Home რუბრიკები პოლიტიკა შეხვდება თუ არა ვლადიმირ პუტინი გიორგი მარგველაშვილს?

შეხვდება თუ არა ვლადიმირ პუტინი გიორგი მარგველაშვილს?

611

სოჭის ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზულმა ცერემონიამ, რომელსაც საქართველოში ამდენი კომენტარი მოჰყვა, სრულიად დაჩრდილა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდი _ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადება ოლიმპიადაზე პუტინისა და მაგველაშვილის შესაძლო შეხვედრის თაობაზე და ოფიციალური თბილისის რეაქცია მასზე. ქართულ, ისევე, როგორც უცხოურ, ტელეაუდიტორიას განსაკუთრებული ყურადღება არც თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის მიუქცევია, რომელიც ოლიმპიადის გახსნის დღეს მოხდა. არადა, ორივე ეპიზოდს, სავარაუდოდ, უშუალო კავშირი ჰქონდა «დიდ თამაშთან», რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს.

 

ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი

6 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სოჭში ოლიმპიადის დროს ვლადიმირ პუტინი შეიძლება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდეს. «ამის გამორიცხვა არ შეიძლება», _ თქვა პესკოვმა. ქართული მხარე ამ განცხადებამ გააკვირვა, რადგან მოსკოვისთვის ცნობილი იყო, რომ მარგველაშვილი სოჭში გამგზავრებას არ აპირებდა. რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კრემლი მას პოზიციის გადახედვას და სოჭში ვიზიტის სასწრაფო დაგეგმვას სთავაზობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელისუფლება ერთობ დაიბნა და კონსულტაციისთვის ამერიკელ პარტნიორებსაც კი მიმართა, რომლებმაც თავშეკავებული პოზიციის დაფიქსირება ურჩიეს. საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მჟავანაძის, კომენტარით: «პუტინის პრესმდივნის, პესკოვის, განცხადებაზე გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის არანაირი ვიზიტი არ იგეგმება და ეს საკითხი არც განხილულა. ვერ გეტყვით, რა ფორმულირებით იყო კითხვა დასმული, ჩვენ რაც ვნახეთ, იყო პესკოვის პასუხი, რომ პრეზიდენტების შეხვედრა არ გამოირიცხება, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს საკითხი განხილული არ ყოფილა».

კრემლმა, სავარაუდოდ, «დატესტა» საქართველოს ხელისუფლების რეაქცია პუტინისა და მარგველაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შესაძლებლობაზე, რომელსაც იდეაში ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა უნდა მოჰყვეს. ეს ფორმატი რუსებს, როგორც ჩანს, თავისი ახალი ინიციატივების წამოყენებისთვის საუკეთესოდ მიაჩნიათ. მათ, სავარაუდოდ, სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან უშუალოდ, დასავლელი (უპირველესად, ამერიკელი) პარტნიორების გარეშე ისაუბრონ. გამორიცხული არაა, ეს, თავის მხრივ, მიანიშნებდეს ახალი რუსული წინადადებების არსებობაზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყო საქართველოსთვის, მაგრამ აპრიორი მიუღებელია მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, ხოლო მათი განხილვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე ან მხოლოდ საიდუმლო დიპლომატიის ჩარჩოებში ნაკლებად შედეგიანი იქნება.

