Home რუბრიკები საზოგადოება «პაატა კურტანიძესა და კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათ, აქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?»

«პაატა კურტანიძესა და კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათ, აქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?»

1206

#6 სამკურნალოდიაგნოსტიკური ცენტრის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება. ყველაფერი კი 2011 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც თბილისის მერიამ გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ობიექტი 5 წლით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გაასხვისა, თუმცა მერიამ პირობა დაარღვია და გასხვისებიდან ორ დღეში შენობა ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. ამ ისტორიას საკმაოდ საინტერესო გაგრძელება მოჰყვა, რაშიც სააკაშვილის ხელისუფალნი და მათ მიერ შექმნილი მონოპოლისტი .. ბიზნესმენები არიან გარეულნი.

 

სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლებაც არ ფიქრობს სამართლის აღდგენაზე და არც დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომელთა ბედი აღელვებს. ეს ადამიანები კი ცოტა ხანში უმუშევრები დარჩებიან. ამ ყველაფერზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიოს» #6 სამკურნალოდიაგნოსტიკური ცენტრის ერთერთი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა.

_ 2007 წელს, ვაჟა-ფშაველას #8-ში მდებარე ბავშვთა მე-10, პეკინის #7-სა და პეკინის #14-ში მდებარე პოლიკლინიკები გააერთიანეს. მანამდე პეკინის #14-ში მდებარე პოლიკლინიკის იმჟამინდელმა მთავარმა ექიმმა გოგი კოღუაშვილმა ამ პოლიკლინიკის შენობა გადაცვალა და ეს სამედიცინო დაწესებულება გადავიდა გამრეკელის #19-ში. როდესაც მერიამ ნახა, რომ ეს ფართობი საკმაოდ დიდი იყო, განახორციელა ოპტიმიზაცია და პეკინის #7-სა და ვაჟა-ფშაველას #8-ში მდებარე პოლიკლინიკები შეუერთა. შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა «შპს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი #6». გავიდა წლები, ჩვეულებრივ ვმუშაობდით, საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 3 მილიონ 162 ათას ლარამდე, ყოველ წელს ამ სამკურნალო ცენტრის შემოსავალი 200 ათასი ლარით იზრდებოდა. ბიუჯეტში კი ყოველწლიურად მილიონ ლარამდე შეგვქონდა და სულ ცოტაღა გვაკლდა, რომ მსხვილგადამხდელთა რიგებში მოვხვედრილიყავით.

 მაგრამ 2011 წლის აგვისტოში დაგვირეკეს მერიიდან და მოგვთხოვეს, რომ უსასყიდლო უზუფრუქტით, 5 წლით გადაგვეცა  დიაგნოსტიკური ცენტრი, თან ამ ობიექტს პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ამავე მისამართზე ბენეფიციარებს უნდა მომსახურებოდა. მალევე ეს შენობა გადასცეს მერიასთან არსებულ ქონების მართვის სააგენტოს. ყველა თანამშრომელს გაგვიხარდა, რადგან მუშაობას ძველებურად განვაგრძობდით და 5 წლის განმავლობაში ყველაფრისგან ვთავისუფლდებოდით. ეს ყველფერი 2011 წლის 12 აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა მესამე დღეს, 11 საათზე ჩვენი პოლიკლინიკის შენობა აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. როდესაც გადმოგვეცა პოლიკლინიკა უსასყიდლო უზუფრუქტით, საწესდებო კაპიტალი ამოიღეს და ასე გაანულეს შენობის ფასი. აი, ამ მომენტიდან დაიწყეს მომზადება კორუფციული გარიგებისთვის და 3 მილიონ 162 ათასი ლარის ქონება აუქციონზე გაიტანეს მილიონ 220 ათას ლარად და გაყიდეს მილიონ 250 ათას ლარად.

_ ვინ იყიდა ეს შენობა?

