Home რუბრიკები საზოგადოება ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც «იმედის» ეთერში უნდა...

ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც «იმედის» ეთერში უნდა გასულიყო

1909

ბესო კეიდია «ავტოვაზის» დირექტორად მაშინ მუშაობდა, როცა ბადრი პატარკაციშვილი რუსთავის ბაზის, რომელიც «ჟიგულის» ნაწილებით ამიერკავკასიას ამარაგებდა, დირექტორის მოადგილე-მომარაგების უფროსი იყო. იმხანად ჩაეყარა საფუძველი მათ მეგობრობას, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელ გარდაცვალებამდე გაგრძელდა.


1990 წელს ბადრი საქართველოში რომ დაბრუნდა, მოძებნა ბესო კეიდია და მას მერე დღე არ გასულა, ერთად რომ არ ყოფილიყვნენ _ საქმეშიც და მოცალეობის ჟამსაც: ნარდის თამაშს, მაგალითად, ერთ დილას რომ იწყებდნენ, მეორე დილით ამთავრებდნენ. _ ნარდის თამაშით ისვენებდა. ეთიშებოდა საქმეს, ნარდის გარდა იმ საათებში არაფერზე ფიქრობდა. ამ შესავლის გაცნობის შემდეგ «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველი, ალბათ, არ გაიკვირვებს, რატომ მოვიწვიეთ ბატონი ბესო კეიდია ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ  ბოლომდე გაურკვეველ ზოგიერთ საკითხზე სასაუბროდ.

_ ბატონო ბესო, ბოლო ხანს კვლავ გააქტიურდა ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი კოდუას საუბრის ჩანაწერზე ლაპარაკი. თქვენ ბადრის უახლოესი მეგობარი იყავით. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ თემაზე?

_ ვიცოდი, რომ უნდა გამართულიყო შეხვედრა პოლიციის ამ მაღალჩინოსანთან. ახლა რომ ამბობენ, კოდუამ ფარულად ჩაიწერაო, ტყუილია. შეუძლებელია, კოდუას რამის ჩაწერა მოეხერხებინა.

პირიქით იყო ყველაფერი.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა ბადრის შეთანხმება სკოტლანდ იარდთან. სწორედ ამ საიდუმლო სამსახურის დახმარებით უნდა ჩაეწერა მათი საუბარი. ასეც მოხდა. ეს ინგლისია, ჩემო ბატონო, ბანოჯა და ვანუატუ კი არა. ამგვარი ღონისძიების ჩატარება ქვეყნის შიგნით დივერსიად არის მიჩნეული და საქართველოს სპეცსამსახურის რაგინდ მაღალ მოხელეს ამ დივერსიის განხორციელების უფლებას არავინ მისცემდა. ეს აქსიომაა.

_ ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდაო ჩამონტაჟებული ჩამწერი აპარატურა?!

_ ზღაპრებია! ასეთი პრიმიტივიზმი ბერიას დროინდელ შინსახკომშიც კი წარმოუდგენელი იყო. დღეს არსებული მაღალი მგრძნობელობის აპარატურა დაუბრკოლებლად აღმოუჩენდა ასეთ «ფარულ» მოწყობილობას.

მე, რაც ბადრისგან ვიცი, იმას ვამბობ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბადრი არ იყო ის პიროვნება, რომელიც კოდუას სატყუარაზე წამოეგებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა, ვის ხვდებოდა, თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავდა ეს კაცი და დარწმუნებული იყო, რომ ორმაგი თამაში მისთვის უცხო და მიუღებელი არ იქნებოდა.

მოვლენების განვითარებამ ეს დაადასტურა, ხოლო კოდუასთვის გენერლის წოდების მინიჭებამ ბეჭედი დაუსვა იმას, რასაც ბადრი ამბობდა.

ბადრისთან შესვლამდე კოდუა ლამის ფეხის ფრჩხილამდე შეამოწმეს და, როგორ ფიქრობთ, ფეხსაცმლის ქუსლში ჩამონტაჟებულ მოწყობილობას ვერ აღმოუჩენდნენ?! თქვენ რა, არ გინახავთ, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ სპეცკონტროლში გასვლისას ზოგიერთი მგზავრი ფეხშიშველიც კი გაუტარებიათ?

