Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამსვლელი სესია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამსვლელი სესია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში

749

21 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ეს იყო პირველი გამსვლელი სესია აკადემიის ისტორიაში, რომელიც მის კედლებს გარეთ ჩატარდა და მას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მასპინძლობდა, რომელიც ხალხში უფრო თოდუას ინსტიტუტის სახელითაა ცნობილი.


აკადემიკოს ფრიდონ თოდუას შეფასებით, ეს დიდი პატივი იყო მისთვის და მისი ინსტიტუტის ყველა თანამშრომლისთვის, ძალზე სასარგებლო, როგორც სამედიცინო მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე, იმითაც, რომ კლინიკის ახალგაზრდა თანამშრომლებმა პირადად გაიცნეს ლეგენდარული ადამიანები, მეცნიერებათა კორიფეები, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ქართული მეცნიერების სახელი, განადგურებას გადაარჩინეს ეროვნული მეცნიერება უმძიმეს წლებში, მარადიული ფასეულობების საყოველთაო დევალვაციის პირობებში.

_ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, _ ბრძანა ბატონმა ფრიდონმა, _ რომ ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ნამდვილად ისტორიული პიროვნებები არიან და მათ არამარტო სამეცნიერო, არამედ ღირსეულ საზოგადო მოღვაწეობას უთუოდ დააფასებს ქართველი ერი. აუცილებელია, რომ ამ მართლაც ლეგენდარულ პიროვნებებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს ახალგაზრდობას, რადგან მომავალი თაობები წინაპართა მაგალითებზე უნდა აღიზარდონ.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მდიდარი თავისი ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალით, ჩვენ გვყავდა და გვყავს მსოფლიო დონის მეცნიერები, მაგრამ დღეს ისინი მოკლებულნი არიან იმ ყურადღებას, რომელსაც უდავოდ იმსახურებენ.

საოცრად მწყდება გული, რომ მეცნიერებათა აკადემიამ დაკარგა თავისი ქარიზმა და ეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების განათლებისადმი დამოკიდებულებისთვის არის საზიანო. დღეს რუსთაველზე გამვლელთაგან ბევრმა არც კი იცის, რომელია მეცნიერებათა აკადემიის შენობა.

ისე მოდიან და მიდიან ხელისუფალნი, სიტყვაც კი არ დასცდებათ მეცნიერების არათუ აღორძინებაზე, ხელშეწყობაზეც კი… რომელ განათლებაზე შეიძლება საუბარი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების გარეშე?!

გული მწყდება იმაზეც, რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ინტერესი სამეცნიერო მოღვაწეობისადმი, საზღვარგარეთ მიდიან სწავლის გასაგრძელებლად და, როგორც წესი, მათ შორის საუკეთესონი იქვე რჩებიან სამუშაოდ. ნუთუ ვერ უნდა შევქმნათ ქვეყანაში პირობები, რათა თავიდან ავიცილოთ ინტელექტის გადინება?

ვამბობთ, რომ საქართველო მდიდარია ინტელექტუალური პოტენციალით, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამ პოტენციალს გამოვლენა და დაფასება უნდა, ხოლო მისი შეარჩუნებისთვის ზრუნვა ერის განვითარების აუცილებელი პირობაა. სავალალო მდგომარეობაშია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

სესიაზე მეცნიერებმა განიხილეს სამედიცინო მეცნიერების განვითარების, მისი დაფინანსების, ქვეყანაში ჯანდაცვის მდგომარეობის სპეციფიკური საკითხები. კვლავ და კვლავ აღინიშნა, რომ მედიცინის სფეროში, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა დარგებში ინტელექტუალური პოტენციალი იყო და დარჩება პრიორიტეტულად და სწორედ ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება მაქსიმალური ხელშეწყობა და სერიოზული დაფინანსება.

