Home რუბრიკები საზოგადოება ლადო გუდიაშვილის მუზის გახსენება

ლადო გუდიაშვილის მუზის გახსენება

3018

წინამდებარე სტატიით კიდევ ერთი ტრიპტიქი გამოგვივიდა, ჩემო მკითხველო! კიდევ ერთი იმიტომ, რომ პირველი იყო წერილების სერია, რომელიც მიეძღვნა ახალ ქართულ თარგმანებს, დიდი ამბით რომ შემოგვთავაზა მრავალი საგულისხმო ინიციატივის ავტორმა _ «ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა», _ არიქა, თუ ეს 100 წიგნი არ წაიკითხეთ, კაპიკიაო თქვენი ფასი ცხოვრებაში.


მეც გავბრიყვდი და სამი მათგანი («კაზანოვა», «სალვადორ დალი», «ჯუზეპე ვერდი») არათუ წავიკითხე, არამედ, რომ იტყვიან, ოპერატიულადაც გამოვეხმაურე ჩვენი გაზეთის ფურცლებზე და მეგობრულად ვურჩიე ახალგაზრდა კოლეგებს, სხვა დროისათვის კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ-მეთქი ამ უსათუოდ საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებისას _ მხედველობაში მქონდა ის გარემოება, რომ არც ერთი ზემომითითებული გამოცემა საბოლოოდ წაკითხული არ ჰქონდა არათუ პროექტის მთავარ რედაქტორს (ბატონ ზაზა აბზიანიძეს), არამედ უშუალოდ ტომის რედაქტორებსაც (ხ. თოდუა, თ. თითმერია, რ. სულაკაური), მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ისე გაიტრუნა ეს ჩვენი ქებული «ქართული ბიოგრაფიული ცენტრი», თითქოს ჩვენს გაზეთში, თანაც ზედიზედ, არც გამოქვეყნებულიყოს 22, 29 იანვარს და 5 თებერვალს უაღრესად კონკრეტული შენიშვნები, ვიმეორებ, ერთობ მეგობრულ-კოლეგიური სურვილებით… ვერაფერი შვილი პოზიციაა, მე და ჩემმა ღმერთმა!

ახალი ტრიპტიქი კი იმ საინტერესო თაოსნობას ეძღვნება, რომლითაც დედაქალაქის მერია, სახელდობრ, კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი ქალბატონ ნეკა სებისკვერაძის ხელმძღვანელობით, თანამედროვე ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენლების ნამუშევრებს გვთავაზობს. პირველ წერილში განვიხილეთ სახელოვანი «სუხიშვილების» ერთ-ერთი ღვაწლმოსილი მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბატონი თენგიზ უთმელიძის მართლაც ფანტასტიკური (მართლაც იმიტომ, რომ სინამდვილეში მას მხოლოდ «რომანტიკული ფოტომატიანე» ეწოდება) ფოტომატიანე (იხ. ჩვენი გაზეთის 7 მაისის ნომერი), მეორეში _ დიდი მაესტროს, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ბატონ ზურაბ ნიჟარაძის ახალი ალბომი (ეს ჩვენი გაზეთის მომდევნო, 14 მაისის ნომერში გამოქვეყნდა) და აი, მესამე წერილიც, რომელიც ეძღვნება მშვენიერ, სამენოვან (ქართული, ინგლისური, რუსული) ფერად ალბომს (A-4 ფორმატი, 273 გვერდი, მთლიანად ცარცის ქაღალდი). ეს ალბომი გვაცნობს ჩვენი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მხატვრის, თვით ლადო გუდიაშვილის მუზის _ ქალბატონი მანანა ბობოხიძის უმდიდრეს შემოქმედებას.

დიდი შრომა, ენერგია და სიყვარულია ჩაქსოვილი ამ შესანიშნავ ალბომში (შემდგენელები ალეკო და ვერა ფურცხვანიძეები, დიზაინი _ გიორგი დოლიძისა, ფოტოგრაფი _ რომან ფოთელიძე) და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ მონდომებას უსათუოდ იგრძნობს და დააფასებს მკითხველი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ უნდა დავუბრუნდე დელაკრუას ცნობილ ფორმულას: «ნახატის უპირველესი ღირსება ის არის, რომ თვალისთვის დღესასწაული შექმნასო» და დავადასტურო, რომ მხატვარი, რომლის შემოქმედებასაც ეძღვნება ალბომი, ამ დღესასწაულს ნამდვილად უქმნის მკითხველს, მაგრამ არა _ გამოცემის მესვეურები, ანუ, სხვა სიტყვებით, ისევ ვუჩივი ურედაქტორობას.

