Home რუბრიკები საზოგადოება რეპორტაჟი დავით ნარმანიას მშობლიური სოფლიდან

რეპორტაჟი დავით ნარმანიას მშობლიური სოფლიდან

916

ზღვის სუნთქვას ამ სოფელში შესვლისთანავე იგრძნობ. ერთ დროს ჭაობზე შეტევის ავანგარდი _ ქარსაფარი ზოლები _ დღეს ნაჯაფი მოხუცი კაცის ხელის მტევნის ძარღვებივით დაბერილდაგრეხილი ევკალიპტების ნარჩენი ეკზემპლარებითღაა წარმოდგენილი. ამათი დღეც მოკლეა: სოფლის ასფალტირებული გზის გასწვრივ, ალაგალაგ რაც შემორჩა, ისიც ძირში მოუჭრიათ და ყრია უყურადღებოდ, როგორც დიდი ომის გამარჯვებული ვეტერანები. მეოცე საუკუნის ეს ერთერთი გამორჩეული ნიშანი თანდათან ქრება და ქარი დაშლიგინებს კოლხეთის მიწაზე, როგორც სულ ცოტა ხნის წინათ ტყვია, სიკვდილი  და ყაჩაღთა ბანდები ამ და მეზობელ სოფლებში. აფხაზეთის ომის დროსაც და შემდეგაც _ კარგა ხანს.

 

ადგილის დედა

ეს ადგილი კოკია _ ბოლო დასახლებული პუნქტი, რომელიც ჩვენს გამგებლობაშია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის. ყანების ბოლოდან კი, ენგურს გაღმა გაუცხოებული აფხაზეთი იწყება.

«საზღვრისპირა» სოფელი გახდა კოკი, რომელიც მე-16 საუკუნის ისტორიულ წყაროებში ამ სახელითაა მოხსენიებული. მანამდე კადარე ერქვა. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ეს ტერიტორია რკინის ხანიდან ყოფილა დასახლებული.

ბებერი ისტორია.

ომი დაბედებია აქაურობას.

ზოგიერთი მოსაზრებით, სოფლის ძველი სახელწოდება კადარე მეგრულ კვადადან მოდის, რომელიც კერკეტ კაკალს ნიშნავს: მტერთან ბრძოლაში ძნელად გასატეხსა და აუღებელს.

შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ ეს ვარაუდია, ფაქტი კი ისაა, რომ აქ, ნალიმის ველზე 1855 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს დაპირისპირებიან რუსეთ-თურქეთის ომში ჩართული შეიარაღებული ძალები. როგორ უხდება და ესადაგება ლადო ასათიანის ასპინძის ბრძოლაზე ნათქვამი პოეტური სტრიქონები ნალიმის გადახდილ ბრძოლას:

ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,

თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

გადაიარა წინა დღის ბრძოლების პაპანაქებამ,

ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას _ დაბანაკება

ასპინძა»)

დაბანაკდნენ… ნალიმის ძმათა სასაფლაოზე… ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, ყოველი წლის გაზაფხულზე იკრიბებოდნენ აქ კოკელები, ჩამოდიოდნენ სტუმრები და ქართველები და რუსები ერთად აღნიშნავდნენ აქ მოპოვებულ გამარჯვებას.

დღეს ნალიმის ძმათა სასაფლაოზე ამ ბრძოლაში გმირულად დაცემულთა უკვდავსაყოფად დგას ობელისკი-ჯვარი არდავიწყების ნიშნად თავდადებული რაინდების: ზვამბაიასი და სიმონოვის, წერეთლისა და კობელეცის, შერვაშიძისა და რუბცოვის, წულუკიძისა და სხვათა და სხვათა…

სათემო ცენტრი ყოფილა კოკი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. იქ, სადაც დღეს სკოლის ეზოა, თუთის ოთხი უზარმაზარი ხე იდგა, თითოეული სამი მეტრის დიამეტრის მაინც. იმხელა ფუღუროები ჰქონდა, რომ ბავშვები შიგ ვიმალებოდით, _ მეტყვის ბატონი კოტე ნარმანია, დინჯი, დარბაისელი კაცი, სოფლის მეურნეობის ინჟინერმექანიზატორის უმაღლესი განათლებით (ინფორმაცია წინასწარ მოვიპოვე), ინტელიგენტი, რომელიც (აშკარად ჩანს) სიხარულით გვეგებება ამ კვირა დღეს მისი სამოსახლოს კარზე მიმდგარ სტუმრებს.