აღინიშნა, რომ ყველა პრობლემა ერთ დღეში ვერ გადაწყდება, რომ ევროპული დონის მისაღწევად დროა საჭირო, მაგრამ ამით და დროებითი სიძნელეების მოშველიებით უმოქმედობის გამართლება მავნეა და ყოვლად მიუღებელი. მით უფრო, რომ მედიცინის დარგში არსებული დადებითი ტენდენციები კონკრეტულ საქმეებშია რეალიზებული და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების რეალური შედეგებით არის წარმოდგენილი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა ოთარ კვესიტაძემ «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში განაცხადა, რომ განხილული პრობლემები მრავალმხრივ აქტულაურია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თხუთმეტამდე ახალი მეცნიერული მიმართულება, ახალი მიდგომა, მკურნალობის ახალი ფორმები დაინერგა სამედიცინო მეცნიერებასა და პრაქტიკაში. ამ სამედიცინო დაწესებულებაში შევიკრიბეთ იმისათვის, _ თქვა მან, _ რომ ჩამოვყალიბებულიყავით, თუ რა არის საქართველოს ჯანდაცვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პრობლემა. შევიკრიბეთ ინსტიტუტში, რომელიც გამორჩეულია მეცნიერების მხარდაჭერით, მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანეგვით. ამ გამოცდილების გაცნობა და გაზიარება ყველასათვის სასარგებლო იქნება.

_ ბატონო ოთარ, სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მეცნიერების, მათ შორის სამედიცინო მეცნიერების, დაფინანსების აუცილებლბაზე ეროვნულმა აკადემიამ ხმამაღლა უნდა თქვასო თავისი სიტყვა. ეს კრიტიკა იყო?

_ ალბათ, კრიტიკა იყო. კრიტიკას მიჩვეულები ვართ. ჩემთვის ახალი არ არის, და ჩვენ ჩვენს სიტყვას ყოველთვის პირუთვნელად ვიტყვით.

საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოს მედიცინის მეცნიერების პრაქტიკული მხარდაჭერით დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი ამერიკელი კოლეგების მცდელობითა და დაფინანსებით, თბილისში აშენდა ლუგარის ცენტრი, რომელიც ამას წინათ გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს, რომელსაც პროფესორი ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, ეს ცენტრი მოემსახურება მეცნიერების საერთო ინტერესებს და არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე უწყების ინტერესებით.

თუ მიაქციეთ ყურადღება, სესიას ესწრებოდნენ ჩინეთიდან ჩამოსული მეცნიერები. მათთან ერთად შევთანხმდით და განვახორციელებთ კიდეც ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობას და ეს ფრიად მნიშვნელოვანია საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

სესიის მთავარი გამომსვლელი, პროფესორი ამირან გამყრელიძე თვლის, რომ გამსვლელი სესიისთვის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება თავისი დანიშნულებით უნიკალურია, ამიტომაც სესია ძალზე საინტერესო და შედეგიანი გამოდგა.

_ ბატონო ამირან, თქვენს მოხსენებაში ხაზი გაუსვით იმას, რომ კერძო სექტორი არ არის მეცნიერების მხარდაჭერაზე ორიენტირებული, თუ არ ჩავთვლით აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკას. რისი ბრალია ეს?

_ ზოგადად ჯანდაცვის ხაზით ბოლო დროს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მე არ ვლაპარაკობ მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე მოგახსენებთ. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაკეთებული საქმის მსგავსი პრეცედენტი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. თითქმის ორჯერ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა ჯანდაცვა პირველ სამ პოლიტიკურ პრიორიტეტში. ცხადია, აქ წინსვლისთვის კიდევ დიდი ასპარეზია.

რაც შეეხება მეცნიერებას, მათ შორის, სამედიცინო მეცნიერების დაფინანსებას, ის ქვეყანაში ჯერჯერობით პრიორიტეტული არ გამხდარა.

ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მსოფლიოში ე. წ. უსამართლო ჯანდაცვაა: ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ყველაფერზე მიუწვდება ხელი, ბევრი ადამიანი კი ამ სიკეთეს მოკლებულია. დღეს მსოფლიო მიდის, ასე ვთქვათ, ცივილიზებული საყოველთაობისკენ, რომელსაც სჭირდება მეცნიერული საფუძველი. საქართველომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, გადადგა ნაბიჯი ამ უნივერსალიზაციისკენ. ახლა ამისთვის საჭიროა ქვეყანაში სამეცნიერო კვლევების მოცულობისა და ხარისხის გაზრდა.

_ თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ რამდენად გამოეხმაურება მას ხელისუფლება?

