Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთში დამარცხებისა და მისი გასხვისების მიზეზი ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ქვეცნობიერის წიაღში...

აფხაზეთში დამარცხებისა და მისი გასხვისების მიზეზი ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ქვეცნობიერის წიაღში უნდა ვეძიოთ!

688

ეს შთაბეჭდილება დამრჩა ცნობლი მწერლის _ გურამ ოდიშარიას ნაწარმოების _ “ომამდე დამარცხებულის” _ წაკითხვის შემდეგ. ამაზე ადრეც მიფიქრია, მაგრამ მწერლის მიერ დანახული ერის ცხოვრებიდან ეპიზოდები და კადრები ისეთი სწორი და შთამბეჭდავია, რომ შეუძლებელია, მის სიზუსტესა და რეალობაში იოტისოდენა ეჭვის შეტანაც კი. დღეს არც ის არის სადავო, რომ არსებული ვითარება ხელისუფლების უნიათობის, უნიჭობისა და ღალატის ტოლფასი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგია. ეს ყველამ კარგად იცის და უკვე არც დავობენ, მაგრამ მავანს მაინც უჩნდება კითხვა _ ხომ არ იყო კიდევ სხვა მიზეზები და გარემოებები? და თუ ასეა, განსაცდელში ჩავარდნილს აინტერესებს, რატომ გაგვწირა უფალმა, თუ მისი რჩეული ერი ვიყავით, რასაც არცთუ ისე იშვიათად ვამბობდით ხმამაღლა: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”…


ეს მთლად ასე რომ არ ყოფილა, გვიჩვენა ქვეყანაში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა. ეს კარგად გამოჩნდა, როცა ჯერ სამკვდროსასიცოცხლოდ გადავეკიდეთ ერთმანეთს, მივანგრმოვანგრიეთ ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა და საბჭოთა იმპერიის დაშლისას, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში მქონე ერი ისე ჩამოვრჩით ყველას და ყველაფერს, რომ გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე მდგომს ვერ გადაგვიწყვეტია, საით წასვლა სჯობს _ უზნეობისკენ, გადაგვარებისკენ, ეროვნული თვითმყოფადობის, მართმადიდებლური კულტურისა და იერსახის დაკარგვისკენ, საითაც გვიბიძგებენნაცქოცებითუ ამ და სხვა ფასეულობების გადარჩენაშენარჩუნებისა და განმტკიცებისაკენ. რა გვჭირს ასეთი, რა ღმერთი გაგვიწყრა?! ხომ არ მართლდება ცნობილი რუსი მწერლის, ვიქტორ ასტაფიევის, მიერ თავის მოთხრობაში (“Ловля пескарей в Грузии”) გამოთქმული მოსაზრება ქართველი ერის ზნეობრივი და სულიერი დეგრადირების შესახებ? ნუთუ ეს ასეა?! თუ არა, რა გვემართება, დღესაც რომ ვერ გავრკვეულვართ, რა გვინდა, რანი ვართ?!

ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხს მიიღებთ, თუ გადაშლით ბატონი გურამ ოდიშარიას წიგნსომამდე დამარცხებული”. ბატონ გურამთან შეთანხმებით გთავაზობთ ამ წიგნიდან ამონარიდს. გაეცანით მას და თავად განსაჯეთ. კომენტარი და ბოლოთქმაც თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო.

