Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარ დიაკონიძე: რასაც ხელისუფლება იტყვის, საპატრიარქო კვერს უკრავს; მაგრამ, რასაც საპატრიარქო...

მამა ელიზბარ დიაკონიძე: რასაც ხელისუფლება იტყვის, საპატრიარქო კვერს უკრავს; მაგრამ, რასაც საპატრიარქო ამბობს, ხელისუფლება ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებს

924

ხელისუფლებასა და საპატრიარქოზე განაწყენებულმა მამა ელიზბარ დიაკონიძემ საქართველო რამდენიმე თვის წინათ დატოვა და საბერძნეთში გაემგზავრა სამოღვაწეოდ. დღეს კი სამშობლოში დროებით დაბრუნებული დეკანოზი, მამა ელიზბარი,  ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პრობლემებსა და მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე გვესაუბრება:


_ ქართველი ემიგრანტების ყოფამ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე ქვეყანაში გახლდით _ საბერძნეთში, იტალიაში, ბელარუსში და ა. შ. ქართველი ემიგრანტები ყველგან საშინელ პირობებში ცხოვრობენ. არადა, მე თუ მკითხავთ, თითოეულ ქართველ ემიგრანტს საქართველოში ძეგლი უნდა დავუდგათ. ქართველი ემიგრანტები უცხოეთში უუფლებოები, დათრგუნვილები, იგნორირებულები არიან და კაბალურ პირობებში კაპიკებისთვის მუშაობენ, ოჯახები რომ შეინახონ. ამის შემდეგ როგორ უნდა თქვას ვინმემ, ქართველი ზარმაცია და შრომა არ უნდაო?! ჩვენს ხელისუფლებას კი საქართველოში მცხოვრებლებისთვის არ სცალია, ემიგრანტები არ ახსოვს. მგონი, უხარია, რომ ამდენი ადამიანია წასული ქვეყნიდან. როცა საკუთარ ხელისუფლებას არ ახსოვხარ და ჯეროვან ყურადღებას არ გაქცევს, რა თქმა უნდა, უცხო ხელისუფლებისთვის მეასეხარისხოვანი ხარ. საქართველოს საელჩოებს ხომ ევალებათ, ქართველ ემიგრანტებს ყურადღება მიაქციონ, მაგრამ არც მათ ახსოვთ ეს ადამიანები. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდებათ ემიგრანტები, ისიც იმიტომ, რომ დააშინონ და, თუ ხელისუფლებას ხმას არ მისცემენ, უსაბუთოებს დეპორტაციით დაემუქრონ. შეიძლება საკონსულოს თანამშრომელი არ აკეთებდეს ამას, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრანტებს შორისაც ბევრი ჰყავთ ასეთი.

ბელარუსში ისეთ ფაქტს წავაწყდი, აუცილებლად უნდა ვთქვა. იქაური სახალხო ბანკი საქართველოს ბანკის კუთვნილებაა. ბელარუსის ეგზარქოსმა მთხოვა, პირადად გავაკონტროლო, რომ ჩვენს პრემიერთან მოხვდეს მათი წერილი, რა დღეში ჩააგდო ამ ბანკმა ბელარუსის მოქალაქე. ამ დღეებში მომაწვდიან დოკუმენტაციას და შემდეგ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ ამ თემაზე.

 საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა მარინა გელოვანმა, რომელსაც ბერძენი მეუღლე ჰყავს, ურთიერთდახმარების ფონდი შექმნა, რომელიც ოჯახებს, ძირითადად, გარდაცვლილთა სამშობლოში ჩამოსვენებაში ეხმარება. ხელისუფლებასაც ხომ შეუძლია, დაეხმაროს ამ ფონდს და ამ ხალხს ყურადღება მიაქციოს? ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ აძლევს საკუთარ მოქალაქეს უფლებას, იყოს მსოფლიოს სრულუფლებიანი წევრი; პირიქით _ თავისი ქმედებით მონურ, კაბალურ მდგომარეობაში ყოფნას აიძულებს. არადა, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მიუხედავად მუქარისა, დეპორტაციისთვის განწირულმა ამ ადამიანებმა მაინც “ქართულ ოცნებას” დაუჭირეს მხარი. ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ მათთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.

