სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ შურიგინმა თავის ტელეგრამ–არხ „Рамзай“-ში ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარი ( „Ordinary Born Nazis!“ („ჩვეულებრივ ნაცებად დაბადებულნი“) იხ. „საქართველო და მსოფლიო,“ 2023 წლის 1 ივლისი ) უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. ახლა ვლადისლავ შურიგინმა ამ ამერიკელი ჟურნალისტის, რომლის ძმაც სამხედრო ექსპერტი იყო უკრაინაში, ვრცელი წერილი ( ორ ნაწილად) გამოაქვეყნა სათაურით “ჩემი ნაცნობი ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს ინფორმირებას“.
„ვლადისლავ, სალამი!
West Point Academy-ის ვეტერანთა ფორუმიდან ჩემმა ძმამ ამოიღო ერთ-ერთი „ფორუმელის“ წერილი, რომელიც შეცდომით გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ, როცა მიხვდა, რაც ჩაიდინა, წაშალა. ისე, ძალიან საინტერესოა!
„ …„Ivy“ ორი კვირის წინათ დაბრუნდა კიევიდან. გასული უქმეები მშვენივრად გავატარეთ კოლორადოში ჩემს რანჩოზე. მან ბევრი რამ მიამბო მივლინებასა და რუსებთან ომზე. ახლა ის წერს „ანალიტიკ რეპორტს“ „არმიისთვის“. მე ვაკეთებ ჩანაწერებს და მინდა, გაგიზიარო. ეს არის ჩვენი ბიჭის თვალსაზრისი ამ კონცერტის შიგნიდან. დავიწყებ იმით, რომ „Ivy“ ძალიან კრიტიკულია, უკრაინის გენერალურ შტაბში გატარებულმა ექვსმა თვემ პესიმისტად აქცია. მისი თქმით, რუსებთან ამ ომის პერსპექტივა ძალიან უარყოფითია. ომში ბლოკის ჩართვის გარეშე უკრაინელები ძნელად თუ გაძლებენ ერთ წელიწადს. იმედი წარმატებული შეტევისა, რომლის მსვლელობისას უკრაინელები რუსებს სერიოზულ სამხედრო მარცხს აგემებენ, ფუჭი აღმოჩნდა. შეტევა „გაიჭედა“ და უკვე ხუთი კვირაა, უკრაინელები ვერ ახერხებენ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევას. ადამიანებისა და აღჭურვილობის დანაკარგები ძალიან დიდია. უკრაინელებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ ძალა ღრმა გარღვევისთვის. მათი ბრიგადების ბრძოლისუნარიანობა დაბალია. საზოგადოდ, უკრაინელები ძალიან შეიცვალნენ. თუ ერთი წლის წინათ ჩვენ დიდი ენთუზიაზმით აღგვიქვამდნენ და ჩვენი სამხედრო დახმარება ამხნევებდათ, დღეს ჩვენ მიმართ დამოკიდებულება ცივი და პრაგმატულია – სამომხმარებლო. ერთადერთი, რაც ახლა გვესმის, არის: „მოგვეცით ATACMS-ები, მოგვეცით F-16-ები, მოგვეცით ბევრი „აბრამსი“, მოგვეცით ჭურვები!“ უკრაინელები აკრიტიკებენ ჩვენი მრჩევლების დახმარებას. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამები მოძველებული და არაეფექტიანია. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ჩვენი მრჩევლების შენიშვნებს პასუხობენ ფრაზებით: „ჯერ წადით, რუსებს ეომეთ და შემდეგ დაიწყეთ ჩვენი სწავლება!“ ამასთანავე, განუხრელად იკლებს ჯარის მომზადების დონე. საუკეთესო უკრაინული ბრიგადებიც კი, რომლებიც ერთი წლის წინათ წარმატებით იბრძოდნენ და ოცნებობდნენ რუსების განადგურებაზე, დღეს დიდად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქვეითი ბრიგადებისაგან. მათ თითქმის არ აქვთ მძიმე შეიარაღება და დაკომპლექტებული არიან ვიგინდარებით, რომლებიც უკრაინის სამხედრო კომისარიატებს პირდაპირ ქუჩიდან აჰყავთ, ისევე, როგორც ევროპაში ასწლიანი ომის დროს; მიზეზი უკრაინელების მიერ ამ თვეების განმავლობაში განცდილი უზარმაზარი დანაკარგებია. ბრიგადების უმრავლესობამ, რომლებიც გასული წლის გაზაფხულიდან იბრძვიან, პირადი შემადგენლობის ნახევრიდან ორ მესამედამდე დაკარგა, ზოგიერთმა კი უკვე ორჯერ განაახლა საბრძოლო შემადგენლობა. შედეგად, ამ ბრიგადების მხოლოდ სარდლობა და საბრძოლო მართვაა მუდმივი, რომლებიც თვითონ არ შედიან ბრძოლებში და კარგად დაცული სამეთაურო პუნქტებიდან მართავენ საბრძოლო მოქმედებებს. ამან გამოიწვია ის, რომ ბრიგადების სარდლობამ დაკარგა პასუხისმგებლობის განცდა ჯარისკაცების მიმართ და მათ განიხილავს მხოლოდ გასახარჯ მასალად ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. ეს მხოლოდ ზრდის დანაკარგებს.
