Home რუბრიკები საზოგადოება მაია ნიკოლეიშვილი: ეს კანონი მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესატანად იყო გამიზნული

მაია ნიკოლეიშვილი: ეს კანონი მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესატანად იყო გამიზნული

604

30 მარტს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ «ნაციონალური მოძრაობის» წევრს, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურს… 3 მაისს თავს დაესხნენ და სცემეს დავით კოდუა, 14 მაისს მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს, 27 მაისს ჩაის ჭიქით თავი გაუტეხეს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ცხელი ჩაი სახეში შეასხეს ნოდარ ლადარიას…


მოკლედ, სამართლიანობის აღდგენამ ქუჩაში გადაინაცვლა, «ნაციონალური მოძრაობის» წევრებსა და მათ აქტიურ მხარდამჭერებს სცემენ ქუჩაში და ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ «ქართული ოცნების» დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ისეთივე აუხდენელ ოცნებად იქცა, როგორც მაპზე უკეთესის მიღება… «საქართველო და მსოფლიო» ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა «ნაციონალური» ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის სიმძიმე და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებითაც გასამართლდა.

_ ქალბატონო მაია, შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობის აღდგენამ ქუჩაში გადაინაცვლა?

_ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს აუცილებელია. ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ. ერთ-ერთ პროცესზე გამოვდივარ და პატარა გოგონა, პროკურორი, მეკითხება, თქვენ ნასამართლევი ხართ? ვუპასუხე, რომ ნასამართლეობის არ მქონე ვარ, რადგან, როდესაც ადამიანი მოიხდი სასჯელს, შემდეგ ხდება ნასამართლეობის არ მქონე, ეს ყველაზე კარგად პროკურორმა უნდა იცოდეს. ერთ-ერთ პროცესზე კი, როგორც გითხარით, ეს შეკითხვა დამისვა პროკურორმა, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში მეორე პროკურორმაც იგივე მკითხა, ამიტომაც ვაპირებ, სარჩელი შევიტანო პატივისა და ღირსების შელახვისთვის. იმ პროკურორს ამას არ ვაპატიებ. თან ვუთხარი, რომ მე გასამართლებული ვიყავი განსაკუთრებით მძიმე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ შეეხებოდა. პროკურორს რომ ეკითხა: თქვენ ხომ არ იყავით გასამართლებული პროფესიული საქმიანობისთვის ან ხომ არ გქონდათ აკრძალვა და ხომ არ ვრცელდება ის დღეს? _ ეს კორექტული შეკითხვა იქნებოდა. მე კი განვუმარტე, რომ გასამართლებული ვიყავი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან. ძალიან გავმწარდი, რადგან ეს შეკითხვა აბსოლუტურად არასწორი და არაკორექტული იყო…

მართლა რომ მეცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ვთვლი, რომ მორალურად მართალი ვიქნებოდი, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი, აზრადაც არ მომსვლია, თორემ დღეს მაინც ვიტყოდი ამაყად, «ნაციონალური მოძრაობის» რეჟიმის დამხობა ვცადე-თქო. სამწუხაროდ, არ მიცდია. ისე ეჭვი არ მეპარება, რომ ის რეჟიმი გასასამართლებელია.

_ თუ მიმართეთ პროკურატურას თქვენი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით?

_ წელიწად-ნახევრის წინ, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, დეკემბერში შევიტანე პროკურატურაში განცხადება და განვმარტე, რომ «აღიარებითი ჩვენება» მივეცი ზეწოლის შედეგად, ეს დავასაბუთე კიდეც. ერთხელ დავიკითხე და… სამართლიანობა რომ აღდგენილიყო, ის პროკურორი ხომ ვერ დამისვამდა ამ არაკორექტულ შეკითხვას და დღეს ამხელა განცდაში არ ვიქნებოდი.

_ მოკლედ, სამართლიანობა არც თქვენ შემთხვევაში აღდგა…

_ არა, არა… არაფერს ვითხოვ, არაფერზე პრეტენზია არ განმიცხადებია, უბრალოდ, ვამბობ, რომ ჩვენება, რომელიც მივეცი, ტყუილი იყო-მეთქი… პროკურატურაში განცხადება რომ შევიტანე და გარეთ გამოვედი, ვთქვი: ციხიდან ახლა გამოვედი-თქო. მაშინ ამოვისუნთქე და ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ტვირთისგან გავთავისუფლდებოდი, მაგრამ რა გამოვიდა? ერთხელ დავრეკე, ვიკითხე და მიპასუხეს, ვიძიებთო… რა არის იქ გამოსაძიებელი, თუ ღმერთი გწამთ?! ამდენი ხანი რას იძიებენ?! კარგი, ჩემ შემთხვევას თავი დავანებოთ, მე შევძელი, რომ არ გავბოროტებულვიყავი და ამისთვის ფსიქოლოგიის შესწავლაც კი მომიხდა პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ვინც ვერ მოახერხა, რომ დაეძლია ეს ყველაფერი?..

