Home რუბრიკები საზოგადოება კარაპეტიანი წაგვეპოტინა

კარაპეტიანი წაგვეპოტინა

«ტიფლისის (თბილისის) მერები» _ ასეა დასათაურებული მეცნიერული კვლევის პრეტენზიის მქონე მონოგრაფია, რომლის საგაზეთო ვარიანტს «საქართველო და მსოფლიო» დღევანდელი ნომრიდან შემოგთავაზებთ. ავტორია სამველ კარაპეტიანი. იკითხავთ _ რა ამოძრავებდა ამ სომეხ მკვლევარს, რისთვის იღვწოდა, რა მიზანს ემსახურებოდა, სხვა ქვეყნის დედაქალაქის ისტორიით რომ დაინტერესდა, ასე გამოწვლილვით რომ ჩაუღრმავდა და 119-გვერდიანი ნაშრომი შემოგვთავაზა, სქემებითა და ფოტოილუსტრაციებით გამდიდრებული? ან ჩვენ რატომ გამოვიდეთ თავი ამ აშკარად ტენდენციური მონოგრაფიის სათარგმნელად და გამოსაქვეყნებლად? მივყვეთ თანმიმდევრობით.


სამველ კარაპეტიანის ინტერესი გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც კი წაუკითხავს ილია ჭავჭავაძის «ქვათა ღაღადი». კარაპეტიანი, როგორც მისი ზოგიერთი თანამემამულე, ინფიცირებულია «დიადი არმენიის» იდეით, რომლის მატერიალიზაცია მაინცდამაინც საქართველოს ხარჯზე აქვთ ჩაფიქრებული. ამ აკვიატებული იდეის, ანუ დაავადების მეტასტაზური გამოვლენაა «ტიფლისის (თბილისის) მერები».

«1629 წლის ხელნაწერში აღნიშნულია: Тифлис – армянский город». ამის განმცხადებელი კარაპეტიანი იმოწმებს სომხურ ენაზე გამოცემულ წიგნს «ქართული წყაროები სომხეთსა და სომხებზე» (ტომი მესამე, ქ. ერევანი, 1955 წელი, გვ. 83). ასეთი «მეცნიერული» კვლევები ერევანში თავზე საყრელად აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ამ ტომეულების გამოცემა საეჭვოდ ემთხვევა ხრუშჩოვის მიერ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის «საქართველოს ისტორიის» სახელმძღვანელოს აკრძალვის წლებს.

კარაპეტიანის წიგნი 2003 წელსაა გამოცემული «გიტუტიუნის» მიერ სომხური არქიტექტურის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს გრიფით, რომლის წევრთა შემადგენლობა აღნიშნული მონოგრაფიისთვის უმეტესი წონის მისაცემად სრულად არის ჩამოთვლილი თავფურცელზე: არქიეპისკოპოსი მესროპ აშჩიანი (ნიუ იორკი), პროფ. გ. ბუშხაუზენი (ვენა), პროფ. ა. მუტაფიანი (პარიზი), პროფ. დოქტორი ხოფრიხტერი (კაიზერსლაუტერნი), პროფ. დოქტორი რ. ოვანესიანი (ლოს-ანჟელესი), პროფ. დოქტორი ჟ. პიპერი (აახენი), პროფ. დოქტორი ლ. ზეკიანი (ვენეცია), პროფ. დოქტორი მ. ასრატიანი.

ხომ დაგვახვიეს თავბრუ ავტორიტეტთა ამ თანავარსკვლავედის წარმოდგენით, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მკითხველთა დიდი უმრავლესობისთვის ეს გვარები არაფრისმთქმელია და აღფრთოვანებას არ იწვევს.

ამაოდ დაშვრნენ.

მკითხველი ამ ავტორიტეტების გარეშეც გაერკვევა, სად იწყება და სად მთავრდება მეცნიერული სიმართლე ამ, ყველა მონაცემით, ავანტიურისტულ ნაშრომში.

ანუ სად არის დამარხული ძაღლის თავი?

არის კი, საერთოდ?

ნუ დავიზარებთ და ვცადოთ ნეშტის ამოთხრა იმ ძაღლისა, რომელიც მღვდელსა ჰყავდა და უყვარდა, მაგრამ, ხორცის ნაჭერი რომ მოიპარა, მოკლა, დამარხა და საფლავის ქვას დააწერა: «У попа была собака»…

პირველსავე ბელტს ამოჰყვება ციტატა, რომელსაც ავტორი გულღიად, ანუ, როგორც თვითონ სომხები ამბობენ, ვოროტბაცი, გვთავაზობს:

«საქართველოს დედაქალაქი _ თბილისი, რომელიც ამიერკავკასიის უძველესი და მსხვილი ქალაქია, თავისი ისტორიის ბოლო ათასწლეულის განმავლობაში იმართებოდა ერთმანეთს ჩანაცვლებული და მშობლიურ ქალაქზე შეყვარებული ისეთი მერებით, რომელთა ყოლას დიდ ბედნიერებად მიიჩნევდა ბევრი ქალაქი.

«კავკასიის პარიზი» _ ხშირად ასე მოიხსენიებოდა ტიფლისი უკვე XIX საუკუნის ბოლოს, თუ, ამასთანავე, გავითვალისწინებთ, რომ გასულ საუკუნეში ქალაქი ხელთ იგდო აღა მახმად ხანმა, სრულად გაძარცვა, დაწვა და დაანგრია. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ტიფლისი «სომხეთის წინკარია, წინა ოთახია» და რომ «სომხებმა ტიფლისი ქართველებს კი არ წაართვეს, არამედ სპარსელებს, თურქებსა და გერმანელებს, და ეს არაკანონიერად კი არ გააკეთეს, ცბიერებით, ბნელ ღამეში, არამედ პატიოსანი შრომით, პატიოსანი ფულით, საღ ჭკუაზე და დღისით-მზისით».

მოკლედ _ თბილისი ჩვენიაო, სომხების!

ასეთია ავტორის ამოსავალი დებულება და «შეურყეველი» დასკვნა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 1917 წლამდე თბილისის მერის თანამდებობაზე 47 კაცი ჩაენაცვლა ერთმანეთს, _ აგრძელებს ისტორიულ ექსკურსს კარაპეტიანი, _ მათგან 45 სომეხი იყო.

რატომ ხდებოდა ასე?

იმიტომ, რომ თბილისის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სომხები იყვნენო (მაგალითად, 1910 წელს თბილისში 124 901 სომეხი ცხოვრობდა, რაც საერთო ოდენობის 40,9 პროცენტს შეადგენდა, ქართველები _ 54 170 და, შესაბამისად, _ 17,7 პროცენტს; მერები, ანუ მელიქები 1864 წლამდე «მხოლოდ თბილისის მკვიდრთა წარმომადგენლები იყვნენ».

ე. ი. კარაპეტიანი ამბობს, რომ თბილისის მკვიდრი მოსახლეობა, მათ შორის, პირველი რანგის მოქალაქენი, რომელთა წრიდანაც მერებს ირჩევდნენ, იყვნენ სომხები. მხოლოდ ისინი. აქვეყნებს კიდეც გრძელ ნუსხას, 79 სომხური გვარისას, რომელშიც ქართველების სახსენებელიც არ არის.

დედაქალაქის ელიტა ქართველების გარეშე? _ იკითხავთ.

დიახაცო, გიპასუხებთ ეს მკვლევარი და თავისი პოზიციის დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას, რომელიც ქართველების დაუფარავი შეურაცხყოფაა… რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

ან უფრო ზუსტად: რაც არ გინდოდეს, ღმერთმა ნუ მოგცესო!

აი, ეს ციტატაც: «წარმომავლობით ქართველებს მიდრეკილება არ ჰქონდათ ქალაქური ცხოვრებისადმი, სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობისადმი. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ, სარფიანობისა და უპირატესობის მიუხედავად, მოქალაქეთა წოდება თითქმის მხოლოდ სომხებით იყო წარმოდგენილი».

და ა. შ., დაუსრულებლად.

კარაპეტიანის ნაღვაწის მე-13 გვერდზე ასეთ ციტატასაც ამოიკითხავთ: «ტიფლისი, ანუ ჩვენებურად (ე.ი. სომხურად. _ ა.ს.) თპხის, ძველი საქართველოს დედაქალაქი, სავსებით კანონიერად დღესაც შეიძლება ჩავთვალოთ მთელი კავკასიის და ამიერკავკასიის დედაქალაქად…»

ქართველებს რაო?

გაიღებს მოწყალებას და ასე ამთავრებს მოხმობილ ციტატას: «აგრეთვე, უპირობოდ, სომხეთისა და საქართველოს დედაქალაქად».

სომხეთის დედაქალაქი თბილისი, ალბათ, ავლაბრიდან იწყება: პრეზიდენტის სასახლიდან.

ამ ნაბეჭდი პროდუქტის განხილვა ამჯერად ჩვენი მიზანი არ არის. მაშ, რატომ ვთავაზობთ მკითხველ საზოგადოებას ასეთ, მრავალგზის და ყოველმხრივ დისკრედიტირებულ ოპუსს?

რატომ გავისარჯეთ?

იმიტომ, რომ დრო დგას შესაფერისი: თბილისი მერის წინასაარჩევნო ეტაპში შევიდა და ეს საპასუხისმგებლო პროცესი ღირსეულად უნდა გავიაროთ, რისთვისაც გვმართებს სიფხიზლე და მობილიზება, უწინდელი შეცდომები რომ არ გავიმეოროთ.

უახლეს ისტორიაზე მიგანიშნებთ, სულ რამდენიმე წლის წინანდელზე _ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ზოგიერთ გამოცემაში ასეთი დასკვნა გამოჩნდა: საქართველოში პრეზიდენტად წარმოშობით სომეხი აირჩიესო.

ეს ერთი, და მეორეც იმის საჩვენებლად, რა უადგილოა აკვიატებული კამათი იმის გამო, თუ ვინ, საქართველოს რომელი კუთხის წარმომადგენელი უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერად _ მაინცდამაინც თბილისში დაბადებული კაცი, მეგრელი თუ კახელი, გურული ან რაჭველი…

თბილისელმა უგულავამ ხომ აგვაშენა!

კამათი იმაზე, რომ დედაქალაქის მერი არ შეიძლება იყოს კაცი პროვინციიდან, თავისთავად არის პროვინციალიზმი.

ავყვებით ამ ტალღას და ისეთ უაზრობამდე მივალთ, როგორიც ის წიგნია, რომლის თარგმანსაც საგაზეთო ვარიანტის სახით გთავაზობთ.

და მაინც _ ვინ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქის მერი?

ეს მცირე შესავალი წინასაარჩევნო აგიტაციად ვინმემ რომ არ ჩაგვითვალოს, დავტოვოთ ეს საკითხი თბილისელების გადასაწყვეტად და ყოველი შემთხვევისთვის გავიხსენოთ დიდი ჭაბუა ამირეჯიბის შეგონება:

«ჭკუით, ქართველებო!»

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here