Home რუბრიკები საზოგადოება ლია ელიავა თუ ლია(ნა) ელიავა?

ლია ელიავა თუ ლია(ნა) ელიავა?

3764

ცხადია, ორივენი, რადგან ლია ელიავა კინომსახიობია, ქართული ეკრანის ნამდვილი მშვენება, ხოლო ლია(ნა) ელიავა – კინორეჟისორი, ავტორი უბრწყინვალესი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა «ბზიანეთი» (1968), რომელიც მან გამოჩენილი ქართველი მწერლის _ რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო ჯერ კიდევ სტუდენტობისას…


არადა, იყო დრო, როცა ერთმანეთში ერეოდათ ეს ორი სახელი და საქმე კურიოზამდეც მიდიოდა _ გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, თვითონ წავიკითხე ჩვენს პრესაში ინფორმაცია, რომლის ავტორი მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, _ აი ჩვენს პოპულარულ მსახიობს ლია ელიავას უკვე ძველებური ინტენსივობით აღარ იღებენ ფილმებში და ამიტომაც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა, წავიდა მოსკოვში, დაამთავრა ცნობილი «ვგიკი» (კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი) და ახლა უკვე კინორეჟისორის რანგში მოგვევლინაო. ამ ქარაფშუტა ჟურნალისტისა რა უნდა გაგიკვირდეს, როცა თვით ფარაჯანოვმა გადასახლებიდან მოსწერა მსახიობ ლია ელიავას, ვნახე აქ შენი ფილმი (იგულისხმება «ფერმა მთაში», 1974) და ძალიან მომეწონა რეჟისურაო… უფრო მეტიც, თავად კინორეჟისორი ლია(ნა) ელიავა წიგნში «კინო უეკრანოდ» იგონებს, რომ ასეთი კურიოზები დღემდე გრძელდება და ინტერნეტში ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება მსახიობი ლია ელიავა და სად იწყება რეჟისორი ლიანა ელიავაო…

ხსენებული წიგნი მარტო ამ მშვენიერი სათაურითა და პროფესიულ დონეზე შესრულებული ყდითაც მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას, მკითხველისა, რომელსაც ერთობ საინტერესო თხრობა ელოდება ნიჭიერი და მომხიბვლელი კინორეჟისორი ქალისგან, ესოდენ დამაინტრიგებლად რომ უწოდებს საკუთარ თავს «მგელივით მარტოხელას თავის მუდმივ ომში» და არც ქალური საიდუმლოების ზოგიერთი, საკმაოდ პიკანტური შტრიხების გამომზეურებას ერიდება.

საერთოდ, ჩემი დიდი ხნის მეგობარი _ ლია(ნა) ელიავა განათლებით ფილოლოგია და კალამი, რომ იტყვიან, მართლაც უჭრის, მაგრამ, თქვენც რომ ხელი ოდნავ წაგეკრათ, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, ბატონო როსტომ, ნამდვილად! ამას იმიტომ გეუბნებით, რომ სწორედ თქვენ ბრძანდებით რედაქტორი ამ წიგნისა და ამან გამაოცა. ეგებ სხვა როსტომ ჩხეიძეა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ გამოცემას აწერია «ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება» და სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?!

მოდი, დასკვნა ბოლოში გავაკეთოთ, ახლა კი, რაკი საგაზეთო სტატიის ფორმატით ვარ შეზღუდული, მხოლოდ რამდენიმე უაღრესად კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ისიც ზოგადად, რა არის და რა უნდა იყოს. ასე შეიქმნა თქვენი მონა-მორჩილის კიდევ ერთი «მინი-ლექსიკონი», რომლის პირველი ნიმუშები უკვე გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში და, როგორც ჩანს (ამაზე ერთხელ მივანიშნე კიდეც), არც ისე ურიგო საქმე წამომიწყია…

«ქართული ენის ორთოგრაფიული მინილექსიკონი»

რომელსაც საფუძვლად დაედო ლია(ნა) ელიავას წიგნი «კინო უეკრანოდ» (რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე). ლექსიკონი შეადგინა და კომენტარები დაურთო გ. დოლიძემ.

 

«ავან-ჩავანი» კი არა (გვ. 214), არამედ _ «ავანჩავანი»

«ათასგვარი ვერსიები» (235) _ « … ვერსია»

«ანეგდოტი» (44, 233) _ «ანეკდოტი».