_ სააფთიაქო ქსელის «პსპ»- მფლობელმა ნიკა ოქრიაშვილმა და «ავერსის» მფლობელმა პაატა კურტანიძემ. მათ ამ შენობის 50-50 პროცენტი იყიდეს. თუმცა, მათ ეს ქონება აუქციონზე იმავე პირობით შეისყიდეს, როგორც ჩვენ დაგვპირდნენ, ანუ 5 წლის განმავლობაში უსასყიდლო უზუფრუქტით და პროფილის შეუცვლელად. ამ შენობის გაყიდვიდან 6 თვის შემდეგ უსასყიდლო უზუფრუქტი შეცვალეს სასყიდლიანი უზუფრუქტით და მათ მიერ შესყიდულ შენობაზე კურტანიძემ და ოქრიაშვილმა პოლიკლინიკის თანამშრომლებს იჯარის გადახდა დაგვაკისრეს. ამის შემდეგ მალევე გააუქმეს სასყიდლიანი უზუფრუქტიც, შენობა პაატა კურტანიძემ და კახა ოქრიაშვილმა მთლიანად ჩაიგდეს ხელთ და პოლიკლინიკაში ყველანაირი მომსახურება ფასიანი გახადეს. არადა, როდესაც ეს შენობა უსასყიდლო უზუფრუქტით გაასხვისეს, პოლიკლინიკის თანამშრომლებს გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, რადგან ჩვენც შეგვეძლო ამ შენობის შესყიდვა, ის ხომ საკმაოდ შემოსავლიანი პოლიკლინიკა იყო?! რაც მთავარია, ოქრიაშვილმა და კურტანიძემ ის პოლიკლინიკები, რომლებიც იყიდეს, იპოთეკით დატვირთეს და ფული დაატრიალეს. სწორედ ამის გამო ვერ ვპოულობთ ნასყიდობის ხელშეკრულებას. არადა, აუცქიონის ოქმის შემდეგ ნასყიდობის ხლშეკრულება საჯარო რეესტრში უნდა იყოს, მაგრამ იქ არ დევს.

 რომ არა კორუფციული გარიგება, სხვა შემთხვევაში მერია რატომ მიჰყიდდა მათ ამ შენობას? შენობა გაყიდეს მესამედ ფასად. ან რატომ გაყიდეს შენობა, რომელსაც არასდროს ჰქონია დავალიანება, არ იყო ავარიული, აღჭურვილია არაჩვეულებრივი ტექნიკით, კოლექტივი მუშაობს, რომელიც ასრულებს ყველანაირ შეკვეთას და სახელმწიფო დავალებებს. წესით და კანონით, მხოლოდ ის შენობა უნდა გაიყიდოს, რომელიც დანგრეულია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო როდესაც ყიდი, სახელმწიფომ მოგება უნდა ნახოს და არა ზარალი. ეს გარიგება რომ არა, მართლაც ძვირად გაყიდდნენ ამ შენობას. პაატა კურტანიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, «ნაცმოძრაობას» ვაფინანსებდიო და მერიამ სწორედ ამიტომ სცა პატივი და ამიტომ მიჰყიდა მესამედ ფასში ეს შენობა.

 როგორც ჩანს, ეს კაცი ისევ ასაზრდოებს «ნაციონალურ მოძრაობას» და ამიტომაც ჩაუგდეს ხელში ეს შემოსავლიანი პოლიკლინიკა. გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ამ გარიგების შედეგად, იმდენივე თანხა, რა ფასშიც ეს შენობა გაიყიდა, კურტანიძემ და ოქრიაშვილმა ვინმე გოგა ცხაკაიას გადაუხადეს. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს ცხაკაია უგულავას მოადგილე ყოფილა.

სხვათა შორის, ჩვენი ცენტრის გენერალურ დირექტორ ზაზა ჯაფარიძეს წამოსცდა კიდეც ერთ-ერთ წერილში, ჩვენ ეს შენობა იმაზე ძვირად ვიყიდეთ, ვიდრე გაიყიდაო.

