Home რუბრიკები საზოგადოება როდის დაარსდა პირველი ქართული თეატრალური ორგანო და ჟურნალი იყო ის თუ გაზეთი?

როდის დაარსდა პირველი ქართული თეატრალური ორგანო და ჟურნალი იყო ის თუ გაზეთი?

1902

უკვე მესამე საუკუნეა, არსებობს ჩვენი ეროვნული თეატრალური პრესა და ამდენად, სათაურში დასმული საკითხი, ეგებ, ვერაფერი პატივი იყოს თანამედროვე თეატრმცოდნეობის პრესტიჟისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ რეალობას ვერ გავექცევით. არადა, ერთ დროს, კერძოდ, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, საკითხი მართლაც სადავო და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით იყო დახლართული, შემდეგ ყველაფერი დალაგდა მეცნიერულ დონეზე, მაგრამ, როგორც კი დაიწყო XXI საუკუნე, ისევ, რომ იტყვიან, აირია მონასტერი და ახლა, მაგალითად, სტუდენტს საკურსო ან სადიპლომო თემად რომ მისცე ეს საკითხი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.

 

ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, ჩვენი რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურების გამო პირველს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის ფრიად საპატიო წოდება (1922 წ.) _ ვასო აბაშიძე (1854-1926) პირდაპირ წერს თავის ავტობიოგრაფიაში, დავაარსეო გაზეთი «თეატრი» (კრებული «ვასო აბაშიძე», დიმიტრი ჯანელიძის რედაქციითა და შესავალი წერილით, თბილისი, 1951, გვ. 64) და ეს დასტურდება უამრავი დოკუმენტით, მოგონებით და ა. შ.

იმავე კრებულში რედაქტორი (დ. ჯანელიძე) კომენტარს უკეთებს ვასო აბაშიძის სიტყვებს და წერს: «გაზეთი «თეატრი» დააარსა ვასო აბაშიძემ 1885 წელს. მისი რედაქტორობით გამოდიოდა 1886 წლის 8.VI-მდე. ეს იყო პირველი სპეციალური სათეატრო გაზეთი…» (გვ. 165) და იქვე, ყოველი შემთხვევისთვის, მითითებულია უტყუარი წყარო ამ ინფორმაციისა (გ. ბაქრაძე, «ქართული პერიოდიკა», 1946, გვ. 10).

ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ პირველი სათეატრო ორგანო დაარსდა 1885 წელს და ეს იყო გაზეთი და არა ჟურნალი. როგორც ხედავთ, თქვენი მონა-მორჩილის სტატიის სათაურში დასმული კითხვას პასუხი გაეცა, რაკი გაირკვა თარიღიც და სახეობაც პერიოდიკისა.

მაგრამ გავიდა ორი წელი და 1953 წელს ისევ ბატონი დიმიტრი ჯანელიძის რედაქცით გამოქვეყნდა მეორე წიგნი სერიისა _ «ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ» (შეგახსენებთ, რომ ზემომითითებული კრებული «ვასო აბაშიძე» პირველი წიგნი იყო ამ სერიისა) «ვალერიან გუნია» და ვითარება შეიცვალა: თავად ვალერიან გუნია ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, რედაქციის კომენტარებიც, რომ იტყვიან, სინქრონში მიჰყვება.

დასაწყისში გუნია იგონებს: «ვ. აბაშიძემ «თეატრი» გადმომცა და მეც გავები «თეატრის» უღელში. ჩემი შრომა და მეცადინეობა მალე დაეტყო გაზეთს (ხაზი ჩემია _ გ. დ.) და 54 ხელის მომწერთა რიცხვმა ერთი ორად იმატა…» (გვ. 177).

ამ მოგონებას მოსდევს რედაქციის კომენტარი (გვ. 265), რომ «თეატრი» იყო ყოველკვირეული გაზეთი (ხაზი ჩემია _ გ. დ.). გამოდიოდა 1885-1890 წლებში, თავდაპირველად მას რედაქტორობდა ვ. აბაშიძე (1885-1886 წლებში), შემდეგ _ ვალ. გუნია (1886) და ბოლოს _ ალ. ნებიერიძეო (1887-1890).

«თეატრი» რომ გაზეთი იყო, ამ აზრს ვალერიან გუნია 1886 წლის მოგონებებშიც ამტკიცებს: «გაზეთის საქმე კარგად მიდის… ვალები დამედო გაზეთის გამო… იძულებული ვიქნები, გაზეთს თავი დავანებო… დღეს აბაშიძემ მითხრა, გაზეთის ბედი გადავწყვიტოთო…» (გვ. 176-178, ხაზი ყველგან ჩემია _ გ. დ.) და ა. შ. წიგნის რედაქციის კომენტარიც (შენიშვნების ავტორები არიან: დ. ჯანელიძე, კაპიტონ გაწერელია და ელისო კაკალაშვილი) შესაბამისია, კერძოდ, ვასო აბაშიძისადმი მიძღვნილ კომენტარში ნათქვამისა: «…პირველი სათეატრო გაზეთის (ხაზი ჩემია _ გ. დ.) _ «თეატრის» (1885) დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი» (გვ. 205).

მაგრამ ივანე მაჩაბლის მოგონებისას გუნია წერს, რომ ეს ის დრო იყო, «როცა ვასო აბაშიძემ გადმომცა თავისი კვირეული ჟურნალი «თეატრი». 24-ე ნომრიდან ამ ჟურნალს (ხაზი ორივეგან ჩემია _ გ. დ.) პირადად მე ვხელმძღვანელობდი» (გვ. 158).

