„დედას გიტირებთ, დედას გიტირებთ, დედას გიტირებთ, ბიჭო!“ – ასე მიმართა ერთ-ერთ აქციაზე ტელეკომპანია “ფორმულის“ თანამშრომელმა მიშა მშვილდაძემ ქართველ პოლიციელებს. აღტყინებულმა ბრბომ მას ტაში დაუკრა, შემდეგ ტელეეთერებში მიიწვიეს, სითამამე მოუწონეს. მშვილდაძემაც „მორცხვად“ დახარა თვალები, გაინაბა და თქვა: მე ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი ვარ და, როცა ქვეყანა იღუპება, ყველა მეთოდით უნდა ვიბრძოლოო. მერე იყო ეკლესიისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა გინება და… მშვილდაძემაც გაილაღა სოციალურ ქსელსა თუ საჯარო სივრცეში, ბილწად იგინებოდა და ჩათვალა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა. ჰოდა, როცა ოთხი შვილის მამამ მშვილდაძეს ქუჩაში ხელი დაარტყა, მაშინვე პატარა ბავშვივით ატირდა, ტელევიზიიდან ტელევიზიაში გაიქცა, ჩალურჯებულ თვალს აჩვენებდა, – „ფუა“ მაქვს, მიშველეთო. ოპოზიციურმა არხებმა ხომ, საერთოდ, ჰიჩკოკისეული სცენარი შექმნეს, თურმე, როცა მშვილდაძე ფეხით გადაადგილდებოდა, შავმა „ბე-ემ-ვემ“ ჩაიარა, ვიღაც გზაზე გადავიდა, ვაშლის გამყიდველმა ალმაცერად გახედა, ვიღაცამ დარეკა… ააგეს შეთქმულების თეორიები და არავის დასცდენია: იქნებ ეს რიგითი გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანის შურისძიებაა და მეტი არაფერიო. არადა, რეალურად, სწორედ ეს იყო…
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ხშირად ახსენებენ: თმენის ვალდებულება გაქვთ და ამიტომ, რასაც გეტყვით, ყველაფერი უნდა აიტანოთო. ჰოდა, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ თუ არ ხვდებიან, რომ რიგით ადამიანებს არანაირი თმენის ვალდებულება არ აქვთ და შეუძლიათ პასუხი მოსთხოვონ ყველგან, სადაც კი მათ წაასწრებენ – ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში… 500 ადამიანის წინაშე რომ „ბლატაობ“ და მილიონზე მეტ ადამიანს პირდაპირ ეთერში აგინებ, ისიც უნდა იცოდე, რომ იმ მილიონიდან ვიღაც, ადრე თუ გვიან, პასუხს მოგთხოვს და მოგთხოვს არა პოლიტიკურ დებატებში, არამედ მუშტს გითავაზებს ცხვირ-პირში, რაც მიიღო კიდეც მშვილდაძემ. ვიღაცამ ვერ აიტანა ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადება, ვიღაცამ – პირადი შეურაცხყოფა და ეს ხალხი პასუხს მოითხოვს, ოპოზიცია კი „გაოცებული“ დადის, – რა დავაშავეთ, სიტყვის თავისუფლებააო. სიტყვის თავისუფლება კი დედის გინება არ არის… თანაც ცემაც არის და ცემაც, მშვილდაძე ჩალურჯებულ თვალებს რომ გვაჩვენებდა და ტელევიზიიდან ტელევიზიაში დარბოდა, ეგ არ არის ცემა. აი, ცემა ის იყო, დეპუტატ ვალერი გელაშვილს ისე სასტიკად რომ გაუსწორდნენ, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა დასჭირდა, ცემა ის იყო, მეორე დეპუტატი კობა დავითაშვილი ფეხზე რომ ვერ დგებოდა და საუბრის თავი არ ჰქონდა. საბოლოოდ კი ამ ცემამ შეიწირა კიდეც. ცემა ის იყო, ციხეებში, კარანტინის დაშლის შემდეგ, პატიმრების ნაწილი ციხის საავადმყოფოში რომ ხვდებოდა და ნაწილი კი ეტლს ეჯაჭვებოდა. აგერ, თავის პირით თქვა გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ, ღირსეულად მეპყრობოდნენ და მთავარი პატიმრისთვის სწორედ ეს არისო. არადა, ხელისუფლებაში ყოფნისას იუსტიციის მინისტრი გვარამია არანაირ ყურადღებას არ აქცევდა პატიმრების ღირსებას, რადგან ისინი იმხანად მტრები იყვნენ, ზუსტად ისეთივე მტრები, როგორიც ახლა არიან, უბრალოდ, ახლა ძალაუფლება და შესაძლებლობა არ აქვთ, კვლავ სისხლში ჩაახშონ პროტესტი.
