“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი.
_ ბატონო მერაბ, არ დაგიმალავთ, ამ იშვიათი გვარის გაგონებაზე გალაკტიონის ერთი ლექსი მაგონდება:
უცხო ვინმე არ გეგონოთ,
მე ვარ რატი რატიშვილი,
ათი შვილი ცოცხალი მყავს,
ათი შვილის შვილიშვილი.
მათში სულ ყველაზე უმცროსს
ჩემი სახელი აქვს _ რატი,
მე ასი წლის მოხუცი ვარ,
მას წელს შეუსრულდა ათი.
ვიცინით. მე _ იმიტომ, რომ ასამდე ჯერ კიდევ მაქვს ვადა. იგი, ალბათ, იმიტომ, რომ კარგა ხანია, ბიჭობის ასაკს გასცდა, და ისე იცხოვრა, ისეთი პერიპეტიები გადახდა თავს, სიზმრადაც რომ არ უნახავს დახვეწილი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი.
განვლილი ცხოვრების შესახებ ვეკითხები:
_ თქვენი რომანის _ “დაკარგული ფურცლების” წინათქმაში წერთ, რომ ამ რომანს უძღვნით XX საუკუნის ჭეშმარიტ რაინდს, სასტიკი ეპოქის ზნეობრივ მაგალითს _ ჭაბუა ამირეჯიბს, “ბედნიერ ტანჯულს _ ბერ დავითს”. და შემდეგ: “იმედს ვიტოვებ, რომ, როდესაც ციხიდან გავალ, მისი პირადად გაცნობის საშუალება მომეცემა”. რატომ “ციხიდან”, ბატონო მერაბ?
_ ჩემი ლიტერატურული შემოქმედება სწორედ ციხეში დაიწყო. პირველი ნაწარმოების წერა დავიწყე 2010 წლის ოქტომბერში, ანუ _ 10.10.10-ში და დავამთავრე 11.01.11-ში.
_ ციფრების მაგია?
_ (ეღიმება). ეს იყო “ჯუღა”. ამას მეორე რომანი მოჰყვა, მეორეს _ მესამე, “ჯუღას” გაგრძელება _ “ილიადი” და ასე შემდეგ. “თეთრი ლამას” მესამე ტომის დაწერას ვიწყებდი, როცა ჭაბუა ამირეჯიბი დამესიზმრა. მელაპარაკებოდა, თან ვიღაცას თითის ქნევით ემუქრებოდა _ ჩემს გათავისუფლებას ითხოვდა. ეს რაღას ნიშნავს-მეთქი, ვიფიქრე და ჩემს მეუღლეს ხმა მივაწვდინე _ ციხეში “დათა თუთაშხია” შემოაგზავნა…
_ რამდენი წელიწადი გქონდათ მისჯილი?
_ ცხრა.
_ ცხრა ბედნიერი ციფრია.
_ ხო, მაგიური ციფრია… მეოთხე წელიწადს ვიხდიდი იმ დროისთვის. შემომიგზავნეს ის წიგნი. ხელმეორედ წაკითხვა იმიტომ მინდოდა, რომ ერთია ახალგაზრდობაში აღქმული, სულ სხვაა ზრდასრული ადამიანის მიერ გადაკითხული, მით უფრო, თუ ლიტერატურაში აქვს ფეხი შედგმული.
წავიკითხე და მივხვდი, რას ნიშნავდა ის სიზმარი: მე უნდა გამეგრძელებინა ის რომანი.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩემმა იმდროინდელმა მდგომარეობამ დამარწმუნა _ ბოროტებას შეუძლია გაიმარჯვოს სიკეთეზე.
აქ უპრიანი იქნება მერაბ რატიშვილის ცხოვრების გზა გავიხსენოთ, წარმატებული კარიერული აღმასვლა ახალგაზრდა კაცისა: დამთავრებული აქვს ორი უნივერსიტეტი, ერთი აკადემია (დიპლომატიური), პროფესია _ ეკონომისტ-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, პოლიტოლოგი; მუშაობდა მოსკოვის რიგ სახელმწიფო დაწესებულებაში; ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში; იყო “ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი” და ა. შ.
2004 წელს, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს გარეთ მოღვაწე წარმატებულ თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა, დაბრუნდა თბილისში და… 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს… როგორც ნარკომანს, ქვეტექსტი კი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდაჭერა იყო.
_ პოლიტპატიმარი გავხდი, უკანონოდ გასამართლებული. პირველი ვიყავი, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერების ინიექციაც გაუკეთეს და “წამალიც” “აღმოაჩინეს” ჩემს ბინაში, უჩემოდ ორჯერ ჩატარებული ორი ჩხრეკის დროს. ჩემი ხელით უნდოდათ მთელი ოპოზიციის განადგურება: ვითომ მე ვარ კრემლის აგენტი და ქართული ოპოზიციის კურატორი. “ეროვნული საბჭო” გამოვიდა იმ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე და სჭირდებოდათ “ფაქტობრივი” მასალა მისი წევრების “გრუს” აგენტობის დასამტკიცებლად. გვარამიამ, გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ, რომელიც დღეს ასე “მშვენივრად” უძღვება “რუსთავი 2”-ს, “მამხილებელი” გადაცემების მთელი ციკლი მიუძღვჰნა ხელისუფლების ამ დაკვეთის “მაღალ დონეზე” გაშუქებას.
