Home რუბრიკები საზოგადოება «კენტავრმა» თავი აიშვა, ანუ რა ეშველება თეატრალური საგამომცემლო სივრცის განუკითხაობას?

«კენტავრმა» თავი აიშვა, ანუ რა ეშველება თეატრალური საგამომცემლო სივრცის განუკითხაობას?

877

1928 წელს, როცა მზადდებოდა ივანე ჯავახიშვილის «ქართველი ერის ისტორიის» ახალი გამოცემა, ავტორმა «სასიამოვნო მოვალეობად» მიიჩნია, «მხურვალე, გულითადი მადლობა» გადაეხადა არა მარტო რედაქტორისთვისრომელიც ამ წიგნის ბეჭდვას თვალყურს ადევნებდა და თავიდან ბოლომდის ყველა კორექტურა გადაკითხული აქვს»), არამედ იმ კოლეგებისთვისაც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წიგნის გამოცემის რაღაც ეტაპზე და აღარ იკითხავთ, ვინ არიან ეს რედაქტორკოლეგები?! _ სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვ.

 

ვინღა დარჩა, ღვთის გულისათვის, იმდროინდელი მეცნიერული ელიტიდან?! ხედავთ, რა პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩვენი, თუ შეიძლება ითქვას, უახლოესი წინაპრები საგამომცემლო საქმეს, როგორ უდგნენ ერთმანეთს გვერდით, ენერგიასა და გამოცდილებას როგორ არ იშურებდნენ საერთო საქმისთვის _ სტამბაშიც კი მიდიოდნენ კოლეგის ნაშრომის ე. წ. კორექტურის წასაკითხავად, რათა მისი უდიდებულესობა მკითხველისთვის დროულად და ღირსეულად მიეწოდებინათ უაღრესად ნაყოფიერი სულიერი საზრდო. რაც შეეხება ნიკო ბერძენიშვილს (რომელმაც ის-ის იყო წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სწორედ ივ. ჯავახიშვილის რეკომენდაციით დატოვეს ასპირანტურაში), მან ლევან მუსხელიშვილთან ერთად შეადგინა ნაშრომის საძიებლები, რისთვისაც ორივეს აქვე, ავტორის წინასიტყვაობაში დიდი მადლობა აქვთ გამოცხადებული («რომელთაც ამისათვის დიდად ვმადლობ»).

რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს (ერთი მხრივ, ავტორის უდიდესი, სანიმუშო პასუხისმგებლობა მკითხველის წინაშე და მეორე მხრივ _ ნამდვილი მეცნიერული და ადამიანური კოლეგიალობა) უცებ, მართლაც, თვალსა და ხელს შუა დაიკარგა ჩვენში და ამიტომაც არის ასეთი განუკითხაობა თანამედროვე საგამომცემლო სივრცეში, განსაკუთრებით ეს თვალში საცემია თეატრალურ დარგში, რისი ნიმუშიცაა თანამედროვე თეატრმცოდნეობის ორი, ყველაზე დამსახურებული და გამორჩეული ლიდერის _ ს. ახმეტელის პრემიის ლაურეატის, პროფ. ვასილ კიკნაძისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფ. ნოდარ გურაბანიძის ჩანაფიქრითაც  და მოცულობითაც ფუნდამენტური ნაშრომები: «ქართული დრამატული თეატრის ისტორია» და «ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე».

 ცხადია, საუბარია მხოლოდ გამოცემაზე, რედაქტორებისა და თვით გამომცემლობის მუშაკთა უპასუხისმგებლობასა და უწიგნურობაზე, რაკი ავტორისეულ ტექსტს არ გაუკეთდა რედაქცია, იგი მოუმზადებელია დასაბეჭდად. უბრალოდ, გიკვირს კაცს, როგორ არ გამოიძებნენ ამ ცნობილ თეატრმცოდნეების მეგობრებსა და კოლეგებს შორის ისეთი თანამებრძოლები, რომლებიც, მსგავსად ზემორე მითითებული ერთობ საგულისხმო ფაქტისა, გამოცემამდე წაიკითხავდნენ ხსენებულ ნაშრომებს, მთლიანად თუ არა, ცალკეულ თავებს მაინც; ან ის როგორ გაუჭირდათ ბატონ . კიკნაძესა და ბატონ . გურაბანიძეს, რომ რომელიმე მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდა კოლეგისთვის დაევალებინათ საძიებლებისა თუ მეცნიერული აპარატის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შედგენა და . .

