Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): უკრაინის რღვევა დასავლეთის მიერ საქართველოში ნაცადი სცენარით მიმდინარეობს

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): უკრაინის რღვევა დასავლეთის მიერ საქართველოში ნაცადი სცენარით მიმდინარეობს

უკრაინაში ვითარება დღითიდღე იძაბება. მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიმართული. რა გავლენას მოახდენს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ პროცესებზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და როგორ აისახება ეს საქართველოზე, «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება.

 

_ მამაო ელიზბარ, დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ხშირად ავლებენ პარალელს. რა გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე?

_ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ასე ნუ გავართულებთ სიტუაციას და ნუ ვიტყვით, რომ, თუ უკრაინაში ომი დაიწყება, ეს საქართველოშიც აუცილებლად ასე მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გადავიტანეთ და ახლა მიხეილ სააკაშვილი ვითომ ჭკუას ასწავლის უკრაინელებს, როგორ მოიქცნენ. მინდა უკრაინელი ხალხი გავაფრთხილო, _ ნუ მოუსმენენ ტვინგაწყალებულ სააკაშვილს, თორემ ცუდად წაუვათ საქმე.

ყველაფერი მარტივია, შეხედეთ, რა ხდება: დასავლელმა კლანებმა მოახერხეს და ორი უზარმაზარი მართლმადიდებელი ქვეყანა _ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს გადაამტერეს.

_ ანუ, თქვენი აზრით, ვის ინტერესებში იყო უკრაინაში არეულობა, ვინ არის ყველაფერში დამნაშავე?

_ დასავლური წრეების, რომლებიც, უნდა ითქვას, არა მხოლოდ ამერიკასა და ევროპაში, არამედ რუსეთშიც მოქმედებენ და თავიანთ საქმეს აკეთებენ. ვიღაცებს შეიძლება ეცინებათ ამაზე, მაგრამ რეალურად, სწორედ მათი დამსახურებაა ეს კონფლიქტი ორ დიდ მართლმადიდებელ ქვეყანას _ რუსეთსა და უკრაინას შორის. მიზეზი და მიზანი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დასუსტებაა. რაც შეეხება კლიჩკოს, ეგ არაადამიანია, მისი დამსახურებაცაა, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

უკრაინაც, საქართველოც უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყნები და კარგ ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მეზობლებთან. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

_ უკრაინაში გაძლიერდა იმ პოლიტიკოსების პოზიციები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებთან. შესაძლოა თუ არა, საქართველოშიც ველოდოთ «უკრაინული გადატრიალების» მცდელობას?

_ საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ, ხელისუფლებაში «ნაციონალების» დაბრუნებას ხელს შევუწყობთ. რუსეთს კი აკრიტიკებენ, მაგრამ მივიღებთ ე. წ. რუსული სცენარის ანალოგს საქართველოში, როდესაც მედვედევმა დროებით შეცვალა პუტინი. ასე მოხდება საქართველოშიც. ამას წინათ ერთმა სერიოზულმა და ჭკვიანმა კაცმა (რომელსაც ვერ დავასახელებ) მითხრა, ერთი წელი არ გავა და ზურაბ ადეიშვილიც და სხვა «ნაციონალებიც» დაბრუნდებიანო. სხვათა შორის, ეს ადამიანი პროკურატურაში მუშაობს და ბევრ ინფორმაციას ფლობს. კი არავის ვაშინებ, მაგრამ ამ ადამიანმა გამაფრთხილა, გირჩევ, საერთოდ წადი ამ ქვეყნიდან, თორემ მათი დაბრუნების შემდეგ ძალიან ცუდი პროცესები წარიმართება საქართველოში, რადგან «ნაციონალები», ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად შურს იძიებენო.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, «ნაციონალები» ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ.

_ უკრაინასა და საქართველოს შორის ბოლო დროს პარალელს ხშირად ავლებენ. თუ გავიხსენებთ, თავის დროზე შევარდნაძეც და სააკაშვილიც ეროვნულპატრიოტული მოტივებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათი მიზანი რუსეთისგან საქართველოს გადარჩენა, თვითმყოფადობის შენარჩუნება იყო. მაგრამ რა მივიღეთ ბოლო ოც წელიწადში? მდარე ხარისხის გადაცემები, განათლების დაბალი დონე ახალგაზრდებში, გარყვნილების პროპაგანდა და .. იმავე სცენარით ხომ არ წარიმართება მოვლენები უკრაინაშიც?

_ უკრაინის რღვევა საქართველოში დასავლეთის მიერ გამოცდილი სცენარით მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, რომ ეს სცენარი მასშტაბურად განმეორდება უკრაინაშიც, რადგან უკრაინაშიც ანალოგიურად, დაწერილი დასავლური სცენარის მიხედვით მიმდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლობასთან. ყველგან ერთი კვალი ჩანს, ერთი სცენარით მოქმედებს დასავლეთი და მათი პირველი სამიზნე მართლმადიდებლობაა. შეხედეთ და გაანალიზეთ  სხვა ქვეყნების მაგალითზე და ყველაფერში თავად დარწმუნდებით.

საქართველოში ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შევარდნაძემ დაიწყო, რომელიც დასავლური წრეების საუკეთესო წარმომადგენელია და დღესაც კრწანისის რეზიდენციაში ვინახავთ დიდი პატივით. ეს ყველაფერი შემდეგ სააკაშვილმა გააგრძელა. სინამდვილეში კი რა მივიღეთ? როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველა სფეროში საგანგაშო სიტუაციაა. მართლაც უღირსი ადამიანების პარპაშს ვუყურებთ. უკრაინაშიც ხელისუფლებაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების დევიზით გულანთებული ნაციონალისტები მოდიან, მაგრამ ვეჭვობ, იქაც იგივე არ მოხდეს, რაც საქართველოში.

ამას წინათ მეკითხებოდნენ: _ მამაო, გვეშველება რამეო? ჩვენ გვინდა, რომ გვეშველოს? თუ გვინდა და ძალისხმევას არ დავიშურებთ, გვეშველება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ, საამისო სურვილს. საერთოდ კი, მინდა, ერთი რამ გითხრათ: მეორედ მოსვლის ჟამს უფალი აუცილებლად გვკითხავს: ჩვენს სამშობლოს რომ უჭირდა, რა გავაკეთეთო, და ამაზე შეიძლება პასუხი ვერ გავცეთ

_ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის შიში აქვს, განსაკუთრებით ეკლესიის წიაღში. ალბათ, სწორედ ამიტომ ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში და არაფერს დაგვაძალებენ

_ ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ: ამას წინათ, იუსტიციის საბჭოში შეხვედრაზე გვითხრეს, ID ბარათებს თუ არ ავიღებთ, ევროკავშირში არ მიგვიღებენო. თუ ამის უფლებას არ გვაძლევენ, რომ ელემენტარულად ალტერნატიული საშუალება ავიღოთ, სხვა რაღაცების უფლებას მოგვცემენ? რუსეთში, საბერძნეთში _ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში დაშვებულია ალტერნატიული საშუალება, რა დავაშავეთ, რომ მაინცდამაინც საქართველოში არ გვაძლევენ ამის ნებას? ამის მერე როგორ  დავიჯეროთ, რომ სხვა დათმობაზე წამოვლენ და ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებს გაითვალისწინებენ?!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here