ნაპო მესხია, ნეიროქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი

…1993 წლის 2 ოქტმობრის შუაღამე. უღელტეხილი. ალპური ზონა. გზისპირა ლოდთან ვჩერდებით მე და ჯემალ დარცმელია. სულს ვითქვამთ. ლოდს მოხუცი ქალი გადასწოლია, ძლივს გასაგონად კვნესის, _ მიშველეთ, დამეხმარეთ! ვერ ვშველით, ვერ ვეხმარებით. არც პური უნდა, არც წყალი, მოხუცს სამშვიდობოს სურს ყოფნა, შვილებსა და შვილიშვილებთან;  სიცოცხლე უნდა. ჩვენ მისი ტარება არ შეგვიძლია. აღმართზე ღმუილოთ ამოდის “ურალი” _ სამხედრო სატვირთო მანქანა. “ურალი” სამხიდიანია, ადვილად ძლევს უღელტეხილს. კაბინა ახალგაზრდა სამხედროებითაა გაჭედილი. გააჩერეთ, ბიჭებო! _ ვყვირით ჩვენ. არ აჩერებენ. გახევებულები მხოლოდ წინ იყურებიან. არადა, სახე ყველას ერთნაირი აქვს. ვერც ერთს ვერ დაიმახსოვრებ. ეს მათაც კარგად იციან. “ურალი” გვშორდება.  ახლაღა ვამჩნევთ, რომ “ურალის” ძარაზე კაციშვილი არაა. “ურალი” ღრიალით ჯაბნის აღმართის მკვეთრ მოსახვევს. ვაკვირდებით და… უცხოური მანქანა, თუ არ ვცდები _ “მერსედესი”, დაღლილი, ძვირფასბეწვიანი ცხოველივით ჩაყუჟულა “ურალის” ძარაში. ეტყობა, მაგრადაა მიკოჭილი ძარას, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, ციცაბო აღმართზე გადმოქანდებოდა და ჩამოსრიალდებოდა. მიდის “ურალი”, გზისპირას, ლოდზე მოხუცი კვდება. ჩვენ, _ სიქაგამოცლილები, ისე ვუყურებთ ამ სურათს, თითქოს ეს ყოველივე სხვა ქვეყანაში ან სულაც უცხო ფილმში ხდებოდეს; საკენში ასეთი “ურალის” მძღოლები მანქანის გადაყვანაში მილიონ რუსულ მანეთს ითხოვდნენ. კლიენტები ბლომად ჰყავდათ. “ურალს” კი შეუძლია 30-40 ადამიანი გაიყვანოს სამშვიდობოს, 30-40 მომაკვდავი გადაარჩინოს, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს “ურალის” სვლის შემჩერებელი. ვერც იარაღს გამოიყენებს ვინმე, მაშინათვე ოთხი ავტომატი უპასუხებს არამკითხეს კაბინიდან. არ ჩანს კაცი, “ურალი” გააჩეროს, “მერსედესი” გზისპირას დააგდოს, 30-40 ბავშვითა და მოხუცით დახუნძლოს მანქანა.

ეს სურათი ჩემთვის საქართველოს სირცხვილია _ უღელტეხილი, “ურალი” და “მერსედესი”, მომაკვდავი ადამიანები. ეს სურათი ჩემთვის გერბია ჩვენი დამარცხებისა!