ერთხელ მეტეხის ტაძარში ვიყავი, უცებ ჩოჩქოლი ატყდა, გადაიკეტა მოძრაობა, თქვეს, _ მიშა მოდისო. იმხელა აგრესიამ გაიღვიძა ჩემში, ცუდად გავხდი, იცით, რა ვქენი? დავტოვე ტაძარი და წამოვედი… რისი შემეშინდა, იცით? ეგ ხომ ყოვლად უნამუსო ადამიანია და პირისპირ რომ შევფეთებოდი, შეიძლება მოვეკითხე, _ მაიკო, როგორ ხარო ან რაღაც ასეთი არ ეთქვა. მივხვდი, რომ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებდი, შემეშინდა, კიდევ უარეს უბედურებაში არ გავხვეულიყავი, დავტოვე იქაურობა და წამოვედი. იმის შემდეგ ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, რათა ამ სტრესისგან გავთავისუფლებულიყავი.

_ თქვენი აზრით, რატომ გაიწელა დროში სამართლიანობის აღდგენის პროცესი? ეს ახალ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის დეფიციტის ბრალია?

_ მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ გარიგებასთან. ძალიან არ მინდა, რომ ეს ასე იყოს.

ირაკლი ალასანია მიტევებას რომ ქადაგებს, მას მეუღლე ფსიქოლოგი ჰყავს და შესაძლოა, შეუძლია, საკუთარ თავს მოერიოს, მაგრამ, როდესაც მიტევებას ქადაგებ, მაშინ იმ ადამიანების გაგებაც უნდა შეგეძლოს, რომლებმაც ტანჯვა-წამება და უმძიმესი წლები გადაიტანეს, მაშინ იმათაც უნდა გაუგო. მიტევება ადამიანს შეუძლია მაშინ, როდესაც მწვავე პერიოდი გაივლის და გარკვეულწილად ჩაქრება ტკივილი, დღეს როგორ შეიძლება მიტევებაზე ისაუბრო?!

დილის ხუთი საათი იყო, როცა ჩემს აგარაკზე დამაკავეს. მას შემდეგ ჩემი მეუღლე, რომელიც 25 წელი პროკურორი იყო, იქ არ მისულა, არც ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო. ერთხელ წავიყვანე, მინდოდა გადაელახა ეს ტრავმა, მაგრამ, რომ მივუახლოვდით აგარაკს, მოგვატრიალებინა მანქანა. საშინელება იყო ის ყველაფერი. გარშემო ტყეა, ბნელა და ავტომატიის ლულა გაქვს მოშვერილი და ისე იღვიძებ, ვერ ხვდები, რა ხდება შენს თავს… ეს დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც წვეთ-წვეთობით, ნელ-ნელა ანგრევს ფსიქიკას; ადამიანური ღირსება, სიამაყე _ ეს ყველაფერი დანგრეულია. ძალიან ძნელია ამ ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა.

«მე ტყუილს არ ვიტყვი!» _ მთელი ცხოვრება ამ პრინციპით ვცხოვრობდი, სიმართლისთვის ახლობლებისთვისაც კი მიწყენინებია და უცებ ამბობ ამხელა ტყუილს, თან ასეთ იდიოტურს, მაგრამ სხვანაირად მოქცევაც არ შეგიძლია… დანგრეული ხარ, აღარ გაქვს პიროვნული ღირსებები, ის ღერძი, რომელზეც შენი პიროვნება იგებოდა, დაშლილია; შენ ის ადამიანი აღარ ხარ, კარი რომ მაგრად მიაჯახუნო, იმისიც გეშინია. რომ ვიხსენებ, ყველაზე მეტად მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ამხელა ტყუილი ვთქვი. სახელმწიფოს უნდა ეფიქრა ადამიანებზე, რომლებმაც, ფსიქოლოგიური სტრესის პარალელურად, განიცადეს ფიზიკური ზეწოლა _ მუქარა შვილებზე, მეუღლეებზე, ოჯახის წევრებზე…. და ემუშავათ მათთან. უპირველესად, უნდა აღდგენილიყო სამართლიანობა და ამ ტრავმირებულ ადამიანებთან ემუშავათ ფსიქოლოგიურად. «გაივლის, დაგავწყდება» არ ხდება, ეს არ მთავრდება. შესაძლოა, 20 წელი გავიდეს, მაგრამ მაგრამ წერტილი მაინც არ დაესვას ამ ტანჯვას. მართალია, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე და გადავლახე ეს მომენტები, მაგრამ მაინც მინდა ფურცელზე დაწერილი, დოკუმენტი, რომ მე ზეწოლით მივეცი ჩვენება. მე ამას ველოდები და, ალბათ, მთელი ცხოვრება დაველოდები, როგორც რეაბილიტაციის ცნობას. ეს უნდა დაიწეროს, ამის გარეშე არ შეიძლება!

_ ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის გარიგებაზე საუბრობთ, საინტერესოა, აგრეთვე, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულება ეკლესიისადმი; გავიხსენოთ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელმაც ვნებათაღელვა არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ეკლესიაშიც გამოიწვია…

_ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უფრო შორს მიმავალი გეგმები მგონია. ლგბტ საზოგადოებისადმი ტოლერანტული გახლავართ, მაგრამ ჩემთვის პროპაგანდა საშინლად მიუღებელია და ყველანაირად შევეცდები, რომ პროპაგანდას წინ აღვუდგე. როგორც გინდა, ისე იცხოვრე, მაგრამ ჩემ ოჯახში ნუ შემოიჭრები და წესებს ნუ მიკარნახებ. სხვათა შორის, ძველ ევროპაშიც ასეთი მიდგომაა, ისინიც წინააღმდეგნი არიან პროპაგანდის, არც მათ მოსწონთ, როდესაც მათ ოჯახებში იჭრებიან.

_ თუმცა სახეზეა ევროვიზიის შედეგი…

_ დიახ და ზოგადად ევროპა ძალიან მაკვირვებს, რადგან ევროპა ამ თემას ხელის გულზე ატარებს და ელოლიავება, მაშინ, როდესაც ამერიკის დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია ლგბტ საზოგადოებისადმი. ევროპამ რაღაც თავი გაიგიჟა და მართლა ვერ გავიგე, რატომ?!

_ რა იგულისხმეთ, როდესაც ბრძანეთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უფრო შორს მიმავალი გეგმების ნაწილიაო?

_ საქართველოს გადარჩენას და იდენტობის შენარჩუნებას მართლმადიდებლობას ვუკავშირებ. რამდენიმეჯერ დაისვა საკითხი საქართველოს მართლმადიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების თაობაზე და მაშინვე გაჩნდა სერიოზული წინააღმდეგობა. აი, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, საქართველო ვერ გამოცხდდება მართლმადიდებელ ქვეყნად. კონკორდატი დარჩა კონკორდატად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელ ქვეყნად აღიარება შეუძლებელი გახდება. ეს არ არის რეგრესული, ვთვლი, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური ფარი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, თურქეთში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიები მუზეუმებადაა ქცეული, სანთლის დანთების უფლებას არავინ მოგცემთ, იმიტომ, რომ იმ სახელმწიფოს აქვს რელიგია, რომლიდან გამომდინარეც მე მართლმადიდებელ ეკლესიაში სანთლის დანთებას ამიკრძალავს და შემზღუდავს. იმ ქვეყანას აქვს თავისი სარწმუნოებრივი ჩარჩო.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, ის მუსლიმანური ქვეყანაა, მაგრამ ლოიალურია ძირითადი აღმსარებლობების მიმართ. რა მოხდებოდა, საქართველოც ასეთი რომ ყოფილიყო?! მე მაინც მგონია, რომ ეს კანონი აღმოსავლურ მართლმადიდებლობაში გახეთქილების შესატანად იყო გამიზნული, აღმოსავლურ მართლმადიდებლობას დღეს ებრძვის მთელი ევროპა და ამერიკა. ვიღაცამ ამ კანონის მიღებით ვიღაცას უპატაკა

_ ვის?

_ არ ვიცი. მოსკოვი, კრემლი არ იქნებოდა, მაგაში დარწმუნებული ვარ… ლიბერალებისთვის ეს კანონი ყველაზე მისაღებია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ვის უპატაკეს. ამ კანონმა პატრიარქსა და ეკლესიას სილა გააწნა. ამ კანონმა ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია გარკვეულწილად გამოიწვია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ალბათ, შორს არ არის…

_ ფიქრობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?

_ მე ასე მგონია… ამ კანონის მიღებამ უარყოფითად იმოქმედა იმ პოლიტიკოსების რეიტინგებზე, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობოდა. ამ კანონის მიღება შეცდომა იყო. პარლამენტის უმრავლესობაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა საკმაოდ მაღალი ნდობა და ამ კანონმა სწორედ ამ ადამიანების რეიტინგს დაარტყა, ნდობა დაიკარგა…

ესაუბრა

ეკა ჩეჩელაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here