ოდაბადეს საზღვარზე.

კარიბჭიდანვე ვიწყებთ საუბარს და ისიც თანდათან გადაგვიფურცლავს ამ სოფლის მატიანეს. მოჰყვება, რომ იმ ოთხი ხის ძირას დასხდებოდნენ ოთხი სოფლის თავკაცები და წყვეტდნენ სათემო საჭირბოროტო საკითხებს.

დღეს თემში შემავალი სოფლები ცალკეა გასული: კოკი, ორსანტია, ახალკახათი, შამგონა.

იმ ასწლოვან ხეთაგან ერთიღა იყო შემორჩენილი. ქარიშხალმა წააქცია. ვადა გაუვიდა, როგორც სოფლის იმ საფიხვნოს.

კოკიში რამდენიმე ძირძველი გვარი ცხოვრობს: ნარმანიები, ხუბუები, შენგელიები, ჩიქავები, ხუნჯგურუები…

ნარმანიების უბანში მეგზურებთან ერთად ვარ მისული, რომლებიც ხუთი თითივით იცნობენ რაიონს, რეგიონს, ანუ, როგორც ახლა უწოდებენ, მუნიციპალიტეტს და აქაურებში ავტორიტეტით სარგებლობენ _ მერაბ სიჭინავა და გენადი ჯიქია. ყოფილმა ხელისუფლებმა ორივე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპულობის გამო მოიცილა ხელმძღვანელი თანამდებობებიდან, ერთ-ერთი იმიტომაც, რომ… რა ფულიან ადგილს აფუჭებო(!)

სწავლის ძირი

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის _ დავით ნარმანიას მშობლებს ვსტუმრობთ და ვისზე, თუ არა თავის შვილებზე იწყებს საუბარს ქალბატონი ნორა თოდუა, რომელიც, წლებია, კოკის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ მუშაობს (ეს სკოლა 1875 წელს დაარსებულა):

_ ნიჭიერი შვილები მყავს _ დათო და ირაკლი. ისე დაამთავრეს სკოლა, ხუთიანებზე დაბალი ნიშანი არ მიუღიათ. მინდოდა, დათო კარგი ექიმი დამდგარიყო, და ერთხელ, როცა მეცხრე კლასში იყო, ჩამოვაგდე ამ თემაზე საუბარი. მე არ მინდაო, მიპასუხა და ამის შემდეგ მისი მომავალი პროფესიის არჩევაზე აღარ გვილაპარაკია. ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა.

_ არც ტექნიკური საგნები უჭირდათ, არც ჰუმანიტარული, _ განაგრძობს ბატონი კოტე, _ თანაბრად კარგად ითვისებდნენ.

_ უცხო ენასაც? დავითი ხომ ერთი პერიოდი გერმანიაში გადიოდა სტაჟირებას და გერმანულის კარგად ცოდნის გარეშე გაუჭირდებოდა, ამიტომ გეკითხებით.

_ სამი წელიწადი ზაფხულობით კოლეგებთან ერთად კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა გერმანიაში. გერმანული კი აქ, ჩვენს სკოლაში ისწავლა. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წინ სამი თვე კერძო მასწავლებელთან იარა.

უჭირდათ მშობლებს, მაგრამ წელებზე ფეხი დაიდგეს და დაუქირავეს გერმანულის პედაგოგი. გამოცდები წარმატებით რომ ჩააბარა, იმ მასწავლებელთან განაგრძო სწავლა. დანარჩენი ნიჭმა და მონდომებამ ჰქმნა და ამიტომ არ გასჭირვებია გერმანულ გარემოში მოხვედრილ ახალგაზრდა კაცს არც გერმანელ კოლეგებთან საქმიანობა, არც ადგილობრივებთან კონტაქტის დამყარება.