ომი ომია, ომის შემდგომი მშვიდობაც თავისებური ომია. ერთნი ვამტკიცებთ, რომ ომი რუსეთთან წავაგეთ, მეორენი ვასაბუთებთ, რომ ომი წავაგეთ ჩრდილოეთ კავკასიელებთან და კაზაკებთან, მესამენისხვას ვამბობთ. მოდით, მათ თავი დავანებოთ და იმ ომზე ვიმსჯელოთ, რომელიც საქართველომ საკუთარ თავთან წააგო, იმ ომზე, რომელშიც საქართველო დამარცხდა საქართველოსთან! არც პოლიტიკოსი ვარ, არც სამხედრო საქმე ვიცი, ვერც ვერავის განვიკითხავ, მაგრამ ერთი რამ ცხადიასაქართველოს როგორმე უნდა შეეჩერებინა ეს ომი და არ უნდა წარემართა ის ან, უფრო ზუსტად, – არ უნდა დაეწყო! ვერ მოახერხა! სწორედ ამიტომაც დამარცხდა ქართული პოლიტიკა და ამ დამარცხებამ ამდენი სისხლი დაღვარა. გავა დრო და ომის გამომწვევ მიზეზებს სპეციალისტები გააანალიზებენ. ჩემი სათქმელი სხვაა _ საქართველო ომამდე იყო დამარცხებული! აფხაზეთის ომი საქართველოს უპირველეს ომში დამარცხების დასტური იყო. მეტი არაფერი. საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, დასაბამიდან დაებედა თავისი უპირველესი და მარადიული ომი. ესაა ომი საკუთარ თავთან, ესაა ომი ზნეობისა უზნეობის წინააღმდეგ, სიკეთისა _ ბოროტების წინააღმდეგ, ერთგულებისა _ ღალატის წინააღმდეგ, სიყვარულისა _ სიძულვილის წინააღმდეგდა როგორც ვერავინ და ვერასოდეს გაექცევა საკუთარ თავს, საქართველო ამ ომსაც ვერ გაექცევა ვერასოდეს. ის მისი მარადი თანამგზავრია. როდესაც საქართველო იგებდა უპირველეს ომს, ის ერთიანი, ძლიერი, ბედნიერი ქვეყანა იყო მაშინ და სხვა ომებსაც იგებდა. ხშირად უბრძოლველადაც იგებდა ომს და მტერსაც კი მოსწონდა ასეთი საქართველო. როდესაც აგებდა უპირველეს ომს, უბედურდებოდა და სხვა ომებსაც აგებდა უმალ.

სანამ საქართველო დამარცხებულია თავის უპირველეს ომში, ის ვერც ერთ სხვა ომს ვერ მოიგებს, მარად დამარცხებული იქნება!

ერთხელ კიდევ ხაზს ვუსვამ _ მე არ ვსაუბრობ იმ ომზე, რომელშიც სხვებთან დავმარცხდით, არამედ იმ ომზე ვლაპარაკობ, რომელიც საქართველომ საკუთარ თავთან წააგო!

ტანკებითა და ავიაციით რკინიგზას არ იცავენ, ჩვენმა პოლიტიკამ ვერ გაისიგრძეგანა თავისი ქმედების რეალური შედეგი. ომმა იმსხვერპლა ათიათასობით ადამიანი, სამკვდროსასიცოცხლოდ გადაკიდა ერთმანეთს ორი ხალხი, აზვირთდა სიძულვილი.

დაიხოცა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაიღუპნენ პატიოსანი, კეთილი ადამიანები, როგორც ეს ყოველთვის ხდება (როგორც ზემოთ ვთქვი, ომში დაღუპულთა უმრავლესობა უდანაშაულო, ნათელი სულისანი არიან). ეს წესია ომის, მისი ზნეა, მისი რელიგია. ჩვენ ღმერთი გვსჯის იმით, რომ გვართმევს რჩეულებს.

ჩვენ აფხაზეთის ომამდე ვიყავით დამარცხებული!

ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა სიძულვილი განვავითარეთ, როცა ბოღმის შხამი ვანთხიეთ, იმის ნაცვლად, რომ გვეთქვა _ “ქართველებო, გიყვარდეთ ერთმანეთი!”. მეგობარი მტრად გავიხადეთ, მოწინააღმდეგე სამგზის მტრად მოვიკიდეთ, საკუთარ ოჯახში აგენტებისა და ხალხის მტრების ძიება გამოვაცხადეთ, უღირსი აღვაზევეთ, განსხვავებულ აზრს ყიჟინით გამოვენთეთ. უპირველესად, სიტყვით გავხდით მკვლელები ერთმანეთისა: სიტყვით იმიტომ, რომ დავივიწყეთ ჩვენს წმინდა წერილებში თქმული _ “ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია”. დავივიწყეთ რუსთაველი _ “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”, ეს რუსთველოლოგებმაც დავივიწყეთ, პოლიტიკური პირამიდის მწვერვალზე მდგარმა რუსთველოლოგებმაც.