_ ვყოფილვარ ამისი მომსწრე, თუნდაც ჩვენს აეროპორტში, როცა ერთერთ ჩვენს ოპერატორსსვანს») მანამ არ მოეშვნენ, სანამ ფეხსაცმელი არ გახადეს და დეტექტორში რამდენიმეჯერ ისე გაატარეს, რომ მშობლიური მიწის სითბო ფეხის გულებით ეგრძნო

_ ლონდონში ბადრისთან მისულ კოდუას დაცვის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი და იცოდნენ, რისი აღმოჩენა და აღკვეთა ევალებოდათ, როგორი გულმოდგინებით შეასრულებდნენ დავალებას, მტკიცება არ სჭირდება. სააკაშვილის პროპაგანდისტული აპარატის ჩვეული ხრიკია, რომელმაც ეს პროფესიონალები პრიმიტიულ ხეპრეებად წარმოგვიდგინა, რომლებიც მოხერხებულმა ვანო მერაბიშვილმა და მასზე უფრო მოხერხებულმა კოდუამ გააცურეს.

ასეთ პრიმიტივიზმს საბჭოთა მზვერავებზე გადაღებულ ოცდაათიანი წლების კინოფილმებშიც ვერ შეხვდებით.

პატარკაციშვილ-კოდუას საუბარს არ დავსწრებივარ, ვიმეორებ იმას, რაც ბადრისგან ვიცი.

_ ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაცია შესთავაზაო პატარკაციშვილმა კოდუას. ჩანაწერში ასეა.

_ ჯერ ერთი, ბადრი პატარკაციშვილი არ იყო ის პიროვნება, რომელიც ვინმეს ლიკვიდაციას შესთავაზებდა კოდუას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თავის პოლიტიკურ ცხოვრებას იგი სხვების გვამებზე არ ააგებდა. რომც ეფიქრა ლიკვიდაცია, პოლიციის თანამშრომელს ამას არ გაანდობდა. მეორე: ჩანაწერი, რომელიც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ქართულ საზოგადოებრიობას მოასმენინა, იყო უხეში მონტაჟი, რომლის გაკეთება მეტნაკლებად დაოსტატებულ ხმის რეჟისორს შეუძლია. ისეთი სიყალბე იყო, რომელსაც ნებისმიერი ექსპერტი წვალების გარეშე აღმოაჩენს და დაადასტურებს.

_ თქვენი არგუმენტები გასაგებია, მაგრამ, თუ ბადრი პატარკაციშვილმა თვითონ ჩააწერინა კოდუასთან თავისი საუბარი, მაშინ საკითხავია, სად, როდის და როგორ მოახერხა მერაბიშვილის სპეცსამსახურმა ამ ჩანაწერის გაყალბება?

_ ძალიან მარტივად _ ე. წ. პერეხვატის მეშვეობით ხელთ იგდეს საუბრის ჩანაწერი.

_ აბა, გიორგი თარგამაძემ ჩამოიტანაო?

_ გიორგი თარგამაძე მაგ დროს თბილისში იყო, «იმედში» იჯდა და ელოდებოდა ამ ჩანაწერს. შემდეგ, თუ გახსოვთ, თარგამაძე გამოვიდა და დახურა ტელევიზია. დამონტაჟებული ჩანაწერი კი «რუსთავი 2»-ზე გაასაჯაროვა ხელისუფლებამ _ მოგვასმენინა ის, რაც მას სურდა, და არა ის, რაც სინამდვილეში იყო. ბადრის რომ ვკითხე, შალვოვიჩ, ამაზე რას ფიქრობ-მეთქი, მიპასუხა, მეც იმავეს ვფიქრობ, რასაც შენო. გაეცინა: მაგ ავანტიურაზე ლაპარაკიც არ მინდაო _ კოდუას ჩემი საუბარი როგორ უნდა ჩაეწერაო?!

_ რატომ დასჭირდა სააკაშვილის ხელისუფლებას ამ სიბინძურის გაკეთება?

_ ბადრიც ამბობდა და ნებისმიერი პატიოსანი ანალიტიკოსიც გაიზიარებს იმ პოზიციას, რომელსაც პასუხად გეტყვით. ბადრის ჰქონდა უზარმაზარი რესურსი,  წერტილი დაესვა «ნაციონალების» პარპაშისთვის საქართველოში. ხალხი მას მხარს უჭერდა. ოპოზიციური პარტიები მის გვერდით იდგნენ. სააკაშვილისეული ელიტა დაფრთხა და ყველაფერს კადრულობდა ბადრის ავტორიტეტის შესარყევად.

კოდუას ავანტიურაზეც ამიტომ წავიდნენ, მაგრამ ამ ბლეფმა დიდხანს არ იმუშავა. როგორც ყველა ტყუილს, ამასაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა.

რას იზამ, ზოგს ასე აძლევს ხელს, ზოგს _ სხვანაირად. ზოგმა ყველაფერი ოლიგარქსა და მილიარდერ ბერეზოვსკის დააბრალა. თითქოს ბერეზოვსკიმ ჩაგვიშვა… ბერეზოვსკის არაფერი გაუფუჭებია, არავინ ჩაუშვია.

_ ნაღდია?

_ აბა, რა! პირიქით. ბადრი რომ გარდაიცვალა, ბერეზოვსკი ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი პატარკაციშვილისთვის ჰქონდა მინდობილი, მთელი ბიზნესი. თვითონ საერთოდ არაფერს აკონტროლებდა. ბადრის სიკვდილი ბერეზოვსკისთვის თავისი ბიზნესის სიკვდილი, მთელი საქმის კატასტროფა იყო.

_ ბადრი ელოდა, რომ მის ლიკვიდაციას შეეცდებოდნენ?

_ აბა, რა! ამაზე საუბარს ხშირად შევსწრებივარ. ყველაფერს ეუბნებოდნენ, თუ რამეს გაიგონებდნენ, თუ სადმე რამეს აღმოაჩენდნენ. ელოდა, მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ პანიკაში არასოდეს ჩავარდნილა.

_ დაგიჯერებთ, რომ იცოდა, მაგრამ საიდან ჟონავდა ასეთი ინფორმაცია?

_ ბადრი დიდი ფულის პატრონი იყო. ამ ფულის მეშვეობით ყველგან ჰყავდა თავისი «თვალი და ყური» _ აქაც, იქაც.

_ პოლიციაშიც?

_ აბა, რა! ვინ რას იტყოდა დილით, საღამოს ბადრიმ იცოდა, შეიძლება, უფრო ადრეც. დიდ ფულს უხდიდა ყველას.

_ თქვენთვის უთქვამს, რომ «იქ» ჩემი ხალხი მყავსო?

_ თქმა რად უნდოდა! თვითონაც ვიცოდი.

_ ისეთ «მოღვაწეებზეა» ლაპარაკი, რომლებიც ცნობილი იყვნენ და არა წვრილფეხობაზე?

_ აბა, რა! მაგრამ დასახელებას ნუ მომთხოვთ. ბადრი ცოცხალი არ არის და სხვა ვერავინ დამიდასტურებს იმ გვარებს, მე რომც ჩამოგითვალოთ.

_ კოდუაზეც შეიძლება ვიფიქროთ?

_ კოდუას იმ პერიოდში რაღაც პრობლემები შეექმნა პოლიციაში და რეაბილიტაციისთვის, შეცდომების გამოსასყიდად იკისრა ის საქმე, რომელზეც ვილაპარაკეთ, ან _ დაავალეს. მას ამ ოპერაციის შედეგად მისცეს გენერლობა,  როგორც ვიცი.

ბადრის, როგორც გითხარით, ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა, პარტიებშიც.

_ პარტიებშიც?!

_ პარტიებშიც!

_ «ნაციონალურ მოძრაობაშიც»?

_ დიახ. ყველაფრის შესახებ მოსდიოდა ინფორმაცია. უკვე წასული ამბავია და შეიძლება ვთქვა. ერთ პერიოდში ჩამოვიტანეთ მანქანაზე დამონტაჟებული მოძრავი მოსასმენი აპარატურა. მანქანას ეწერა «ტელევიზია იმედი». თანამედროვე, უაღრესად მგრძნობიარე პელენგატორით შენობაში რაც ხდებოდა, იმის მოსმენა და დაფიქსირება შენობის გარედან შეიძლებოდა. ამასთანავე, 3-4 მობილური ტელეფონის მოსმენაც იყო შესაძლებელი.

ერთი თვე იმუშავა ამ აპარატურამ, შემდეგ დამიძახა და მითხრა ბადრიმ:

_ ბესო, გამორთე ეგ აპარატურა, იმდენ სისაძაგლეს ვიგებთ, რომ შეიძლება გავგიჟდეთ. ამ ყველაფერს რომ ვუსმინოთ და დავიჯეროთ, შეიძლება მარტონი დავრჩეთო. ახლობლები ისეთ რაღაცებს ყვებოდნენ, რომ თმები ყალყზე დაგიდგებოდა კაცს. ყველაფრის გადმოცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად _  წასული საქმეა.

_ ბადრის საარჩევნო შტაბშიც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პატარკაციშვილზე აუგის თქმაში ვარჯიშობდნენ?

_ ყველგან იყვნენ. იქიდანაც მოჰქონდათ ამბები, აქედან იქითაც მიჰქონდათ. ამას მიჩვეული იყო ბადრი. ვინმე რომ ეტყოდა, ესა და ეს კაცი, ხომ ხედავ, შენს ქონებას იპარავსო, უპასუხებდა: შენ რომ მის ადგილზე იყო, არ მოიპარავო?!

გულუხვი კაცი იყო ბადრი პატარკაციშვილი. მეგობარსა და ახლობელს ფულს დაუშურვებლად აძლევდა ბიზნესის წამოსაწყებად (ათასები იყო, ცოტა კი არა!). ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მისგან დაფინანსებული პიროვნება, საეჭვო საქმეში დებდა ფულს და პირწმინდად კარგავდა.

პატარკაციშვილთან დარცხვენილი რომ მოვიდოდა, ბადრი ეტყოდა:

_ ბიჭო, საქმეს თავს თუ ვერ ადგამ, ის ფული შენ მაინც შეჭამე, სხვას რატომ აბაირამებ?

ბანკში უდებდა ანგარიშზე… ბევრი მათგანი ახლაც იმ თანხის პროცენტებით ცხოვრობს.

ანალიტიკური ტვინი ჰქონდა და სიტუაციას ყოველთვის პრაგმატულად აფასებდა, ზედმეტი ემოციების გარეშე. არ უკვირდა არც მოსმენა, არც ქურდობა, არც ჩაშვება, მაგრამ ყველაფერს მომზადებული ხვდებოდა შხამსაწინააღმდეგო საშუალებებით.

ადამიანები, რომლებსაც ბადრი თავისიანებად მიიჩნევდა, ერთმანეთთან საუბარში მის გინებასაც არ ერიდებოდნენ, _ ასეთი და ისეთია, ყევერე და გაიძვერაა, ეს თანამდებობა უნდა, ის უნდა და ა. შ.

ისეთი ახლობლები ლაპარაკობდნენ, რომლებზეც გადაყოლილი იყო. მოწინააღმდეგე მხარესთან საუბრის დროს ჩადებდნენ კუბოში.

მას შემდეგ ის მოსასმენი აპარატურა აღარ გამოგვიყენებია და ახლა სად არის, არ ვიცი. უამრავი ჩანაწერი იყო, თავისთავად ძალიან საინტერესო, მაგრამ ვინ და რისთვის გამოიყენა, ან იყენებს თუ არა დღეს, ვერაფერს გეტყვით. არც მაინტერესებს.