მარტივად რომ ვთქვათ, კრემლს ოფიციალურ თბილისთან «ერთიერთზე» საუბარი სურს და ამაზე არაერთი სიგნალი მიანიშნებს («პესკოვის ეპიზოდი» ამ კონტექსტში პერიფერიულია). ამ დიალოგის დროს რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება, დაადგინოს, შეძლებს თუ არა ოფიციალური თბილისი რაღაც ჰიპოთეტურ სიტუაციაში, სერიოზული ბონუსების სანაცვლოდ, ამერიკელების ნების წინააღმდეგ წავიდეს. მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ფიქრს  იმაზე, რა შეიძლება შემოგვთავაზოს მოსკოვმა, ალბათ, იმის დადგენა უნდა ვცადოთ, გააჩნია თუ არა ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ უბრალოდ მოუსმინოს პუტინს ახალი ფორმატის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და, ერთი შეხედვით, შეუძლია თამამად იმოქმედოს, ისე, რომ არ შეუშინდეს სირთულეებს, რომელიც შეიძლება ოპოზიციამ გარე ძალების წაქეზებით შეუქმნას, საგარეო არენაზე ის ძალიან ფრთხილად მოქმედებს, რათა არ გააღიზიანოს დასავლელი პარტნიორები და სრულიად გამორიცხოს ბრალდებები «ბალანსის პოლიტიკის» გატარებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში ლამის სასიკვდილო ცოდვად განიხილებოდა. სააკაშვილის რეჟიმმა კრახი განიცადა, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფროში რაღაც შეიცვალა (ზოგან _ მეტად, ზოგან _ ნაკლებად), მაგრამ ეს მიდგომა უცვლელი დარჩა. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გათავისუფლდა შიზოფრენიული ავანტიურიზმისგან და ჭარბი ისტერიულობისგან, მაგრამ ვერ მოიპოვა მანევრის თუნდაც მცირედი შესაძლებლობა და, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ამ მხრივ გაცილებით შებოჭილი ჩანს (არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ სომხეთთანაც კი, რომელსაც ქართველი ექსპერტები მოსკოვის ცალსახა სატელიტად განიხილავენ).

მეტიც, არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოების წარმომადგენელი მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი მანევრი, როგორც ასეთი, საჭირო არ არის, მთავარია, ვიმოქმედოთ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების შესაბამისად (და შევეცადოთ, ამ პროცესში მაქსიმალური ბონუსები გამოვტყუოთ). ეს სიტუაცია ქმნის საკმაოდ ცუდ წინაპირობებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები რუს კოლეგებთან პირდაპირ დიალოგს დათანხმდნენ და მის ფარგლებში განიხილონ წინადადებები და გეგმები, რომლებმაც შეიძლება ამერიკელები გააღიზიანოს. შესაძლოა, ხელისუფლებისთვის გაცილებით კომფორტულია, არ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს ასეთ დიალოგს და, უბრალოდ, არ მოუსმინოს პუტინს. კრემლი, შესაძლოა, ელოდა, რომ ოფიციალური თბილისის რეაქციაში პესკოვის განცხადებაზე, შეხვედრის შესაძლებლობის უარყოფასთან ერთად, გაკეთდებოდა მინიშნება იმაზე, რომ ზოგადად, ასეთი შეხვედრა სასურველია და ქართული მხარე მისთვის მზადაა. მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. ამასთანავე, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლება უარს იტყვის პუტინის წინადადებების მოსმენაზე მისთვის სასურველ ფორმატში, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გამოძებნის სხვა საშუალებებს, რათა თავისი მესიჯები მის ყურამდე მიიტანოს და გამორიცხული არაა, ეს პროცესი ქართული მხარისთვის გაცილებით უსიამოვნო აღმოჩნდეს.

რა მოხდებოდა თუ

7 თებერვალს, 16 საათსა და 28 წუთზე ხარკოვიდან სტამბოლის მიმართულებით გამოფრინდა თურქული ავიაკომპანია «პეგასუს ეირლაინის» თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 110 მგზავრი, 3 პილოტი და 4 ბორტგამცილებელი იმყოფებოდა. 17 საათსა და 21 წუთზე უკრაინის ცენტრალურმა სადისპეტჩერო სამსახურმა გაავრცელა ცნობა სიმფეროპოლის საჰაერო ზონაში ამ თვითმფრინავის გატაცების შესახებ. 18 საათსა და 15 წუთზე სოჭში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია უნდა დაწყებულიყო და სწორედ იქ მოსთხოვა პილოტებს ჩაფრენა თვითმფრინავის გამტაცებელმა.