მოძულე კაცზე უბედური ამ ქვეყანაზე არ დადის. დღევანდელი მოძულეები ხვალინდელი ომის შემოქმედნი არიან, გამომხმობები არიან ომის.

ავ სიტყვებს ავი სროლები მოჰყვა. პატივცემულმაკაროვსპატივცემულიკალაშნიკოვიაჰყვა. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საშინელებათა სპექტაკლში ხდება, გაიბზარა საქართველო. უბედურება საქართველოს გულიდან დაიწყო. ჩვენ მიერ ბრიყვულად და ბოღმით მოქნეული მარჯვენის ინერციამ ჩვენვე დაგვცა. იარაღი არაკაცებსაც ჩაუვარდათ ხელში, იარაღმა მოგზაურობა დაიწყო მამულში. ჩვენ აქ, თბილისში წავაგეთ აფხაზეთის ომი! ომი, რომელიც არა და არ უნდა დაგვეწყო!

თუ, მართალია, სადღაც, სხვაგანაც იწერებოდა ამ საშინელების სცენარი, ჩვენ ზედმიწევნით ჩინებულად შევასრულეთ ჩვენი როლი და მიამიტებივით ვიძახით: ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდა, ამას სხვები გვაკეთებინებენო.

ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა უგუნურად მოვიქეცით სამეგრელოში, როცა უცოდველი ადამიანები დავსაჯეთ, უდანაშაულოებს დავერიეთ, ვძარცვეთ ჩვენი ხალხი. არ ზოგავდა ამ კუთხეს დამამხობელი ხელისუფლება და, ფაქტობრივად, სისხლისღვრისკენ, ომისკენ მოუწოდებდა მას, ცდილობდა, ბოლომდე მიეყვანა მისი პოტენცია, გულუბრყვილობაც. არ ზოგავდა ამ კუთხეს ახალი, ძველის იარაღით მძლეველი ხელისუფლება. და, საბოლოოდ, ცოდვათა მორევში ხალხი ისჯებოდა, ისჯებოდა სრულიად საქართველო. შედეგად ბაბილონელებივით სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი დედაქალაქმა და პერიფერიებმა. ერთმანეთის ჭირისადმი ზედაპირულმა, აგდებულმა დამოკიდებულებამ, ერთმანეთის სატკივარის ვერ გაგებამ, ღალატმა დაგვამარცხა.

საქართველოს ისტორიის დაწყევლილი წლებიდან კვლავ ამოტივტივდა მოჯადოებული ტახტი და არ დაახანა ბრძოლამაც ტახტისათვის, იმ ტახტისათვის, რომელიც, მიუხედავად XX საუკუნისა, მიუხედავად ჩვენს თავს დამტყდარი ამდენი უბედურებისა, ბრიყვსაც კი რომ ასწავლიდა ჭკუას, მაინც ბაჯაღლო ოქროსი გვგონია, არადა, ავი დემონის მიერაა მოოქრული, მხოლოდ ჩვენ მიერ სისხლით მოთხვრილი. ჩვენ დაგვამარცხა იმ ტახტის ოქროსფერმა, მასზე ახლად დაღვრილმა და მასზე შემხმარმა ძველმა სისხლმაც! ჩვენ დაგვამარცხა ურთიერთსიძულვილმა და დაუნდობლობის იმ ტრადიციამ, რომელიც ვერა და ვერ ამოვიშანთეთ გულიდან.

ჩვენ დაგვამარცხა უღმერთობამ!

ჩვენ მითოსური, ორთავიანი ფრინველივით დავღუპეთ საქართველოს სხეული, იმ ფრინველივით, რომლის თავებმაც შეიძულეს ერთმანეთი და ერთიმეორის საზიანოდ ქვების ყლაპვა დაიწყეს. ორი თავი, მაგრამ ერთი სხეული, ერთი კუჭი ჰქონდა ფრინველს… და მან ვერ მოინელა მოძულე თავების ნაყლაპი ქვები და დაიღუპა.

