Home რუბრიკები საზოგადოება ნატო თუ ნეიტრალიტეტი?

ნატო თუ ნეიტრალიტეტი?

1089

(სუბიექტური მოსაზრება განსჯისთვის)

საქართველოს არაფერი ეშველება, თუ ჩვენ, ქართველები, ვერ გავარკვევთ, სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ქსოვილში და განვითარების რომელი ვექტორი იქნება მომგებიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.


ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ჩვენი გადარჩენისა და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი  კომპონენტი არის საქართველოს შესვლა ნატოში, მაგრამ არის კი ეს პანაცეა?! იქნებ, საწყის ეტაპზე გავარკვიოთ, რისთვის არის საჭირო ნატოში შესვლა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების მომხრეები ამბობენ, რომ ნატო იქნება ის “ქოლგა”, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ სერგეი ლავროვის (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის) განცხადებას, რომელიც მან გააკეთა ცოტა ხნის წინათ, რუსეთი არ დაუშვებს ნატოში საქართველოს შესვლას და ყველაფერს იღონებს ამისათვის (ეს შედის რუსეთის ეროვნულ ინტერესებში).

საქართველოსთვის ასეთივე უსაფრთხოების “ქოლგა” შეიძლება იყოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი. ნეიტრალიტეტი არ არის თვითაღიარებითი აქტი. ამაზე ნეიტრალიტეტის გარანტორები უნდა შეთანხმდნენ. საქართველოსთვის ასეთი გარანტორები შეიძლება იყვნენ აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, უშუალო მეზობელი ქვეყნები.

არის კი მისაღები რუსეთისთვის საქართველოს ნეიტრალური სტატუსი?

რუსეთის სამხრეთ საზღვარზე ამგვარი ბუფერული ზოლის შექმნა, ალბათ, მისაღები იქნება რუსეთისთვის. თუ ჩვენ სწორად ავუხსნით რუსეთს, რომ საქართველო თანახმაა, არ შევიდეს ნატოში და მიიღოს ნეიტრალიტეტის სტატუსი; თუ გაითვალიწინებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, დათანხმდება, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და შეწყვეტს ძირგამომთხრელ საქმიანობას ამ მიმართულებით, რუსეთი, ალბათ, დათანხმდება ამ წინადადებას (ყველაფერი ხომ ნატოში ჩვენი გაწევრების სურვილისა და რუსეთთან ნატოს მჭიდროდ მიახლოების გამო ხდება?!).

ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტი მისაღები უნდა იყოს, აგრეთვე, დასავლეთისა და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც, ვინაიდან რეგიონის სტაბილურობა ამ ქვეყნების ინტერესებშია. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ქვეყნების მზადყოფნაც ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის ასაღიარებლად. აუცილებელია, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რათა დავარწმუნოთ ისინი ამ ცვლილების პოზიტიურობაში.

ასეთი პოლიტიკური სტატუსი (ნეიტრალიტეტი) არ გამორიცხავს მრავალმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთანაც.

უნდა გავითვალიწინოთ ჩვენი შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, ვიმოქმედოთ ჩვენი  ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ამ საკითხზე საჭიროა ფიქრი და, თუ ჩვენ სწორად განვსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ვექტორს, აუცილებლად შევქმნით ქვეყნის სწორად და უმტკივნეულოდ განვითარების პირობებს. ამისათვის კი საჭიროა ლიდერი, რომელიც დაარწმუნებს მოსახლეობის უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების სისწორეში. მხოლოდ რაციონალიზმი თუ გადაგვარჩენს და არა შურისძიება, ვინაიდან ჩვენი რესურსი გაცილებით მწირია, ვიდრე ჩვენდამი მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგის.

და კიდევ _ ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, თითქოს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების ერთადერთი ინსტრუმენტი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომაა. არავინ უარყოფს ამ მხარდაჭერის მნიშვნელობას, მაგრამ ჩვენი პრობლემების მოგვარების გამო არავინ გაირთულებს ურთიერთობას რუსეთთან. ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის სისწორე მხოლოდ შედეგით შეიძლება შეფასდეს. თუ რა მოგვიტანა ნატოსკენ სწრაფვამ, ამის მომსწრე თითოეული ჩვენგანია. იქნებ, დადგა დრო, რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა და ადეკვატურად განვსაზღვროთ ქვეყნის შემდგომი განვითარების ვექტორი.

პატივისცემით,

. შანიძე

 

1 COMMENT

  1. საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი გადარჩენაა, სხვა მხრივ საქართველო განწირულია ,დასავლეთი ფინია ძაღლივით გვიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი ცოცხლდ გვმარხავს ,ამით თურქეთი ხელს ითბობს და იარაღის გარეშე გვიპყრობს, ყელყელაობს სომხეთიც თავის ავი ზრახვებით, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კავკასია კი ჩუმად ზის და თავის დროს ელოდება ,ამიტომ დროა გამოვფხიზლდეთ საქართველოს გადარჩენისათვის.

  2. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს აკლიათ კეთილი ნება და მამულიშვილობა, იფიქრონ ამ საკითხებზე. მათთვის დიდი ხანია სამშობლო კუჭის ამოვსებაზე გაიცვალა. ვის აინტერესებს ქვეყნის ბედი?! მთავარია, პატრონები არ გაანაწყენონ გოშიებმა, რომ ცალი ხელით ლუკმა გადმოუგდონ მათ, ხოლო მეორე ხელით საწამლავი ქვეყნის გასანადგურებლად, იმ არაადამიანური კანონებისა და წესების სახით, რომლებმაც წაგვართვეს თუ რამ გვქონდა დარჩენილი გნებავთ მატერიალური, გნებავთ სულიერი თვალსაზრისით. ერს დარწმუნება არ სჭირდება, ყველა მშვენივრად ხედავს ყველაფერს. დარწმუნება სწორედ იმ სახელმწიფოებს სჭირდებათ, რომლებიც ამ ნეიტრალიტეტის გარანტად დადგნენ. ამას კი ერის ნამდვილი წინამძღოლი გააკეთებს და არა თავის გაჭირვება რომ აქვს, ისეთი ძალად პოლიტიკოსები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here