გამტაცებელი, 45 წლის უკრაინის მოქალაქე არტემ კოზლოვი, «ევრომაიდანის» ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ. ის აქტიურად მონაწილეობდა ბოლოდროინდელ აქციებში, რასაც ადასტურებს მისი ფოტოები «ფეისბუქზე»; ორ ფოტოზე ის უკრაინული ოპოზიციის ლიდერების _ კლიჩკოს და ლუცენკოს _ გვერდით დგას (მათ თავი ისე უჭირავთ, თითქოს კოზლოვს კარგად იცნობენ). 

თურქმა პილოტებმა, რომელთა მოქმედება მთელი ინციდენტის განმავლობაში მართლაც რომ სამაგალითო იყო, განახორციელეს რამდენიმე მანევრი და შეუქმნეს გამტაცებელს შთაბეჭდილება, რომ თვითმფრინავის კურსი შეიცვალა. საბოლოოდ კი ის სტამბოლში დასვეს (თურქეთის საჰაერო სივრცეში ის აეროპორტამდე ერთმა ან, სხვა წყაროების ცნობით, ორმა «ფ-16»-მა მიაცილა), სადაც კოზლოვი თურქმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.

ერთი შეხედვით, ყოველივე მომხდარს საქართველოსთან კავშირი არ აქვს, მაგრამ, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეკიპაჟი გამტაცებლის მოთხოვნას შეასრულებდა, მოვლენები შეიძლებოდა ძალზე დრამატულად განვითარებულიყო. როგორ მოიქცეოდა რუსეთის ხელმძღვანელობა, როდესაც შეიტყობდა, რომ იმ სტადიონს, რომელზეც უამრავი მაყურებელი, სპორტსმენი და ათობით ქვეყნის ლიდერი იმყოფება, გატაცებული თვითმფრინავი უახლოვდება? თუ ჩამოაგდებდნენ, რუსეთი საშინელ, მისი იმიჯისთვის გამანადგურებელ სკანდალში გაეხვეოდა, რომელიც სამხრეთკორეული «ბოინგის» ისტორიას დაჩრდილავდა. თუ არ ჩამოაგდებდნენ, შეიქმნებოდა წინაპირობები 11 სექტემბრის ნიუ იორკის ტერაქტის «გამეორებისთვის»; არ არსებობდა გარანტია, რომ ტერორისტები თვითმფრინავს ტარანისთვის არ გამოიყენებდნენ. თანაც, დაბალ სიმაღლეზე, ადლერის აეროპორტთან მიახლოებული, გლისადაში შესული თვითმფრინავის ჩამოგდება, თეორიულად, ტერორისტებსაც შეეძლოთ, გადასატანი საზენიტოსარაკეტო კომპლექსის გამოყენებით და კრემლს წლების განმავლობაში მოუწევდა იმის მტკიცება, რომ ეს მის სამხედროებს არ გაუკეთებიათ. ასე რომ, ვარიანტი, რომლის ფარგლებში თვითმფრინავი უბრალოდ დაეშვებოდა ადლერში, სადაც უკრაინელი ოპოზიციონერი თავის პოლიტიკურ დეკლარაციას გააჟღერებდა, შედარებით «მსუბუქია» იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

და ბოლო შტრიხი: 2012 წლის მაისში რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოავლინეს 10 სამალავი, რომლებშიც დიდძალი შეიარაღება ინახებოდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ვერსიით, ტერორისტებს ეს იარაღი 2012-14 წლებში სოჭში უნდა გადაეტანათ და ოლიმპიადის წინ და მისი ჩატარების პერიოდში გამოეყენებინათ. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, «ის აფხაზეთში საქართველოდან ჩაიტანეს». იმავე განცხადებაში ნათქვამი იყო: «ოპერატიული მონაცემებით, რუსეთში გადაგზავნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები თურქეთის ტერიტორიაზე». ამავე განცხადების თანახმად, მთელ ამ პროცესს «კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის «კავკასიის იმარათი» თავკაცი უმაროვი, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს». იქ, სხვა იარაღთან ერთად, იყო სამი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მართლა თანამშრომლობდა თუ არა ესოდენ მჭიდროდ სააკაშვილის რეჟიმი «იმარატთან», რის თაობაზეც ეჭვი არაერთმა ქართველმა ექსპერტმა გამოთქვა, განსაკუთრებით ლაფანყურის ინცინდეტის შემდეგ, თუ რუსებმა ყოველივე გამოიგონეს. თუ უკრაინელი ოპოზიციონერი არტემ კოზლოვი არ წარმოადგენდა აქციის მთავარ ფიგურას, არამედ ის, უბრალოდ, გამოიყენეს, როგორც იდიოტი, რომელსაც თავისი ნაბიჯებით თვითმფრინავი სამიზნედ უნდა გადაექცია და, თუ საქმე გადასატანი საზენიტო კომპლექსების გამოყენებამდე მივიდოდა, საუბარი «ქართულ კვალზე» ავტომატურ რეჟიმში ამ ძველ, ზემოთ ციტირებულ განცხადებაზე დაყრდნობით დაიწყებოდა. ამ ვარაუდს ერთ მნიშვნელოვან თემამდე მივყავართ.