ჩვენ სიძულვილის გამო დავისაჯეთ, დავისაჯეთ სიძულვილისა და სიბრიყვის გამო! დავისაჯეთ იმ უკიდურესი რადიკალიზმის გამო, რომელსაც ადევნებულებმა თავი მერამდენედ ამოვყავით მახეში და მერამდენედ მოვხვდით სისხლის ნიაღვარში. მოვინდომეთ, ერთი ნახტომით გადავვლებოდით იმ უფსკრულს, რომელსაც, ყველაზე ცოტა, სამი ნახტომი მაინც სჭირდებოდა. ჩავვარდით კიდეც!..

ჯერ ძმათმოძულეები, ხოლო შემდეგ ძმათამკვლელები გავხდით. მაშინ დავმარცხდით სწორედ! ღმერთმა დასწყევლა ძმის მკვლელი კაენი. მან კი, სასოწარკვეთილმა, ამოთქვა: “ამის შემდგომ ვინც მე შემხვდება, ის მომკლავს მეო”. ღმერთმა ნიშანი დაადო კაენს, რათა არავის მოეკლა იგი. მას უნდა ეცხოვრა და თავისი ცოდვით ევლო ამ ქვეყანაზე. ღმერთმა მას სიცოცხლე მიუსაჯა _ სასჯელის უმაღლესი ზომა! არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ორ ძმას შორის რომელია მართალი. საშინელებაა, რომ ერთ-ერთი ძმის მკვლელია. ასეთთან კი საუბარიც ძნელია; ასეთთან არც ლხინის სუფრზე გვერდით ჯდომაა სახალისო!

ასე დავმარცხდით ჩვენ!

უღელტეხილზე ბავშვები და მოხუცები გვეღუპებოდნენ, ჩვენ კი, შიშისა და სიხარბისგან დაბრმავებულები, “ურალებითა” და ვერტმფრენებით ქონებას მივეზიდებოდით, ვძარცვავდით ნახევრადცოცხალ თვისტომთ, მათ, რომლებსაც სახლიდან ერთი ფუთაღა მოჰქონდათ, ფუთა და იმედი იმისა, რომ  ნაწამებთა და დევნილთ უპატრონებდა და მოეფერებოდა მამული. ჩვენ, ყველამ ერთად გავწირეთ მათი და ჩვენი იმედი. რამდენი სიკეთე ხვდებოდა ხალხს გზადაგზა, რამდენი თანამდგომი, კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სიავის მოწმეც გავხდებოდი ოდესმე. აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ _ აფხაზი გაჭირვებაში ჩავარდნილ აფხაზს არასოდეს მოექცევა ისე, როგორც ჩვენ ერთმანეთს უღელტეხილზე მოვეპყარით.

ჩვენ ტერიტორიულ ომში კი არ დავმარცხდით, არამედ ზნეობრივ ომში დავმარცხდით და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან!

ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა კომფორტის თაობას დავამონებინეთ თავი. საქართველო მუხლებზე დაეცა ამ თაობის წინაშე. უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა. ჩვენ დაგვამარცხეს ფულისა და უცხოეთის მაღაზიების კულტით, “ყოჩაღი ბიჭებისადა სიყალბის განდიდებით.

ჯერ კიდევ სამოციან წლებში მიუსხდნენ ერთ მაგიდას ქურდები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ჩარჩები და ჩინოსანი მოხელეები. საბოლოოდ იშვა მახინჯი ჰიბრიდი – მაფიოზთა, ჩარჩთა და მედროვეთა ქვეყანა. დაითრგუნა სინათლე!