_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის გარეშე ვერ განვითარება ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა გამოეხმაუროს. ყველაზე მეტი ყურადღება, ფინეთის მსგავსად, ჩვენც უნდა მივაქციოთ განათლებას, მეცნიერებასა და ადამიანის სოციალური ყოფის გაუმჯობესებას. ჩვენი პოტენციალის ამოქმედებისთვის, ახალგაზრდების მოზიდვისთვის მეცნიერებაში ერთობლივად უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და მეცნიერთა საზოგადოებამ.

_ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა რეზონირებს თქვენს იდეებთან?

_ ცხადია, რომ რეზონირებს, ამის ნათელი დადასტურებაა ის სერიოზული ნაბიჯები, რომლებიც მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით გადაიდგა. ჩვენს მოქალაქეებშიც სწორედ ეს ნაბიჯები სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით.

ამავე პოზიციებზე დგას გასვლითი სესიის მასპინძელი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.

_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, _ ამბობს იგი, _ სახელმწიფო დაზღვევა ნამდვილად შველაა პაციენტებისთვის. თუ კერძო სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ 500 ათასამდე მოქალაქეს მოიცავს, სახელმწიფო დაზღვევის სიკეთე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია.

იმედი ვიქონიოთ, და ეს სხდომაზეც ითქვა, რომ სამედიცინო მეცნიერებაც იგრძნობს სახელმწიფოს თანადგომის სიკეთეს.

_ ბატონო ფრიდონ, რატომ აირჩია მეცნიერებათა აკადემიამ თქვენი ინსტიტუტი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის?

_ ჩვენი ინსტიტუტი 1991 წელს დაარსდა და დღიდან დაარსებისა მხოლოდ საკუთარი ძალებით ვითარდება, 1994 წლიდან მთლიანად თვითდაფინანსებაზე გადავედით და სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრი არ მიგვიღია. 1996 წლიდან ვართ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრი და, ფაქტობრივად, სამეცნიერო საქმიანობას აკადემია კურირებს.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი ინსტიტუტი დაარსების დღიდან არის სიახლეებისა და ინოვაციების კერა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოსკოვში ჩემი თითქმის 25-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებაც სწორედ ასეთ ინოვაციასთან იყო დაკავშირებული _ დაინერგა მედიცინის სრულიად ახალი მიმართულება _ კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც პრაქტიკულად რევოლუცია იყო მედიცინაში საერთოდ და, მით უმეტეს, საქართველოსთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი.

დღეს გვაქვს ტექნიკის ბოლო სიტყვით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკები, რომლებშიც პრაქტიკულად ყველა სირთულის უნიკალური ქირურგიული ოპერაციები კეთდება, საუკეთესო ლაბორატორიული სამსახური; ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სულ მალე სრული დატვირთვით ამოქმედდება უახლესი თაობის სხივური თერაპიის დანადგარები. სხივური თერაპიის ამუშავებით შემცირდება უცხოეთში სამკურნალოდ მიმავალი პაციენტების ნაკადი. მართალია, თბილისს, საერთაშორისო სტანდარტების სტატისტიკური მონაცემებით, 8 ასეთი აპარატი სჭირდება, მაგრამ პრობლემის გადაჭრის კუთხით პირველი აგური უკვე დავდეთ.

ცხადია, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმ პრაქტიკამ, რომელიც ჩვენთან დაინერგა და რომელმაც ხელშესახები შედეგები გამოიღო სწორედ მედიცინის მეცნიერების განვითარების და მასზე დამყარებული პრაქტიკული ჯანდაცვის მიმართულებით.

ჩვენთან ამ ერთ დაწესებულებაში ყველაზე მეტი გვყავს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები. 14 ექიმს _ მეცნიერ მუშაკს მიღებული აქვს მეცნიერებათა აკადემიის სახელობითი პრემიები. დაიბეჭდა 10 მონოგრაფია.

რაც მთავარია, ჩვენი ინსტიტუტი არის სასწავლო ბაზა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის.

სამივე უმაღლესი სასწავლების რექტორი მონაწილეობდა 21 მაისის ერთობლივ სესიაში.

ვფიქრობ, ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა მე, მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანს, ჩაგვეტარებინა ერთობლივი გასვლითი სხდომა და მეც, ცხადია, სიხარულით მივიღე ეს წინადადება.