ამ მოგონებასაც მოსდევს რედაქციის კომენტარი, რომელშიც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს დიმიტრი ჯანელიძისაგან, «თეატრი» უკვე ჟურნალადაა გამოცხადებული. თავად განსაჯეთ:

«ჟურნალი თეატრი» _ პირველი ქართული თეატრალური ჟურნალი, დაარსდა და გამოდიოდა ვასო აბაშიძის რედაქტორობით 1885-1886 წლებში. ვ. გუნია რედაქტორობდა «თეატრს» 1886 წლის 8 ივნისიდან» (გვ. 256).

სხვათა შორის, ცოტა ადრეც გაიელვა ამ კრებულში «თეატრის» გამოცხადებამ ჟურნალად (გვ. 203). ასე რომ, ეს ის შემთხვევა სულაც არ არის, როცა დაასკვნიან ხოლმე, კომენტარი ზედმეტიაო, რადგან სწორედ აქედან იწყება საკითხის აღრევა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როგორც უკვე აღინიშნა, ყველაფერი დალაგდა: 1974 წელს გამოქვეყნდა ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, აწ განსვენებული ბატონი თაზო ქვარიანის მონოგრაფია _ «გაზეთი «თეატრი», რომლის რედაქტორია ცნობილი თეატრმცოდნე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ბატონი ნოდარ გურაბანიძე. თ. ქვარიანის მონოგრაფიაში (ეს მისი სადისერტაციო ნაშრომიცაა) დამტკიცებულია, რომ პირველი თეატრალური ბეჭდვითი ორგანო საქართველოში იყო გაზეთი «თეატრი», რომელიც ვ. აბაშიძის რედაქტორობით გამოვიდა 1885 წლის 14 ივლისსო.

1975 წელს დაიბეჭდა ქართული ენციკლოპედიის I ტომი (ამ დროს ენციკლოპედიაში თეატრის სექციის თავმჯდომარე გახლდათ ბატონი დიმიტრი ჯანელიძე და ვასო აბაშიძისადმი მიძღვნილ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მან _ ვ. აბაშიძემ 1885 წელს დააარსა გაზეთი «თეატრი» (გვ. 19).

1979 წელს მკითხველმა მიიღო ქართული ენციკლოპედიის IV ტომი, რომელშიც მოთავსებულია სტატია გაზეთ «თეატრზე» (ავტ. _ თ. ქვარიანი) და ერთხელ კიდევ გამეორებულია, რომ პირველი თეატრალური ბეჭდვითი ორგანო _ გაზეთი «თეატრი» დაარსდა 1885 წელს (გვ. 628).

ერთი სიტყვით, მეტი რაღაა საჭირო იმისათვის, რომ ისევ უკუღმა არ დატრიალებულიყო ჩარხი და, ვინმე შემთხვევით პიროვნებას კი არა, აღიარებულ თეატრმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატს, პროფ. . კიკნაძეს რომ არ დაეწერა თავის 1500-გვერდიან მონოგრაფიაშიქართული დრამატული თეატრის ისტორია», 2001, რედაქტორი _ უკვე ნახსენები ცნობილი თეატრმცოდნე, ერთხელაც გავიმეოროთ, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფ. . გურაბანიძე), თითქოს პირველი თეატრალური ორგანო იყო ჟურნალი «თეატრი» (გვ. 757). გავიდა ორი წელი და 2003 წელს ხელახლა დაიბეჭდა . კიკნაძისეული «ისტორია…», ცხადია, ისევ . გურაბანიძის რედაქტორობით, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის უზრუნია ამ შეცდომის გასწორებაზე.

ამასთანავე, ბატონი ვ. კიკნაძე მეორე უზუსტობასაც უშვებს, როცა წერს, თითქოს მსახიობი დ. აწყურელი (დავით გამყრელიძე, 1863-1928) გაზეთ «თეატრის» პასუხისმგებელი რედაქტორი იყო 1884 წელსო (გვ. 676). სხვათა შორის, ზუსტად იმავეს იმეორებს მონოგრაფიის მეორე გამოცემაც…

არადა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ «თეატრი», გინდ ჟურნალი იგულისხმეთ და გინდ _ გაზეთი, 1885 წელს გამოვიდა. ამასთანავე, დ. აწყურელი არასდროს ყოფილა არათუ მისი რედაქტორი (როგორც უკვე მიეთითა, გაზეთ «თეატრს» სხვადასხვა დროს სულ სამი რედაქტორი ჰყავდა: ვ. აბაშიძე, ვ. გუნია და ალ. ნებიერიძე), ისიც პასუხისმგებელი, არამედ რედაქციის მუდმივი თანამშრომელი, იგი მხოლოდ პერიოდულად მონაწილეობდა მის საქმიანობაში…

დასკვნა: პირველი ქართული თეატრალური პერიოდული ორგანო იყო გაზეთითეატრი») და იგი გამოვიდა 1885 წლის 14 ივლისს. იმედია, მომდევნო 20-წლეულის შემდეგ, როგორც ეს უკვე ორჯერ მოხდა წინა საუკუნეში, კვლავ უკან აღარ დატრიალდება ისტორიის ჩარხი

გოგი დოლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here