ნურავის ჰგონია, რომ გადავლახეთ ის ავადსახსენებელი უღელტეხილი. ჩვენ შუა უღელტეხილზე, სიკვდილ-სიცოცხლის სამანზე ვიმყოფებით და იქვე დავრჩებით სამუდამოდ, სანამ ჩვენ გვერდით ადამიანები იხოცებიან და სანამ ჩვენ გვერდით ტაატით გადიან გზას უცხოური მანქანებით დატვირთული “ურალები”. სანამ ასეთი გაჭირვების ჟამს, რომლის მსგავსიც, ვგონებ, არც ჩვენი ისტორიული მახსოვრობის შრეებშია, ვმუხთლობთ ერთმანეთს, სანამ ასე გათითოკაცებული და კუთხეებად დაყოფილი უგუნურები და უსინდისოები სიძულვილს ვამეფებთ, სანამ ერთმანეთს ვლანძღავთ და ვაგინებთ, სანამ ბოღმა გვახრჩობს, სანამ სრულიად საქართველოს სიყვარული და სინათლე, სრულიად საქართველოს სიკეთე და გონი სადღაც კუთხეში არ გვყავს მიმწყვდეული და განწირული, იქ ვიქნებით, იქ, სამუდამოდ _ უფსკრულის ნაპირზე მდგარნი, უღელტეხილის სუსხსა და ქარში, ნისლსა და მარტოობაში, ერთა შორის ეულები, განგების მიერ დასჯილი, გადაგვარებული მამულიშვილები!

ჩარჩი გავიბატონეთ სულში, გავიმეფეთ, ჩარჩს დავაპყრობინეთ სულის უწმინდესი სფერო, გავიბინძურეთ სული და სულჩარჩიანებმა დიდჩინოსნებმა და წვრილმა სამხედროებმა, გაზულუქებულმა, ფუფუნებას დაჩვეულმა სამოქალაქოებმა, იქითურებმა და აქეთურებმაც ათასნაირი გზითა და ხრიკით ვყიდეთ და ვყიდეთ “მკვდარი სულები” იმ ომში, რომელიც არა და არ უნდა დაწყებულიყო. ვყიდეთ “ქაღალდის ბატალიონები”, იარაღი და პროდუქტები, სამხედრო ფორმები და ჯარისკაცის კბილის ჯაგრისებიც კი, კაცობა გავყიდეთ და გავყიდეთ იმედი და რწმენა, მერე ვზიდეთ და ვზიდეთ ოჯახებში საქართველოს დამარცხება, საქართველოს დაცემა, საქართველოს სირცხვილი!

განუკითხაობამ დაგვამარცხა ჩვენ!

ინგრეოდა სოხუმი, გრუხუნებდა ომი მის ერთ უბანში, მეორე უბანს კი ყიდულობდნენ ჩარჩები, ყიდულობდნენ და ყიდიდნენ, ინაწილებდნენ, ევაჭრებოდნენ ერთმანეთს. იყიდებოდა უცხოეთიდან მოტანილი ჰუმანიტარული დახმარება გემებითა და თვითმფრინავებით. ნარკობიზნესმენები უცოდველნი ჩანან “ჰუმანობიზნესმენების” ფონზე. ცნობლია, _ ვაჭართა ქარავანს ხუთიოდე მოლაღობე ყაჩაღი აცეკვებს თავის ნებაზე. ჩარჩი მხდალი, საცოდავი არსებაა. ჩარჩული სულით გაჟღენთილი ომი დიდი ხნით ადრე დამთავრდა დამარცხებით. ვერ იქროლებენ, ბიჭებო, თქვენი ძვირად ღირებული მანქანები, საშინელი სიკვდილით დაღუპული 30-40 სული ყოველდღე თან სდევს მათ და სულ ტყუილად გგონიათ, რომ ისინი ვეღარ გხედავენ თქვენ. ბოლო-ბოლო, მანქანების გადაყვანას მერეც ხომ მოასწრებდით, როცა დევნილებს ეშველებოდა. განწირულები ხართ, ბიჭებო, ცოდვიანია თქვენი ქონება. მონები ხართ თქვენი ცოდვისა, არა მხოლოდ თქვენ, ჩვენც _ ყველანი, თქვენ გამო! თქვენს ფულს ვასიკო ჯიშკარიანის _ რაინდი მეომრის _ სისხლი აცხია, ვასიკოსი, რომელიც ამბობდა, – მოვა დრო და აუცილებლად შევრიგდებით ქართველები და აფხაზები, უპირველესად, ნამდვილი მეომრები შევრიგდებით, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს, კაცები, და არა მკვლელები, არა ბინძურები. თქვენითაც დავმარცხდით ჩვენ; სავალალოა ჩვენი მდგომარეობა! ფულის კეთების სხვა გზებიც ხომ არსებობდა, ბიჭებო! იქ, სადაც ჩარჩული სული აღზევდა, გამარჯვება არ გვეწერა!