სიტყვა «რედაქტორი» რომ არ აწერია საერთოდ ალბომს, ეს არსებითად ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, ის რთული, მაგრამ შემოქმედებითად საინტერესო პროცესი _ თუ როგორ, რა ფორმით, რა ფერებით (პირდაპირი გაგებითაც!) მივაწვდით მკითხველს ქალბატონ მანანა ბობოხიძის უაღრესად ნაყოფიერსა და მრავალფეროვან შემოქმედებას. მან ხომ ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ამას, უპირველეს ყოვლისა, აღიარებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ლადო გუდიაშვილი, ელგუჯა ამაშუკელი, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვები. ღვთის მადლით, ეს ყველაფერი კარგადაა მოტანილი და გვეხმარება, ცხოველი გულისხმიერებით შევუდგეთ მხატვრის სამყაროში მოგზაურობას. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამ მშვენიერი ალბომის ტექსტობრივ გვერდებს, მსუბუქად თუ ვიტყვით, აშკარად აკლია პროფესიონალი რედაქტორის ხელი…

უკვე მერამდენეჯერ ვწერ იმის თაობაზე, თუ რაოდენ არასწორად გადააქვთ ინგლისურ ენაზე ქართული სახელები და გვარები (ვახტანგი, ვაჟა, ელგუჯა, ჟუტუ, გიორგი, ფურცხვანიძე, ციციშვილი, ფანჯიკიძე, ჯაფარიძე და ა. შ.). ასე ზოგადად იმიტომ მივანიშნებ, რომ, ცალ-ცალკე თუ განვიხილეთ ყველა ამგვარი შეცდომა, გაზეთი აჭრელდება. მაინც ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ დედაქალაქის მერიას?!

სჯობს, მაგალითები გვერდების მიხედვით მიეთითოს:

გვ. 7: დასაპყრობად კი არა _ დასაპყრობლად, როგორც კატეგორიულად ითხოვს «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი» (გვ. 229);

იქვე: ორგინალობის ძიებაში კი არა _ ორიგინალურობის ძიებაში;

გვ. 11: 1961-1965წ.წ. დაამთავრა…… ინსტიტუტი თუ ამ წლებში სწავლობდა… ინსტიტუტში? ხოლო დაამთავრა 1965 წელს;

იქვე: რობერტ სტურუა მამა კი არა _ რობერტ სტურუა-მამა;

გვ. 12: სმაკტუნოვსკი _ სმოქტუნოვსკი;

იქვე: რომანტიული _ რომანტიკული;

იქვე: დინამიური _ დინამიკური;

გვ. 31: ავტოპორტრეტი ფერებში (სახელწოდება ნახატისა) რუსულად სწორადაა, მაგრამ ინგლისურად _ არა: Troughts of self-portrait ნიშნავს ავტოპორტრეტის ფიქრებს…

გვ. 34: უცნობი მომღერალი რუსულად სწორადაა თარგმნილი, მაგრამ ინგლისურად _ ისევ არა. უნდა იყოს: Singer და არა Artist, რაკი ეს უკანასკნელი საზოგადოდ ნიშნავს ხელოვანს;

გვ. 58: გალაკტიონის «მერი» ინგლისურად თარგმნილია, როგორც: Gelation’s Mary»ს Mარყ. ცხადია, უნდა იყოს: Galaktion’s …;

გვ. 67: მფრინავი (იგულისხმება ჭიჭიკო ბენდელიანი) ინგლისურად თარგმნილია, როგორც: Flying, რაც ზოგადად ნიშნავს ფრენას. ასე რომ, აქ უნდა ყოფილიყო ან Flier, ან Flyer, ან სულაც ყველაზე მიღებული ფორმა: Pilot. ამასთან, გვარი მფრინავისა (ბენდელიანი) რუსულად შეცდომითაა: Бендениани;

გვ. 83: მსახიობი ბებე ჯაიანი (მსახიობ ქალზეა საუბარი). რუსულად სწორადაა, ინგლისურად _ არა. უნდა იყოს Actress და არა Acres;

გვ. 107: ლადო გუდიაშვილის გვარი შეცდომითაა ქართულადაც (გულიაშვილი) და ინგლისურადაც (Guliashvili).

გვ. 121: 9 აპრილის ტრაგედია საქართველოში, ინგლისურად და რუსულად კი წერია თბილისშიო. რომელს დაუჯეროს მკითხელმა?

საგანგებოდ უნდა შევჩერდე 87-ე გვერდზე: მამის პორტრეტი ისეა თარგმნილი, მაპატიეთ, მაგრამ გეგონებათ, რომ ვიღაც, არც მეტი, არც ნაკლები, დედაქალაქის მერიასაც აშაყირებს და ყოველ ჩვენგანსაც: A portrait of his dad…

გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს დავამთავრე უცხო ენათა ინსტიტუტი და მას შემდეგ სულ უცხოურ ტექსტებზე ვმუშაობ, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, მსგავსი მართლაც Nonsense ჯერ არ მინახავს _ ან ეს A რა შუაშია, ან Dad, ან, მთლად უარესი _ his? ბოლოს და ბოლოს, her მაინც მიეწერათ მაგ კაი დედმამიშვილებს!

ერთი სიტყვით, ამ პრობლემებზე საგანგებო შეხვედრაა საჭირო და დაწვრილებით საუბარი გვერდების მიხედვით, თუ, ცხადია, ეს საკითხი ვინმეს აინტერესებს. ჩემდა თავად, მზად ვარ, დაწვრილებითი კონსულტაცია ჩავუტარო ახალგაზრდა კოლეგებს, თუ, ვიმეორებ, ამას საჭიროდ ჩათვლიან. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ა ს ე გაგრძელება აღარ შეიძლება!

გოგი დოლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here