დანაკარგების გამომწვევი მეორე ფაქტორი არის სარდლობის მოთხოვნა, გაუფრთხილდნენ ტექნიკას. უკრაინელებს არ აქვთ სამხედრო მრეწველობა და ჯავშანტექნიკასა და არტილერიას მხოლოდ ჩვენგან იღებენ. შეიარაღების მიწოდებას რიტმი არ აქვს, იარაღის ნაწილი კი, საზოგადოდ, ცუდად მიეწოდება, განსაკუთრებით ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. შეიარაღების ეს სახეობები, პრაქტიკულად, არც ჩვენ გვაქვს საწყობებში, ამიტომაც უკრაინის სარდლობამ გასცა ბრძანება, რუსების თავდაცვის ხაზის გარღვევამდე შეჩერებულიყო ბრძოლის ველზე მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენება და ქვეითთა მცირე ქვედანაყოფებით შეტევით ტაქტიკაზე გადასულიყო. მიაჩნიათ, რომ ისინი დაქანცავენ რუსებს და განუწყვეტელი შეტევებით აიძულებენ, უკან დაიხიონ. თუ ამგვარმა ტაქტიკამ პირველი ორი კვირის განმავლობაში საშუალება მისცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, წინ ოდნავ წაეწიათ, ახლა რუსებმა ამ ტაქტიკას ალღო აუღეს. უკრაინელებს მიახლოების უფლებას აძლევენ, შემდეგ ნაღმსატყორცნებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლს უხსნიან, თვითონ გადადიან კონტრშეტევაზე და იკავებენ გაქცეულთა პოზიციებს.
უკრაინის შტაბებში, საზოგადოდ, სასოწარკვეთილებისა და სიბრაზის განწყობაა. თუ გასულ შემოდგომაზე უკრაინელი გენერლების თვალებში გამბედაობისა და სიმამაცის ცეცხლი გიზგიზებდა, ამუშავებდნენ სამომავლო დარტყმების გეგმებს და კამათობდნენ, როგორ აეღოთ პერეკოპი და სევასტოპოლი, ახლა დღეები იწყება ცნობებით შემტევი ბატალიონების წინსვლის არარსებობის, ტექნიკის დანაკარგებისა და ჭურვების მარაგის შესახებ. იმ ადამიანების სახეებს კი, რომლებაც შემოდგომისთვის სევასტოპოლის შტურმი დაგეგმეს, უიმედობის დამღა ადევს. გულწრფელ საუბრებში ბევრი უკრაინელი უფროსი ოფიცერი ახლა სულ უფრო ხშირად აღიარებს, რომ ვერ ხედავს ომის წარმატებით დასრულების პერსპექტივას. ერთადერთი იმედი, რომელიც, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ბევრ მათგანს აქვს, არის ამ ომში ჩვენი პირდაპირი ჩარევის იმედი; მაგრამ ბევრი დასძენს, რომ ეს თოვლის ბაბუის არსებობის რწმენას ჰგავს.
ამჟამინდელმა წარუმატებელმა შეტევამ გააღრმავა კონფლიქტი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში. მთავარსარდალი ზალუჟნი და სახმელეთო ჯარების სარდალი სირსკი ერთმანეთს ისე ვერ იტანენ, რომ შეხვედრებზე ერთად გამოჩენასაც კი ერიდებიან. ზალუჟნი, რომელიც მძიმედ დაჭრის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა, სირსკის არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებს, რომ იგი დათანხმდა შეტევის დაწყებას, მიუხედევად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ იყვნენ ამისთვის მზად, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამაში დამნაშავე სირსკი არ არის. შეტევა – ეს იყო „მარშალ ჯის“ კატეგორიული მოთხოვნა (როგორც ჩანს, ლაპარაკია ბაიდენის თანაშემწე სალივანზე, რომელიც, ფაქტობრივად, კურატორობს ომს რუსეთის წინააღმდეგ) და ზელენსკიმ არაერთხელ გაიმეორა ის სამხედროებთან თათბირებზე. ზალუჟნის, უბრალოდ, „გაუმართლა“, რომ იმ მომენტში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭესთან არ იყო. ამ ყველაფერს უფრო აღრმავებს კონფლიქტი აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის შორის, რომლებიც ასევე ვერ იტანენ ერთმანეთს და ამიტომ მოქმედებენ დისონანსში. მათ შორის თანხმობა და ურთიერთგაგება რომ ყოფილიყო, შეტევის ეს ავანტიურა, ალბათ, არ დაიწყებოდა…“
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/3662
https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/3663