იცით, როგორ იჭერენ მაიმუნებს აფრიკაში? დიდ, გულამოცლილ გოგრას ხვრელს უკეთებენ და შიგ საჭმელს ყრიან. მაიმუნი ჩაყოფს ხელს გოგრაში, მუჭით იღებს საკვებს და უკან ამოღებისას დამუშტული მტევანი აღარ ეტევა ხვრელში. მოდიან მონადირეები, მაიმუნს გაქცევა უნდა, კივის, ჩხავის, მაგრამ ხარბია, საჭმელი არ ეთმობა, ხელი გოგრიდან ვერ გამოაქვს. ასე იჭერენ მაიმუნებს აფრიკაში!

იცით, როგორ იჭერენ ბანანა-თევზებს ამერიკაში? ახლახან ნახსენებ გოგრაში ბრინჯს ყრიან და წყალში ათავსებენ. შეცურდება სულელი ბანანა-თევზი, ჭამს ბრინჯს, ჭამს და მერე უზომოდ გაბერილი ვეღარ ეტევა ხვრელში, მოდიან მეთევზეები და წყლიდან ამოაქვთ გოგრა. ასე იჭერენ ბანანა-თევზებს ამერიკაში!

ჩვენ ვერც სალაფავი დავთმეთ, ბიჭებო, ვიხმაურეთ და ვიყვირეთ, ამერიკასაც გადავძახეთ და აფრიკასაც, იაპონიასაც და ბურკინაფასოსაც, მაგრამ ხარბნი და უძღებნი ვერ გავეტიეთ იმ ხვრელში, რომლის იქით ულამაზესი, ლაღი და თავისუფალი სივრცე იქნებოდაასე დავმარცხდით ჩვენ აქ, საქართველოში.

ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ რა რუსეთს, ჩვენი ლიდერები საბელადო ფრაზებით საბელადო ქულებს იგროვებდნენ მიტინგებზე. კრიტიკა _ კრიტიკად, მაგრამ სად იყო, ის სიბრძნე, რომელსაც საქართველო ქარბორბალაში მოხვედრილი ხომალდივით უსაფრთხოდ უნდა გამოეტარებინა წყალქვეშა რიფებით დანაღმულ წყლებზე. სად იყო ის დიდოსტატი, 10-15 სვლით ადრე უნდა სცოდნოდა, თუ რა სიტუაცია შეიქმნებოდა პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, იმ დაფაზე, სადაც ხისგან გამოთლილი ფიგურები კი არა, ადამიანები იღუპებიან.

ხანდახან რეალობის შეგრძნებადაკარგულები სადღაც მოვისვრით ყუმბარას და არც ვუფიქრდებით, სად აფეთქდება…

საქართველოს ნგრევა მისი სულის ნგრევიდან დაიწყო (“ინგლისელებს არ დაუპყრიათ ინდოეთი, იგი ჩვენ თვითონ მივეცით მას”, _ მაჰათმა განდი).