მშვილდაძის შემდეგ იყო თავდასხმის მცდელობა „ნაცმოძრაობის“ ლიდერ ლევან ხაბეიშვილზე და ესეც პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს. არადა, რამდენიმე დღის წინათ ხაბეიშვილმა ყველას გასაგონად თქვა, – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ქვეყნის მოღალატეები არიანო. ჰოდა, ეს ადამიანები მოითხოვდნენ იმის ახსნას, რატომ უწოდეს მათ მოღალატეები! ხანდახან გვგონია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ისე აქვთ ღირსება დაკარგული, რომ ვერც კი ხვდებიან, დედის გინებაზე რატომ სთხოვენ პასუხს, ვერ აცნობიერებენ, რატომ შეიძლება კაცი ქუჩაში დაგხვდეს, თუ მას მოღალატეს უწოდებ. მათთვის მისაღებია დედის გინებაც, მოღალატის იარლიყის მიწებებაც და, ეს სხვებისთვის რომ არ არის მისაღები, ვერ აღიქვამენ, ვერ „ხარშავენ“ გონებაში, რა ეწყინა ხალხს. ეს იმიტომ, რომ მათთვის ღალატიც ჩვეულებრივი ამბავია, რეალურად, სწორედ ამ საქმით არიან დაკავებული ყოველდღიურად, აგერ ნათელი მაგალითიც – კომპანია „ ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესების გამო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ტაში დაუკრეს. სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა შენი ქვეყნის მოქალაქეს ბრალი დასდო სისულელეში, სანქცია დაუწესა და გიხარია, ტაშს უკრავ, იმის მაგივრად, რომ მოქალაქე დაიცვა, მაგრამ არა – ეს მოქალაქე შენი მომხრე თუ არ არის, მაშინ ყველაფრის ღირსია. ახლა საქმეში ოპოზიციონერი ქალებიც ჩაერთნენ და აგერ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ( „ლელო“) საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერის შვილის წინააღმდეგ გაილაშქრა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან დაუწერელი კანონია, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთის ოჯახის წევრებს, მით უმეტეს ბავშვებს, არ ეხებიან და, როცა ნაცვლიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვა, მან ამრეზით განაცხადა: ნუ აქოთქოთდით ახლაო. არადა, ნაცვლიშვილი პოლიტიკაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მოვიდა და ზუსტად იცის, რომ არასწორად მოიქცა, მოზარდის უფლებები რომ დაარღვია, მაგრამ ეს არაფრად მიაჩნია, იმიტომ, რომ დასავლეთი ამასაც აპატიებს და აკი აპატია კიდეც – არც ერთ ელჩსა თუ დიპლომატს ხმა არ ამოუღია, ნაცვლიშვილმა ეს რა იკადრაო. არადა, პირიქით რომ მომხდარიყო, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ეთქვა ანალოგიური რამ, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გაიშლიდა დალალებს, – ეს რა იკადრა ხელისუფლებამო, და მერე დანარჩენები აჰყვებოდნენ. ნაცვლიშვილის განცხადება კი ოპოზიციურმა არხებმაც გაატარეს და დასავლურმა ძალებმაც თუ პარტნიორებმაც. ჰო, არ დაიწყეს ოპოზიციურმა ტელევიზიებმა საინფორმაციო გამოშვება შეშფოთებული ხმით: „თავდასხმა პოლიტიკოსის შვილზე…“ ჰოდა, ახლა ნაცვლიშვილს ვიღაც ქალი რომ დახვდეს ქუჩაში და მიაწყევლოს, ხომ ატყდება ამბავი, – ხელისუფლების მხარდამჭერები