საბერძნეთში სასულიერო აკადემიის სტუდენტია კაცი, რომელმაც ბერძნული ერთი სიტყვა არ იცის. ჩამოვა მერე ეს ავთანდილ გიუნაშვილი საქართველოში და წარჩინებული კაცი გახდება, შეიძლება მეუფედაც აკურთხონ. ბოლო არჩევნებისას ხალხს ურეკავდა, “ქართულ ოცნებას” მიეცით ხმა, თუ არადა, დეპორტაციას მიიღებთო. მერე ასეთი კაცი სულიერებაზე დაიწყებს საუბარს. ეს კაცი ამაზრზენ პასკვილებს წერდა ჩემზე, _ სკანდალური განცხადებებით ცნობილი მამა ელიზბარი ჩამოვიდაო. თურმე სიმართლის თქმა ამ ხელისუფლებისთვისაც მიუღებელი ყოფილა, ხოლო სააკაშვილს შობა-ახალ წელს რომ მიულოცავ, მისაღები. მერე დაიწყეს გადაბრალება, _ შორენას გაკეთებული იქნება და პატრიარქი მაგას არ იზამდაო. რატომ არ იზამდა? _ ედუარდ შევარდნაძეს თუ ულოცავდა, სააკაშვილს რატომ არ უნდა მიულოცოს, რატომ გაუკვირდათ?! თუ სააკაშვილი კრიმინალი არ არის და ხელისუფლება არ იჭერს, მაშინ პატრიარქი ვალდებულია, მიულოცოს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს. ეს ელემენტარული ეტიკეტია.

_ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ემიგრანტებს მხარდაჭერას აიძულებდნენ, მაგრამ ეს ხელისუფლებაც ანალოგიურად იქცევა?

_ ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიოდნენ არსად წასულან _ ახლა ამ ხელისუფლებას “ემსახურებიან”, ანუ, ვინც ფულს გადაუხდის, იმას ემსახურებიან.

 _ უცხოეთში ყოფნისას სხვადასხვა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს საპატრიარქოს მიერ საზღვარგარეთ წარგზავნილ სასულიერო პირებს აკრიტიკებდით, მაგალითად, მამა აბიბოსის. როგორ იქცეოდნენ იქ მოღვაწე სასულიერო პირები, ასეთი მწვავე განცხადებები რომ გააკეთეთ?

_ როგორც აქ იქცევიან, ოღონდ იქ უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს. ბერძნული ეკლესია მათ არ აკონტროლებს, ქართული _ ვერ აკონტროლებს. მაგალითად, საბერძნეთში არიან მამა თეიმურაზი და მამა აბიბოსი. მამა თეიმურაზი პატიოსანი კაცია, მაგრამ მშიშარაა, თავისი აზრი არ გააჩნია. მამა აბიბოსი წალკაში გაზრდილი ბერძენია და ამიტომ ცოტა მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. მამა აბიბოსი ძალიან უზნეო ქმედებებში ვამხილე. ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, მრევლი გვაკურთხა მამა აბიბოსიმ, ვისაც ვალები გვაქვს, ლოცვაკურთხევა მოგვცა, ლატარია ითამაშეთო. გავოგნდი, ეკლესიისთვის ეს უდიდესი ცოდვაა. სხვა სახელი მაინც დაარქვით, მაგალითად, ერთმანეთის დახმარებამეთქი, _ ვუთხარი. სხვათა შორის, ისევ ქართველებს აქვთ ერთმანეთის ვალი. ბერძნის ვალი არც ერთს არ აქვს. ისევ ქართველებიაპროცენტებენფულს ერთმანეთზე; მეტიც, ვფიქრობ, ფულს თვითონ სასულიერო პირებიაპროცენტებენ”.