სხვათა შორის, ირაკლიც, ნარმანიების გვარის მეორე წარმომადგენელი, ერთი წელიწადი გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტში სწავლობდა.

აქამდე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობდი _ ქალბატონ ვალია ხაზალიას, რომელიც ზუგდიდიდან პირდაპირ სორბონაში ჩაირიცხა და წარმატებით დაამთავრა ეს სახელგანთქმული უნივერსიტეტი.

იოლად ითვისებენ უცხო ენებს ნიჭიერი მეგრელები.

და აქვე ვიგებ, რომ დათო ნარმანია ჯერ კიდევ სტუდენტობისას გერმანულიდან თარგმნიდა სტატიებს სპეციალურ საგნებში.

ესეც დასტური ზემოთ გამოთქმული მოსაზრების ნიჭიერების შესახებ.

ეს კიდევ დოკუმენტია _ რვეული გერმანულ ენაში შესრულებული დავალებების.

შეგიძლიათ იხილოთ და დარწმუნდეთ.

ამ საერთო რვეულში კი, რომელსაც ინტერესით ვფურცლავ, მოსწავლე დათო ნარმანიას მომზადებული თემებია ქართულ ლიტერატურაში _ ჰაგიოგრაფიული თემატიკა, რომლის სასკოლო პროგრამებიდან ამოძირკვას შეეცადა მეზობელ სოფელ ნარაზენში გაზრდილი და სააკაშვილის მთავრობაში მინისტრად დაბრძანებული, .. კახა ლომაია, ანტიქართული მოძრაობის სოროსელი აქტივისტი, რომელმაც ქართულად ერთადერთი სიტყვაც კი _ ბავშვი, ქვეყნის დასანახად შეცდომით დაწერა დაფაზე. უფრო სწორად, დაწერა ისე, როგორც ნასწავლი ჰქონდა _ ბაშვი

აბსოლუტური კონტრასტია კოკის საშუალო სკოლის მოსწავლის, დავით ნარმანიას ჩაწიკწიკებული თემები, რომელთაგან პირველი ქართული ანბანის (დამწერლობის) ქებათაქებით, ლეონტი მროველის დამოწმებით იწყება:

«ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა დამწერლობაი ქართული».

და კონსტანტინე გამსახურდიას მოხმობით მთავრდება: «…მოცლილ ბალღსავით ვეთამაშები ქართულ ასოებს და განზრახული მაქვს, უთუოდ დავწერო მე ანბანთა ქება ხელმეორედ. სწორედ ამ ასოების მზერისას ხმიანდება ჩემში სახე, ფერი და მოძრაობა».

დიდებულია! და ეს გადმოღებული და გათავისებული აქვს პატარა ბიჭს, სოფელ კოკის წარჩინებულ მოსწავლეს _ დათო ნარმანიას.

შემდეგ _ ცურტაველი, მერჩულე, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, შოთა რუსთაველი («ვეფხისტყაოსნის» პლეხანოველ მ. სააკაშვილის მიერ განხორციელებულ რედაქტირებამდე).

გაავლეთ პარალელი, კოხტაპრუწა ობივატელებო!

თუნდაც _ ლაბორანტ ი. მერაბიშვილის ბატიფეხურით ნაწერ განცხადებასთან, პოლიტექნიკურის რექტორს რომ წარუდგინა. «ქვეყნის ხერხემლის» წარმომავლობაც გაიხსენეთ და დამეთანხმებით (თუმცა უჩემოდაც იცით), რომ პასპორტში ჩაწერილი სადაურობა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რასაც ფუძის ანგელოზი დაგანათლის.

_ ვინ ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას დავითს? _ ბუნებრივად იბადება ეს შეკითხვა.

_ ჯულიეტა კოდუა ჰყავდა მეცხრე კლასამდე, შემდეგ _ მარინა კეიდია.

მადლობა ვუთხრათ!

_ სკოლაში ძალიან ძლიერი კადრები გვყავს, _ ამბობს ქალბატონი ნორა, _ ჩემი შვილების სხვა სკოლაში გადაყვანაზე არასოდეს მიფიქრია. და, საერთოდ, სოფლის მასწავლებლები ბავშვებს არაფერს აკლებენ.