_ გამოძიებასთან თანამშრომლობა შემოგთავაზეს?
_ დიახ. საწადელს რომ ვერ მიაღწიეს, პირდაპირ მითხრეს, ციხიდან ვერ გახვალო. საუკეთესო შემთხვევაში, გაგიტანენო ფეხებით წინ.
_ ვინ დაგაპატიმრათ?
_ 22 სპეცრაზმელი (მეტი თუ არა) მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში _ კოდუა პირადად და მისი ბანდა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს კვლავ თანამდებობებზეა: გამომძიებელი დაწინაურებულია, ასევე _ პროკურორიც, ხელფასებიც გაზრდილი აქვთ.
მოსამართლე, რომელმაც 9 წელიწადი მომისაჯა _ მერაბ ჯორბენაძე _ დღესაც მოსამართლეა. პროკურორმა თორმეტი მოითხოვა. პროკურორს ვკითხე, რატომ მეტი არ მოითხოვეთ-მეთქი? ვითომ გაითვალისწინეს ჩემი დამსახურება საქართველოს წინაშე (ეცინება). ასეთი სამართლით სჭრიდნენ და კერავდნენ. სააპელაციო სასამართლოში იყო ქალბატონი ოთარაშვილი, მასთან ერთად _ ორი ახალგაზრდა მოსამართლე. ქალი თუ კაცი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ, ვინც უკანონობის გზას ადგას, არც ეროვნება აქვთ, არც სქესი, არც აღმსარებლობა…
_ არც სინდის–ნამუსი.
_ საოცარი რა არის, იცით? ამდენი დამკავებლიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი, სასამართლოზე რომ განეცხადებინა, მე დავიჭირე, ჩავსვი მანქანაში და სოდ-ში მივიყვანეო. სასამართლოს სხდომაზე ვიკითხე კიდეც: ისე გამოდის, რომ მე ავტობუსით მივედი დასაპატიმრებლად ან ტაქსი გამოვიძახე და ჩემით ჩაგბარდით-მეთქი…
თავები ჩაღუნეს, ან რა უნდა ეპასუხათ?!
განაჩენი იმ დროისათვის ბანალური იყო _ ნარკომანობა.
მოკლედ, ჩამსვეს. ჯერ “გუბერნსკის” ციხეში ვიჯექი, გლდანის ციხე ჩემი “გახსნილია” (ეღიმება), იქიდან გამომაგდეს; ციხის უფროსმა თამაზ მელაძემ მითხრა, “პალაჟენიას” გვიფუჭებო. დამაბრუნეს “გუბერნსკში”, იქიდან რუსთავის #6 საპყრობილეში გადამიყვანეს. 5 წელიწადი და 3 თვე “ბეტონზე ვცხოვრობდი”, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს.
გამათავისუფლეს ამნისტიით. 2013 წლის 13 იანვარს მე-13 საკნიდან გამოვედი… ბატონი ჭაბუა იმ წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
_ კვლავ ციფრების მაგია?
_ “ჯუღას” რომ წაიკითხავთ (მაშინ წაკითხული არ მქონდა _ ა. ს.), “თეთრ ლამას”, მიხვდებით, რომ ციფრების მაგიას დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ მითხარით, რომ სიზმარში გამოგეცხადათ ჭაბუა ამირეჯიბი…
_ დიახ. ხელმეორედ რომ წავიკითხე “დათა თუთაშხია”, მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა: არ შეიძლებოდა, რომ ბოროტებას გაემარჯვა სიკეთეზე და “დათა თუთაშხია” მრავალწერტილით დამთავრებულიყო. ისეთი აზარტით ვწერდი, რომ რომანი 2 თვესა და 16 დღეში დავასრულე. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა. ციხის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებული ვიყავი: მე მათ არ ვეხებოდი, ისინი _ მე. ეს ნიშნავდა, რომ ღამე საკანში შემეძლო ჩამერთო ნათურა, რომელიც პლასტმასის ქილაში იყო ჩამონტაჟებული, ჩამრთველად კი შპრიცი მქონდა გამოყენებული.
_ დამიზუსტეთ, გეთაყვა: რომანის წერა დაიწყეთ მას შემდეგ, რაც ბატონ ჭაბუას მიმართეთ, თუ მანამდეც წერდით?
_ დავწერე, ავაკრეფინე. შემომიგზავნეს ანაწყობი და მაშინ ვიფიქრე: ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ?! როგორ შეიძლება ასეთ საქმეს მოჰკიდო ხელი და დიდ მწერალს არ გააგებინო, ნებართვა არ სთხოვო ჭაბუა ამირეჯიბს? დავწერე წერილი: ბატონო ჭაბუა, ცხოვრების თამაშის წესები ვიცი. მინდა, რომ წაიკითხოთ და, თუ თქვენი ნება იქნება, მაშინ ეს წიგნი ნახავს მზის სინათლეს. თუ არა, ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, რომ რაღაც დავწერე. სიტყვის კაცი ვარ და ამას შევასრულებ-მეთქი.