ანტიტერორისტული ინტერნაციონალი

სააკაშვილის მომხრეები აკრიტიკებდნენ ახალ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან არაერთგზის გამოთქვა მზადყოფნა, ეთანამშრომლა მოსკოვთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რადგან მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მიუღებლად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით წინდახედული ამერიკელები დაჟინებით ურჩევდნენ ოფიციალურ თბილისს, ამ საკითხში რუსებთან ურთიერთგაგებისთვის მიეღწია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ზოგიერთ (მცირე, მაგრამ ხმაურიან) ჯგუფს სოციალურ ქსელებში, ვნახავთ, რომ არაერთი «ნაციონალი» განიხილავს «კავკასიის იმარატის» მებრძოლებს არა როგორც ტერორისტებს (ამ ორგანიზაციას ტერორისტულად აღიარებს გაეროც და აშშ-ც), არამედ როგორც საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეებს მოსკოვთან დაპირისპირებაში. ისინი, აგრეთვე, ეწინააღმდეგებიან ლაფანყურის და ნებისმიერი სხვა ეპიზოდის გამოძიებას, სადაც შეიძლება სააკაშვილის რეჟიმის და საერთაშორისო ტერორისტების კავშირი გამოიკეთოს და ამას, როგორც წესი, «სახელმწიფო ინტერესებით» ამართლებენ.

რაოდენ რთულიც უნდა იყოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, თუნდაც მასში კონფრონტაციის ახალი ეტაპი დაიწყოს, ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ცივილიზებული სახელმწიფოს თანამშრომლობას ტერორისტებთან, მითუმეტეს დღევანდელ, გლობალურ ტერორიზმთან მებრძოლ მსოფლიოში. თუ საქართველოს უახლეს წარსულში დარჩება «თეთრი ლაქები» და გამოუძიებელი საქმეები, ლაფანყურის ინციდენტი იქნება თუ სააკაშვილის შესაძლო თანამშრომლობა უმაროვთან, რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას მუდამ ექნება შესაძლებლობა, რომ საქართველო ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულოს, რამაც ქვეყნის რეპუტაციას შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს. ამიტომ, ალბათ, სასურველია, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული საქმეების (ლაფანყური, აფეთქება შეერთებული შტატების საელჩოსთან და ა.შ.) გამოძიება წამითაც არ შეწყდეს, ხოლო უშიშროებამ მუდმივი მონიტორინგი (ცხადია, კანონის ფარგლებში) გაუწიოს კავშირებს ზოგიერთ საეჭვო ჩრდილოკავკასიურ სტრუქტურასა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე, ალბათ, მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაღრმავება (მისი მიბმა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაუშვებელია), როგორც აშშთან, ისე რუსეთთან, რათა საქართველოს ჰაერში გამოკიდებული უსაფრთხოება ნაწილობრივ მაინც განვამტკიცოთ. დღეისთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თემაა, რომელმაც შეიძლება ამ ეტაპზე რუსულ-ქართულ «გადატვირთვას» სერიოზული ბიძგი მისცეს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here