Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ცინცაძე: საქართველოშიც და უკრაინაშიც სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ

სოსო ცინცაძე: საქართველოშიც და უკრაინაშიც სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ

603

უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ლამის პირველკაცის როლს ასრულებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან მან «რევოლუციურ» დავალებას თავის დროზე კარგად გაართვა თავი. დამკვეთები და სცენარი არ შეცვლილა, მხოლოდ სახეები და სახელები შეიცვალა. შევეცადეთ, გაგვეგო, რა გამოცდილება შესძინა საქართველოს 20-წლიანმა წარუმატებელმა სვლამ და რა მსგავსებაა უკრაინაში ახლადდაწყებულ პროცესებსა და საქართველოში უკვე განვითარებულ პროცესებს შორის. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე «საქართველო და მსოფლიო» პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო სოსო, ყველაფერი, რასაც შევარდნაძე და სააკაშვილი აკეთებდნენ, ხალხს მიეწოდებოდა ისე, თითქოს რუსეთისგან ქართული, ეროვნული თვითმყოფადობის, რწმენის, ენის, სულიერების გადასარჩენად იყო გამიზნული. მათი მტკიცებით, ერთადერთი ხსნა და გადარჩენა ნატოსთან, ევროკავშირთან დაახლეობა და რუსეთთან დაპირისპირება იყო.

_ თქვენი შეკითხვა ის ფუნდამენტური შეკითხვაა, რომლის გარშემოც, ოცი წელია, ქართული საზოგადოებრივი აზრი და ფიქრი ტრიალებს, ყოველ შემთხვევაში არაოფიციალურად მაინც. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ გამიადვილდება, რადგან დღეს გვეძლევა საშუალება, რეალისტურად შევაფასოთ მეგობრებისა და მოწინააღმდეგეების რეალური სახეც და შესაძლებლობებიც. მაგალითად, რა შეუძლია დასავლეთს? ლაკმუსის ქაღალდად იქცა უკრაინა არამხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. პუტინი ძლიერად გამოიყურება, დასავლეთის სანქციებმა და მუქარამ რუსეთის პრეზიდენტს ვერც ვერაფერი  დააკლო და ვერც შეაცვლევინა. ჩვენ მხოლოდ მოთმინებით უნდა დაველოდოთ, როდის დაცხრება ვნებათაღელვა, პუტინი დაიხევს უკან, თუ დასავლეთი თავის უძლურებას აღიარებს? _ მაშინ საქართველოს ექნება უნიკალური შანსი, რეალურად დაინახოს არსებული ვითარება; დავინახავთ, ვის რა შეუძლია. დასავლეთს თუ გადაწყვეტილი აქვს, წინ აღუდგეს რუსეთს, ამაზე უკეთესი საშუალება მას აღარ მიეცემა. უკრაინა, რომელიც დასავლეთს ასჯერ ძვირად უღირს, ვიდრე საქართველო, და მისთვის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის.

_ თქვენ წინა შეკითხვაზე სრულყოფილად არ მიპასუხეთ. 20-წლიან გზაზე რუსეთი მტრად გადავიკიდეთ, სახელმწიფო სტრუქტურები დაგვეშალა, აღარ არსებობს კვლევითი ინსტიტუტები, მრეწველობა და უზნეობამ წალეკა ყველაფერი.

_ სულიერება, მენტალობა _ ამის დაკარგვა მთლად უცხო ქვეყნების ბრალი არ არის, მუდამ განტევების ვაცის ძებნას ნუ ვცდილობთ. ქვეყანა ჩვენ თვითონ დავანგრიეთ და თურქეთში გავყიდეთ, მაშინ დასავლეთი აქ ასე აქტიური არ იყო, თუმცა საფრთხეები არსებობს… მაგალითად, შეტევა ეკლესიაზე, ერთდერთ ავტორიტეტულ ინსტიტუტზე, და ამას არ აკეთებენ ათეისტი კომუნისტები, რაც გაცილებით საშიშია, როდესაც სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, მაშინ ეკლესია ძლიერდებოდა. დღეს კი ბევრად უფრო საშიში ვითარებაა, ქვეყნის წამყვანი პარტიის წამყვანი წევრი პატრიარქზე პარლამენტის ტრიბუნიდან ქილიკობს. ეკლესიების აშენებით არ მოვტყუვდეთ, მტერი ძლიერია.