_ ამდენი მუქარა რომ მოდიოდა ბადრი პატარკაციშვილის მისამართით, ამის გასანეიტრალებლად კეთდებოდა რამე განსაკუთრებული? გარედან ისე ჩანდა, რომ მის დაცვაში სულ რამდენიმე კაცი იყო, თანაც უცხოელები.

_ დაცვა რომ ჰყავდა, ყველა ხედავდა. მაგრამ არავინ იცოდა, რომ მას ყოველთვის თან დაჰყვებოდა 30 კბილებამდე შეიარაღებული პროფესიონალი. თვალში არავის რომ არ მოხვედროდა, ეს გარე დაცვა უბრალო, შეუხედავი მანქანებით გადაადგილდებოდა. ბადრის პირადმა დაცვამაც არ იცოდა მათი  არსებობა.

_ პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე ბადრი პატარკაციშვილი რომ გამოვიდა, განაცხადა, რომ მთელ თავის ქონებას სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას მოახმარდა.

_ თავი გადადებული ჰქონდა. არამხოლოდ გააკეთებდა, აკეთებდა კიდეც.

_ ბევრს ლაპარაკობდნენ ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაზე, ბევრს ჭორაობდნენ.

_ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბადრის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე არასოდეს სიტყვაც არ წამოსცდენია! ცუდს, საერთოდ, ვერავისზე ათქმევინებდით. ხოლო ენის მიმტანს, რაც გინდა შენს საწინააღმდეგოდ ელაპარაკა, არ დაუჯერებდა, შენზე ჩამოყალიბებული თავისი აზრი არ შეეცვლებოდა.

ჩამშვებები რომ დარწმუნდნენ, ენის მიტანას აზრი არ ჰქონდა, დაშოშმინდნენ, დაწყნარდნენ, შეეშვნენ ყურში ჩაჩურჩულებას. თორემ თავიდან ისეთი შემოტევა იყო, ნორმალური ადამიანი ვერ წარმოიდგენდა. პროფესიულ საქმიანობად ჰქონდათ გადაქცეული.

ჩემზე რას არ ეუბნებოდნენ, ოოო! ეცინებოდა ბადრის ამაზე.

_ ბატონო ბესო, ის რა იყო, ბადრის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა აქცია რომ მოაწყვეს, ფული არ გადაგვიხადაო?!

_ ბადრი სხვის ფულს არასოდეს შეირჩენდა, მით უფრო, თუ იმ სხვას რაღაც საქმე მაინც ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ ზოგი ფულის შოვნაზე იყო გადასული, ბერავდნენ ხარჯთაღრიცხვას, სულ უფრო მეტ ფულს მოითხოვდნენ, ლარიან საქმეს ოცი ლარის ფასს ადებდნენ. არ იყო ბადრი ისეთი სულელი, რომ ასე ეფლანგა ფული.

ერთი ნუღლა იყო, ვისაც თითქოს ფული არ მისცა, სხვებიც მახსოვს ასეთი პრეტენზიის მქონე. მეტს აძლევდა, თორემ ნაკლები არავისთვის მიუცია.

დარწმუნებით ვიცი, რომ ის ფული, რომელიც აქტივისტებისთვის უნდა დაერიგებინათ, მან გამოგზავნა, მაგრამ ვინ სად წაიღო და როგორ გაანაწილა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბადრი მას მერე თბილისში ვერ ჩამოვიდა, თორემ ყველაფერს გაარკვევდა.

ბადრის დავცილდი 2008 წლის 11 თებერვალს. მასთან სტუმრად ვიყავი ლონდონში. შემართებით ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. შენ ხომ ხარ ჯანზეო, მეუბნებოდა.

_ სიკვდილის წინათგრძნობა არ ჰქონდა? არ ელოდა?

_ არა! ვაჟკაცურ განწყობილებაზე იყო, მომავალზე ლაპარაკობდა. ასე დავცილდით. 12-ში მოსკოვში ჩემმა შვილმა დილის 6 საათზე დამირეკა, ბადრი გარდაიცვალაო…

ასე იყო.

საქართველოს სიყვარული ბადრის სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი. ეს განსაკუთრებული თემაა და ცალკე სალაპარაკო.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here