ფესვები

შვილების აღზრდა-განათლება დედას ებარა. კარგი ბიჭები გაზარდა.

_ უფროსი შვილი მინისტრი რომ გახდა, ელოდით?

_ თავსატეხი გამიჩნდა, _ ეს დედაა.

_ მოწყდა ოჯახს, _ ამბობს მამა, _ კი ჩამოდის, მაგრამ 10-15 წუთით შემოივლის.

_ საქართველოში რთულია ყველაფერი, მინისტრობა _ განსაკუთრებით. ზოგჯერ იმდენ რამეს გადმოანთხევენ, რომ… _ ისევ დედა ლაპარაკობს, _ სკოლაში ჩემს კოლეგებს ეკითხებიან, შეიცვალა მინისტრის დედაო? რატომ უნდა შევიცვალო?!

_ მეზობლებთან ურთიერთობა?

_ ისევ ისეთია, როგორიც გვქონდა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

_ მამა რას იტყვის?

_ სოფელში ყველანი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ _ ლხინი, ჭირი ერთია ყველასთვის.

_ მე რომ სამსახურში წავალ, მეზობლის კაცები ამას აკითხავენ. ღვინისთვის (ნიშნისმოგებით ეღიმება დედას).

_ ღვინოს ვაყენებ _ თეთრიცა მაქვს, შავიც. ნატურალური, და მოდიან, როცა თავისი გამოელევათ.

ისეთი სიალალით ლაპარაკობს ბატონი კოტე, რომ აშკარად ჩანს, სხვისთვის ხელის გამართვა სიამოვნებას ანიჭებს. გულწრფელი კაცია.

შვილთან პროტექციის გაწევას ხომ არ თხოვენ მომსვლელები?

_ არაო, _ მიპასუხებენ, _ აი, სულ ახლახან ხურჩის უბანში გზა შეაკეთეს, აფხაზეთისკენ მიმავალი გზა არის და ამდენად, ქვეყნისთვის პრიორიტეტული საქმე იყო. მეტი რა უნდა გაუკეთოს სოფელს ინფრასტრუქტურის მინისტრმა?!

_ შვილებს მოსაკითხს უგზავნით, თუ აქეთ გეხმარებიან?

_ ვუგზავნით, როგორ არა, მაგრამ თავისი აქვთ და ჰყოფნით. წლეულს სამ ტონამდე თხილი გავყიდეთ, რაც შემოვიდა, ორივეს გავუნაწილეთ.

_ მშობლებს «წილში უსხედან»?

_ (ეცინებათ). არა! თავიანთი ნაკვეთები აქვთ. ჩვენ კიდევ დაფნაც გვაქვს, კივიც, სიმინდიც, საქონელი…

_ ღეჯი?

_ (ეღიმებათ) ღორიც, რასაკვირველია, ქათმები… შაქარს და პურის ფქვილს ვყიდულობთ, დანარჩენი ყველაფერი ჩვენია.

შრომისმოყვარე ოჯახია: სოფლის ინტელიგენციის (როგორც უწინ ამბობდნენ) და ფერმერების (როგორც ახლა ვიტყვით) შენადნობი ახალი «კლასი». წელში გამართულია ამიტომაც.

ამათ ოდასთან რომ მიხვიდე, მთავარი გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიო, ყანაში გაჭრილი, ხრეშდაყრილი არცთუ მცირე მანძილი გაიარო: მარტო სიმინდის ამ ყანის მოვლა არ გინდა?! უვლიან. ან _ თხილის პლანტაციას, რომელიც ჩემნაირ დილეტანტებს ჩვეულებრივი ბუჩქი ჰგონიათ, რომელზეც ბუნება თვითონ ზრუნავს.

ეგრე არ არის თაყაო! ამ ზამთარში, როცა ნაჯაფარი სოფელი თითქოს უნდა ისვენებდეს, სწორედ თხილის ნარგავების გასხვლით არიან დაკავებული კოკელები.