როდესაც მენტალობის, ზნეობის, სულიერებისა და ეროვნულობის საკითხზე ვსაუბრობ, ასეთ დროს, იაპონიის მაგალითი ხშირად მომყავს, ის დემოკრატიულიც არის და მენტალობაც შეინარჩუნა.

რა უჭირს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ერთ მშვენიერ დღეს გონს მოეგოს და თავის მინისტრებს აუკრძალოს სამინისტროებში ბიუჯეტის ხარჯზე ათასობით ლარის ყავის დალევა, ორასიათასლარიანი ჯიპით მგზავრობა, ოთხციფრიანი ხელფასი, მაშინ, როდესაც პროფესორს 50-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს? ასეთ ვითარებაში ევროპულ გზაზე სიარული და საუბარი ზედმეტია. რაზე უნდა ილაპარაკო, როდესაც შენი მთავრობა 17 მაისს ლგბტების მიტინგზე (რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოგვიახლოვდება) ჟურნალისტებს კრიტიკული მასალის დაწერის უფლებასაც არ მისცემს იმიტომ, რომ ასოციაცირების ხელშეკრულებაში ასე წერია და მთავრობა ამას არ აპროტესტებს? ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენ არ ვიცით დასავლური ღირებულებები რა არის, ძალიან ცდება. ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, ლექია. სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა ძნელია, ხოლო ლექის ათვისება, _ ადვილი. საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული. აქ ერთი ამბავია და ცდილობენ, რომ მართლმადიდებლობა ბაპტისტებსა და იეღოველებს გაუთანაბრონ. როდესაც კამათი დემაგოგიურ დონეზე მიდის _ თუ შენ ლგბტ წინააღმდეგი ხარ, .. რუსეთის აგენტი ხარ, გეტყვით, რომ დემაგოგებთან საუბარი არ ღირს.

წინააღმდეგი ვარ იმ პრეზიდენტის, პრემიერის და მინისტრის, რომელიც ლგბტ-ს მტენის, ქვეყანაში ხალხი შიმშილით უკვდება და 10 ათას ლარს ყავაში ხარჯავს. ხმას არავინ იღებს იმაზე, რომ წამლები ძვირდება, უმუშევრობამ იმძლავრა.  

_ დაიწყო თუ არა იგივე პროცესები უკრაინაში, რომლებიც საქართველომ უკვე გამოიარა? იქაც, ვითომ რუსეთისგან თავი დავიცვათო, ვაინაციონალები ხელისუფლებაში მოყავთ. იქაც ცდილობენ, მოსპონ თვითმყოფადობა, ზნეობა, სულიერება, დოვლათი, მეცნიერება და განათლება. სააკაშვილსაც ამიტომ ხომ არ სთავაზობენ დიდ თანამდებობებს, რომ მან «ევროპული საქმე» საქართველოში ბრწყინვალედ შეასრულა?

_ უკრაინაში რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი კანონით შეუჩერეს, მაგრამ ახლა ეს კანონი გააუქმეს. უკრაინის კრიზისი ძალიან სერიოზულია, გასული საუკუნის კუბის კრიზისის შემდეგ მსგავსი რამ მსოფლიოში არ ყოფილა. ეს არის უდიდესი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოს ძალიან დიდი და სერიოზული დაფიქრება მართებს, ეს ღია გაკვეთილად უნდა მივიღოთ. 

რაც შეეხება სააკაშვილს, მას რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ, ყოფილი პრეზიდენტი «რუსული აგრესიის ცოცხალი მსხვერპლია». აქვს ქარიზმა, ორატორია, ამიტომ თვლიან, რომ საჩუქარია, ის მათ თანაუგრძნობს. თან, თუ დააკვირდით, 2008 წლის აგვისტოს ომს ისინი სულ სხვანაირად აღიქვამენ _ აღარ ახსოვთ ტალიავინის დასკვნა, აღარავინ ახსენებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, და ხედავენ ორმეტრიან კაცს, რომელიც რუსეთმა დაჩაგრა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here