Home რუბრიკები საზოგადოება მართლმადიდებლური ცივილიზაცია მაიას ცივილიზაციის ბედს არ გაიზიარებს

მართლმადიდებლური ცივილიზაცია მაიას ცივილიზაციის ბედს არ გაიზიარებს

912

ალბათ, ყველას გახსოვთ, სამი ქართული ტელეარხი ხაშურის პოლიციაში საეჭვო ვითარებაში დაღუპულ პიროვნებაზე ინფორმაციას, სინქრონში, ერთსა და იმავე ტექსტით რომ გადმოსცემდა. მაშინ პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ტექსტი შინაგან სამინისტროში იყო შექმნილი და ლოგიკურ ჯაჭვს აბამდნენ, რომ ეს ტელეკომპანიები იმდროინდელი ხელისუფლების მონამორჩილნი იყვნენ.

 

ანალოგიური შეგრძნება გამიჩნდა 18 თებერვლის ღამეს, როდესაც, რაც მე დავთვალე, 6 ქართული ტელეარხი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა კიევის ცეცხლმოკიდებული ქუჩებიდან. ტექსტი _ არა, რადგან რეპორტაჟები დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ სულისკვეთება კი ერთი ჰქონდათ. უფრო მეტიც, ამ ფერხულში ის ტელევიზიებიც ვიხილე, რომლებიც იმ სამი ტელეარხის ქილიკს საკმაო დროს უთმობდნენ. თუმცა, რადგანაც იმ ღამეს უნისონში იყვნენ, აშკარაა, მათ ყველას ერთი ხელი მართავს, უფრო სწორად, მათ და საქართველოს ხელისუფლებას. მართლაც, რომ ძნელია, ცალკე შენი ხელისუფლების და ცალკე შენი ხელისუფლების ხელისუფლების _ აშშის წინააღმდეგ წახვიდე.

ამას დღეს საქართველოში არათუ ცალკეული ტელევიზია, არამედ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს. ეს მოცემულობა კარგად იციან აშშ-ში, ამიტომაც უკვე პოლიტიკურად დამორჩილებულებს უფლება მოგვცეს, სააკაშვილის მოფაშისტო რეჟიმისგან გარკვეული დროით დაგვესვენა. თუმცა რადგან ხალხში რუსოფობია ვერ გააღვივეს, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ითხოვს, ვალდებულება გვქონდა, ტელევიზიით მუდმივად გვეყურებინა, როგორ ებრძოდა ნეონაცისტური, კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები მოსკოვთან კონფროტაციაში არ მყოფ ადგილობრივ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომელიც, შესაძლოა, მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ უკრაინა, უბრალოდ, მუქთად არ ჩაებარებინა დასავლეთისთვის.

ყველანაირად ჩანს, რომ აშშმა უკრაინაში არა მარტო იანუკოვიჩის ხელისუფლება ჩამოწერა, არამედ დემოკრატიაც. დიახ, სწორედ დემოკრატია იყო ის ძალა, რომელიც ბოლომდე, რადიკალურად არ ხლეჩდა საზოგადოებას, არ ხლეჩდა ქვეყანას, თუმცა ამავე დროს ეს ის ძალა იყო, რომელიც არ იძლეოდა უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთი რეგიონების ასიმილაციის, მისი ერთიანი მართლმადიდებლური სივრციდან მოწყვეტის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, დემოკრატიის წყალობით შესაძლებელი გახდა, აშშ-ის ლაქია იუშჩენკოს შემდეგ ხელისუფლებაში ზომიერი, არა ანტირუსული პოლიტიკის გამტარებელი იანუკოვიჩი მოსულიყო. თუმცა, რადგან აშშ მსოფლიო ჰეგემონია უკვე დაღმართზეა, ხოლო პუტინის რუსეთი ძალას იკრებს, აშშში დასტური გასცეს უკრაინის ხელისუფლებაში ულტრანაციონალისტების რეჟიმი მოვიდეს (თუნდაც არანაკლები ხაზინის ქურდი, მაგრამ «დემოკრატი» ტიმოშენკოს ანტურაჟის ქვეშ), რომელმაც სწრაფი, ეფექტური და რეპრესიული მეთოდებით, ბანდერიზმის იდეოლოგიის ქვეშ, სამხრეთაღმოსავლეთ უკრაინის იძულებითი გალიცინიზაცია უნდა მოახდინოს. აშშ-ს, როდესაც «საქმეს ასე სჭირდება», ნაცისტური ხელისუფლებების მოყვანის გამოცდილება მრავლად აქვს დაგროვილი. აქ მაგალითისთვის ერთი ქვეყანა გვატემალაც გამოდგება. აშშ-ისგან «გაბედნიერებული» ქვეყნების სია ქართველმა ლიბერასტებმა ან თუნდაც ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა განაგრძონ.