_ სხდომაზე აკადემიურ ჩარჩოებში ჩასმული სერიოზული კრიტიკაც გაისმა იმის თაობაზე, რომ კერძო სექტორი თავს არიდებს სამედიცინო მეცნიერების დაფინანსებას, ორიენტირებულია მხოლოდ პირად მოგებაზე. გამონაკლისად თქვენი ინსტიტუტი დასახელდა. ყველა წამყვან ქვეყანაში კერძო სექტორი აფინანსებს მეცნიერების ყველა დარგს. ჩვენმა ბიზნესმა, შესაძლოა, რაღაც კონცერტი, სანახაობა დააფინანსოს, მაგრამ ჯერ არ მინახავს, ვინმეს რამე გაეღოს მედიცინისა და მეცნიერების განვითარებისთვის. თქვენი ინსტიტუტი სწორედ ამითაა გამორჩეული.

_ დიახ, იყო ამაზე ლაპარაკი, ჩვენ გვაქვს ამის საპირწონე _ შევქმენით სპეციალური ფონდი, რომელშიც ყოველწლიურად 100 ათასზე მეტ ევროს ვდებთ, ეს თანხა ხმარდება ჩვენი სპეციალისტების საერთაშორისო კონგრესებზე მივლინებას, სტაჟირებას მსოფლიოს წამყვან ცენტრებში, ვაფინანსებთ მონოგრაფიების გამოცემას, ჟურნალს «რენტგენოლოგია და რადიოლოგია» და ა.შ.

მე ბევრი მეგობარი მყავს ბიზნესმენთა შორის და მინდა მივმართო მათ: ყველას სჭირდება ექიმის დახმარება. მაშ, ამოუდექით მათ მხარში _ უნდა შეიქმნას მეცნიერების განვითარების ფონდი. რაც უფრო ძლიერია საძირკველი, მით უფრო სანდო და მყარი იქნება პრაქტიკული მედიცინაც.

დღეს, როცა მედიცინა კერძო გახდა, როცა ამ სფეროში საბაზრო ურთიერთობის პრინციპები დაინერგა, მედიცინა, წინ წამოიწია, როგორც ბიზნესმა, მაგრამ, როცა მედიცინას, როგორც მხოლოდ ბიზნესს, ისე უყურებ, კატასტროფაა… რადგან ყოველი შემთხვევა მედიცინაში ადამიანია, სიცოცხლეა, ამიტომაც ვთვლი, რომ მედიცინა სრულიად განსაკუთრებული დარგია, დრო კი საკმაოდ რთული და დრამატული _ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავრჩეთ, გადავარჩინოთ ურთიერთობები, მედიცინა, მეცნიერება.

_ მაგრამ გადარჩენას მარტო სამედიცინო სფეროს გამართული მუშაობა რომ ვერ უშველის? თქვენ ყველაფერი მოგწონთ, რაც საზოგადოებაში ხდება?

_ არა, ცხადია. როცა ტელეეკრანი გადატვირთულია სალაყბო შოუებით, ლანძღვითა და ურთიერთდაპირისპირებით, რომელ კმაყოფილებაზე შეიძლება საუბარი?! ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. დროა, ვიცხოვროთ ევროპული მენტალიტეტით, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს; უაზრო კამათის, კინკლაობის ნაცვლად, მივცეთ კონსტრუქციული დიალოგის ფორმა. მუდმივად სტრესულ გარემოში ცვდება ადამიანის ნერვული სისტემა. მერე ჩვენთან მოდიან სამკურნალოდ.

_ დეპუტატებიც არიან თქვენს პაციენტთა შორის?

_ უფრო მეტიც, სწორედ ისინი არიან სამიზნე ნებისმიერი დაავადებისთვის. სწორედ სტრესია სხვადასხვა ფსიქოსომატური პათოლოგიის ადრეული განვითარების მიზეზი.

ჩვენ ხომ პატარა ერი ვართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოთმინება. მინდა, გითხრათ, რომ განათლებაც და მედიცინაც ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობასთან და მისგან განყენებულად ამ სფეროებზე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია. სანამ ქვეყანაში არ იარსებებს სოციალური უზრუნველყოფის მყარი გარანტიები, რაიმეს მოგვარებაზე საუბარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. სოციალური გარანტიები კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, საკანონმდებლო სფეროს მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული. ყველამ რომ თავისი საქმე კეთილსინდისიერად აკეთოს, ბევრი რამ მოწესრიგდება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here