მაიდანი“.

ამგვარ პირობებში ყირიმის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში ყველაზე უფრო ბუნებრივ აუცილებლობად მოგვევლინა. უკვე 10 წელი გავიდა იმ სამახსოვრო მარტის დღეებიდან, როდესაც ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა. ადამიანები ხმას ავტომატის ლულის ქვეშ არ აძლევდნენ, როგორც ამას დასავლური პროპაგანდა ამტკიცებს. პირიქით, ეს იარაღი მათი ნების გამოხატვას იცავდა „მაიდანელი“ ექსტრემისტებისგან. ხმა მისცა, სხვათა შორის, არა მარტო ყირიმმა, არამედ თითქმის მთელმა დონბასმა, მარიუპოლის ჩათვლით.

ისტორიკოსებს, მაგრამ ასევე ჩვენ ყველას, დაგვრჩა ურთულესი, პასუხგაუცემელი კითხვა – შესაძლოა, უკვე მაშინ, 2014 წლის მარტში, უნდა მომხდარიყო ამ რეგიონების მოსახლეობის ნების აღიარება ისევე, როგორც ყირიმის მოსახლეობისა?

მაგრამ ახლა საუბარი არა წარსულზე, არამედ აწმყოსა და მომავალზე გვაქვს, წარსულის გათვალისწინებით, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა მივიღოთ.

დღეს ჩვენ ასევე გვექნება ურთიერთობა რუს და სერბ კოლეგებთან, გავიგებთ მათ შეფასებებსა და გავაკეთებთ ჩვენს დასკვნებს. თუმცა დასაწყისისთვის, მსურს, ყველას შევახსენო:

ჩვენმა ორგანიზაციამ, ევრაზიის ინსტიტუტმა, ბევრი გააკეთა ნატოში საქართველოს წევრობის ცალმხრივი პროპაგანდის წინააღმდეგ. ჩვენ ჯერ კიდევ სააკაშვილის საშიშ დროში ღიად ვამბობდით სიმართლეს ნატოს შესახებ. მიდიოდა ჩვენი დისკრედიტაცია – „თქვენ პროპაგანდისტები ხართ!“ დაე, ასე იყოს: თუკი პროპაგანდა არ არის ტყუილზე აგებული, არამედ ჭეშმარიტ ფაქტებს გადმოსცემს, იგი ლეგიტიმურია. მით უფრო, როდესაც მისი მიზანია, წინ აღუდგეს ცრუ პროპაგანდას, როდესაც საქართველოს მუდამ ატყუებდნენ, რომ იგი გახდება ნატოს წევრი და იქნება დაცული, აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას ნატოს დახმარებით და ასე შემდეგ.

დღეს ამ ზღაპრებისა ცოტასღა თუ ჯერა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კრიტიკულ განცხადებას გააკეთებს დასავლეთის, მათ შორის, ნატოს მიმართ. თუმცა აქვე ვეტყვი მათ – არ შეიძლება „ზედმეტებში გადასვლა“ და დიპლომატიის ჩარჩოებიდან გასვლა. მაგრამ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების გადააზრებაში დიდია ჩვენი ინსტიტუტის მუშაობის, ჩვენი მოხალისეების დამსახურება, ასევე ყველა მათი დამსახურება ევრაზიის ინსტიტუტის გარეთ, ვინც თანამოაზრეა და ასევე აქტიურად იბრძოდა, თუმცაღა მათ რაოდენობა დიდი არ არის. მაშინ ზოგს არც ვიცნობდი პირადად, მაგრამ ისინი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში იღვწოდნენ. დღეს ბევრი მათგანი აქ, ამ დარბაზშია. დიდი მადლობა ყველას.

ახლა კი ილუსტრაციისთვის გაჩვენებთ რამდენიმე ფოტოსა და მოკლე ვიდეომასალას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოებისთვის ნატოს რეალური სახის გაცნობას, 2013 და 2014 წლებში.

P.S.: განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბ-ნი ვალერი კოროვინის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ყირიმის მოვლენებმა და შემდგომმა პერიოდმა მოახდინა დასავლეთის ერთგვარი ლუსტრაცია და ხელი შეუწყო ევრაზიულ ინტეგრაციას ფასეულობების დონეზე. შესაძლოა, ეკონომიკური ინტეგრაცია არ არის ჯერ იმ დონეზე, როგორც საჭიროა და მას ფასეულობითი ინტეგრაცია უსწრებს წინ, მაგრამ ეს კიდევ უფრო არსებითია მომავალი ინტეგრაციისთვის. ასევე, როგორც ბ-მა კოროვინმა აღნიშნა, „რუსული სამყაროს“ პროექტი არ ეწინააღმდეგება ევრაზიულ პროექტს, პირველი ნიშნავს რუსი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებას ევრაზიულ სივრცეში, მეორე კი თავისუფალი, თვითმყოფადი ერების დაახლოებას. ასე რომ, აუცილებელია, ქართველ ხალხს ვუთხრათ: ევრაზიული ინტეგრაცია ქართველებს ჩვენს ეროვნულ იდენტობას კი არ შეგვიზღუდავს, პირიქით, გააძლიერებს.

თბილისი, 22 მარტი, 2024 წ.

https://politforumi.com/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here