გვატემალა

მაიას ცივილიზაციის იდუმალი გაქრობის მიზეზებზე ბევრი ჰიპოთეზა გამოითქვა, თუმცა, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ამ ცივილიზაციის შემქმნელი ტომების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ცენტრალურ ამერიკაში, კერძოდ, გვატემალაში და რომ მათ გენოციდში ბრალდებული ხოსე ეფრაინ რიოს მონტის, 86 წლის ასაკში, 2013 წელს მიესაჯა 50 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1954 წელს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ხაკობო არბენსი აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს. მისი ბრალი მხოლოდ ის იყო, რომ საკუთარ ქვეყანაში მიწის რეფორმის გატარებას გეგმავდა, რომლითაც იმ მიწების ნაციონალიზაციაც უნდა მომხდარიყო, რომელთაც ამერიკული კომპანია «იუნაიტედ ფრუტი» ფლობდა. გადატრიალების შედეგად მოსულმა პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, გააუქმა არბენსის რეფორმები, ხოლო სიკვდილის ესკადრონებმა ახალი პრეზიდენტის 8000 პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურეს. ასე, გადატრიალების შედეგად, გვატემალაში დიქტატურისა და რეპრესიების მრავალწლიანი პერიოდი დაიწყო.

1990-იან წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 1954 წლიდან გვატემალაში მოკლეს დაახლოებით 200 ათასი რეჟიმის მოწინააღმდეგე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაიას ტომის ინდიელები იყვნენ. მათ უპირატესად ხოცავდნენ ადგილობრივი სპეცსამსახურები და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი მემარჯვენე ჯგუფები (კიევის ევრომაიდანს სწორედ დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მემარჯვენე სექტორი განაგებს). ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ხდებოდა აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით. მიზეზი, ცივი ომის ეპოქის შესაბამისად, სტანდარტული იყო, ამ «პროფილაქტიკური» მეთოდების შედეგად აღიკვეთებოდა გვატემალის საბჭოთა «სანაპირო პლაცდარმად» ქცევა.

«კომუნისტი აჯანყებულების» წინააღმდეგ ომი მაიას ტომის ინდიელების განადგურების ტოლფასად იქცა, რადგან «კომუნისტ აჯანყებულად» ეჭვმიტანილი იყო ამ ხალხის თითქმის ყველა წარმომადგენელი. «კომუნისტი მაიების» ამოხოცვაში განსაკუთრებით თავი ისახელა გენერალმა რიოს მონტიმ, რომელიც ერთი პერიოდი მორიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტიც გახლდათ. ამასთან, რიოს მონტის თავი მართლმორწმუნე ქრისტიანად მიაჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე გარკვეული პერიოდი «ღვთისმსახურებითაც» იყო დაკავებული, ადგილობრივი ევანგელური თემის პასტორი იყო და ინდიელთა წინააღმდეგ ჩადენილ მხეცობებს ბიბლიიდან ციტატებით ამართლებდა (აქ გაიხსენეთ ქართველ ლიბერასტთა ჟივილ-ხივილი 17 მაისს ტაბურეტით ხელში მამაოს დანახვაზე). ამასთან, ეს ადამიანი პრეზიდენტობის პერიოდში იყო რონალდ რეიგანის მეგობარი და ფავორიტი, რომელსაც იგი რეგიონში ,,დემოკრატიის ბურჯად» მიიჩნევდა.

1999 წელს პრეზიდენტი კლინტონი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა იმ მხეცობებისთვის, რომელთაც «დემოკრატიის ბურჯების» ხელით ახორციელებდნენ, თუმცა უფრო შორს საქმე არ წასულა. უშუალოდ რიოს მონტის საქმე 15 წლის განმავლობაში იწელებოდა, რომლის განმავლობაში მრავალი მოწმე გაქრა ან «ბუნებრივი სიკვდილით» გარდაიცვალა, ქვეყანას კი აშშის მორიგი ფავორიტი, აწ უკვე «დემოკრატი» მოლინა მართავს, რომელიც თვითონაც იმ სამხედრო ქვედაჯგუფების მეთაური იყო, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა გენოციდს. დღევანდელ გვატემალაში ადგილობრივი ღატაკი, მაგრამ ენერგიული მოქალაქეებისგან, «თანამედროვე დემოკრატიის» პირობებში, აშშ-ის სპეცსამსახურები უკვე კრიმინალურ ბანდებს ქმნიან, რომელთაც ქვეყანა კრიმინალურ სექტორებად და ზონებად ყავთ დაყოფილი (ნუ იქნება ოღონდ ბუნტი). სტატისტიკით, 2009 წელს გვატემალაში მოკლეს უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე ტერაქტების ცეცხლში გახვეულ ერაყში; დღეს კი მკვლელობების რიცხვით სამჯერ აჭარბებს ისეთ კრიმინალურ ქვეყანას, როგორიც მექსიკაა.

კვლავ ჩვენს პრობლემებზე რომ გადმოვერთოთ, ანალოგიებით დავინახავთ, რომ აშშ ან ენერგიადაცლილ, მორჩილ საზოგადოებად უნდა ვეჩვენოთ და, შესაბამისად, ვიყოთ მუდმივად მაჩანჩალა ეკონომიკური პერიფერია, საკუთარ ტრადიციებზე, კულტურაზე უარის მთქმელი ერი, რომელსაც «უხარია», როგორ მაძღრად გამოიყურება ხელისუფლება, გრანტიყლაპია არასამთავრობო სექტორი, ამ პოლიტიკურ სისტემაში არსებობის უფლება მიცემული ვითომ ოპოზიცია, ან კრიმინალში უნდა ჩავიხრჩოთ.

თუმცა, ბედად, დღეს ცივილიზაციური შეჯახების საზღვარი არა საქართველოში, არამედ უკრაინაში გადის და ამიტომაც იქ მიმდინარე პროცესების ფინალი არ იქნება მართლმადიდებლური ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი.

როინ გრძელიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here