თეატრალური საგამომცემლო სივრცის ამ განუკითხაობაში ბოლო ხანს ძალიან «დაწინაურდა» საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი», რომელსაც ხელმძღვანელობს მშვენიერი თეატრმცოდნე, მაგრამ სრულიად გამოუცდელი პოლიგრაფისტი, ქალბატონი მაკა ვასაძე – რაც  უნდა კარგი ავტორი მივიდეს, ისე ცუდად, ისე უწიგნურად გამოსცემს, მტრისას! ამის ნიმუშია ნოდარ გურაბანიძის ზემომითითებული მონოგრაფია, აგრეთვე, ქართული სცენის დიდოსტატის _ აკაკი ვასაძის მოგონებების მეორე გამოცემა (იხ. გაზ. «საკვირაო», 12.XII.2013) და აგერ ახლა პროფ. ვასილ კიკნაძის ახალი წიგნიც «მიახლოება საუკუნესთან», რომელშიც ყოფილი თეატრალური ინსტიტუტის (ახლანდელი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთ-ერთი მოამაგე დიდი სიყვარულითა და ზოგჯერ ნამდვილი ბელეტრისტიკული ნიჭიერებით გვთავაზობს ამ უმაღლეს სასწავლებელში მისი ერთობ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის საინტერესო ცხოვრებისეულ გზას, გვიხატავს კოლეგებისა და სტუდენტების (შემდგომ რომ ჩვენი კულტურის ჭეშმარიტ კორიფეებად იქცნენ) შემოქმედებითი წრთობისა და ცხოვრებისეული პერიპეტიების ფრიად დამახასიათებელ შტრიხებსა თუ დეტალებს და ა.შ. მაგრამ სწორედ გამომცემლობის პროფესიული უმწიფარობის გამო, ყველაფერი ეს წყალში იყრება, იმდენადაა თვით ტექსტი მოუმზადებელი და დაუხვეწავი გამოსაცემად. ერთი სიტყვით, რედაქტირება არაა გაკეთებული (რედაქტორი _ ნ. გურაბანიძე), განსაკუთრებით ეს ითქმის ე. წ. ტექნიკურ რედაქციაზე, სრულიად უხარისხო ფოტოსურათებზე თუ შინაარსით უაღრესად საყურადღებო ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომელთა ნორმალური წარდგენა მკითხველის წინაშე ავტორისა და საერთოდ, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალ საინტერესო და, რაც მთავარია, სპეციფიკურ გარემოსა თუ დამახასიათებელ შტრიხს ახდის ფარდას…

მაგრამ ეს რაა, როცა ამ გამოცემის ტექსტში აბზაცებიც კი მეორდება, თანაც მეორდება არა აქა-იქ, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთსა და იმავე გვერდზეც კი (გვ. 240-241), – ამაზე შორს გამოცემის მესვეურების უპასუხისმგებლობა ვერც წავა! ძველი დრო რომ იყოს, ე.წ. ოტეკა (ОТК, ანუ ტექნიკური კონტროლის განყოფილება) მხოლოდ ამის გამო ამ გამოცემას, როგორც წუნს, ამოიღებდა ხმარებიდან. განა ამას იმსახურებს ღვაწლმოსილი ვ. კიკნაძე მშობლიური უნივერსიტეტისგან, რომელსაც შესწირა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება?!

ბოლო ოთხი წელიწადია, გლახა ჭრიაშვილივით სულ ამას გავიძახი, მაგრამ ვერც რექტორს გავაგებინე რამე და ვერც აკადემიურ საბჭოს. მერე კულტურის სამინისტროს მივმართე, მაგრამ ბატონი გურამ ოდიშარია მხოლოდ თავისი წიგნების გამოცემითაა დაკავებული და საერთოდ არ აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს სწავლა ქვეყნის თეატრისა და კინოს ერთადერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა დამხმარე სახელმძღვანელოები გამოდის ამ მიზნით და .. მაშინ ავდექი და პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტს მივმართე, როგორც პირადი წერილით, ისე პრესით (გაზ. «რაორაო»? 31.X.2013), მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ივანე კიღურაძემ მიპასუხა, მისამართი შეგეშალათ, ეს არაა ჩვენი კომპეტენციაო, რასაც ჩემი მობოდიშება მოჰყვა, ცხადია, ისევ პრესაში (გაზ. «საკვირაო», 25.XII.2013), მაპატიეთ, რომ თეატრისა და კინოს პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტი შევაწუხემეთქი

სანამ გაგრძელდება ეს განუკითხაობა თეატრალურ საგამომცემლო საქმეში? პასუხი ერთია: მანამ საქართველოს თეატრალური საზოგადოება (გოგი ქავთარაძე) და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (გიორგი მარგველაშვილი) არ მიხვდებიან, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს…

 გოგი დოლიძე,

პროფესორი,

აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი

სამეცნიერო კონსულტანტი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here