«არა თუ» (6, 10, 288) _ «არათუ»

«არმც თუ» (179) _ «არამცთუ»

«არც თუ» (139) _ «არცთუ

«არცერთი» (48, 61, 67, 94, 125, 146, 166, 185, 194, 210, 219, 224-II ანუ ორჯერ ამ გვ.-ზე, 233, 265-II, 292, 299-III, 301) _ «არც ერთი»

«აწი» (16) _ «ამის შემდეგ», «ამიერიდან»

«ახლადაღდგენილი» (161) _ «ახლად აღდგენილი»

«ახლადგამოღვიძებული» (54) _ «ახლად გამოღვიძებული»

«ბალახ-ბულახში» (37) _ «ბალახბულახში»

«ბოლოსდაბოლოს» (5, 11, 95, 118, 179, 188, 203, 231, 283, 310) _ «ბოლოს და ბოლოს»

«ბრახა-ბრუხი» (105) _ «ბრახაბრუხი»

«გვერდი-გვერდ» (3) _ «გვერდიგვერდ»

«დადგმულ-გადაღებული» (169) _ «დადგმულ-გადაღებული»

«დედა-სამშობლო» (283) _ «დედასამშობლო»

«დედა-სოფელი» (19) _ «დედასოფელი»

«დედა-ცხვარი» (63) _ «დედა ცხვარი»

«ერთერთი» (304) _ «ერთ-ერთი»

«ერთ – ერთი» (291) _ «ერთ-ერთი»

«ეროვნულ-გამათავისუფლებელი» (180) _ «ეროვნულ-განმათავისუფლებელი»

«ვაივაგლახით» (214) _ «ვაი-ვაგლახით»

«ვერცერთი» (77, 187, 275, 300) _ «ვერც ერთი»

«თავად _ აზნაურობა» (279) _ «თავადაზნაურობა»

«თუარადა» (16) _ «თუ არადა»

«ინსტიქტურად» (105) _ «ინსტინქტურად»

«კანტი-კუნტი» (56) _ «კანტიკუნტი»

«კინორეჟისორი დევი აბაშიძე» კი არა (278), მსახიობი დოდო აბაშიძე

«კოსტუმი» (82, 106, 146, 204, 206, 217, 255) _ «კოსტიუმი»

«ლაწა-ლუწი» (61) _ «ლაწალუწი»

«ლირიული» (155, 174) _ «ლირიკული»

«მასიური» (204) _ «მასობრივი» (ცხადია, კონტექსტის მიხედვით)

«მითუმეტეს» (5, 11, 110, 127, 147, 180, 189, 195, 199, 208, 265, 266, 282, 288, 307, 309, 311) _ «მით უმეტეს»

«მსხვილი ხედი» (36, 40-II, 52, 86, 152) _ «ახლო ხედი».

«მხოლოდდამხოლოდ» (116, 241) _ «მხოლოდ და მხოლოდ»

«პოლიტიკურ _ სამართლებრივი» (236) _ «პოლიტიკურ-სამართლებრივი»

«პირ-ჯვარს» (66) _ «პირჯვარს»

«ორსერიანი» (188-II, 278, 294) _ «ორსერიიანი»

«სიმპატიური» (174, 186, 199, 200, 274, 300) _ «სიმპათიური»

«სთვლიდა» (185) _ «თვლიდა»

«სხვათაშორის» (12, 49, 70, 77, 79, 115, 120, 133, 135, 151, 176, 227, 232, 260, 269, 270) _ «სხვათა შორის».

«სოფელ – უშგულში» (188) _ «სოფელ უშგულში»

«უამრავი საშუალებებით» (191) _ « … საშუალებით»

«უთავ-ბოლოდ» (105) _ «უთავბოლოდ».

«უსწორ-მასწორო» (65) _ «უსწორმასწორო»

«ფოტო-ატელიე» (262) _ «ფოტოატელიე»

«ქალა-ბიჭა» (4) _ «ქალაბიჭა».

«ქალაქ – ვიპურში» (4) _ «ქალაქ ვიპურში»

«ღაპა-ღუპით» (238) _ «ღაპაღუპით»

«ყარაჩოღელი» (265) _ «ყარაჩოხელი»

«შესდგებოდა» (8) _ «შედგებოდა»

«ციხე-სიმაგრე» (188) _ «ციხესიმაგრე»

«ძალა-უფლება» (182) _ «ძალაუფლება»

«ჭრელ-ჭრულად» (32) _ «ჭრელჭრულად»

«წინ» (221) _ «წინათ» (ამ შემთხვევაში)

მრჩება უამრავი პროფესიული ნიუანსი, მაგრამ საგაზეთო სტატიაში მეტის თქმა, ალბათ, აღარც ღირს – ისედაც ნათელია ერთობ კატეგორიული დასკვნა: ბატონო როსტომ, საერთოდ არც გადაგიხედავთ ჩვენი ძვირფასი და საყვარელი ქალბატონის წიგნის საბოლოო ვარიანტისთვის, ყველაფერი ვიღაც ჩიტირეკია ამწყობის დონეზე დაგიტოვებიათ და მოგიწერიათ ხელი, რასაც თქვენგან ნამდვილად არ ველოდი…

საკითხავი ისღაა, ასეთ დამოკიდებულებას საერთოდ იჩენთ ყველა ავტორის მიმართ, თუ მაინცდამაინც ქართველი კინემატოგრაფისტები ამოგვირჩიეთ?!

გოგი დოლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here