ჩვენ ბრალმდებელთა ქვეყანა ვართ, სადაც ყველა ერთმანეთს განიკითხავს და ასამართლებს, საკუთარი თავი კი უცოდველი მიაჩნია. ანგელოზების მხარეშიც არ ხდება ასე!

ქვეყნის გამგებლებს არც ადრე ჰქონდათ გათავისებული და არც ახლა ახსოვთ ძველთუძველესი, ზეციური პრინციპი – რომ ისინი მწყემსები არიან – და საქართველოს ნებისმიერი მოსახლე შვილია მათი და ისე უნდა გაუფრთხილდნენ, ვით საკუთარ პირმშოს; გაუფრთხილდნენ, მიესათუთონ თავიანთ სამწყსოს და უყვარდეთ უკლებლივ ყველანი! უყვარდეთ და შეიყვარებენ! მამული, მთები და მდინარეები, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა კი არ არის მამული, არამედ ადამიანია!

და სანამ თავად არ ჩავწვდებით ჩვენი სირცხვილის არსს, სანამ თავად არ ჩამოვირეცხავთ ლაფსა და ტალახს, სანამ არ ვეტყვით ერთმანეთს სათქმელს ყოველგვარი მიკიბმოკიბვისა და სიძულვილის გარეშე, ჩვენი საშველი არ იქნება. ჩვენი თანადგომით უნდა ვუკურნალოთ ერთმანეთსაც და უბედურებების რკალში მოწრიალე ქვეყანასაც, ჩვენ თავად უნდა დავდგეთ ფეხზე, თორემ სხვათა იმედით ვერასოდეს გავიმართებით წელში!

არადა, დაწყევლილებიც ვართ _ როცა ერთმანეთს მწარე, მაგრამ საჭირო სიმართლეს მივაგებებთ, ჩვენს სიტყვებს შორის აღარ ისმის გულის კაკუნივით ხმა _ “ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ და მინდა, ყველას უყვარდე! უკეთესი მინდა იყო!”

ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა 87 პროცენტით ავირჩიეთ პირველი პრეზიდენტი, ხოლო 95 პროცენტით _ გადატრიალების მომწყობი სახელმწიფოს მეთაური. ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის არანორმალური პროცენტებია. თუ მათთან ვითარება ასე წარიმართა, საგონებელში ჩავარდებიან. ჩვენ ერთი კაცის შემყურე ქვეყანა ვართ! ჩვენ გვჭირდება ის ერთი კაცი იმისათვის, რომ მერე, როცა დრო დადგება, ყველაფერი მას გადავაბრალოთ. ჩვენ მისი მსხვერპლად შეწირვა გვჭირდება. ოღონდ ჩვენ არ ვიყოთ რამეში დამნაშავე! ჯერ ცაში ავტყორცნით მას, გავაღმერთებთ და მერე ერთგვარი სიამოვნებითაც დავანარცხებთ მიწაზე. ესაა ჩვენი ფარული უზნეო შეთქმულება! ისე ვცხოვრობთ, თითქოს იჯარით აღებულ ქვეყანაში ვიყოთ.

ზოგიერთი ჩვენგანი დღეს თავს იმშვიდებს _ ასეთ დღეში ჩავარდნილ სხვა ქვეყანას საქმე გაცილებით უარესად ექნებოდაო. თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ეს ჩვენ რას გვიშველის? ან რას გვაძლევს ეს, თავს რატომ ვიტყუებთ? სხვებს შევეშვათ, მოდით, უპირველესად, პასუხი საკუთარ თავს მოვთხოვოთ; მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები _ დიდნი და მცირენი. ჩვენ ხომ ცოდვამრავლები ვართ. ყველაფერი სულიერი განწმენდიდან უნდა დავიწყოთ და მხოლოდ შემდეგ განვიკითხოთ სხვები. ეს ხომ კაცური და პატიოსანი ქმედება იქნება. ძნელია და შეუძლებელი მოუნანიებელი სულით ცხოვრება”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here