ბაიდენი და დემოკრატები ადგილებზე მომხრეებს ჰპირდებიან, რომ „გაერკვევიან“ შედეგებში და უზენაესი სასამართლოს ძალების გადაწყვეტილებებს „არაამერიკულს“ უწოდებენ, – იუწყება ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, რომელშიც უმრავლესობა კონსერვატიული მოსამართლეებია, ახლახან მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებმაც ლიბერალიზმს დაბრკოლებები შეუქმნა. 2022 წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა იმავე სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება აბორტის საქმეზე როუ უეიდის წინააღმდეგ. ახლა აბორტის გაკეთების დასაშვები ვადის საკითხს კვლავ შტატებში წყვეტენ. ამან რამდენიმე შტატში უკვე გამოიწვია ადგილობრივი კანონების მიღება, რომლებიც ზღუდავს აბორტს „სურვილის მიხედვით“.
2023 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განიხილა მთელი რიგი სარჩელებისა, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც სრულიად ამერიკული ლიბერალური დღის წესრიგისთვის, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის. ვინაიდან ანგლოსაქსური სამართალი პრეცედენტულია, სასამართლოს გადაწყვეტილებებს შორსმიმავალი შედეგები ექნება.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო ხანს მიღებული სამი საკვანძო გადაწყვეტილება:
▶ ამერიკელთა საგანმანათლებლო კრედიტებზე ვალების ფედერალური ნაწილის ჩამოწერის არაკონსტიტუციურად აღიარება. ეს იყო ბაიდენის პროგრამის მნიშვნელოვანი პუნქტი. საუბარია თითქმის 40 მილიონ ამერიკელზე. ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ შეეცდება, დაუბრუნდეს საკითხს უმაღლესი განათლების შესახებ აქტის მიღებით, მანამდე კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, პერსონალურ ბანკროტებად (შესაბამისი დაცვის ზომებით) ჩაითვლებიან 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 1 წლის ვადით.
▶ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას „პოზიტიური დისკრიმინაციის” (affirmative action) პრაქტიკის გაუქმება. ადრე რასობრივი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს დამატებითი პრივილეგიების იმედი ჰქონდათ. ახლა უნივერსიტეტებში მიღებისას რასა და ეროვნება გათვალისწინებული არ იქნება. უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ „ეძებენ ახალ გზებს თანასწორობის შესანარჩუნებლად“, ე.ი., რასობრივი უთანასწორობის შესანარჩუნებლად არათეთრკანიანი აბიტურიენტების სასარგებლოდ.
▶ კოლორადოს შტატის საქმე გადაწყდა ვებდიზაინერის სასარგებლოდ, რომელმაც უარი განაცხადა ვებსაიტების შექმნასა და სხვა IT–სერვისების მიწოდებაზე ერთი და იმავე სქესის წყვილებისა და ლგბტქ+ თემის სხვა წარმომადგენლებისთვის. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, ვინაიდან ვებდიზაინერის ბიზნესი საჯარო იყო. ასე რომ, ახლა პირადი მორალური რწმენის საფუძველზე ლგბტქ+ თემისთვის უარის თქმა მომსახურებაზე კანონიერად თვლება.
აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე ელის. საპასუხოდ წარმოქმნილი ლიბერალური რეაგირების ტალღა მხოლოდ საჯარო კრიტიკით არ შემოიფარგლება. ლიბერალები ეძებენ სამართლებრივ და პოლიტიკურ გზებს, რათა არ აღიარონ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილ ვითარებაში ეს სრულიად შესაძლო სცენარია, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს შიდა კონფლიქტს ქვეყანაში.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