და სხვებიც _ ნარაზენელები, ორსანტიელები, ახალკახათელი მეურნე ადამიანები.

_ ჩვენთან ისეთი მიწაა, რომ, თუ მოუარე, არაფერს დაგაკლებს, _ მიდასტურებს კოტე ნარმანია, _ ჰექტარზე მეტი ყველას აქვს, იშრომე და მოსავალს არ დაგამადლის.

ამიტომაც შედარებით ნაკლებია მოსახლეობის გადინება ამ ზონის სოფლებიდან. მყარად დგანან თავიანთ მიწაზე.

ამის თვალსაჩინო მაგალითია (შორს რომ არ წავიდეთ) ოჯახის მამამთავარი, ფუძე და ძირი ვენედიქტე ნარმანია, ბაბუა ვენედიქტე, მრავალი წლის განმავლობაში სოფლის ერთადერთ ამბულატორიაში 1996 წლამდე მომუშავე უნიკალური მედიცინის მუშაკითერაპევტიც ვიყავი, ქირურგიც, სტომატოლოგიც. ჩემით ვისწავლე _ სოფელს სჭირდებოდა». იყო ასეთი მძიმე პერიოდი ექიმების არყოლის. თუმცა არც ახლაა იმ ამბულატორიაში სპეციალისტების სიუხვე: ექიმი კვირაში ერთხელ ჩამოდისო).

აი, ამ ხანდაზმულმა კაცმა სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე (ღომი სულუგუნით, ჭადი, ელარჯი, რა თქმა უნდა, შემწვარი ქათამი, მოხარშული ქაცარის ხორცი, ტყემლის საწებელა, ოჯახის ღვინო, კარალიოკის არაყი (ოჰოჰო!), ფეიხოას კომპოტი (ესეც საკუთარი ბაღის მოსავლის) და სუფრის მშვენება _ მეგრული ხაჭაპური!), ისე ითამადა ამ ხანდაზმულმა კაცმა-მეთქი, ისე მოილხინა, რომ კეთილი გულიო, რომ იტყვიან, ყველა სადღეგრძელოში უშურველად ჩადო და ალავერდს ჩემთან გადმოვიდა.

_ შენ არ სვამ, რომანოზოვიჩ?! _ (რომანოზოვიჩი მე ვარ), ცოტა კი გაიკვირვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, უკანასკნელ წვეთამდე _ «ასე მტერი დაგეცალოს!» გადმოტრიალებული ჭიქა არ დაენახვებინა გაოცებული მეინახეებისთვის.

შესვი? შეგერგოს!

ბატონი ვენედიქტე ისე უყვართ სოფელში, ისეთ პატივს სცემენ, თვალში რომ ჩაუვარდეს, არავინ ხელს არ ამოისვამსო. ასე თქვეს აქაურებმა.

ქალბატონი ბაბუცა ჯაბუა, ოთხმოცდახუთი წლის მისი ღირსეული მეუღლე და ჭაპანის გამწევი, ომისა და შრომის ვეტერანი («თავიდან ჩაი ამ ადგილებში არ იყო, სიმინდი მოგვყავდა, ციტრუსების სანერგეში ვმუშაობდით». ჩაის პლანტაციები რომ «გაჩნდა», მოწინავე მეჩაიეს სახელი დაიგდო: დღეში 100-150 კილოგრამ მწვანე ფოთოლს კრეფდა. ნამდვილად კრეფდა, კი არ ჭრიდა ნამგლით, როგორც ბოლო ხანებში იყო. ჯილდოებიც ჰქონდა. არ მახსოვს, რამდენიო, თავს იმართლებს), აი, ეს ქალბატონი აგიზგიზებულ ღუმელთან იჯდა და დრო და დრო რეპლიკებით ერთვებოდა საერთო საუბარში:

_ ბაბუა ასწავლიდა ბიჭებს თამადობას.

ცხოვრების სიბრძნეს ასწავლიდა და ძირძველი ტრადიციების ერთგულებას, რომლებიც მაინც და მაინც ქართულ სოფელს შემორჩა.

