პაპის წარმომადგენელმა უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხებში, კარდინალმა მატეო ზუპიმ მიიღო კრემლის თანხმობა მოსკოვში ვიზიტის თაობაზე, – განაცხადა რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელმა არქიეპისკოპოსმაპაოლო პეციმ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში და დააზუსტა, რომ მან ჯერ არ იცის, თუ როდის განხორციელდება ეს ვიზიტი.
“როგორც (ვოლოდიმირ) ზელენსკის მხრიდან, ასევე კრემლის მხრიდან, მე ბოლო დროს წავიკითხე ძალიან ნეგატიური განცხადებები შესაძლო შუამავლობის შესახებ. და ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, ის ფაქტი, რომ პაპის წარმომადგენელი ჩავიდა უკრაინაში და მიიღო თანხმობა კრემლისგან ჩასულიყო მოსკოვში, თუმცა არ ვიცი, როდის, თავად ეს ფაქტი არის ნიშანი, რომელიც არ შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი“, – განაცხადა მან ინტერვიუში.
კარდინალ ზუპის კიევში ვიზიტის შესახებ საუბრისას, რომლის მიზანი იყო უკრაინის ხელისუფლების პოზიციის მოსმენა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რუსი კათოლიკეების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვის წინადადებებიც იქნას მოსმენილი“.
არქიეპისკოპოს პეცის თქმით, პაპის წარმომადგენლის ვიზიტმა მოსკოვში ასევე შეიძლება “ხელი შეუწყოს პაპ ფრანცისკესა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შესახვედრად დიალოგის განახლებას”.
“რაც შეეხება თავად დიალოგს, აქ არ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობების განელება მომხდარიყოს. აღდგომაზე პატრიარქს ვესტუმრე და არ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ რაიმე გაუგებრობის ნიშანი არსებობდეს”, – აღნიშნა მან.
სამშაბათს კარდინალმა ზუპიმ დაასრულა ორდღიანი ვიზიტი კიევში, როგორც პაპის წარმომადგენელმა უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხებში. ვატიკანმა ამ ვიზიტს უწოდა “მოკლე, მაგრამ უაღრესად შინაარსიანი”. წმინდა საყდრის გზავნილში აღნიშნულია, რომ კიევში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს „მოახსენებენ წმინდა მამას და უდავოდ სასარგებლო იქნება იმ ნაბიჯების შესაფასებლად, რომლებიც უნდა გადაიდგას როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზების საძიებლად“.
წმიდა საყდარმა 20 მაისს განაცხადა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ დაავალა კარდინალ ზუპის შეასრულოს „მისია, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას უკრაინის კონფლიქტში, იმ იმედით… ამას შეეძლება დასახოს გზა მშვიდობისკენ“.
მოგვიანებით ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განმარტა, რომ ზუპი არის პაპის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების გზებს ეძებს. მისი თქმით, კარდინალის მისია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ „შეეცადოს ხელი შეუწყოს მხარეთა მაქსიმალურად დაახლოებას, შექმნას წინაპირობები, შექმნას რაიმე ხელსაყრელი გარემო“ კონფლიქტის მოგვარებისთვის. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზუპის თანამოსაუბრეები იქნებიან მოსკოვი და კიევი, მაგრამ მისი ვიზიტების განხორციელების თარიღები არ დაუსახელებია.
30 აპრილს უნგრეთში სამოციქულო მოგზაურობიდან დაბრუნებულმა რომის პაპმა ფრანცისკემ თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვატიკანი ახორციელებს მისიას უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. მისი თქმით, „ის ჯერჯერობით საჯარო არ არის“ და ამის შესახებ საუბარი მხოლოდ მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, „როცა საჯარო გახდება“. მაისის დასაწყისში სახელმწიფო მდივანმა პაროლინმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ინფორმირებული იყვნენ ვატიკანის ინიციატივის შესახებ.