გაგაუზის ავტონომიის ხელმძღვანელის არჩევნებში გაიმარჯვა მოლდოვაში ოპოზიციური პარტია „შორის“ წარმომადგენელმა ევგენია გუცულმა. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იანა კოვალენკომ განაცხადა, მან ხმების 52,36 პროცენტი მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, სოციალისტების პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგორი უზუნმა შეძლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 47,64 პროცენტის მხარდაჭერის მოპოვება.
კოვალენკოს თქმით, გუცულმა 27 376 ხმა მიიღო, უზუნმა – 24 913 ხმა. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მართალია, კენჭისყრისას ტექნიკური დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. ამომრჩეველთა აქტივობამ 54,56 პროცენტი შეადგინა.
გამარჯვებულს უკვე მიულოცა მოლდოვას გაგაუზის ავტონომიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ირინა ვლახმა. „გაგაუზის ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ და თქვენგან ელის კოორდინირებულ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებას, გაგაუზის საზოგადოების გაერთიანებას, ჩვენი ავტონომიის განვითარებას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა ვლახმა.
კიშინიოვმა ყველაფერი გააკეთა, რათა გუცულის არჩევა არ მომხდარიყო
როგორც თავად გუცულმა განაცხადა, იგი აპირებს დიალოგის გაღრმავებას ავტონომიასა და ოფიციალურ კიშინიოვს შორის. „ჩვენ მზად ვართ კიშინიოვთან დიალოგისთვის, მაგრამ კიშინიოვი თავად არ არის მზად“, – განაცხადა მან. გაგაუზიის არჩეულმა ხელმძღვანელმა ასევე პირობა დადო, რომ უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს ავტონომიის მაცხოვრებლების უკან დაბრუნებას, რადგან ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს მას, გახსნის ახალ მსხვილ საწარმოებს და აღადგენს ძველებს. მან განსაკუთრებით გამოყო დაბინძურებული წყლის პრობლემა, კანალიზაციის, გაუარესებული ინფრასტრუქტურის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ამომრჩევლები ითხოვდნენ.
თუმცა გაცილებით საინტერესოა საერთაშორისო პოლიტიკა, რომლის გატარებას გუცული გეგმავს. “ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, პრორუსული პარტია. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ მეგობრობა რუსეთის ფედერაციასთან, ვიმეგობროთ სხვა ქვეყნებთან. ჩვენ არ გვინდა რაიმე სახის კონფლიქტი”, – განაცხადა მან. „რასაც ახლა აკეთებს ამჟამინდელ ხელისუფლებას, ამან ყველანაირად გააფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, ეს ეხება გაგაუზიასაც. მაგრამ როცა სხვები იძახიან, რომ აღადგენენ რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, სანამ ისინი მომავალზე საუბრობენ, ჩვენ უკვე ვაკეთებთ ამას“, – დასძინა გუცულმა. მის პრიორიტეტულ გეგმებს შორისაა რეგიონის წარმომადგენლობის გახსნა მოსკოვში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთში ექსპორტის განბლოკვა (აკრძალვა შემოღებულ იქნა 2022 წელს საკარანტინო მოთხოვნების დარღვევის გამო). გარდა ამისა, პარტია „შორი“ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ უნივერსიტეტებთან გაგაუზიაში უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები მიიღებენ როგორც ადგილობრივ, ასევე რუსულ დიპლომებს.
აღსანიშნავია, რომ მეორე კანდიდატი – გრიგორი უზუნი ასევე მხარს უჭერდა რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას. ასეთი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ დამახასიათებელია ავტონომიისთვის, სწორედ ამიტომ მოლდოვაში მმართველმა პროდასავლურმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობამ“ საერთოდ არ წარადგინა თავისი კანდიდატი. თუმცა, საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა კიშინიოვის ზოგიერთმა ქმედებამ, რითაც ადგილობრივ ცესკო-ს ემუქრებოდა სისხლისსამართლებრივი დევნით საარჩევნო დარღვევების გამო. ავტონომიის პარლამენტმა ეს აღიქვა, როგორც არჩევნების ჩაშლის მცდელობა.
უფრო მეტიც, მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მთავრობის მიმართვის განხილვა პოლიტიკური პარტია “შორის”კონსტიტუციურობის გადამოწმების მიზნით. გაგაუზიაში არჩევნების წინა დღეს გუცულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებთან ჩხრეკა ჩაატარეს. მანამდე კი სასამართლომ პარტიის ლიდერს ილან შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყნის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გატანის საქმეზე.