ამ გარემოში რომ მოხვდები, სხვა ენერგეტიკა შემოდის ძარღვებში, სხვა აურა გაგწმინდავს ნეგატივის ნარჩენებისგან.

სოფლიდან _ დედაქალაქში

საუბარი ბუხრის პირას, რა მიხვედრა უნდა, აუცილებლად უნდა შეხებოდა და შეეხო კიდეც ამ ოჯახის უფროსი ვაჟის თბილისის მერად დასახელების პერსპექტივას.

_ როგორ შეხვდით ამ ამბავს?

პაუზა.

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩავურთავ: 17 წელიწადი კოკში იზრდებოდა  ნარმანია დათო. 18 წელიწადია, თბილისშია ნარმანია დავითი. მაშასადამე, სასწორის პინა, ჰანდიკაპი, გნებავთ, ბონუსი ქალაქის სასარგებლოდაა.

ბებია და ბაბუა ამბობენ პირველ სიტყვას:

_ იქ დარჩენილიყო, კაცო, სადაც ახლა არის. რად უნდა ეს მერობა?! სანერვიულო მოგვემატება მაგასაც და ჩვენც. უნიჭო კაცი არ არის, საქმეს მიხედავს. ამაზე შიში არა გვაქვს, მაგრამ… პატარა სოფლიდან ასეთი კაცი რომ გამოვიდა, ამის სიხარული გვაქვს.

მამა:

_ თავს გაართმევს ამ საქმესაც. ნიჭიერია. ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარი აქვს. ნორმალურია. წესიერია. კორუფციაში ჩათრეული არ არის.

დედა:

_ დათომ სადაც გინდა იმუშაოს, იქ კაპიკს ზედმეტს არ აიღებს. ყველა დონის ადამიანთან ისეთი ურთიერთობის დამყარება შეუძლია, როგორიც საჭიროა… ისე არ არის, როგორც ერთმა კაცმა განაცხადა ტელეეკრანიდან: თბილისის მერი უნდა იყოს კარგი ღვინის მსმელი, კარგი თამადა და ისაო…

_ ჩავუთვალოთ, რომ იხუმრა ან სათქმელს თავი უცებ ვერ მოუყარა.

_ კი, ქუჩაში ჩამოართვეს ინტერვიუ.

თეა სიჭინავაზეა ნაწყენი ქალბატონი ნორა, ისე აჩვენა «იმედმა» ჩვენი სოფელი, თითქოს გაუვალი ტყეა და გაუბედურებული. თვითონ ჭუბურხინჯიდან მაინც არ იყოსო.

_ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, მისი არც მერობა მინდა, არც მინისტრობა. მშვენიერ ადგილზე მუშაობდა. ისიც მშვიდად იყო და მეც, _  ასეთია დედის აზრი.

_ სად გაიცნო ბატონი ბიძინა ივანიშვილი?

_ არც არსად. ვიღაცამ ურჩია დათოს კანდიდატურა მინისტრის თანამდებობაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე იყო, პარალელურად _ ამიერკავკასიის სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. გერმანია აფინანსებდა.

_ ბიძინა ეძებდა კარგ ეკონომისტს. დათო კარგი ექსპერტი იყო და ეკონომიკური პროგრამის დაწერაში დახმარებია (იქვე დიპლომატიურად გაასწორა _ მიუღია მონაწილეობა). ექსპერტობის დროს ყველაფერს ობიექტურად აფასებდა და ამიტომ არ ეკარებოდნენ ტელეჟურნალისტები _ შენ ოპოზიცია ხარო.

_ სააკაშვილის მთავრობა იტყუებოდა, ეს კი ზუსტ ციფრებს ასახელებდა. ტელეეკრანთან მიუშვებდნენ ვითომ?..

_ ჩემი აზრით, _ ასკვნის ბატონი კოტე, _ დათოს უნდა გაეგრძელებინა მოღვაწეობა მეცნიერებაში, დიდებულ სპეციალისტებს გაზრდიდა. 26 წლის იყო, დისერტაცია რომ დაიცვა. ახლაც აგრძელებს ლექციების კითხვას.