 ამის შემდეგ, როგორც კი საბოლოოდ ხელში ჩაიგდეს პოლიკლინიკა, ყველა თანამშრომელს გეგმა დაგვიწესეს. სადმე გინახავთ, ავადმყოფზე დაწესებული გეგმა? ზოგს 800-ლარიანი გეგმის შესრულება დაავალეს, ზოგსაც _ 2500-5000-ლარიანის. არადა, ჩვენი პოლიკლინიკა ისეთი შემოსავლიანია, რომ ის თანხა, რამდენიც ამ შენობაში გადაიხადეს, უკვე ამოღებული აქვთ. აგვისტოში 2 წელი ხდება და საკმაოდ დიდი თანხაა შემოსული. ასე რომ, თუ ამ პოლიკლინიკას სახელმწიფოს დაუბრუნებენ, ოქრიაშვილი და კურტანიძე წაგებულნი არ დარჩებიან. სხვათა შორის, ივანიშვილის ბრძანებაში წერია, რომ უნდა ჩატარებულიყო შემოწმება იმ ობიექტებზე, რომლებიც კანონდარღვევით იყო გაყიდული. ამაზე მეტი დარღვევა რა გინდა? რამდენიმე მილიონიანი პოლიკლინიკა კაპიკებად გაყიდეს! ამაზე თანამშრომლებმა ხმა ამოვიღეთ, გავაპროტესტეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია.

რაც მთავარია, 2012 წლის სექტემბერში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ბიუჯეტიდან «სოფლის ექიმის ფონდისთვის» განკუთვნილი თანხა (500 ათასი ლარის ოდენობით) გადმორიცხეს თბილისის პოლიკლინიკებში. ეს მოხდა ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, რომელიც 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა, ანუ მერაბიშვილმა ეს თანხა გადმოურიცხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ჭიაბერაშვილმა კი თბილისის პოლიკლინიკებს ვითომ დაურიგა, რაც გამორიცხულია. თუნდაც ასე ყოფილიყო, რას ერჩოდნენ ისედაც გაპარტახებულ სოფლის პოლიკლინიკებს? მათთვის ფულის წართმევა შეიძლებოდა? დღეს რომ ტლიკინებს ჭიაბერაშვილი ბევრს, აგვიხსნას, რატომ და რა მიზნით წამოიღო «სოფლის ექიმის ფონდის» კუთვნილი თანხა და რაში გახარჯა! ამას რატომ არავინ ეკითხება თუნდაც სასამართლოზე მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს, ძალიან მიკვირს. ან რაში დახარჯეს რეალურად ეს თანხა, არსად ჩანს.

_ კურტანიძე და ოქრიაშვილი რას გეუბნებიან თანამშრომლებს?

_ რა უნდა გვითხრან?! ალბათ, დავრჩებით პოლიკლინიკის გარეთ. ან რა უნდოდათ ჩვენგან, რატომ გვართმევენ საარსებო წყაროს და თანაც ისეთ სამსახურს, სადაც ზოგ თანაშრომელს სიცოცხლის ნახევარი აქვს გატარებული?! რა, პაატა კურტანიძესა და კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათ, აქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?! მაგრამ მერიას ჩვენთვის რომ მოეყიდა იმავე კორუფციული სქემით ეს ობიექტი, იცოდნენ, რომ ამდენ ხალხს ვერ გაურიგდებოდნენ, ჩვენგან ვერ წაიღებდნენ მილიონებს და ამიტომ ისევ თავიანთ ხალხთან იჩალიჩეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოლიკლინიკა შუა ზაფხულში გაასხვისეს, სწორედ იმ დროს, როდესაც თანამშრომელთა უმრავლესობა შვებულებაში იყო.

_ საბოლოოდ რას უპირებენ ამ შენობას?

_ ზაზა ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ დიდი-დიდი დამჭირდეს რამდენიმე თერაპევტი, პედიატრი და გინეკოლოგიო. სავარაუდოდ, კურტანიძესა და ოქრიაშვილს სურთ სამშობიაროს გახსნა. არ ვიცი, რა გვეშველება და, საერთოდ, ამ ქვეყანას რამე თუ ეშველება! ქვეყანაში ისევ ისეთი მონოპოლია მძვინვარებს, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, თითქმის არაფერი შეცვლილა და იგივე მონოპოლისტები ბოგინობენ. იქნებ გამოფხიზლდეს ჯანდაცვის სამინისტრო ან სამართალდამცავი სტრუქტურები, რათა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას საქართველოში.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here