ველაპარაკე ქალბატონ თამარს და ჩემმა მეუღლემ მიუტანა რომანის ორი ეგზემპლარი, ერთი _ საგანგებოდ ჭაბუასთვის, მსხვილი შრიფტით ამობეჭდილი, მეორე _ თამრიკოსთვის _ ჩვეულებრივი. გვერდები, ცხადია, დაუკაბადონებელი იყო.
გავუგზავნე და ველოდები განაჩენს. სასამართლო განაჩენზე იმდენი არ მინერვიულია, რამდენიც ჭაბუა ამირეჯიბის პასუხზე.
ცალკე ის მაწუხებდა, რომ ათი დღე მაინც ყოფილიყო ჩვენს განკარგულებაში, წიგნად შეგვეკრა თუნდაც რამდენიმე ეგზემპლარი, 18 ნოემბრისთვის დანიშნულ პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის რომ წარგვედგინა. 18 ნოემბერი, იცით, ბატონ ჭაბუას დაბადების დღეა და მინდოდა, მისთვის მიძღვნილი ეს წიგნი საჩუქრად გადაგვეცა.
_ სად დაიბეჭდა თქვენი “დაკარგული ფურცლები”?
_ ჩემს წიგნებს არც ერთი გამომცემლობა არ ბეჭდავდა, _ დაგვხურავენო. ჩემმა ცოლმა, რომელიც პროფესიით პიანისტია, ისწავლა დაკაბადონება, დიზაინი, შექმნა გამომცემლობა და ყველა წიგნი მისი დაბეჭდილია.
მოლოდინის რეჟიმში რომ ვარ, რეკავს ქალბატონი თამრიკო და მეუბნება: ჭაბუამ თქვა, რომ ეს წიგნი უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად, ძალიან კმაყოფილიაო.
9 დღეღა რჩებოდა.
სასწაული ჩაიდინა ეკამ და პრეზენტაციაც გაიმართა “თბილისი მერიოტში”.
ამ დროს უკვე ახალი ხელისუფლება მოვიდა.
სამწუხაროდ, პრეზენტაციას ვერ დავესწარი: ახალი ხელისუფლების პირობებში 3 თვე უკანონო პატიმრად ვრჩებოდი, ახლების უნიათობის გამო.
“დაკარგული ფურცლები” ვთარგმნეთ რუსულად, ითარგმნა ფრანგულად და გამოიცა. ახლა “დათა თუთაშხიას” ინგლისურად ვათარგმნინებ, შემდგომ _ მის გაგრძელებასაც.
მთავარი, რაც მოვასწარი, ბატონ ჭაბუას ვუთხარი, რომ აუცილებელია “დათა თუთაშხიას” ახალი ეკრანიზაცია. კიო, _ დამეთანხმა. გიგა ლორთქიფანიძის გადაღებული მრავალსერიანი ფილმი, რა თქმა უნდა, კარგია, პოპულარულია, ხალხს მოსწონს, მაგრამ თანამედროვე ტექნიკური საშუალება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ფორმატით, უფრო მაღალი ხარისხით წარვუდგინოთ მაყურებელს. მონახაზი გაკეთებული მაქვს, მაგრამ ჯერ ვიღებთ “ჯუღა-ილიადის” _ 24-სერიან მხატვრულ ფილმს; რიგში დგას “თეთრი ლამა” _ ჩემი რომანი _ 3 სერიად, დაახლოებით 6-საათიანი.
ერთ რამესაც დავამატებ. ბატონმა ჭაბუამ მითხრა: ამ სამი რომანის არსი რა არის, რაზე წერდიო. ვუპასუხე, რომ ეს არის ტრილოგია ქართულ გენზე, ქართველებზე, რომლებიც სამშობლოს გარეთ აღმოჩნდნენ. სად არის გასული ეს ქართული გენი და სად არის ჩაკარგული, ამის ჩვენება მინდოდა შეძლებისდაგვარად. გამომივიდა თუ არა, განსაზღვროს მკითხველმა, რომელიც ცოტა დაგვრჩა, მაგრამ ვინც არის, სასწაულად განათლებული და მაღალი დონისაა.
სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობა მოწყდა წიგნს, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია და არა მისი დროისა და ეპოქისა.
_ “დაკარგული ფურცლები” _ იგივე ხელნაწერები, საიდან გაჩნდა, სად იპოვეთ?
_ ვიპოვე იქ, სადაც ბატონმა ჭაბუამ, აცხონოს მისი სული ღმერთმა!
_ იპოვეთ, გადაარჩინეთ… იწვის ხელნაწერები?
_ არასოდეს. არ არსებობს ისეთი ცეცხლი, რომელიც ხელნაწერებს დაწვავს.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე