Home რუბრიკები საზოგადოება სახიფათო ფარსი _ ვინ და რატომ ცდილობს სომეხი სასულიერო პირის დანაშაულის მიჩქმალვას?

სახიფათო ფარსი _ ვინ და რატომ ცდილობს სომეხი სასულიერო პირის დანაშაულის მიჩქმალვას?

570

19 ივლისს თბილისში, ავლაბარში მდებარე სომხურ ეკლესია სურბ ეჩმიაძინთან მომხდარმა დაპირისპირებამ ამ ეკლესიის მღვდელმსახურსა და მოქალაქეებს შორის დიდი ხმაური გამოიწვია. თვითმხილველთა განმარტებით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სომეხმა მღვდელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გოგონას, რომელმაც  ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა. ეს შენიშნეს იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა, რომელთა შორისაც სომხებიც იყვნენ. ისინი გოგონას (თავიანთი მეგობრის მეუღლეს) გამოესარჩლნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.


სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ მომხდარი დაგეგმილ თავდასხმად შეაფასა. «აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის შემდეგ, მამაკაცი, რომელიც კონფლიქტში იყო ჩაბმული 50 მამაკაცისგან მობილიზებული ჯგუფით, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით, მოუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს, აგინებდნენ სომხებს,» _ ეწერა პრესრელიზში, რომელიც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ჟურნალისტები ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვესაუბრეთ კონფლიქტის მონაწილეებს, თვითმხილველებს და გავარკვიეთ, რომ  დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია გაისროლეს, სულ ათიოდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. არც ერთ მათგანს იარაღი არ ჰქონია.

სურბ ეჩმიაძინის პრესსპიკერმა სუსანა ხაჩატურიანმა გვითხრა, რომ მისმა «დირექტორმა» გაისროლა, მისი «დირექტორი» კი, ლოგიკურად, სასულიერო პირი უნდა იყოს.

გარდა ამისა, საუბრობენ იმაზეც, რომ სომხური ეკლესიის ადვოკატები ცდილობენ, მიჩქმალონ ტერტერას დანაშაული, რომელმაც ინციდენტის დროს თვითმხილველების განცხადებით, 8-ჯერ გაისროლა, უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ, ეს პროვოკაციული ინციდენტი ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში გადაიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 125-ე მუხლით, რომელშიც ლაპარაკი არ არის იარაღის უკანონო ტარებასა და მის გამოყენებაზე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამოღებული არ არის მასრები, დადგენილი არ არის, ჰქონდა თუ არა იარაღის ტარების უფლება პიროვნებას, რომელმაც 8-ჯერ გაისროლა. არადა, ამ პროვოკაციის შედეგად ქვეყანა შეიძლებოდა უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო _ ასეთი, ვითომ უმნიშვნელო დაპირისპირება ხომ ხშირად გადაზრდილა ეთნიკურ კონფლიქტში?! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ერევანში, ეჩმიაძინში ქართველ სასულიერო პირს იარაღიდან სროლა რომ აეტეხა? სომხები მას სასტიკად დასჯიდნენ და მართალნიც იქნებოდნენ…

ჩნდება ეჭვი, რომ ეს ფარსი მართლაც ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად დაიდგა და ამიტომ ეს საქმე სამართალდამცველებმა გულმოდგინედ, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით უნდა გამოიძიონ. არადა, ჩანს, გამოძიება სწორი მიმართულებით არ მიმდინარეობს.

გვესაუბრებიან სომხური ეკლესიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი, შინაგან საქმთა პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი, ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე, ასევე, ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ლევონ ისახანიანი, სომხური ეკლესიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი:

_ ბატონო ლევონ, 19 ივლისს ეკლესიის ეზოში მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაპირისპირების მონაწილეები ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სასულიერო პირმა გაისროლა

_ გთხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდეთ,  ვერაფერს გეტყვით. ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ სასულიერო პირმა გაისროლა. თუ ასეთი მოწმე არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ მღვდელმა ისროლა, გთხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ. სწორედ მათ უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დამნაშავე დაისაჯოს. წესით, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ეპარქიის მხრიდანაც და თვითმხილველებისგან მიწოდებულიც.

_ თქვენმა პრესსპიკერმა სუსანა ხაჩატურიანმა განგვიცხადა, «ჩემმა დირექტორმა ისროლა»-. მან ისიც გვითხრა, რომ ამ პიროვნებას იარაღის ტარების უფლება აქვს.

_ გასროლა არ მომხდარა.

_ ბატონო ლევონ, თვითმხილველები ამბობენ, რომ ჰაერში რვაჯერ ისროლეს.

_ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს დაადგენს.

_ სუსანა ხაჩატურიანის ნათქვამს თუ დავეყრდნობით, სავარაუდოდ, მისი «დირექტორი», რომელმაც ისროლა, სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო.

_ ქალბატონმა სუსანამ თქვა, რომ ჩვენმა თანამშრომელმა ისროლა, ეკლესიაში კი ყველა სასულიერო პირი არ არის, პირადად მე სასულიერო პირი არ ვარ.

_ ამ თანამშრომელს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა?

_ დიახ, ჰქონდა, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ გამოძიების პასუხს ველოდებით.

ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დადგენა, ვინ არის იმის მოწმე, რომ იარაღიდან სასულიერო პირმა გაისროლა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტყუილი. თქვენი ვალიცაა, რომ სამართლადამცავებს მიაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ეს მიზანმიმართული ცილისწამებაა. ცილისწამებაზე კი თვალს ვერ დავხუჭავთ.

_ თქვენ მაშინვე განაცხადეთ, რომ ჩხუბი ეთნიკურ ნიადაგზე დაიწყო და ქართული მედიასაშუალებები და ეკლესია ოფიციალური წერილით ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეთ. დღეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც ვიცი, ხულიგნობის მუხლით არის აღძრული

_ ჩვენ ყველა ინფორმაცია, რაც ხელთ გვქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ. ახლა ძიების დასრულებას ველოდებით. ჩვენ გვქონდა ასევე კადრები იმისა, რაც მოხდა სინამდვილეში. ვნახოთ, როგორ შეაფასებენ ამ ინციდენტს.

ინციდენტის ერთერთი მონაწილე:

_ ის, რომ ჩხუბი ნამდვილად მანუკამ დაიწყო, ვიცით. ვიცით ისიც, რომ იარაღი ეკლესიიდან გამოსულმა პიროვნებამ ისროლა. იმ არეულობაში ძნელი გასარკვევი იყო, ვინ ისროდა, მაგრამ ერთმა ადამიანმა, რომელიც იმ ადგილზე ვაჭრობს, გვითხრა, ტერტერამ ისროლა, სამოქალაქო ფორმაში იყო და ძლივს ვიცანიო. ჩვენ, ყველანი, უიარაღოდ ვიყავით, ჯაყვაც კი არ გვედო ჯიბეში. ისე, რომ გვქონოდა, მართლაც საშინელება მოხდებოდა. გადავრჩით.

_ დაკითხვაზე არ დაუბარებიხართ?

_ არა, არავის დაუკითხივართ. ისე, ვის უნდა, რომ დაკითხვაზე ირბინოს?

ნინო გიორგობიანი, შინაგან საქმეთა პრესსამსახურის უფროსი:

_ ქალბატონო ნინო, 19 ივლისს სომხურ ეკლესიაში მომხდარზე გამოძიება თუ დაიწყო?

_ დიახ, გამოძიება დაიწყო. ოღონდ ჩხუბი ეკლესიაში არ მომხდარა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

_ ნაპოვნი თუ არის მასრები და თუ გაირკვა, ვინ ისროლა?

_ ჯერ გარკვეული არაფერია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით. 19 ივლისს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა, მანქანის გაჩერების გამო.

_ ქალბატონო ნინო, 125- მუხლში ნახსენები არ არის იარაღი. არადა, თვითონ სომხური ეკლესიის წარმომადგენლებიც კი არ უარყოფენ, რომ გასროლა ნამდვილად მოხდა.

_ მიმდინარეობს გამოძიება და გაირკვევა.

მაგდა კოტრიკაძე, ადვოკატი:

_ ქალბატონო მაგდა, საქართველოში არსებული კანონმდებლობით, ვის აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება?

_ ძალოვანი უწყების თანამშრომლებს და რიგ შემთხვევაში _ ყოფილ თანამშრომლებს, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მაღალჩინოსანი იყო. არის გამონაკლისებიც, მაგრამ მათ არ შეუძლიათ საბრძოლო, ანუ ნამდვილი ტყვიების გამოყენება.

_ გამონაკლისებში თუ შედიან სასულიერო პირები, კონფესიას მნიშვნელობა არ აქვს?

_ ვიცი, რაზეც აკეთებთ აქცენტს. მანდ მოხდა დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება.

ცნობისათვის: სისხლის სამართლის კოდექსის 125- მუხლი. ცემა

1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120- მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here