ყოველი თვის პირველ კვირა დღეს იკრიბებიან წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ქართველები. იქ ჩვენს ეკლესიას შეუძლია, მსოფლიო პატრიარქის ჩარევით, წირვა-ლოცვა დაადგინოს. მესმის, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მთავარია მონდომება, რომელიც არ აქვთ.

უნდა აღვნიშნო, რომ არსად მინახავს ასეთი ახალგაზარდა მრევლი, როგორც საქართველოშია, თუმცა არც ეკლესიაზე გულაცრუებული ამდენი ადამიანი მინახავს სადმე. როდესაც ახალგაზრდა გულანთებული ადამიანი მიდის ეკლესიაში, მას ჩვენი საეკლესიო იერარქია თავისი ქმედებებით განიზიდავს ეკლესიისგან, ამიტომ ეკლესიას გაწმენდა სჭირდება!

_ მამაო, ჟურნალ Charlie hebdo რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ამ ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ კარიკატურებს მოჰყვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, შესაძლოა, შეიტანონ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდება 2-დან 5 წლამდე დაისჯება. ამ ინიციატივამ უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის პროტესტი, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.

_ პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ მორწმუნე ადამიანი ასეთ კარიკატურებს არ გამოაქვეყნებს. ნებისმიერმა ქრისტიანმა უნდა დაგმოს ასეთი საქციელი. მუსლიმანებს ასე არ უნდა დაუპირისპირდე. არსებობს ტელევიზია, სადაც შეიძლება, გამოხვიდე, დაჯდე დებატებში და მოწინააღმდეგე დაარწმუნო შენს სიმართლეში. ბელარუსში მუსლიმანები მეჩეთის აშენებას აპირებენ. არადა, საკმაოდ ცოტა მუსლიმანი ცხოვრობს. არ მიკვირს, ისინი მეჩეთს რომ აშენებენ, მე ის მაოცებს, ქრისტიანებსა და მსოფლიოს ასე რამ გაუწყალა გონება, რომ კარიკატურებს დასდევენ და მუსლიმანების გაძლიერებას ყურადღებას არ აქცევენ. ვიღაცებს მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავთ ყველაფერი და ახლო მომავალში გამორიცხული არ არის, მუსლიმანური და არამუსლიმანური სამყარო ერთმანეთს დაეჯახოს.

ან რას ნიშნავს შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდება? მე რომ გამოვიდე ტელევიზიით ან პრესაში და დავგმო ეს მთავრობა, გამოდის, შუღლს ვაღვივებ? ვინ გამიჯნავს ამას _ რა ჩაითვლება შუღლის გაღვივებად და რა არა? მაშინ კანონში გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ რელიგიური მიზნით შუღლის გაღვივება დაისჯება კანონით.

_ ანტიდისკრიმინაციული კანონი ვერ დაიცავს მორწმუნეების უფლებებს?

_ ანტიდისკრიმინაციული კი არა, დისკრიმინაციული კანონი მიიღეს. მალე საკუთარ ქვეყანაში არაფრის უფლება აღარ გვექნება. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის ტაშს უკრავს სამთავრობო ინიციატივებს, თითქოს პატრიარქი ცოტა გაჯიუტდება ხოლმე, შეეწინააღმდეგება, მაგრამ გამოვა სინოდი და… რასაც ხელისუფლება იტყვის, საპატრიარქო კვერს უკრავს; მაგრამ, რასაც საპატრიარქო ამბობს, ხელისუფლება ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

2 COMMENTS

  1. თქვენი უბედურება ის არის რომ ერთ პიროვნებას ემსახურებით და არა ღმერთს და ამიტომაც არეულია მონასტერი და მთლიანი საქართველოც!

  2. მამა აბიბოსს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული აქ ქართველებისთვის.კომენტარში ამის ჩატევა შეუძლებელია.მე უბრალოდ მაინტერესებს როგორ შეიძლება ერთი ან ორი ადამიანის ცილისმწამებლირი ბოდვა გაიმეოროს სასულიერო პირმა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here