_ რატომ ჰგონია ზოგიერთ თბილისელს, რომ დედაქალაქი მარტო თბილისელების არის?! _ ამ შეკითხვით შემოგვიერთდება კოკის საშუალო სკოლის დირექტორი დალილა ჩიქავა, _ სხვას ყველას, ვინც თბილისში არ არის დაბადებული, იმედი უნდა ჰქონდეს გადაწურული, რომ თბილისში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმუშაოს? ჩვენი სამშობლო ხომ იქ იწყება, რომელსაც უფალი გვაძლევს და ვინ დაანაწევრა ჩვენი ქვეყანა თბილისად და დანარჩენ საქართველოდ?! «იმედის» ერთ-ერთ გადაცემაში, ჩემი აზრით, სრულიად უადგილო შეკითხვა გაჟღერდა: «დაუჯერებენ კი კოკელებს თბილისელები?». დანაწევრება და დაპირისპირება ქვეყნის შიგნით ამით იწყება და, ვაი, თუ ფესვი გაიდგა…

_ «პროვინციული ფაშიზმი» გაგვიგია, «კუთხური სეპარატიზმიც», «ორღობის პატრიოტიზმიც» უთქვამთ. ობივატელის პიჟონობაღა გვაკლია. თუმცა, რა გიკვირთ _ როცა თავის დროზე თბილისის საკრებულოში არ აირჩიეს საჩხერელი აკაკი წერეთელი.

სოვდაგრების პოზიცია.

_ თუ ზოგიერთი თბილისელისთვის გაუგებარია დავით ნარმანიას თბილისის მერობა, მაშ, რად იყო გასაგები და მისაღები მათთვის და ბევრი სხვისთვის გიგი უგულავას გუბერნატორობა სამეგრელოზემო სვანეთში?! _ ამ რეპლიკის ავტორი ჩემ მეგზურთაგან ერთერთი _ გენადი ჯიქიაა.

უპასუხეთ, თბილისელებო!

დედაქალაქში ზოგიერთს გართულება აქვს რბილ «ლ»-ზე.

_ ვერ ვიგებ, რატომ მაინც და მაინც ამაზე ღიზიანდებიან? დიალექტები, კილოკავები ჩვენი ენის სიმდიდრეა. საქართველო ძლიერია თავისი კუთხეების მრავალფეროვნებით და სწორედ ეს მრავალფეროვნებაა შესანარჩუნებელი. წუხელ «ფეისბუქზე» ვნახე კომენტარი ამ «ლ»-სთან დაკავშირებით, უხერხული კომენტარი იყო, მაგრამ არა უშავს. ეს იმ ადამიანების სინდისზე იყოს. ჭეშმარიტი ქართველები არასოდეს გაამახვილებენ ამაზე ყურადღებას!

თან, ღმერთი, რჯული, ხომ ვსაუბრობდი ამ ხალხთან ამდენ ხანს, ერთხელაც არავის წამოსცდენია ეს რბილი «ლ». ა-რა-ვის!

თუმცა მეგრულს უხდება: დედის სითბოსავითაა.

აქ დავსვათ წერტილი. იმათ  ილაპარაკონ, ვისაც არ ეზარება.

არმაზ სანებლიძე

P.S. კოკი მეგრულად კუნძულს ნიშნავს _ ამ ადგილს ირგვლივ მდინარე ჩაუდის, «შუამდინარეთია». დღეს სოფელი საზოგადოებრივი აზრის მდინარების ცენტრში მოექცა.

კარგია.

რაც უფრო მეტად დავინტერესდებით, მით უფრო მეტს გავიგებთ ამ და ნებისმიერ სხვა სოფელზე. ბევრ კარგ ადამიანს გავიცნობთ და გავმდიდრდებით ამით. ეს უჩემოდაც იცით!

თუთის ხეებთან, ზემოთ რომ ვახსენე, ოთხკუთხა ლოდი იდო. გადმოცემით, იმ ლოდზე ვინც დადგებოდა, მხოლოდ სიმართლე უნდა ელაპარაკა.

დედაქალაქის მერობაზე ლაპარაკი იმ ლოდზე დადგომასავითაა.

მე ჩემი სიმართლე ვთქვი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here