ქალებზეც გადავიდნენო? და ვიღაცამ რომ თქვას, – მაგათ ქალობის არაფერი სცხიათო, მთელი არასამთავრობო სექტორი ფეხზე დადგება, – დისკრიმინაციაა, ეგ როგორ გაბედეთო?! ცნობისათვის: ანა ნაცვლიშვილის მეუღლე გიორგი ნოზაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. სამწუხაროდ, დაშვებული შეცდომების „ვერშემჩნევაზე“ ხელისუფლება პასუხს არ სთხოვს დასავლელ პარტნიორებს. თუნდაც იმ აქციებზე, რომლებზეც მშვილდაძე იგინებოდა, არაერთი ელჩი იყო მისული ზურგის გასამაგრებლად და ხელისუფლებამ არც ერთ მათგანს არ უთხრა, – გინებას რატომ არ გმობო. ახლაც, ნაცვლიშვილის მიერ ბავშვზე თავდასხმა დასავლელ პარტნიორებს ისევ „გაუტარეს“ და ეს მაშინ, როცა, ყველაფერი პირიქით რომ მომხდარიყო, უკვე რამდენიმე პრესკონფერენცია იქნებოდა ელჩების მიერ გამართული, ატირებული და ფსიქოლოგიურად დათრგუნვილი ბავშვი სტუდიიდან სტუდიაში ირბენდა, იქნებოდა ჟრიამული, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც მხოლოდ ოპოზიციონერების შვილებზე ვრცელდება, თორემ ხელისუფლებასა და რიგით ადამიანებს ხომ ისე არ უყვართ თავიანთი შვილები, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს. მომავალი წელი საარჩევნოა და ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, რიგითი ადამიანები წყობილებიდან უფრო მეტად გამოიყვანოს, რათა დევნილისა და ჩაგრულის სტატუსი განიმტკიცოს. დასავლეთი ამ ყველაფერს აუცილებლად „შეამჩნევს“ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ისე წარმოჩნდეს, თითქოს ხელისუფლება ოპოზიციას დევნის და ავიწროებს. რეალურად, არც ოპოზიციას და არც დასავლეთს არ აინტერესებთ რიგითი ადამიანების აზრი და ღირსება. სწორედ ადამიანების ღირსებას თელავდა ფეხქვეშ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლაც იმავეს აკეთებს. ეს მიზანი აქვს ლგბტ კვირეულსაც, რომელიც წინასწარ დაგვიანონსეს და უკვე ამბობენ, რომ მოძალადე ჯგუფებს ელიან, რადგან რიგითი ადამიანები მათ არ აძლევენ უფლებას, ქუჩაში თამამად გაიარონ, თავიანთი სათქმელი მიიტანონ საზოგადოებამდე, იმ საზოგადოებამდე, რომელსაც დედას აგინებენ, შეურაცხყოფენ და მერე საპასუხო რეაქცია უკვირთ. საპატრიარქომ უკვე მოუწოდა, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს და ყველაფერი მართლაც კანონის ძალით უნდა აიკრძალოს, ზუსტად ისე, როგორც აკრძალულია სხვა ქვეყნებში და მოსახლეობა ამ აკრძალვას მხარს უჭერს.
საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ათიოდე დღის წინათ მოლდოვაში გამართეს ლგბტ კვირეული და მათ სპეცდანიშნულების რაზმი იცავდა. ამაზრზენი სანახავი იყო ქუჩაში მამაკაცის მიერ მამაკაცისთვის ხელის თხოვნა, ქალების ერთმანეთთან ჩახუტება და კოცნა და ამ ყველაფერს ტელევიზიით უყურებდნენ ბავშვები, ქუჩაშიც უყურებდნენ და ხედავდნენ იმასაც, როგორ იცავდა ამ ხალხს სპეცდანიშნულების რაზმი და როგორ უკრავდა ტაშს ქვეყნის პრეზიდენტი…
სამწუხაროდ, ტაშს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც დაუკრავს.
ლევან გაბაშვილი